თაკო აბაშიძე: "არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე თანხმდებიან, ოღონდაც თანამდებობა ჰქონდეთ"

თაკო აბაშიძე: "არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე თანხმდებიან, ოღონდაც თანამდებობა ჰქონდეთ"

რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარია მსახიობი და რეჟისორი თაკო აბაშიძე, რომელიც ახალი წლის დადგომას მოუთმენლად ელის. საუბარიც სწორედ მოახლოებული დღესასწაულით დავიწყეთ...

- თაკო, დიდი ხანია აღარ გჯერა თოვლის ბაბუის არსებობის?

- საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. რეალისტი ვიყავი ბავშვობიდან. ახლაც ასე ვარ. არ ვარ მეოცნებე, უბრალოდ, მიზანს ვისახავ და მის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ.

- ახალი წლის დღესასწაულის მოახლოება, ალბათ, გიხარია...

- რა თქმა უნდა, თითქოს ბავშვობის წლებში ვბრუნდები. ჩემს ბავშვობაში ყველა ახალი წელი გამორჩეული იყო. ვგიჟდებოდი და ახლაც ვგიჟდები ნაძვის ხის მორთვაზე. ბავშვობაში კი ყოველი ახალი წლის ღამეს სურვილებს ჩავიფიქრებდი ხოლმე (იცინის).

- რომ არა მსახიობი და რეჟისორი, ვინ იქნებოდა პროფესიით თაკო აბაშიძე?

- ფსიქოლოგი ან იურისტი, რადგან საინტერესო პროფესიებია. ძალიან მხიბლავს­ გამოძიება, თანაც, კარგი ინტუიცია მაქვს და ადამიანების ხასიათის ამოცნობა არ მიჭირს. ამიტომაც მგონია, რომ ჩემგან კარგი ფსიქოლოგი დადგებოდა. აი, პოლიციელი კი ვერასოდეს ვიქნებოდი, რადგან ძალიან მგრძნო­ბიარე ვარ და შეიძლება დამნაშავე შემცოდებოდა და გამეშვა.

- გახმაურებული საქმეებიდან, პირველ რიგში, რომელს გამოიძიებდი?

- არჩევნების დღეებში გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში პატარა გოგონას, ბარბარეს დაღუპვის ამბავს. ძალიან შემძრა მომხდარმა.

- თაკო, წარმოიდგინე, ახალი წლის ღამეს შინ თოვლის ბაბუა გესტუმრა, სუფრასთან დაჯდა, მოიხსნა წვერ-ულვაში და ხედავ, რომ პარლამენტარი ნუგზარ წიკლაურია. როგორი რეაქცია გექნება?

- ძალიან გამიკვირდება და ახალ წლის ღამეს კარგად მოვილხენდით. ნუგზარ წიკლაურს ვკითხავდი, გიტარა თუ აქვს ხურჯინში, რომ ერთი კარგად "შეგვებერა" (იცინის).

- საახალწლო ტრადიციული კერძების, მაგალითად, გოზინაყის ან საცივის მომზადება იცი?

- ვიცი და საახალწლოდ აუცილებლად მოვამზადებ. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ საცივის და გოზინაყის მომზადება ძალიან რთულია. არადა, ასე არ არის.

- სერენადა თუ უმღერიათ შენთვის?

- ჩემი მეუღლე ლაშა როსტომაშვილი მიმღერის ხშირად. ასე ვერთობით ხოლმე, როცა მარტონი ვართ (იცინის).

- რომანტიკულები ყოფილხართ.

- ძალიან. რომანტიზმი ოჯახურ ცხოვრებას ყოველთვის ალამაზებს. რაც მთავარია, ლაშა ეჭვიანი არ არის, ერთმანეთს ვენდობით. ამის გარეშე ხომ ცხოვრება წარმოუდგენელია?

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- სიამოვნებით ვიმეგობრებდი თეოდორ დრაიზერის ყველა პერსონაჟთან, რადგან ამ მწერალმა ძალიან საინტერესო გმირები შექმნა, განსაკუთრებით კი კერი მხიბლავს. ის რომ რეალურად არსებობდეს, აუცილებლად გავიცნობდი და დავუმეგობრდებოდი. დრაიზერმა პატარა გოგონა კერი საზოგადოებაში გაბატონებულ ნორმებს დაუპირისპირა და ამით მისი ფსიქოლოგია ძალიან ლამაზად წარმოაჩინა.

- წარმოიდგინე, იღვიძებ და ხედავ, რომ საჰაერო ბურთის გონდოლაში ზიხარ და ცაში ხარ აჭრილი, როგორი რეაქცია გექნება?

- უი, რა რთულ ვითარებაში ჩამაგდე (იცინის)? თავდაპირველად, ხედებით დავტკბები, მაგრამ გონდოლაში ჩემი ოჯახის გარეშე როგორ უნდა გავძლო? არ მინდა, რა, ფრენა (იცინის)!

- წარმოიდგინე, გიბარებს პრეზიდენტი და ქართული კინემატოგრაფიის აღორძინებას გავალებს, რას უპასუხებდი?

- ოო, ამ შემთხვევაში კი ნამდვილად გავგიჟდებოდი სიხარულით, თუმცა აუცილებლად უარს ვეტყოდი, რადგან ქვეყანაში ჩემზე გაცილებით დიდი და გამოცდილი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც ქართული კინემატოგრაფიის პრობლემების მოგვარება შეუძლიათ. მე კი მათ მიერ გადაღებულ ფილმებში როლების შესრულებით უფრო დავინტერესდებოდი. არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე თანხმდებიან, ოღონდაც თანამდებობა ჰქონდეთ. ჩემთვის ღირსება გაცილებით მნიშვნელოვანია. ღირსების საკითხია ისიც, როდესაც ადამიანი ქვეყნის წინაშე თავს ვალდებულად მიიჩნევს, ნაკისრი საქმე ხარისხიანად შეასრულოს.

- მაინც რა არის თანამედროვე კინოსფეროში შესაცვლელი?

- უპირველესად, მეტი თანხა უნდა ჩაიდოს კინოინდუსტრიაში და ახალგაზრდა, ნიჭიერ რეჟისორებსა და მსახიობებს მიეცეთ საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება.

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- (იცინის) ნატვრისთვალს...

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - გაწონასწორებული და დიპლომატის უნარით დაჯილდოებული ადამიანია. ჯერ ფიქრობს და შემდეგ ამბობს. არ უყვარს უსამართლობა. არის თბილი და მოსიყვარულე.

ინტერვიუ: "არ მინდა, რა, ფრენა!"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება