ია სუხიტაშვილი: არსებობენ "გვერდითი" მსახიობებიც, რომლებსაც წელიწადში ერთი-ორჯერ უწევთ თამაში. განსხვავება ხომ უნდა იყოს თუნდაც - გასამრჯელოს სახით?

ია სუხიტაშვილი: არსებობენ "გვერდითი" მსახიობებიც, რომლებსაც წელიწადში ერთი-ორჯერ უწევთ თამაში. განსხვავება ხომ უნდა იყოს თუნდაც - გასამრჯელოს სახით?

პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" დატოვების შემდეგ მსახიობი ია სუხიტაშვილი საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. ინტერვიუს ჩაწერისას გაგვიმხილა, - ჩანთაში ფილმის 2 საინტერესო სცენარი მიდევს. ისინი უკვე წავიკითხე, ახლა რეჟისორს შევხვდები და ჩემს აზრს მოვახსენებო. აქტიურ ქალბატონს ერთ-ერთ კაფეში შევხვდით და გემოვნებაზე ვესაუბრეთ. როგორც გვითხრა, კაფესაც ყურადღებით არჩევს. "ცივი" გარემო არ უყვარს. ინტერიერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მიაჩნია, რომ იქ, სადაც ინტერიერი გემოვნებით არის შერჩეული, პროდუქტის ხარისხზეც ზრუნავენ...

- პროფესიული თვალსაზრისით, ყველაფერს დიდი სიფრთხილით ვაკეთებ. ვცდილობ, ჩემი გადაწყვეტილება უგემოვნო არ იყოს. სპექტაკლზე დასასწრებად წასვლის გადაწყვეტილებასაც ფრთხილად ვიღებ, რადგან ბევრჯერ გოიმური (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) სპექტაკლიც მინახავს. ბატონმა რობერტ სტურუამ მასწავლა, თუ რას ნიშნავს საქმის გემოვნებიანად კეთება, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. ზოგადად, ადამიანის გემოვნება ბევრ რამეში ჩანს: ჩაცმულობაში, ინტერიერის მოწყობაში... მაგალითად, კაფეს თუ საინტერესო ინტერიერი აქვს, მას ეჩვევი და ხშირად სტუმრობ. ჩაცმას რაც შეეხება, ამ მხრივ, მგონი, ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად იხვეწება. პირადად მე, კლასიკური სტილიც მომწონს და თავისუფალიც. ზაფხულში ჩემი გარდერობი გადაჭრელებული იყო. ვფიქრობ, შერჩეული სამოსი ადამიანის ხასიათს გამოხატავს. არა მგონია, უგემოვნოდ ჩაცმულ ადამიანად მივიჩნეოდე.

- როცა დრესკოდის დაცვას გთხოვენ, როგორი რეაქცია გაქვს?

- ვენეციის კინოფესტივალზე გაუთავებლად დრესკოდი იყო. მაგალითად, ერთ დღეს გვთხოვეს, - შავ სამოსში, ოფიციალურად ჩაცმული, აუცილებლად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით უნდა მოხვიდეთო. იმ დღეს სექტანტებივით, ყველა შავებში ვიყავით. ეს ტენდენცია საქართველოშიც შემოვიდა: მოსაწვევს რომ გიგზავნიან, დრესკოდი მითითებულია, რაც მომწონს. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ფილმის - "გასეირნება ყარაბაღში 2"-ის პრემიერაზე ძალიან გამოპრანჭული მივედი, შემდეგ კი ჩემზე ამბობდნენ: ისეთ ფორმაში იყო, თითქოს ამ ფილმში მთავარი როლი ჰქონდაო. ვფიქრობ, მსახიობისთვის პრემიერა დღესასწაულია, მით უმეტეს, რომ ამით განებივრებული არ ვართ. დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებმაც იმ დღეს თავი უხერხულად იგრძნეს, მაგრამ რა ვქნა, მომინდა, რომ ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი...

- თეატრში დაბრუნებამდე ბატონმა რობერტმა თქვა: იმ ნიჭიერ მსახიობებს ნამდვილად ვუშველი, რომელთა ხელფასი ბევრად დაბალია, ვიდრე - უნიჭო არტისტებისო. ამ მხრივ, რობერტ სტურუას საყვარელ მსახიობს შველა გჭირდებათ?

- დასში ძალიან ბევრნი ვართ. მათ შორის, ზოგი თითქმის ყველა სპექტაკლშია დაკავებული - ანუ რეპერტუარი მათ "მიჰყავთ", მაგრამ არსებობენ "გვერდითი" მსახიობებიც, რომლებსაც წელიწადში ერთი-ორჯერ უწევთ თამაში. ჰოდა, მათ შორის განსხვავება ხომ უნდა იყოს, თუნდაც - გასამრჯელოს სახით? მგონი, ბატონი რობერტი ამას გულისხმობდა. ყველას ერთ თაროზე ვერ შემოდებ: ვიღაც უფრო მეტად ნიჭიერია, ვიღაც - ნაკლებად. ამ ფაქტში ტრაგედიას ვერ ვხედავ... ზოგადად, მსახიობის ცხოვრება რეჟისორზეა დამოკიდებული. შეიძლება, იმაზე ნიჭიერიც ხარ, ვისაც რეპერტუარი "მიჰყავს", მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში იღბალიც დიდ როლს თამაშობს. 11 წელია, თეატრში ვარ, მაგრამ როლების გამო კონფლიქტი არასოდეს შემინიშნავს. ვიცი, რომ ძველად (მაგალითად, აკაკი ხორავას დროს) უფრო დიდი ინტრიგები ხდებოდა. ვიმეორებ, მსგავსი რამ არ მინახავს და არც მინდა, ვიხილო - ღმერთმა დამიფაროს!

- თეატრში ახლა როგორი სიტუაციაა?

- აბსოლუტური სიმშვიდეა. ალბათ, ბატონ რობერტთან ერთად, ბევრი სპექტაკლი დაუბრუნდება რუსთაველის თეატრს. იმ სპექტაკლებს ვგულისხმობ, რომლებიც "სიკვდილისთვის" ჯერ ძალიან ახალგაზრდად მიმაჩნია...

- რომელი ჟანრის სპექტაკლებსა თუ ფილმებში თამაში გირჩევნიათ?

- "ნადირობის სეზონი" იმ ჟანრის სპექტაკლია, რომელიც მიყვარს: მასში ტრაგედია, კომედია და მისტიკა გაერთიანებული გახლავთ. ზოგადად, ჩემთვის ყველა ჟანრი საინტერესოა, მაგრამ კომედიაზე ვგიჟდები. ძალიან რთულია, მაყურებელი გააცინო, მით უმეტეს, ჩვენი იუმორი უცხოელებისთვის ცოტა რთულად გასაგებია. მიხარია, რომ ვენეციის კინოფესტივალზე ქართული ფილმი - KEEP SMILING უცხოელებმა, რომლებსაც ტიტრების წაკითხვაც უნდა მოესწროთ და მსახიობების შეფასებაც, ზუსტად შეაფასეს. თუმცა, იქ ყოფნისას ერთი ასეთი ფაქტიც მოხდა: ქართველი რეპორტიორი (არ დავკონკრეტდები, რომელი ტელეარხის თანამშრომელზეა ლაპარაკი), რომელიც წესით, ჩვენი თითოეული ნაბიჯის გასაშუქებლად იყო წამოსული, პრემიერის დროს ბატონ რობერტ რედფორდს იღებდა. ამიტომ ჩვენმა ამბავმა ისე ჩაიარა, რომ რუსიკო ჭყონიას ფილმის წარმატების შესახებ ბევრმა ვერც გაიგო. გული დამწყდა და ვთქვი: ვიდრე ქართველები ერთმანეთის დაფასებას და შეყვარებას, ეროვნულის წინ წამოწევას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება-მეთქი... ქართველ რეპორტიორს რაც შეეხება, მან რობერტ რედფორდის შესახებ ძალიან "საინტერესო" რეპორტაჟი გააკეთა: მიუხედავად იმისა, რომ სოლიდურ ასაკში იმყოფება, გემოვნება არ ღალატობს და წითელ ხალიჩაზე ყველაზე უკეთ ჩაცმული იყოო. ჩვენი ფილმის შესახებ კი თქვა: მგონი, ჩვენი ფილმიც არის წარდგენილიო... უხეშად რომ ვთქვათ, "დაგვაიგნორეს". რას ვიზამთ, ესეც გემოვნების საკითხია...

- მაყურებლის ამპლუაში მყოფი, როგორ ფილმებს და სპექტაკლებს ირჩევთ?

- გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. მე და მიშა ფილმებს ხშირად ვუყურებთ. არანორმალური პერიოდიც გვქონდა - ყოველღამე საშინელებათა ჟანრს ვირჩევდით. მერე ვთქვით, - ხომ არ "გავრეკეთ"-თქო? შემდეგ ძველი ფილმების ყურება დავიწყეთ. მიმაჩნია, რომ მსახიობმა ყველა ჟანრს უნდა უყუროს. პირადად მე, მდარე ხარისხის კომედიაც მინახავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომწონს... კინოს "ანბანი" ლენინგრადში, ალექსეი გერმანთან გავლილი კინოგადაღების შედეგად ვისწავლე, რისთვისაც მას ყოველთვის მადლობას ვუხდი. ზოგს ჰგონია, რომ თეატრში ყველაფერი "მოსულა", არადა, "დოზები" თეატრშიც საჭიროა, თორემ შეიძლება, იქაც ძალიან ყალბი აღმოჩნდე. სულ ბეწვის ხიდზე უნდა იარო. ამბობენ, - თეატრის მსახიობი კინოში არ ვარგაო. ნურას უკაცრავად! შეიძლება, ვიღაც მართლა არ ვარგა, მაგრამ ყველას "ერთ ქვაბში მოხარშვა" დიდ დანაშაულად და სიგოიმედ მიმაჩნია. კითხვა ასე დავსვათ: რეჟისორს თეატრის მსახიობთან მუშაობა როგორ შეუძლია? ვფიქრობ, კარგ მსახიობს კარგი რეჟისორი სჭირდება...

- რა სახის ლიტერატურა მოგწონთ? ყველაზე ძლიერი გავლენა თქვენზე რომელი მწერლის შემოქმედებამ მოახდინა?

- სკოლასა და უნივერსიტეტში ჩემი სწავლა იმ რთულ პერიოდს დაემთხვა, როცა ქვეყანაში დენი და გაზი არ იყო. თეატრალურში რეპეტიციები გვიანობამდე გვქონდა. ღამით, შინ მისული, დოსტოევსკის წიგნებს სანთლის შუქზე ვკითხულობდი. კარგად მახსოვს, ისეთი განცდა სხვა დროს არ გამჩენია, როგორიც "დანაშაული და სასჯელის" კითხვისას მქონდა. დოსტოევსკი ჩემი საყვარელი უცხოელი მწერალია, ქართველებიდან კი ილიასა და ვაჟას გამოვყოფ. ვაჟაზე დიდხანს ლაპარაკი შემიძლია: ლექსის 2 ფრაზაში - "იას უთხარით ტურფასა, მოვა და შეგჭამს ჭიაო" - იმხელა ამბავი აქვს მოყოლილი, რომ ეს უდავოდ, მის გენიოსობაზე მეტყველებს! მომწონს დოჩანაშვილის, აკა მორჩილაძის შემოქმედება. თამაზ ჭილაძის ნაწარმოებები დედას რჩევით წავიკითხე და შემდეგ სწორედ ამ მწერლის მუზა აღმოვჩნდი. დამპირდა, - ნაწარმოებებს შენთვის დავწერო.

სხვათა შორის, "საუკეთესო მსახიობი ქალის" ნომინაციაში ჯილდო სწორედ მის პიესებში შესრულებული როლებისთვის მივიღე. დიდი ბედნიერებაა, როცა საყვარელი მწერლის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში თამაშობ.

- ქართულ ტელეგადაცემებს თვალყურს თუ ადევნებთ?

- ნაკლებად. ოღონდ, განა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, უბრალოდ, ფილმების ყურებაში უფრო მეტ დროს ვხარჯავ. მხოლოდ პროექტს - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ვუყურებდი. სხვათა შორის, აქამდე მეგონა, ცეკვა ვიცოდი, სინამდვილეში კი ასე არ ყოფილა. მივხვდი, სცენური პლასტიკა სხვა არის, ცეკვა - სხვა. დისკოთეკაზე "საკაიფოდ" თუ "ვიკვანჭები", ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად ვცეკვავ. პროექტში ყოფნისას ისეთი რთული ცეკვები ვისწავლე, როგორიც არის: ქვიქსტეპი, ფოქსტროტი, ნელი ვალსი, ვენური ვალსი, პასადობლი, რუმბა... კმაყოფილი ვარ, რადგან როგორც მსახიობს, ეს ცოდნა ძალიან გამომადგება. პროექტში ყოფნის პერიოდი ყოველთვის დადებითად გამახსენდება.

- შვილის გემოვნების ჩამოყალიბებაზე როგორ ზრუნავთ?

- ჩემი შვილი ძალიან უცნაური "ელემენტია", სხვათა შორის - გემოვნებიანი: ვერაფრით ჩააცმევ ისე, როგორც ბებიას ან ვინმე სხვას უნდა. ადრე ძალიან ცელქი იყო, მაგრამ ამ ზაფხულს შეიცვალა - მის თავს რა მოხდა, ვერ გეტყვით. დედაჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. მან შვილიშვილს "დედა ენა" უყიდა და ქართველი მეფეების შესახებაც უყვებოდა. ჰოდა, როცა გაიგო, - თამარ მეფის საფლავი ნაპოვნი არ არისო, მთელი ეზო გადათხარა...

საოცრად ხატავს. მის ნახატებში ყველაზე მეტად ფერების შეხამება მომწონს. სულ ხატვის სურვილი აქვს. გვარად ახვლედიანი კი არის და რა ვიცი, აბა, რას იზამს (იღიმის)? ინგლისურის სწავლაც დაიწყო. ფსიქოლოგებისგან ვიცი, რომ ბავშვი უნდა აქო. მოსწონს, როცა აქებენ. არც ერთ გადაცემაში არ მომყვება - ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი მსახიობი არ გახდება...

- ახალ წელს ნაძვის ხეს ვისი გემოვნებით რთავთ? სუფრის დიზაინზე ვინ ზრუნავს?

- ვიდრე მიშას ცოლად გავყვებოდი, ამ ყველაფერს დედა საკუთარ თავზე იღებდა - 31 დეკემბერს ყოველთვის დაკავებული ვიყავი, გადაღებები მქონდა... წელს მეც და მიშაც ახალ წელს ზღვისპირეთში შევხვდებით: ლევან კოღუაშვილის ფილმის (რომლის სამუშაო სახელწოდებაც "2 მელოტი" გახლავთ) გადაღებები გვაქვს... მოკლედ, იმით ვერ დავიკვეხნი, რომ კარგი დიასახლისი ვარ. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, - შენ ისწავლე, ყველაფერს მე გავაკეთებო. ჰოდა, მისი დამსახურებაა, რომ როგორც მზარეული, "ნული" ვარ (იცინის). ცოტა ხანში, მე და მიშა საცხოვრებლად ცალკე გადავალთ. იქ ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელი იქნება და ჩემი დიასახლისობის შესახებ მერე უკეთ გესაუბრებით.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება