ასე მხოლოდ ქართველები მღერიან, ანუ ოჯახი სიმღერის თანხლებით

ასე მხოლოდ ქართველები მღერიან, ანუ ოჯახი სიმღერის თანხლებით

გახსოვთ ბავშვთა ანსამბლი "ლახტი" და ბიჭებს შორის ერთადერთი სოლისტი გოგონა? ალბათ გახსოვთ, რადგან ვისაც ეს ანსამბლი უნახავს და მოუსმენია, არ დაავიწყდებოდა. რობერტ ბარძიმაშვილმა ლეგენდარული "ორერასა" და "ვია-75"-ის შემდეგ პატარების ანსამბლი შექმნა. "ლახტის" წევრები იყვნენ ცნობილი ლევან ლაზარიშვილი, აწ გარდაცვლილი დათო ოძელაშვილი... დანარჩენებმა მოღვაწეობისთვის სხვა სფერო აირჩიეს... რაც შეეხება იმ პატარა გოგოს, ის ლიკა დოლიძე გახლავთ. ლიკა დღეს თავის ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს, ერთ-ერთ ქართულ რესტორანში მღერის და არც ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებასა და კონცერტს (სადაც ქართველებს იწვევენ) არ აკლდება.

როცა გარემოებათა გამო მოსკოვში აღმოვჩნდი, მაშინვე გადავწყვიტე, აქაური ქართველების ინტერვიუები ჩამეწერა. ერთ-ერთი პირველი რესპონდენტი სწორედ ლიკა აღმოჩნდა, რომელიც დამპირდა - სხვა ცნობილ ქართველებთან დაგაკავშირებთო...

წლების წინ მოსკოვში ჯერ მისი მეუღლე, მალხაზ ნუცუბიძე წავიდა. მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იდგა საქართველოში. მალხაზი სოხუმის თეატრში მუშაობდა, მაგრამ მწირი შემოსავლით ძნელი იყო ოჯახის რჩენა... მოსკოვში მეგობართან ერთად, ხმის ჩამწერი სტუდია გახსნა, ბიზნესს მიჰყო ხელი და გაუმართლა... ლიკა ერთი წლის შემდეგ გაემგზავრა მეუღლესთან. ადვილი არ იყო ცხოვრების თავიდან დაწყება, თანაც - რუსეთში... წყვილს ბევრი სიძნელის გადალახვამ მოუწია, მაგრამ მათ შეძლეს თავიანთი ადგილი დაემკვიდრებინათ და ახლა, ქართველთა დიდ სათვისტომოში (და არა მხოლოდ ჩვენს სათვისტომოში) მათ ყველა იცნობს... იცნობენ, უყვართ და პატივს სცემენ...

ლიკასთან საუბარი საინტერესო აღმოჩნდა, თავის წარსულსა და აწმყოზეც მელაპარაკა და თბილისურ "სიურპრიზზეც" გამენდო...

- ლიკა, მოდი, ჯერ იმ სიურპრიზზე გვითხარი, რომელსაც თბილისელებს უმზადებთ მოსკოვში მოღვაწე ქართველები...

- წინდაწინ გამხელილი რაღა სიურპრიზია, მაგრამ მის მთავარ ნაწილს მაინც გაგიმხელთ, რაღაცას კი მაინც შევინახავთ, რომელსაც მოგვიანებით ნახავს მაყურებელი... თემურ თათარაშვილი დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილა. მან გადაწყვიტა, ათი წლის შემდეგ თბილისში თავისი საღამო ჩაატაროს. როცა მთხოვა, მონაწილეობა მიმეღო ამ კონცერტში, მაშინვე დავთანხმდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თემო ჩემი მეგობარია, მეორეც - უსაზღვროდ მომენატრა თბილისი და ქართველი მაყურებელი. საღამო 18 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება და მასში თემურის ბევრი მეგობარი მიიღებს მონაწილეობას.

- ალბათ ღელავ. ბევრისგან ვიცი, რომ ქართველი მაყურებლის წინაშე გამოსვლა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია...

- სცენის შიში არასოდეს მქონია, მაგრამ ქართველი მაყურებელი რომ განსაკუთრებულია, ეს უდავოა. მისი მუსიკალური გემოვნება განსხვავდება სხვებისგან, თანაც შეფასებისას უფრო თავშეკავებულია. ამხელა პაუზის შემდეგ ფილარმონიის დიდ სცენაზე გამოსვლა ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე, ეკა კვალიაშვილი, ანსამბლი "ფორტე" და თემურის სხვა მეგობრები.

- ახლა წარსულში გადავინაცვლოთ... როგორც ვიცი, "ლახტისთვის" დიდ კონკურსში მიიღე მონაწილეობა...

- 5 წლის ვიყავი, როცა დედამ გამოცხადებულ კონკურსში მიმაღებინა მონაწილეობა, თუმცა მანამდე ჩემი დებიუტი საბავშვო გადაცემაში "აბა, დელია" შედგა, სადაც "ჩვენი ბაღი ბაღნარია" ვიმღერე. მალე ეს სიმღერა ჰიტად იქცა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს, რომ გოგონების დიდი ჯგუფი თანდათან დაპატარავდა და ბოლოს, მე დავრჩი. ანსამბლში სულ ბიჭები იყვნენ (ეტყობა, პატარაობიდანვე დამებედა ბიჭები, ჩემს ოჯახშიც ხომ ერთადერთი "გოგო" ვარ, მყავს მეუღლე და ორი ვაჟი). კონცერტების ან გადაღებების დროს ბიჭები მალე იღლებოდნენ, მე კი - არა და ამით აღფრთოვანებული რობერტ ბარძიმაშვილი ბიჭებს ეუბნებოდა ხოლმე, - მიჰბაძეთ ლიკასო. მე და ლევანი სიმღერა "სვეტიცხოველს" დუეტში ვმღეროდით... ლამაზი ზღაპარივით მახსოვს ის პერიოდი.

- სიმღერის ნიჭი ალბათ მამისგან გამოგყვა - მიხეილ დოლიძე ხომ ჯერ "არაგვის", მერე "დიელოს" სოლისტი იყო...

- მამა ცნობილი მევიოლინეა, თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავს, ანსამბლებში კი სოლისტიც იყო. დედაც ძალიან მუსიკალურია. მათგან მემკვიდრულად დაგვყვა სიმღერის ნიჭი მე და ჩემს უმცროს დას, სალომეს. იგი "ნუცას სკოლის" გამარჯვებულია. რაც შეეხება მამას, ის სულ გასტროლებზე იყო და როცა მეკითხებოდნენ, - ლიკა, სადაა მამაო? - მე ცაში ვიშვერდი ხელს და თვითმფრინავზე ვანიშნებდი.

- "ლახტის" შემდეგ რა იყო?

- "ლახტის" შემდეგ იყო "მშვიდობის მტრედები", რომელიც გოჩა ლორიამ ჩამოაყალიბა. ამ არაჩვეულებრივმა მომღერალმა ერთად შეგვყარა 5 გოგო. ხშირად გვქონდა გასტროლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ქუთაისში ყოფნისას გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. მაშინ მე 14 წლის ვიყავი, მახო - 18-ის; ის უკვე თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა. შეგვიყვარდა ერთმანეთი და რომანიც დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, სწორედ ქუთაისში, როცა მესხიშვილის სახელობის თეატრში ჯერ კიდევ არ იყო კონცერტი დამთავრებული, მალხაზმა ხელი მომკიდა და სახლში წამიყვანა. რომელ მშობელს უნდა ქალიშვილის ასე ნაადრევად გათხოვება, მაგრამ რაღას იზამდნენ?! 16 წლის ვიყავი, გიორგი რომ შემეძინა. მეორეზე კარგა ხანს აღარ მიფიქრია, რადგან ჩემი საქმიანობა სახლში ჩაჯდომას არ ითვალისწინებს. გავიდა დრო, მეორე შვილი ძალიან მომინდა და 17 წლის შემდეგ გავრისკე. ახლა სანდრო ერთი წლისაა, მას სახელი გიორგიმ შეურჩია. ძმებს შორის უფრო მეტია ასაკობრივი სხვაობა, ვიდრე ჩემსა და პირველ შვილს შორის.

- ამბობენ, ნაადრევად შექმნილ ოჯახში ბზარი მალე ჩნდებაო. თქვენს შემთხვევაში ამას ვერავინ იტყვის. რა არის თქვენი ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?

- ამ საიდუმლოს სიყვარული ჰქვია. არავინ თქვას, რომ არსებობენ ოჯახები, სადაც სრული ჰარმონიაა და უპრობლემოდ ცხოვრობენ. ჩვენ ერთად ბევრი ბარიერი გადავლახეთ და ამაში მხოლოდ სიყვარული დაგვეხმარა. ჩემთვის სიმღერა სულის საზრდოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, წინ მაინც ოჯახი დავაყენე. მახო თბილისიდან იმიტომ წავიდა, რომ თავისი საყვარელი საქმიდან არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა. ვიცი, რომ სცენა ძალიან ენატრება, მაგრამ... ამ შემთხვევაში მალხაზმაც წინ ოჯახი დააყენა. ალბათ ახალს ვერაფერს ვიტყვი, - ოჯახი ურთიერთდათმობას ემყარება, წყვილიდან კი ეს განსაკუთრებით ქალს მოეთხოვება. უსაზღვროდ მადლობელი ვარ ჩემი ქმრის, ის ყველანაირად ხელს მიწყობს ჩემს საქმეში. მე რომ სცენაზე ვდგავარ და ვმღერი, ეს უდავოდ, მალხაზის დამსახურებაა. ჩვენი მეორე შვილი ახლახან გახდა 1 წლის. მის გაზრდაში დედაც მეხმარება, დაც და დეიდაც, რადგან მე და მალხაზი ხშირად ვართ შინიდან გასულები...

- აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

- ეს ჩემს მეუღლეზეა დამოკიდებული. მინდა, ჩემმა შვილებმა საქართველოში ისწავლონ და იცხოვრონ, მაგრამ სანამ მალხაზს აქ ბიზნესი აქვს, ალბათ ჩამოსვლას ვერ მოვახერხებთ. ქართული საქმე აქაც კეთდება. საამაყოა, როცა რუსები და სხვა უცხოელი სტუმრები აღფრთოვანებული მეუბნებიან ხოლმე, - ასე სიმღერა მხოლოდ ქართველებმა იცითო.

მარინა ბაბუნაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება