სალომე დადუნაშვილი: "ძნელია მოახერხო და იყო არამოდური"

 სალომე დადუნაშვილი: "ძნელია მოახერხო და იყო არამოდური"

"სამოთხის ვაშლების" წამყვანი სალომე დადუნაშვილი ჟურნალისტობის გარდა, აქსესუარების შექმნითაცაა დაკავებული და როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში სალომე აქტიურად მუშაობდა ამ კუთხით, რამდენიმე დღის წინ კი მეგობრის სახელოსნოში გამოფენა მოაწყო. მასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ, თუმცა არც ოჯახური თემა და დამდეგი ახალი წელი გამოგვრჩენია. სალომეს ფრანგი მეუღლე და ორი წლის შვილი - კესარია ჰყავს.

რატომ ამზადებს აქსესუარებს

- სათამაშოებს, თოჯინებს, ბისერით მოქარგულ ნივთებს ყოველთვის ვაკეთებდი, მქონდა კიდეც ერთი-ორი გამოფენა, თითქმის ორ წელიწადია, რაც აქსესუარების კეთება დავიწყე. მე თვითონ მომინდა შემეძინა საყურე და ყელსაბამი, მაგრამ ვერსად ვნახე ისეთი, როგორიც ჩემს გემოვნებას დააკმაყოფილებდა, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემით შემექმნა ის, რაც მინდოდა. მერე მოხდა ისე, რომ მეგობარს საყურე გავუკეთე, რასაც გამოხმაურება მოჰყვა.

მოგვიანებით უფრო გავაქტიურდი და საბოლოოდ თბილისის მოდის კვირეულში მივიღე მონაწილეობა. მოგეხსენებათ, მოდის კვირეულის ფარგლებში ყოველ წელს იმართება აქსესუარების გამოფენა, ჰოდა, ჩემდა საბედნიეროდ, ის გამოფენა ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან იქვე ბევრი აქსესუარი გაიყიდა. მას შემდეგ ვერა და ვერ დავაგროვე ნამუშევრები, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, ჩემი ნამუშევრები მის სახელოსნოში გამომეფინა. თვე-ნახევრის განმავლობაში ვცდილობდი აქტიურად მემუშავა, რათა მომეგროვებინა აქსესუარები, ოცდაათი დავაგროვე, მეტი ვერ მოვახერხე, თუმცა საბოლოო ჯამში იმ სივრცეში, სადაც წარვადგინე, მწირად არ გამოიყურებოდა. ეს მეტად სასიამოვნო საღამო იყო, ყველას შეეძლო მოესინჯა, რაც მოეწონებოდა, იყო უამრავი სარკე და შეგეძლო გენახა, რამდენად გიხდებოდა ესა თუ ის აქსესუარი. აქსესუარების მასალას ზოგს საზღვარგარეთ ვყიდულობ, ზოგს - თბილისში, ხან კიდევ ძველ ნივთებს ვშლი და ახალი აქსესუარის დეტალად ვიყენებ. ეს საქმე ჩემთვის ერთგვარი რელაქსაციაა, ძირითადად მაშინ ვმუშაობ, როცა კესარიას სძინავს. არ მაქვს კარგი მხედველობა, ამიტომ სამუშაოდ აუცილებლად დღის განათება მჭირდება. როდესაც საყურეს ვამზადებ, დასრულების შემდეგ ერთხელ მაინც ვიკეთებ, რათა დავრწმუნდე, რომ ტექნიკურად ყველაფერი კარგადაა შესრულებული. ძირითადად ისეთ აქსესუარებს ვაკეთებ, რომელთა ტარებაც მე თვითონ მინდა. აქსესუარებთან მიმართებით არსებობს ერთი ასეთი წესი - როცა იკეთებ თვალში საცემ სამკაულს, არ უნდა გადააჭარბო, თუ იკეთებ ყელსაბამს, საყურე აღარ უნდა გამოიყენო. დღევანდელი მოდა ისეთ მრავალფეროვნებას გვთავაზობს, რომ ძნელია მოახერხო და იყო არამოდური, ფაქტობრივად, ეს შეუძლებელია, შეიძლება იყო არასაინტერესო, მაგრამ არამოდური - ნაკლებად. აქსესუარი ქალისთვის გადარჩენის საშუალებაა, შესაძლოა არ გქონდეს იმის სახსრები, რომ შეიძინო კარგი ბრენდის სამოსი, მაგრამ თუ გაცვია სადად და გიკეთია საინტერესო აქსესუარი, გამოიყურები კარგად და შეიძლება ტანსაცმელი იმდენად მნიშვნელოვანი არც იყოს. თუმცა თუ გაქვს საშუალება, გეცვას კარგად და ასევე გეკეთოს კარგი სამკაული - ეს იდეალური ვარიანტია.

2 წლის კესარია...

- საკუთარ შვილზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. მახსოვს, როგორ მაღიზიანებდნენ დედები, რომლებიც საკუთარ შვილებზე აღფრთოვანებით საუბრობდნენ, ვცდილობ, მათ არ დავემსგავსო და ნაკლები ვილაპარაკო კესარიაზე. მართალია, ცოტა ხანში 2 წლის გახდება, მაგრამ ჯერჯერობით კარგად ვერ ლაპარაკობს. ეტყობა, დაბნეულია, რადგან ოთხი ენა - ფრანგული, რუსული, ქართული და ცოტა ინგლისურიც ესმის, თუმცა ვერც ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობს გამართულად, ალბათ ცოტა ხანში გაგვაგებინებს, რა უნდა. თურმე მე საკმაოდ ადრე ამიდგამს ენა, ახლა დედაჩემი კესარიას გამო ღელავს. როცა სამსახურში ვარ, ძიძასთან ვტოვებ, მაგრამ ოჯახის წევრები - მე, ჩემი მეუღლე, ბებია, ისე ვანაწილებთ დროს, რომ რომელიმე მასთან აუცილებლად ვიყოთ და ჩვენი დანაკლისი არ განიცადოს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თუ რაიმე პრობლემა აქვს ბავშვს, ეს მშობლების ბრალია, როდესაც კესარია არ ჭამს, არ სძინავს, ჩვენს თავში ვეძებთ დანაშაულს და ვპოულობთ კიდეც. რომ დავფიქრდები, ვხვდები, კესოს დაბადების შემდეგ ცხოვრების რიტმი ძალიან შეიცვალა, ხანდახან კი ვამბობ, ამდენი ხანია, არსად წავსულვარ-მეთქი, მაგრამ საბოლოო ჯამში ვხვდები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცოდე, როგორაა და რას აკეთებს ჩემი შვილი. არ ვარ 20 წლის, რომ გართობის ნაკლებობის გამო დავითრგუნო, არანაირი სურვილი არ მაქვს, მთელი ღამე დისკოთეკაზე გავატარო და ამის გამო ბავშვს მოვაკლო ყურადღება, მაგრამ შევდივარ იმ მცირეწლოვანი დედების მდგომარეობაში, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან იმას, რომ ვეღარ ახერხებენ იქ წასვლას, სადაც უნდათ.

- ბავშვის გაჩენის შემდეგ ხშირად მამაკაცები ყურადღების ნაკლებობის გამო წუწუნებენ, თქვენ შემთხვევაში როგორაა საქმე?

- წუწუნებენ ის მამები, რომლებიც ბავშვის აღზრდაში არ არიან ჩართული. მოვლა, სიყვარული, გასეირნება - ეს ფუნქციები დედ-მამამ თანაბრად უნდა გაინაწილოს. ჩვენთვის კესარიას მოვლა სასიამოვნო და საპატიო მისიაა, ამიტომ არასდროს ვწუწუნებ, მეტიც, ჩემს მეუღლეს ძალიან ეწყინება, რომ ეს მოვალეობები მოვაკლო (იღიმება).

სამზარეულოში

- კესოს გაჩენამდე სამზარეულოსთვის უფრო მეტად ვიცლიდი, ახლაც ვპოულობ ამისთვის დროს, მაგრამ იმდენი შემოქმედებითი წვა აღარ მაქვს ამ საკითხში. ადრე უფრო ინტენსიურად ვაწყობდი ვახშმებს, ამისთვის რამდენიმე დღით ადრე ვემზადებოდი, ახლა კი ველოდები, მე როდის დამპატიჟებენ ვახშამზე (იღიმება). რაც შეეხება ჩემეულ რეცეპტს, გეტყვით რომ არ მაქვს მარტივი რეცეპტები, ჩემთვის მარტივი კარტოფილის შეწვაა. ახლა კი გაგიმხელთ კერძის რეცეპტს, რომელსაც "კატან დე ფიუანს" ჰქვია. კარტოფილი უნდა დავჭრათ მრგვლად და ძალიან თხელ ფენებად, უნდა ავიღოთ ღუმელში შესადგმელი სპეციალური შუშის ჭურჭელი, მოვუსვათ კარაქი და ფენა-ფენა ჩავაწყოთ კარტოფილი, შუაში უნდა ჩავახეხოთ ჰოლანდიური ყველის რომელიმე სახეობა და ხახვი, შემდეგ ისევ კარტოფილით შევავსოთ ჭურჭელი, უნდა დავასხათ მაღალპროცენტიანი ნაღები, შეგვიძლია მასშივე ჩავუმატოთ მარილი და პილპილი, რომ კარგად გადანაწილდეს და მოვასხათ კარტოფილს, შემდეგ ზემოდანაც მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შევდგათ ღუმელში საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე, დიდი ხანი, დაახლოებით ერთი საათი სჭირდება მომზადებას, როცა კარტოფილი დარბილდება და ყველი მოიბრაწება, შეგვიძლია მივირთვათ, ძალიან გემრიელი, მაგრამ კალორიულია.

საახალწლო სამზადისი...

- საერთოდ, ახალი წლისთვის მზადებას 1-ელი დეკემბრიდან ვიწყებთ ხოლმე და ტრადიციულად ბარბარობას ნაძვის ხე უკვე აწყობილი მაქვს, მაგრამ წელს გამოფენის გამო ვერ მოვახერხე თვის პირველი რიცხვებიდანვე მომზადება, თუმცა კესომ უკვე ყველა ფანჯარაზე მიაკრა ვარსკვლავები და ნაძვის ხეები. მინდა ნაძვის ხე ღამით, კესოს დაძინების შემდეგ ავაწყო, რომ დილით მეტი ეფექტი მოახდინოს, ძალიან დიდი ნაძვის ხე გვაქვს, ამიტომ დაახლოებით ერთი კვირა მაინც გვჭირდება მის მოსართავად, ვერაფრით ვამთავრებ მის გალამაზებს ერთ-ორ დღეში. უკვე შევიძინე ისეთი სათამაშოები, რომლებიც ბავშვს მოეწონება. რაც შეეხება სამზადისს, ტრადიციულად, გოზინაყისთვის ნიგოზს მე ვჭრი, ყველაზე უინტერესო და რუტინული საქმე მაქვს დავალებული, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემი მეუღლეც მეხმარება ამაში.

შოპინგი

- საშინლად არ მიყვარს მაღაზიებში უმიზნოდ სიარული, თუ ფული არ მაქვს, დასათვალიერებლად არ შევალ, რაღაც რომ მინდა და ვერ ვყიდულობ, არ მსიამოვნებს, ამიტომ მირჩევნია, საერთოდ არაფერი ვნახო, რომ არ განვიცადო. შესაბამისად, მაღაზიაში დავდივარ მაშინ, როცა არის შანსი, აღმოვაჩინო ჩემთვის საინტერესო ნივთი ხელსაყრელ ფასად, თუნდაც საახალწლო ფასდაკლებაზე. უნდა ვაღიარო, რომ ძირითადად მაინც საზღვარგარეთ ვყიდულობ სამოსს, რადგან გამგზავრება მიწევს ხოლმე, სიმართლე გითხრათ, იქ უფრო მეტი დრო მაქვს შოპინგისთვის და თან არჩევანიც უფრო დიდია. თუმცა დღეს თბილისშიც გაიხსნა ბევრი ისეთი ევროპული ბრენდის მაღაზია, რომელიც ძალიან პოპულარულია საზღვარგარეთ. რასაკვირველია, დავდივარ თბილისურ მაღაზიებშიც, მაგრამ შედარებით იშვიათად. აი, მაგალითად, სახელგანთქმულ "თბილისი მოლში" სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, ისიც მხოლოდ პროდუქტების შესაძენად ვიყავით და მალევე გამოვიქეცით. თბილისური მაღაზიების დიდი ექსპერტი არ ვარ, შორიდან თუ დავინახავ, რომ ფასდაკალებაა, შევდივარ. ისე, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთანაც გაჩნდა ფასდაკლების ცნება, თორემ ადრე საოცარი ფასები იყო. წინასაახალწლო ფასდაკლებებზე აუცილებლად მივდივარ პარფიუმერიულ მაღაზიებში, იქაურ პროდუქციაშიც ვერკვევი და საჩუქრებსაც ვარჩევ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება