ათწლიანი პაუზის შემდეგ მომღერალი თემურ თათარაშვილმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა.
სოლო პარტიების გარდა მან ესტრადის მომღერლებთან ერთად დუეტებიც შეასრულა.
კონცერტზე კურიოზიც მოხდა. სცენაზე გამოსულ თემურ თათარაშვილს დუეტი ნუკრი კაპანაძესთან უნდა შეესრულებინა, თუმცა პარტნიორის გამოხმობა დაავიწყდა და სიმღერა მარტომ დაიწყო. მოგვაინებით ამ შემთხვევისთვის მომღერალმა ბოდიში მოიხადა. ნუკრიმ და თემურმა სიმღერა "თეთრი ვარდები" შეასრულეს. მათ როიალთან აკომპანიმენტი ნიკოლოზ რაჭველმა გაუწია.
თათარაშვილმა კურიოზული შემთხვევა იმ მღელვარებას დააბრალა, რომელსაც ქართველი მაყურებლის წინაშე გამოსვლისას გრძნობს. მომღერალმა იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება ამის გამო ძალიან არ გააკრიტიკებს.
კონცერტის ორგანიზატორი დათო ოქიტაშვილია. როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას ოქიტაშვილმა განაცხადა, მისი ორგანიზებით მომავალში არაერთი კონცერტი გაიმართება და მაყურებელს უცხოეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მომღერლებს წარუდგენს, მათ შორის იქნება სოსო პავლიაშვილიც. დღევანდელ კონცერტზე კი ლიზა ბაგრატიონმა, ლიკა დოლიძემ, ნატო მეტონიძემ, ანანო მჟავიამ, ჯგუფმა "ფორტემ", ნუკრი კაპანაძემ და მაია ჯაბუამ იმღერეს.
კონცერტი მუსიკალურად სხვადასხვა ორკესტრებმა, მათ შორის სიმფონიურმა ორკესტრმა და "ბრავო რეკორდსმა" გააფორმეს.
კონცერტის დასასრულს მაყურებლის წინაშე ღონისძიების ორგანიზატორი, დათო ოქიტაშვილი გამოვიდა და სცენაზე "ჩარეცხილ მომღერლებს" მოუხმო. ოქიტაშვილის თქმით მალე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მათი კონცერტებიც გაიმართება. საღამოს მთავარი გმირი, თემურ თათარაშვილი მაყურებელთან დამშვიდობებისას მღელვარებისგან ატირდა. მომღერალმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას ერთგულებისა და სიყვარულისთვის.
გიორგი ბერიძე
ასევე იხილეთ: თემურ თათარაშვილის მონატრებული ჰიტები და პირველი კონცერტი თბილისში 10 წლის შემდეგ