"ეს შეჯიბრება კი არა, ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება იყო..."

"ეს შეჯიბრება კი არა, ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება იყო..."

მუსიკალური კონკურსის "ახალი ხმის" მონაწილეების - მეგი ბეჟუაშვილისა და მაგდა ვასაძის "რინგის ტურში" შესრულებულმა სიმღერამ სტეფანე და მაია საგონებელში ჩააგდო. ემოციური დაძაბულობის შემდეგ, მწვრთნელების გადაწყვეტილებით, პროექტში მაგდა დარჩა, მაგრამ მწვრთნელებიც და საზოგადოებაც დუეტის ორივე მონაწილეს გამარჯვებულად მიიჩნევენ...

მაგდა:

- "ახალ ხმამდე" რამდენიმე პროექტში ვმონაწილეობდი, მაგრამ არასოდეს გამიმართლა... ბათუმიდან ვარ. იქ ბენდთან ერთად 4 წელია, ვმღერი, მაგრამ ბათუმში ძნელია რაიმე სერიოზულის გაკეთება.

მეგი:

- სიმღერა ჯგუფთან ერთად 3 წელია, დავიწყე. ჩვენს ჯგუფს "შუშა" დავარქვით, რომელთან მუშაობამაც გამოცდილება შემძინა. "შუშის" წევრები, შეიძლება ითქვას, რომ ერთად ვცხოვრობთ, რადგანაც სხვაგვარად შეუძლებელია ჩვენი ფუნქციონირება - დილიდან საღამომდე ვმეცადინეობთ. მე ვოკალისტი ვარ, ჩემი და - გიტარისტი, ჯგუფის მესამე და მეოთხე წევრიც ჩემი და-ძმაა.

- ჯგუფს "შუშა" რატომ დაარქვით?

- პროექტ "ნიჭიერში" ვაპირებდით მონაწილეობას და ჯგუფისთვის სახელის დარქმევა ამიტომ გადავწყვიტეთ. "ნიჭიერში" ნახევარფინალამდე მივედით.

- მაგდა, როგორც აღნიშნე, ცხოვრებაში არაერთი იმედგაცრუება გქონია. რას გვეტყვი ამაზე?

- როგორც გითხარით, არაერთ მუსიკალურ პროექტში წარუმატებელი გამოსვლა მქონდა. ამასთან, პირად ცხოვრებაშიც მქონდა იმედგაცრუება, რომელზეც ახლა არ მსურს ლაპარაკი. თუმცა მაინც გეტყვით, რომ წელიწად-ნახევარია, რაც მე და ჩემი მეუღლე ერთად აღარ ვცხოვრობთ. დღეს ის საზღვარგარეთაა... ეს პროექტი დეპრესიული მდგომარეობიდან თავის დაღწევაში ძალიან დამეხმარა. მყავს 6 წლის შვილი, ლუკა.

- რა მოგიტანათ პროექტმა, რომელშიც ახლა მონაწილეობთ?

მეგი:

- მანამდე სცენაზე სოლო არ მიმღერია. ჯგუფთან ერთად ვმონაწილეობ როკფესტივალებში, ვმღერი კლუბებში. როცა "იმედის" არხზე "ახალი ხმის" რეკლამას ვუყურე, სიმართლე გითხრათ, ინტერესი არ გამჩენია, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ ამ კონკურსში მონაწილეობას შევძლებდი. ეს ჯგუფის წევრებმა გადამაწყვეტინეს.

მაგდა:

- არ მინდოდა, კიდევ ერთი იმედგაცრუება განმეცადა, მაგრამ მონაწილეობის მისაღებად დედის დაჟინებული თხოვნით დავრეგისტრირდი. როგორც ჩანს, დედის ინტუიცია განსაკუთრებული და უტყუარია... "ახალმა ხმამ", პირველ რიგში, წარმატება მომიტანა. მინდა, პროექტში დიდხანს ვიყო, რომ მეტი ცოდნა და გამოცდილება შევიძინო, მეტი გავაკეთო და როგორც მომღერალი, მეტად დავიხვეწო.

- მომავალში ერთად დუეტის ჩაწერას ხომ არ აპირებთ?

მეგი:

- სხვათა შორის, ჩემი ჯგუფის წევრები მთხოვენ, მაგდასთან ერთად სიმღერა ჩავწერო და "ევროვიზიის" კონკურსზე წავიდეთ...

მაგდა:

- ეს აზრი მეც მომწონს. ჩვენი დუეტი იმდენად კარგი და მყარი აღმოჩნდა, რომ მეგისთან ერთად სიამოვნებით ვიმღერებ. თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ამ პროექტით ვარ დაკავებული.

- რინგზე გამოსვლის შემდეგ ალბათ ერთგვარი სტრესიც გქონდათ, არა?

მაგდა:

- კი, მთელი კვირა არ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს - ეს მართლაც დიდი სტრესი იყო... ის კი არა, როდესაც ეკრანზე სხვა მონაწილეებს ვუყურებ, მაშინაც კი მეტირება.

- მუსიკის პარალელურად რას საქმიანობთ?

მაგდა:

- განათლებით ვოკალისტი ვარ, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან მიზიდავს დიზაინერობა. პატარაობიდანვე ჩემით ვქმნი ტანსაცმელს. ეს საქმიანობა ძალიან მაინტერესებს და მინდა, მუსიკის პარალელურად, ამ სფეროში ძალები სერიოზულად მოვსინჯო.

მეგი:

- ამჟამად სოციალურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობ... ჩემი მთავარი ინტერესის სფერო, რა თქმა უნდა, მუსიკაა. უბრალოდ, როცა განათლებული მშობლები გყავს და ისინი შენთვის იდეალები არიან, გინდა, შენც ისეთივე იყო. ისინი მაქსიმალურად მიწყობენ ხელს. რომ მეთქვა, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება არ მინდა-მეთქი, არაფერს მეტყოდნენ.

- მეგი, ალბათ მტკივნეული იყო პროექტიდან გამოთიშვა, არა?

- გული ძალიან მეტკინა. საშინლად ვგრძნობდი თავს, სანამ სტეფანე და მაია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მომეჩვენა, რომ იმ პერიოდში დრო უსასრულოდ გაიწელა... ერთადერთი, რაც მინდოდა, ის იყო, რომ სცენა მალე დამეტოვებინა... პროექტში რომ დავრჩენილიყავი, ესეც უსამართლობა იქნებოდა. თქვენი ჟურნალის საშუალებით, მაიასა და სტეფანეს ჩვენი დაწყვილებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო... მე და მაგდა ერთმანეთს მაქსიმალურად ვუწყობდით ხელს, რომ დუეტი რაც შეიძლება სრულყოფილი გამოსულიყო და თითოეულ ჩვენგანს ჩვენი მაქსიმუმი გვეჩვენებინა.

მაგდა:

- ეს არ იყო შეჯიბრება, ეს იყო, უბრალოდ, დიდი სიამოვნება.

- ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, თითოეულს სხვა მეწყვილე რომ გყოლოდათ, ორივეს გადარჩენის მეტი შანსი გექნებოდათ? იქნებ ეს სადღაც მაინც ერთ-ერთი თქვენგანის "გაწირვა" იყო იმისთვის, რომ შოუ შემდგარიყო?

მაგდა:

- ჩვენი დაწყვილების მიზანი იყო დუეტის სრულყოფილება და ვფიქრობ, ამ მიზანს ყველამ ერთად მივაღწიეთ. ამ დუეტისთვის ღირდა ის, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს პროექტი დაეტოვებინა. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, მეგი ისეთივე გამარჯვებულია, როგორიც მე.

მეგი:

- რინგზე მწვრთნელებიც და ჩვენც ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. ასეთ რამეს არავინ ველოდით. შეიძლება, ბოლო ეტაპამდე მივსულიყავი, მაგრამ არც ასეთი სიმღერა შემხვედროდა და არც ასეთი მეწყვილე. ახლაც რომ ვუყურებ ჩვენს კადრებს, ცრემლები მომდის.

მაგდა:

- მე და მეგის სხვადასხვა ხმის ტემბრი გვაქვს, თუმცა შესაძლებლობები - თითქმის ერთნაირი.

მეგი:

- მაგდა თავმდაბალი, თბილი და მშვიდი ადამიანია. კინკლაობა არც მე შემიძლია. ზოგადად, ბევრი საერთო თვისება აღმოგვაჩნდა... ამასთან, მეც და მაგდასაც საოპერო ვოკალური მონაცემები გვაქვს...

- რას უსურვებთ ერთმანეთს?

მეგი:

- ვუსურვებ, რომ ცხოვრებაში ყველაფერს სამართლიანად მიაღწიოს. ის ამას ნამდვილად იმსახურებს. ყველაფერში უდიდეს ენერგიას დებს და ეს არ უნდა დაეკარგოს.

მაგდა:

- მეგი დადებითი ადამიანია და ასეთივე ემოცია მოაქვს. მინდა, რომ წარმატებული იყოს.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ: მეგი და მაგდა - ფანტასტიკური მუსიკალური დუელი "ახალ ქართულ ხმაში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება