რა საჩუქარს ელოდება ქეთევან კანტიძე თოვლის პაპასგან

რა საჩუქარს ელოდება ქეთევან კანტიძე თოვლის პაპასგან

მარჯანიშვილის თეატრის დასის მმართველი და სერიალის - "შუა ქალაქში" მსახიობი, ქალბატონი ქეთი კანტიძე "დეტექტორს" მხიარულად და ენერგიულად "გაუმკლავდა". როგორც გვითხრა, ახალი წლის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, თუმცა "თბილისის მერიისგან" საახალწლოდ შეთავაზებულმა წინადადებამ დააინტერესა...

- ქალბატონო ქეთი, სერვისით - "თოვლის პაპა გამოძახებით" თუ გისარგებლიათ?

- არა, კაცო, ვისთვის გამოვიძახებდი? თოვლის პაპას საკუთარ თავს ხომ არ მოვუყვან (იცინის)?!

- ვთქვათ, ახალი წლის ღამეს კარს აღებთ და ზღურბლს იქით თოვლის პაპა გხვდებათ...

- გადასარევი იქნება! მე და თოვლის პაპა სუფრასთან დავსხდებით და დილამდე ვიქეიფებთ!

- ახალ წელს მეკვლე ყოფილხართ? როგორი ფეხი გაქვთ?

- შეიძლება ახალგაზრდობაში ვყოფილვარ, მაგრამ აღარ მახსოვს. არა მგონია, ცუდი ფეხი მქონდეს, რადგან ცუდი გულის პატრონი არ ვარ.

- ვთქვათ, სერიალის - "შუა ქალაქში" ყველა მსახიობი ცალ-ცალკე გთხოვთ, რომ ახალ წელს მისი მეკვლე იყოთ...

- დავთანხმდებოდი. მეკვლეობის არ მეშინია: ჩემი სიყვარულითა და დადებითი ენერგიით მათ გავამდიდრებდი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ჩემს ანა ქურთუბაძეს ვესტუმრებოდი, ახალი ბინის გასაღებს, ავტომობილს და სამოგზაუროდ ბილეთებს ვაჩუქებდი. იცი, რა? გული რომ არ დასწყვეტოდათ, სერიალის ყველა მსახიობს ასეთ საჩუქარს მივუძღვნიდი, მათ შორის - პატარა რატიკოსაც...

- ვთქვათ, მერიის კულტურის სამსახურიდან გირეკავენ და გთხოვენ, რომ თქვენ და ბატონმა ნუგზარ ჩიქოვანმა ფიფქიას და თოვლის პაპის როლები მოირგოთ, თბილისელებს დამდეგი ახალი წელი მოტოციკლეტებზე ამხედრებულებმა მიულოცოთ.

- ძალიან კარგი! მოხარული ვიქნები! სიფრიფანა ბავშვობაშიც არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შინაგანად ფიფქია ვარ.

- ფიფქიას როლი არასოდეს შეგისრულებიათ?

- ფიფქიას როლს ყოველდღე ვასრულებ, როცა მარტო ვარ!

- ეს როგორ?

- მულტფილმი - "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" ხომ გახსოვთ? ჩემს წარმოსახვაშიც, ყოველდღე ცხოველები მოდიან, ვმღერი... ჰო, ასეთი მეოცნებე და რომანტიკოსი ვარ.

- შინ რომელიმე ცხოველი ხომ არ გყავთ?

- არა. ხომ იცი, ცხოველი სახლში მარტო ვერ გაჩერდება, მარტოობა არ უყარს.

- გასაგებია, რომ "მერიის კულტურის სამსახურის" წარმომადგენელს ფიფქიას როლის შესრულებაზე უყოყმანოდ დათანხმდით, მაგრამ მოტოციკლეტის მართვას შეძლებდით?

- აბა, რა! მოპედით სიამოვნებით ვივლიდი! ბოლოს და ბოლოს, ავტომობილის მართვა ვისწავლე და მოპედის მართვას რა უნდა?!

- დედმამიშვილები გყავთ?

- ერთი არაჩვეულებრივი, ლამაზი და - მარინა მყავს. სამწუხაროდ, დაოჯახებული არ არის. ნიჭიერი და ჭკვიანია. კარგი ინჟინერი, მეტალურგი, მეცნიერ-მუშაკი იყო, მაგრამ მერე, როცა ყველაფერი "დაინგრა", სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. საბედნიეროდ, ახლა საქართველოშია და ისვენებს - სოფლის მეურნეობას მისდევს.

- ვთქვათ, მაია ასათიანმა დაგირეკათ და გეუბნებათ, რომ თქვენი ძმა იპოვა, მერე კი გადაცემაშიც მიგიწვიათ...

- სინამდვილეში, მაიამ გადაცემაში უკვე მიმიწვია. ძალიან ვწუხვარ, რომ რაღაც გაურკვევლობის გამო ვერ მივედი. მაიას დიდ პატივს ვცემ, კარგი გადაცემა აქვს, მაგრამ საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს, მეუხერხულება. თან, საუბრის თემა არ ვიცოდი... სადმე ჩემი ძმა რომ იპოვოს, სიხარულისგან შეიძლება გავგიჟდე და ცხადია, "პროფილშიც" დაუფიქრებლად გავქანდებოდი!

- რეალურად, შეიძლება, ძმა გყავდეთ?

- რა ვიცი, მამაჩემს ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ სამოგზაუროდ ხშირად მიდიოდა და შეიძლება, სადმე ძმაც მყავდეს. თუ მყავხარ, ძმაო, გამომეხმაურე...

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მგზავრობთ?

- ჯერჯერობით - ხშირად. მართალია, ავტომობილი უკვე ვიყიდე და მართვის მოწმობაც ავიღე, მაგრამ ვფიქრობ, ვიდრე მძღოლის პროფესიას კარგად არ დავეუფლები, მანამდე ავტომობილით ქალაქში არ გავალ.

- ვთქვათ, სამარშრუტო ტაქსიში ერთ-ერთი მგზავრი ქალბატონი გეჩხუბებათ - ჩემს ბავშვს ამრეზით რატომ შეხედეთო?

- ვუპასუხებ: იმიტომ, რომ მინდა, კარგი გამოვიდეს და შენიშვნა მივეცი-მეთქი. ისე, დამტუქსველი მზერით - კი, მაგრამ წარმოსახვაშიც კი შეუძლებელია, ბავშვს ამრეზით შევხედო. ზოგი ხომ ძალიან ცელქია? ჰოდა, შეიძლება, "დედიკოს ნუ აბრაზებ" ან რამე მსგავსი ვუთხრა.

- ვთქვათ, ბავშვის დედა გაცხარდა და "მოგაძახათ": თქვენი პერსონაჟის - ნუნუკასნაირი ხართო!

- განა, ნუნუკა კეთილი არ არის? ძალიან კეთილი ადამიანია, მაგრამ ასეთია და რა ქნას (იღიმის)?!

- ქუჩაში ბევრი ადამიანი გცნობთ?

- როგორ არა?! ეს ძალიან კარგია, მაგრამ ხანდახან უხერხულ სიტუაციაშიც აღმოვჩენილვარ... ამას წინათ, ქუჩაში 5 ბავშვი ჩემკენ გამოქანდა და ჩამეხუტა. მეუბნებოდნენ, - გვიყვარხარო! ამაზე დიდი ბედნიერება აბა, რა შეიძლება, იყოს? თანამშრომელი მეკითხებოდა, - ამათ იცნობო? არც ერთ ბავშვს არ ვიცნობდი.

- ვთქვათ, დილით ტელეფონზე მესიჯი დაგხვდათ: "მაინც ჩემი გახდები".

- დაველოდები, "მისი" როდის გავხდები (იცინის). ალბათ, ასეთი ადამიანი ოდესმე გამოჩნდება. სხვათა შორის, არაფერი არ არის გვიან... რა თქმა უნდა, ვხუმრობ.

- რატომ? ალბათ, თაყვანისმცემლები გყავთ...

- თაყვანისმცემლები მაწუხებენ-მეთქი, - ვერ ვიტყვი. რაღა დროს ჩემი "ესეთებია"? ხომ იცი, ასაკი მაინც თავისას შვრება. სერიალში ჩემს პერსონაჟს - ნუნუს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ქეთინოს - ჯერ არა.

- მეზობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- რომ გითხრათ, - ბევრ მეზობელს ვიცნობ-მეთქი, მოგატყუებთ. რამდენიმესთან კარგი და ახლო ურთიერთობა მაქვს. მაგალითად, ნანას არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს. მისი მეუღლე მწერალია. ძალიან კარგი შვილები ჰყავთ. ჩვენ ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ...

- ვთქვათ, თქვენს მეზობლად ფრიდონის (სერიალიდან "შუა ქალაქში") მსგავსი მამაკაცი დასახლდა და როსტოვში თავს გადახდენილ ამბებს გაუთავებლად გიყვებათ...

- მოვკლავ, ნამდვილად მოვკლავ (იცინის)!.. სერიალში ფრიდონის როლის შემსრულებელი - ნუგზარი ცხოვრებაში სულ სხვანაირია. ის არაჩვეულებრივი ადამიანი გახლავთ.

- ვთქვათ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერი პროექტში მონაწილეობას გთავაზობთ...

- რა თქმა უნდა, დავთანხმდები! არაჩვეულებრივად ვცეკვავ! ჩემი სული ცეკვავს!.. აი, სხეული როგორ გამომყვება, არ ვიცი...

- ცეკვაზე თუ გივლიათ?

- რომ გითხრათ, - ბალერინა ვიყავი-მეთქი, დამიჯერებთ? უბრალოდ, ცეკვა ძალიან მიყვარს.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გოჩა ჩერტკოევის პარტნიორობას დათანხმდებოდით?

- რა თქმა უნდა, ოღონდ - გოჩას თავად "ვატრიალებდი", რადგან ის მე ვერასოდეს ამწევს.

- თქვენი სურვილით, ცეკვაში პარტნიორად ვის ისურვებდით?

- გიორგი ვარდოსანიძეს! ის არაჩვეულებრივი ადამიანი, კარგი მოცეკვავე და ნიჭიერი მსახიობი გახლავთ! ამ ბიჭზე ვგიჟდები!

- დილით, თეატრში მისულს, დასის შეშფოთებული წევრები გეუბნებიან, რომ გაზაფხულამდე ბუნების წიაღში დაბანაკებას აპირებენ, რადგან ჰაინდრეკის მონასტრის ლამამ 21 დეკემბერს დედამიწის "ნულოვან სარტყელში" გავლა და მთელი რიგი უარყოფითი მოვლენები იწინასწარმეტყველაო...

- სიამოვნებით წავალ ბუნებაში და ცოტას დავისვენებ. იქ საქმეზე არ ვისაუბრებდით, მხოლოდ ვიმღერებდით, ვიცეკვებდით. მოკლედ, თავისუფლები ვიქნებოდით. სამსახურში კი მაინც დაძაბულები ვართ: შეიძლება ვიღაცამ დააგვიანოს, ტექსტი კარგად ვერ თქვას, კარგად ვერ ითამაშოს და ა.შ. ბუნების წიაღში ეს პრობლემები არ გვექნებოდა - მხოლოდ დადებით ემოციებს გავცემდით... რეალურად, 21 დეკემბერთან დაკავშირებულ "წინასწარმეტყველებას" სერიოზულად არ მივიჩნევ.

- ახალი წლისთვის როგორ ემზადებით?

- რატომღაც, გადავწყვიტე, რომ დიდი ნაძვის ხე ვიყიდო, მოვრთო და მის წინ ლექსები ვთქვა.

- თოვლის პაპას წერილიც ხომ არ გაუგზავნეთ?

- კი. მან იცის, რა უნდა მაჩუქოს. მითხრა, - ხმამაღლა არ თქვა, თორემ სურვილი არ აგისრულდებაო. ახლა ვფიქრობ, ის თქვენს ჟურნალში წაიკითხავს, რომ საჩუქარს ველოდები და სახლში მომიტანს.

- ძალიან კარგი. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

- დიდი მადლობა. შემთხვევით ვისარგებლებ და ახალ წელს ყველას მივულოცავ! ბედნიერება, მშვიდობა და სიყვარული დაგვბედებოდეს. მინდა, რომ მთელი ქვეყანა ბედნიერი იყოს!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება