სალომე ჭაჭუას ტკივილი - ”ჩაკეტილი პიროვნება ვარ”

სალომე ჭაჭუას ტკივილი - ”ჩაკეტილი პიროვნება ვარ”

"ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია; ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია. ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ზოდიაქოს ნიშანია. როგორია ის სინამდვილეში - ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. სალომე საკუთარ პროფესიაზე, ხასიათის სუსტ თუ ძლიერ მხარეებზე და მამის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე მოგვითხრობს.

- ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს და მინდა, წინასწარ გითხრა, რომ ბევრი რამ ჩემს ხასიათს ემთხვევა.

- "მისი სახე სარკეა, რომელზეც სულიერი მდგომარეობაა ასახული".

- სევდაც და სიხარულიც სახეზე მემჩნევა - ეს არაერთხელ უთქვამთ. ხასიათი სწრაფად მეცვლება, მაგრამ როცა ცუდ განწყობაზე ვარ, ვცდილობ, ჩემი ემოცია სხვებს არ გადავდო.

- "მისი სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული. რთულია მისი უგუნებობის მიზეზის გარკვევა".

- ზუსტად ასეა! თავადაც არ ვიცი, ძალიან კარგ ხასიათზე მყოფი, უეცრად რატომ მოვიღუშები ხოლმე...

- "ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია. მისი წყენინება ადვილია".

- ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. პატარა რაღაც მწყინს, მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც მაწყენინებს, არაფერს ვაგრძნობინებ. თუმცა, თუ გული ძალიან მეტკინება, მერე ურთიერთობაც ცივდება.

- "ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".

- ყოველთვის ვცდილობ, ჩემი სუსტი მხარე სხვას არ დავანახვო. სუსტი ოჯახში უფრო ვარ.

- სხვას ცრემლსაც არ უჩვენებ?

- არა!

- ოჯახი ახსენე. შენს ოჯახზე რას გვეტყვი?

- დედა, და და ძმა მყავს. ჩემს ოჯახში ყველანი იურისტები არიან. მამა მოსამართლე იყო. სამწუხაროდ, ის ჩვენ გვერდით აღარ არის - 4 წლის წინ გარდაიცვალა. მამაზე ლაპარაკი ძალიან მიმძიმს და სხვას ნუღარაფერს მკითხავ.

- მელანქოლიის ტყვეობაში ხშირად ხარ?

- ასეთი რამ იშვიათად მემართება.

- "მას შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოს შენახვა, მაგრამ არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება".

- ზუსტად ასეა! ნებისმიერ ადამიანს შემიძლია, საიდუმლო შევუნახო, დავეხმარო რითაც შემეძლება, მაგრამ თავად ჩაკეტილი პიროვნება ვარ. ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ვერ ვაწყობ. ლაპარაკი არ მიყვარს. სულ მეჩხუბებიან, - რატომ არაფერს ამბობო? სახლშიც ასეთი ვარ. დედა მსაყვედურობს, რამეზე დაგველაპარაკეო. ჩემი ოჯახის წევრებიდან არავის ვგავარ.

- ყველაზე კარგად ვინ გიცნობს?

- დედა და ჩემი შეყვარებული - გიორგი გაჩეჩილაძე.

- "ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე - გონებით".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. ყოველთვის ვცდილობ, გონებით ვიმოქმედო.

- "თუ კეთილად მოეპყრობი, მისი მართვა იოლია, თუ რამეს აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- ჩემთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია, როცა ადამიანს ვინმე მართავს. ცოტათი ჯიუტიც ვარ. მიყვარს, როცა ჩემი გამაქვს (მართალი რომ არ ვიყო, მაინც).

- "ძალიან მოსიყვარულე ნიშანია. თუ ვინმე შეიყვარა, მის მიმართ გრძნობა მუდამ ექნება".

- 8 წელია, მე და გიორგის ერთმანეთი გვიყვარს. მანამდე კი მერწმუნეთ, არავინ მყვარებია. ჩვენ დაოჯახებას ვაპირებთ, მაგრამ არ ვიცით, როდის.

- "შეუძლია სასტიკი მტერი იყოს".

- არავის მტერი არ ვარ, მით უმეტეს - სასტიკი.

- "ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება".

- შურისძიების სურვილი ცხოვრებაში არ მქონია. მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება: ერთ გოგოსთან ურთიერთობის გარკვევა მინდოდა, მაგრამ მამამ არ გამიშვა. დამსვა, დამელაპარაკა და ამიხსნა, მასთან რატომ არ უნდა მეკამათა. მამის მადლიერი ვარ.

- მამასთან მეგობრობდი?

- მასთან ძალიან ახლოს ვიყავი.

- მოსამართლეობა საკმაოდ რთული პროფესიაა - ადამიანს განაჩენი უნდა გამოუტანო. შინ მოსული, ამ თემაზე ლაპარაკობდა?

- თითქმის არასდროს. ჩვენ გვიფრთხილდებოდა, გიჟი მამა იყო.

- მისი დარიგებებიდან ყველაზე მეტად რა გახსოვს?

- ვერ დავკონკრეტდები, მაგრამ გეტყვით, რომ მამა სულ მარიგებდა და ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, როგორც ის მირჩევდა.

- მამას თუ ურჩევია, მის პროფესიას გაჰყოლოდი?

- არა. ჩემმა დამ რომ იურისტობა მოინდომა, ურჩია: გადაიფიქრე, ძალიან რთული პროფესიაა და არ გინდაო, - მაგრამ მან არ დაუჯერა. მამას უნდოდა, საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე მესწავლა და მეც სწორედ ეს ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ჩემი და-ძმა არ მიწყენს, თუ გეტყვი, რომ მამას გამორჩეულად ვუყვარდი, რადგან ხასიათით დედამისს მამსგავსებდა. ის დედას აღმერთებდა!

- დიპლომატობას არ აპირებ?

- არა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სტუდენტი ვიყავი, ჩემი თავი ამ ამპლუაში ვერ წარმომიდგენია. ახლა მინდა, ქორეოგრაფიულზე ჩავაბარო. ცეკვა სიამოვნებას მანიჭებს, ეს საქმე ფანატიკურად მიყვარს.

- "კირჩხიბის ძალიან ცოტა ადამიანს ესმის".

- ჩემი ახლო მეგობრები და გიორგიც მეუბნებიან, - რთული ხასიათი გაქვსო.

- სირთულეში რას გულისხმობენ?

- უმეტესად, ჩუმად ვარ, ცოტას ვლაპარაკობ. როცა სადმე გასართობად მივდივართ, ზოგჯერ შესაბამისი განწყობა არ მაქვს. ვცდილობ, ჩემი უხასიათობა არ შევიმჩნიო, მაგრამ მემჩნევა.

- ბევრი მეგობარი გყავს?

- კი, მაგრამ ყველაზე ახლოს ერთ გოგოსთან ვარ. სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ ბიჭებთან მეგობრობა უფრო კარგად გამომდის, ვიდრე - გოგონებთან. ბავშვობიდან ასე ვარ.

- "ისევე, როგორც ბუნებაში, კირჩხიბს თუ რამე სურს, მას მთელი ძალით ჩააფრინდება და ხელიდან ვერ გააგდებინებ, იქნება ეს საყვარელი ადამიანი თუ ნივთი".

- თუ რამე მინდა, მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებ, ძალისხმევას არ დავიშურებ. მინდა საქმეში პირველი ვიყო და ამისთვის არც შრომა მეზარება. რაც შეეხება "ჩაფრენას", მე და გიორგი ერთმანეთზე ვართ ჩაფრენილები.

- ეჭვიანი ხარ?

- არა მხოლოდ შეყვარებულის მიმართ, მეგობრობაშიც ეჭვიანი ვარ.

- "ყველა კირჩხიბს უსაფუძვლო შიში ახასიათებს".

- მამის გარდაცვალებამდე რაიმეს შიში ნაკლებად მქონდა, ამ ბოლო დროს კი დახურული სივრცის შიში დამჩემდა და სიმაღლის შიშიც მაქვს. თუმცა, ბავშვობიდან სიბნელის მეშინია. ჩემს ოთახში მთელი ღამე ტელევიზორია ჩართული და ისე მძინავს.

- "მხიარული და სიცოცხლით სავსე ცხენი, ყველა დღესასწაულის მთავარი მოქმედი გმირია".

- მიყვარს, როცა კარგ ხასიათზე ვარ. ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ ვცნობ.

- ასეთს რას აკეთებ?

- იმას, რაც არ მახასიათებს. შემიძლია ვიმღერო, რაღაც სიგიჟეები გავაკეთო. მე რომ კარგ ხასიათზე ვარ, სხვებსაც უხარიათ. სადმე კლუბში რომ მივდივარ, აღარ მინდა, ვიცეკვო. არ მომწონს, როცა მთხოვენ, - იცეკვეო, განსაკუთრებით - ქორწილებში.

- განმარტოება გიყვარს?

- ძალიან. საგურამოსთან ახლოს აგარაკი გვაქვს, სადაც ზაფხულობით ავდივარ. იქ ერთი ადგილი მაქვს ამოჩემებული, სადაც მივდივარ და ვისვენებ. ბუნებაში ყოფნა კარგია.

- "ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია..."

- მართალია. დამოუკიდებელი რომ იყო, საკუთარი შემოსავალი უნდა გქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი ჩემში ძალიან მაღალია და მარტოობაც მიყვარს, არასდროს მიფიქრია მარტო ცხოვრებაზე.

- "ხარბია და ცოტა ქედმაღალიც".

- ასე ნამდვილად არ მივიჩნევ. ხშირად უთქვამთ, - "სტერვა" მეგონე, არადა, სულ სხვანაირი ყოფილხარო. ვერ ვხვდები, ხალხს "სტერვა" რატომ ვგონივარ? მერწმუნეთ, ასეთი ნამდვილად არ ვარ.

- "ის მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია".

- მიყვარს თავგადასავლები, ხეტიალი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემზე მეტად, გიორგის უყვარს. ფასანაურთან ახლოს ერთი ლამაზი ადგილი აღმოაჩინა, სადაც პატარა ტბა არის. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა ზამთარშიც გვიყვარს - ხან ვგუნდაობთ, ხან მწვადს ვწვავთ. ჩვენთან ერთად ხშირად არიან რამაზ ლაზარიშვილი, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგ-ნარი, ლევან ახვლედიანი, რეზო რობაქიძე...

- "ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს და პარტნიორს".

- 4 წელია, სამუშაო ადგილი არ შემიცვლია. პარტნიორში თუ შეყვარებულს გულისხმობენ, ცდებიან. ცეკვის დროს პარტნიორს კი მართლა ხშირად ვიცვლი.

- "უყვარს შემოდგომის ფერები".

- არც ისე. ყველაზე მეტად ზაფხული მიყვარს. სიცხე და პაპანაქება დისკომფორტს სულაც არ მიქმნის. მზეზე ვგიჟდები.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ზომიერად მხარჯველი ვარ.

- "მოსწონს ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ხალხთან უწევს ურთიერთობა".

- ამაზე მართლა ვგიჟდები. პარკეტზე სხვა ვინმე ვარ, ცხოვრებაში - სხვა.

- შენ და გიორგი ზოდიაქოებით ერთმანეთს რამდენად ეწყობით?

- მთლად კარგად ვერა, მაგრამ რაც მთავარია, ცხოვრებაში ვეწყობით ერთმანეთს კარგად. მართალია, ზოგჯერ ვჩხუბობთ, მაგრამ ესეც საინტერესოა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავები" მალე დასრულდება. გული რას გიგრძნობს, შენ და გიორგი ვარდოსანიძე გაიმარჯვებთ?

- მე და გიორგი ერთადერთი წყვილი ვართ, რომელსაც არ გვიჩხუბია. ძალიან გვინდა, ფინალში ვიცეკვოთ და გავიმარჯვოთ. თუმცა, ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული, ჩვენ კი ხალხის თანადგომის იმედი გვაქვს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება