რა საახალწლო გეგმები აქვთ "შუა ქალაქში"

რა საახალწლო გეგმები აქვთ "შუა ქალაქში"

ახალი წელი ყველასთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული დღესასწაულია. თითოეული ჩვენგანი ცდილობს, მას შესაბამისად მომზადებული შეხვდეს და მაქსიმალურად კარგი განწყობილება შეიქმნას. თუ როგორ ემზადებიან ახალი წლისთვის მაყურებლისთვის საყვარელი სერიალის - "შუა ქალაქში" გმირები, ამაზე თავად მსახიობები გვესაუბრებიან.

ბაჩო ქაჯაია:

- ახალი წლის ამ ლამაზ დღესასწაულს ტრადიციულად, ოჯახთან - მეუღლესთან და შვილებთან ერთად აღვნიშნავ. თუ სადმე საღამოს წამყვანად მიმიწვევენ, იქაც მეუღლესთან ერთად მივდივარ, მაგრამ თუ ამ დღეს თავისუფალი ვარ, მეგობრებს ვნახულობ. წინასაახალწლო სამზადისში მონაწილეობას თავადაც ვიღებ - ბაზარში მივდივარ, სუფრას მეუღლესთან ერთად ვშლი. ახლა შვილებთან ერთად ნაძვის ხეც მოვრთე, რაც მათ ძალიან უხარიათ. პატარები თავიანთ სურვილებს წინასწარ გვიმხელენ; გვეუბნებიან, თოვლის ბაბუას რისი მოტანა სთხოვეს და ისიც, შეძლებისდაგვარად, სურვილებს უსრულებს. თუმცა, ზოგჯერ ბავშვების ნახვას ვერ ასწრებს და ლამაზად შეფუთულ საჩუქარს კართან ან ნაძვის ხის ქვეშ უტოვებს ხოლმე.

რაც შეეხება სერიალს - შემოქმედებით ჯგუფს განწყობილება უკვე განსაკუთრებულად ამაღლებული გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საახალწლო სერიებით მაყურებელიც ისიამოვნებს.

მანანა კოზაკოვა:

- ახალ წელს ოჯახში ისე ვხვდებით, როგორც ზოგადად, ქართველებს გვჩვევია: ჩვენთანაც წინასაახალწლო ფუსფუსია; ვამზადებ საცივს, გოზინაყს, სალათებს, თევზეულს; ნამცხვრებსაც ვაცხობ, გოჭსაც ვწვავ და ა.შ. ვინაიდან სხვა დღეებში სახლში ხშირად არ ვართ, ვცდილობთ, ეს დღე ოჯახის წევრების გარემოცვაში გავატაროთ. ჩვენ ერთმანეთს წინასწარ, საჩუქრებსაც ვუმზადებთ (უნდა გამოვიცნოთ, ვის რა გაუხარდება, შეკვეთებს არ ვიძლევით) და მხოლოდ 12 საათის შემდეგ ვჩუქნით.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ახალი წლის საღამოს კონცერტზე წასვლა გვიწევს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამით დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებ; სახლში ყოფნა მირჩევნია.

- წინასაახალწლო სამზადისში ბატონი ლევანი თუ მონაწილეობს?

- ის მხოლოდ კერძების დეგუსტაციაში მეხმარება (იცინის)... ახალ წელს ამჯერადაც, სახლში შევხვდებით და ძალიან მიხარია, რომ ის მეგობრები, რომლებიც ჩვენთან დროებით ცხოვრობენ, ამ დღეს ჩვენთან ერთად იქნებიან. სახლში რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, მით მეტად ვიმხიარულებთ.

ნინი მითაიშვილი:

- პირველი იანვრის ღამეს ყოველთვის ოჯახთან, მერე კი მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ. ვინაიდან მუდმივად დროის დეფიციტი მაქვს და რაღაცებს ვერ ვასწრებ, საახალწლო სუფრის მომზადებაში დედა და დედამთილი მეხმარებიან. საჩუქრებს 30-31 დეკემბერს, ფაციფუცით ვყიდულობ... როგორც წესი, ნაძვის ხეს მე და ჩემი შვილი 25 დეკემბრის შემდეგ ვრთავთ. თუმცა, წელს ამ ტრადიციის შეცვლა მოგვიწევს: ოჯახში ძალიან ცელქი ლეკვი გვყავს და იძულებული ვიქნები, მომცრო ზომის, მაგიდაზე დასადგამი ნაძვის ხე ვიყიდო, ლეკვი რომ ვერ მისწვდეს...

ნუგზარ ჩიქოვანი:

- ახალ წელს ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. როგორც წესი, დამდეგს შინ, ერთად ვხვდებით, მეორე-მესამე დღეს კი ახლობლებთან მივდივართ ან ისინი გვსტუმრობენ. ერთმანეთს შეძლებისდაგვარად, საჩუქრებსაც ვუკეთებთ. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან: უფროსი - გიორგი 25 წლის არის, თათია - 21-ის. ჩემი გოგონა გათხოვდა, საზღვარგარეთ ცხოვრობს და სამწუხაროდ, 2013 წელს ჩვენთან ერთად ვერ შეეგებება. თუმცა, ძველით ახალი წლისთვის მეუღლესთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლას აპირებს და სიმართლე გითხრათ, ამ დღეს უფრო დიდი სიხარულით ველოდები, ვიდრე პირველი იანვრის დადგომას.

რაც შეეხება სერიალს: შვიდ იანვარს ტრადიციული, კორპორატიული ბანკეტი გვექნება, სადაც მთელი "იმედი" შეიკრიბება და როგორც წესი, შესანიშნავ დროს გავატარებთ.

- საახალწლო სუფრაზე თამადობა გიწევთ ხოლმე?

- ვცდილობ, თამადა იშვიათად ვიყო. მირჩევნია, მეგობრების გარემოცვაში წყნარად ვიჯდე და სხვას მოვუსმინო. თუმცა, როცა ძალიან მთხოვენ, თავს არ ვიფასებ. ჩემს ოჯახში ძალაუნებურად, თავად ვუძღვები სუფრას.

- თქვენს გმირს - ფრიდონს უცნაური სადღეგრძელოების თქმა სჩვევია...

- მართალია, ტრადიციული ქართული სადღეგრძელოები მომწონს, მაგრამ უპირატესობას მაინც ისეთ სიტყვებს ვანიჭებ, რომლებიც გულიდან მოდის. როცა ადამიანი სადღეგრძელოს ამბობს, ან წინასწარ ნაფიქრი აქვს, ან შეიძლება აზრი იქვე გაუჩნდეს... თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მინდა, დამდეგი ახალი წელი მთელ საქართველოს მივულოცო, "გზას" კი ვუსურვებ მომავალშიც ასეთი და კიდევ უფრო მეტი პოპულარობით ისარგებლოს.

ნუკი კოშკელიშვილი:

- ჩემთვის ახალი წელი გამორჩეული, განსაკუთრებული და ჯადოსნური დღესასწაულია. მიყვარს, როცა დამდეგს ოჯახში ვეგებები, მაგრამ ბოლო დროს ამას ვერ ვახერხებ... ახალ წელს ამჯერად ჩემს ორ დაქალთან ერთად შევხვდები, მერე კი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ საღამოს უნდა გავუძღვე... საახალწლო საჩუქრების საყიდლად მაღაზიებში სიარულს ერთი კვირით ადრე ვიწყებ. ეს პროცესი განსაკუთრებულად მომწონს. მიხარია, რომ თოვლი მოვიდა და ძალიან მინდა, ახალი წლის ღამესაც ითოვოს.

- საახალწლოდ კერძების მომზადებაში თუ მონაწილეობ?

- ვცდილობ, ოჯახში კერძები ყოველთვის თავად მოვამზადო, ეს ძალზე მომწონს... მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხანია, რაც სერიალის - "შუა ქალაქში" მსახიობებს შევუერთდი. ასე რომ, ახალი წელი ერთად არასდროს აღგვინიშნავს. სიმართლე გითხრათ, ეს ცალკე ოჯახია; ძალიან კარგი სიტუაციაა მსახიობებს შორის, მთლიანად კოლექტივში და ა.შ. მგონია, რომ 2013-ს ორჯერ შევეგებები - საახალწლო სერიების გადაღებისას და 31 დეკემბრის ღამეს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება