მანანა კაზაკოვა: "ჭოლამ ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა"

მანანა კაზაკოვა: "ჭოლამ ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა"

ცნობილი მსახიობის მიხაილ კაზაკოვის შვილია, ყველა მის მსახიობობას წინასწარმეტყველებდა, ამიტომ პროტესტის ნიშნად ჟურნალისტიკაზე გადაწყვიტა ჩაბარება, მაგრამ ერთ საბედისწერო ღამეს სტუმრად გოგი მარგველაშვილი ესტუმრა და ჰკითხა, მაგ შენი გადაწყვეტილებით საკუთარ თავს ატყუებ თუ სამყაროსო?! ეს ის იყო, რისი მოსმენაც უნდოდა... შედეგად კი მანანა კაზაკოვა დღეს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. შევხვდით სწორედ ამ თეატრში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც მისივე ქმარი ლევან წულაძე, იგივე ჭოლაა. სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საგრიმიოროში მოვკალათდით და წარსულში გადავეშვით..

-  ცხოვრება პრობლემებით, ყოველდღიური ყოფით იმდენად შთანთქავს ყველაფერს, რომ ბავშვობას იშვიათად ვიხსენებ, არადა, ის დაგროვილი კომპლექსები, შეცდომები, რომლებსაც შენ მიმართ, ნებსით თუ უნებლიეთ სჩადიან, ბავშვობიდან მოდის, ეს კი შემდგომში ბევრ რამეს განაპირობებს. ბავშვობასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი ასოციაცია ბებიასთან, მანანასთან მიჩნდება, რომლის მოსახელეც გახლავართ. ძალიან მაკლია ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ტიპური "ბუთქუნა" და სამზარეულოში მოფუსფუსე ბებია არ იყო, პირიქით, ძალიან ლამაზი, საქმიანი და მკაცრი ქალი გახლდათ, მეან-გინეკოლოგი იყო, მუშაობდა, მაგრამ ყველაფერი მოწესრიგებული ჰქონდა, მეტიც, იმის დროც რჩებოდა, რომ თეატრში ვეტარებინეთ. თუ დამპირდებოდა, ხვალ თეატრში წაგიყვანო, გამორიცხული იყო, არ შეესრულებინა, რა ღამეც უნდა ჰქონოდა გატარებული და რამდენი მშობიარე ქალიც უნდა მიეღო, სიტყვას აუცილებლად ასრულებდა.

-  ბებიამ გაგზარდათ?

-  არა, დედაც იმავენაირად იყო ჩართული ჩემს აღზრდაში, უბრალოდ, ბებია აღარ არის ამქვეყნად, ძალიან მაკლია და სწორედ ამიტომ გამახსენდა, როცა ბავშვობაზე დავიწყეთ ლაპარაკი. საბედნიეროდ, დედა გვერდით მყავს და ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სიმკაცრით გამოირჩეოდა, არ ვიყავი განებივრებული ყველგან გაშვებით და სხვა საკითხებშიც საკმაოდ მკაცრად მექცეოდა, ყოველთვის, როგორც პიროვნებას, ისე მომმართავდა, როგორც დიდ ადამიანს, ისე მიხსნიდა ყველაფერს, შეიძლება, ეწინააღმდეგებოდა ჩემს გადაწყვეტილებას ან აზრს, მაგრამ აანალიზებდა, მიხსნიდა და ისე მეუბნებოდა უარს, უბრალოდ არას თქმით არ შემოიფარგლებოდა.

-  რამხელა იყავით, როდესაც თქვენი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ?

-  ძალიან პატარა, ჩვენი ერთობლივი ცხოვრება არც კი მახსოვს. არ შეიძლება, პატარა ტრავმა მაინც არ ჰქონდეს გაყრილი მშობლების შვილს, მაგრამ დედა იმდენად სწორად მიხსნიდა ყველაფერს, რომ მინიმალური ტკივილი მივიღე ამ ყველაფრით, მეუბნებოდა, რომ მამა ძალიან დაკავებულია და ხშირად ამიტომ ვერ ჩამოდისო. მეტიც, ზღაპრებს რომ მიკითხავდა, სადაც მამა იყო ნახსენები, ბებიით ცვლიდა, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ჩემთვის ზედმეტად არ შეეხსენებინა დედ-მამის დაშორება.

-  ამბობთ, დედ-მამა ისე და­შორდა ერთმანეთს, არც კი მახსოვს, იმდენად პატარა ვიყავიო. როგორ შემოვიდა თქვენს ცნობიერებაში მამა?

-  მიუხედავად იმისა, რომ მამა ცნობილი მსახიობი გახლდათ და ყოველთვის ძალიან დაკავებული იყო, ყველა შვილის მიმართ ყურადღებიანი გახლდათ. ცდილობდა, ხშირი ურთიერთობა ჰქონოდა შვილებთან და მისი ცხოვრების ახალ ეტაპზე, ვთქვათ, ახალი ცოლის მოყვანის შემდეგ, არ გვივიწყებდა და ყოველთვის გვახსენებდა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. მამის დამსახურებაა, რომ ჩემს და-ძმასთან, რომელიც მამას პირველ ცოლთან ჰყავს, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, საგრიმიოროში მათი სურათები სარკეზე მაქვს მიკრული, ხშირად ვურთიერთობთ და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით, რა გვიჭირს, რა გვიხარია, რით ვსულდგმულობთ და ა.შ. ჩვეულებრივი დაძმობა გვაქვს, უბრალოდ, სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ. გარდა ამისა, დედის მხრიდან მყავს და, დედა გათხოვდა ტოლიკა ჩიჩუაზე, რომელიც ჩემი მამობილია და ძალიან მიყვარს, ჩემი შვილი კი გიჟდება მასზე, მისთვის ყველანაირი გენეტიკური ზღვარი წაშლილია და ოფიციალურად მისი ბაბუკაა (იღიმება).

-  რა ასაკში გაგიჩნდათ ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ?

-  ამ მხრივ ბაღიდან დიდ ვნებათაღელვაში ვიყავი. გრძნობა ჩემში ყოველთვის იყო, მაგრამ ამას არ ვამჟღავნებდი, ის სასიყვარულო შეგრძნებები უფრო მომწონდა, ვიდრე კონკრეტული პიროვნება. სხვათა შორის, პოეზია სწორედ ყმაწვილობის პერიოდში შემიყვარდა, რადგან ბევრ ანალოგს ვპოულობდი მასში. საერთოდ, ეს ძალიან რთული პერიოდია და ყველა გოგო მეცოდება ამ დროს. მოზარდობის ასაკში ივსები კომპლექსებით, საშინლად არ მოგწონს შენი თავი და ხარ დათრგუნვილი. ამას წინათ ჩემს ძველ დღიურს წავაწყდი, სადაც ვწერ, რა საშინლებაა, როცა ასეთი უშნო ხარ, მაგრამ მთავარი ხომ გარეგნობა არ არის, მთავარია, შინაგან სილამაზეს მია­ღწიო და გამოწვრთნა შენი სული, უნდა შეძლო, არ მიაქციო ყურადღება შენს გარეგნობას და ა.შ. მთელი რიგი თეორიებისა იყო ჩამოთვლილი ამ თემაზე. ალბათ სწორედ ამიტომ არიან მოზარდები ჩაკეტილები და ინდივიდუალიზმის შიში აქვთ, იმ გრძნობების გამოხატვა, შიგნით რომ გიტრიალებს, გიჭირს. ჩემს დროს იშვიათი იყო შეყვარებულების ერთად სიარული, ამას ერთეულები ბედავდნენ და ყველა მათ შევნატროდით, როგორ მოახერხა და გაბედა, ასე აშკარად გამოეფინა გრძნობები.

-  სტუდენტობა როგორ გახსენდებათ?

-  სამწუხაროდ, ჩვენს სტუდენტობას დაემთხვა ომი, შიმშილი, 9 აპრილი, სოხუმის დაცემა და შეიძლება ითქვს, რომ ყველაფერმა ცუდმა ჩვენთვის მოიცალა. ამ მოვლენებმა ისეთი კვალი დატოვა ჩვენზე, რომ მე და ჩემმა ჯგუფელმა მაია ჟორჟოლიანმა დავდეთ პირობა, რომ ამ ამბავს შვილებს არასდროს მოვუყვებოდით. თინათინი 6 წლის იყო, ტელევიზორში აჩვენებდნენ გაცამტვერებული რუსთაველის ქუჩის კადრებს და მაშინ მკითხა, ეს ხომ რუსთაველია, რატომაა ასეთი დანგრეული, მიწისძვრა იყოო? კი-მეთქი, ვუპასუხე, დადებულ პირობას იქამდე ვასრულებდი, სანამ თვითონ არ გაერკვა სიტუაციაში. მიუხედავად ასეთი მძიმე პერიოდისა, მაინც კარგად მახსენდება სტუდენტობა, ადამიანი გაჭირვების დროს საოცარ ძალას ავლენს, აი, მაგალითად, ჩემი და-ძმის დედას ბლოკადა ჰქონდა გამოვლილი და ჰყვებოდა, როგორ იგონებდა დედამისი ახალ-ახალ თამაშებს იმისთვის, რომ შვილები გადაერჩინა, ემოძრავათ და არ გაყინულიყვნენ და როგორ აჭმევდნენ ვირთხებს. სტუდენტობიდან ყველაზე კარგად ის მახსენდება, რომ ახალგაზრდა ვიყავი, თორემ ისეთ სტუდენტობას, მე რომ მქონდა, მტერსაც არ ვუსურვებ.

-  თუმცა, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა თქვენი და ბატონი ლევანის სასიყვარულო ურთიერთობა...

-  ლევანის ჯგუფი ძალიან პოპულარული და მოდური იყო, კარგ სპექტაკლებს დგამდნენ და ხშირად დავდიოდი სანახავად, სკოლის მოსწავლე ვიყავი, პირველად ლევანი სცენაზე რომ ვნახე, მაგრამ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ახლოს გავიცანი. საერთოდ, ჭოლა ძალიან ზრდილობიანი და სალმიანია, შეიძლება მე მეჩვენებოდა, რომ თბილად მესალმებოდა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ერთი ოპერის ხალხი ვიყავით, ეს მამის სიტყვებია, იმ ადამიანებზე ამბობდა, რომლებსაც სულიერი კავშირი ჰქონდათ, აქ მარტო პროფესიას არ გულისხმობდა, შინაგან სიახლოვეზე მიანიშნებდა. სხვათა შორის, ერთხელ ჭოლა ქუჩაში შემხვდა და ჩემთვის გავიფიქრე, ასეთი კარგი ბიჭი როგორ დადის ეულად, რომ ჰკითხო გოგონებს, იტყვიან, სადღა არიან კარგი ბიჭებიო და ეს ადამიანი კი მარტოა-მეთქი. მოკლედ, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დავუახლოვდით, ერთ კვირაში ცოლად გავყევი კიდეც. იმ პერიოდში ვერსად წახვიდოდი, კაფეებსა და ბარებზე საუბარი ხომ ზედმეტია, ამიტომ მეტროში ვსეირნობდით, მართლა ყველაზე უსაფრთხო მეტრო იყო, რადგან ყველგან ისროდნენ.

-  ხშირად ამბობენ, წლების შემდეგ გრძნობა ნელდება, ვნებაც ქრება და ყოველდღიურობაში გადადის თანაცხოვრებაო. 20 წლის ოჯახი გაქვთ, თქვენ რას იტყვით ამაზე?

-  ამ მოსაზრებას არანაირად არ ვეთანხმები. როდესაც ურთიერთობას აქვს განვითარების პერსპექტივა, მაშინ არაფერიც არ ნელდება, პირიქით, წლებთან ერთად გრძნობები უფრო ღრმავდება და უფრო მეტად აფასებთ ერთმანეთს. დათმობა არის ის მთავარი კრიტერიუმი, რაც ხელს უწყობს ოჯახის სიმყარეს, ოღონდ უნდა გამიჯნო შენი ძირეული პრინციპები, რომელთაც ვერ დათმობ და ის, რისი დათმობაც შენთვის შესაძლებელია და შენს პიროვნებას ზიანს არ აყენებს.

-  რა როლი ითამაშა თქვენს კარიერულ წინსვლაში ბატონმა ლევანმა?

-  ძალიან დიდი. იმ პერიოდში, როცა სცენაზე ფეხს ვიკიდებდი და მარჯანიშვილის თეატრში ვთამაშობდი, შენდებოდა და იქმნებოდა თეატრალური სარდაფი, რომელიც ნათელი წერტილი იყო მსახიობებისათვის. ქვეყანაში ცხოვრება ძალიან მდორედ მიედინებოდა და სპექტაკლებიც იშვიათად იდგმებოდა, აქ კი წელიწადში ორ-სამ ნამუშევარს მაინც ვაჩვენებდით მაყურებელს, რითაც ძალიან ბედნიერები გახლდით. რეჟისორი და სპექტაკლი ზრდის მსახიობს, ჭოლამ კი დიდი შანსი მოგვცა მეც და დანარჩენებსაც, რომ გავზრდილიყავით. ამ თეატრშიც და იქაც ყველამ იცოდა, რომ სხვებთან შედარებით ჭოლა მე ძალიან ბევრს მთხოვდა, ყოფილა შემთხვევა, რომ სხვის მაგივრადაც მიმიღია შენიშვნა, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს, როდესაც თვითონ აქვს დისკომფორტი, ახლობელზე ტყდება ჯოხი და ეს ბუნებრივია.

-  როდესაც სხვა რეჟისორთან მუშაობთ, თუ ერევა ან თუ გეხმარებთ თქვენი პერსონაჟის ჩამოყალიბებაში?

-  არა, არანაირად. ყველა რეჟისორს აქვს თავისი ხედვა და სხვის კომპეტენციაში ჩარევა არ შეიძლება. იცით, რომ სერიალ "შუა ქალაქში" დავიწყე მუშაობა, ისე მივიღე ეს გადაწყვეტილება, სპეციალურად არ შევუთანხმე, არის რაღაცები, რაც მის გარეშეც უნდა გავაკეთო. ნახა სერიალი, მაგრამ არაფერი უთქვამს, ახლა მუშაობის პერიოდია, ამიტომ პატარა, უმტკივნეულო შენიშვნამაც კი შეიძლება, სავალალო შედეგამდე მიმიყვანოს, ეს მან კარგად იცის და სიჩუმეს ამჯობინებს.

-  გასაგებია. ახლა შვილზე მინდა გკითხოთ, ერთი გოგო გყავთ, არ გიფიქრიათ მეორე ბავშვის გაჩენაზე?

-  სამწუხაროდ, არ გაგვიჩნდა. როდესაც თინათინი გავაჩინე, მატერიალურად და სხვა მხრივაც ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მერე კი, როდესაც დალაგდა მდგომარეობა, ღმერთმა არ მოგვცა, არადა, ყოველთვის ვამბობდი, ბევრი შვილი მინდა-მეთქი. ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაც ესაა, რომ თავის დროზე არ გავაჩინე შვილი, არ უნდა შევშინებულიყავი და რაღაც იქნებოდა, გამოჩნდებოდა. ვიღაცები არ შეშინდნენ, მაგალითად, ეკა ნიჟარაძე, მარტოც იყო იმ რთულ პერიოდში, მაგრამ მაინც სამი შვილი ჰყავს და ბედნიერია ამით, შეიძლება ითქვას, რომ შევნატრი მის მდგომარეობას.

-  თქვენც და ბატონი ლევანიც ყოველთვის დაკავებული იყავით, ბავშვი არ განიცდიდა თქვენს ნაკლებობას, არ ღელავდა ამის გამო?

-  კი, როგორ არა, არ მავიწყდება ის გამოხედვა და თვალები, სახლიდან გასვლის წინ რომ მიყურებდა ხოლმე, საშინლად განვიცდიდი ამას, მაგრამ რას ვიზამდი?! სწორედ ამ სიტუაციის გამო, ხშირად დამყავდა თეატრში, კულისებში იჯდა ხოლმე ამოგანგლული და ჭუჭყიანი, ისე იყო ამ მდგომარეობას მიჩვეული, რომ სკამებს შეატყუპებდა, ჩანთას დაიდებდა და თავისით იძინებდა, ოღონდ ჩვენთან ყოფილიყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.

-  დღეს თინათინს როგორი ურთიერთობა აქვს მამასთან?

-  საერთოდ, ლევანმა არ იცის პატარა ბავშვებთან თამაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც თინათინი წამოიზარდა, მათ აქვთ თავიანთი სამყარო, მსჯელობენ სხვადასხვა საკითხზე, მუსიკაზე. მერე ორივე ერთად მე დამცინის გემოვნებაზე, მიიჩნევენ, რომ რაღაც განსაკუთრებულს უსმენენ. მე რომ ჩამომაქვს საზღვარგარეთიდან მისთვის საჩუქარი, არ მოსწონს, მაშინვე იკითხავს ხოლმე, ეს ვინ აარჩია, მამამ თუ შენ? ამის გამო მე ვიხსნი პასუხისმგებლობას და ლევანს ვაძლევ თავისუფლებას ამ საკითხში. ისე, ლევანს უყვარს მაღაზიებში სიარული, ოღონდ ძვირიან მაღაზიებში, შედის, ათვალიერებს და მომავალ კოსტიუმებს ხედავს, მე უფრო მალე ვიღლები, ვიდრე ის.

-  ახალი წელი ახლოვდება, არ შეიძლება, ამ თემაზე ერთი-ორი სიტყვა არ ვთქვათ... ქალებს უფრო გვიყვარს ამ დღესასწაულისთვის სამზადისის ადრიანად დაწყება, კაცები კი შედარებით გვიან ერთვებიან ხოლმე...

-  ლევანსაც ძალიან უყვარს ახალი წელი, მეც და ჩვენს შვილსაც, საჩუქრების მომზადება უცვლელი ტრადიციაა, თან არ არსებობს, 12 საათამდე რომელიმემ გამოაჩინოს საჩუქარი, ახალი წლის დადგომის შემდეგ ყველას თავისი სამალავიდან მოაქვს სიურპრიზი და იწყება დიდი ამბავი. რაც შეეხება კერძებს, ლევანს ძალიან უყვარს საცივი, ამიტომ ორ დიდი ქვაბში ვაკეთებთ ორი ინდაურის საცივს.

-  უცხო ქვეყანაში თუ შეხვედრიხართ ამ დღესასწაულს?

-  კი, გასტროლებზე ვიყავით ინგლისში და ახალ წელს იქ შევხვდით. საოცარი სანახაობა იყო. ინგლისელებს ახალი წლის შეხვედრა ქუჩაში უყვართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციოდა, ხალხი მაინც თხელი სამოსითა და სასმლით ხელში იყო გარეთ გამოსული. სანამ ახალი წელი დადგებოდა, ჩვენ შენობაში ვიყავით და წამიერად ჩამეძინა, შესრულდა თუ არა 12 საათი, ხმაურმა გამაღვიძა, გავახილე თვალი და რას ვხედავ, ირგვლივ ყველა კოცნაობს, გვერდით ქეთი ცხაკაიას ქმარი, ზურიკო გაგლოშვილი მეჯდა, მივუბრუნდი და ვუთხარი, ზურიკო თუ რამე, შენ მაკოცე, არ მინდა ამ უცხო ხალხთან კოცნაობის გამართვა-მეთქი (იცინის). მართლა კარგად მახსენდება ის ახალი წელი.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება