ზაზა რუსაძის სადებიუტო ნამუშევრს ”ბერლინალეზე” აჩვენებენ

ზაზა რუსაძის სადებიუტო ნამუშევრს ”ბერლინალეზე” აჩვენებენ

რეჟისორ ზაზა რუსაძის სადებიუტო ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

როგორც ”ამბები.გე”-ს საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინია ახვლედიანმა განუცხადა, ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ჩემი საბნის ნაკეცი" ”ბერლინალეს” ოფიციალური პროგრამა "პანორამისთვის" შეირჩა.

"პანორამა" ფესტივალის არასაკონკურსო სექციაა, რომელიც საავტორო და კომერციული კინოს ინტერესების დაახლოებას ისახავს მიზნად.

ამ სექციაში როგორც სახელგანთქმული, ასევე დებიუტანტი რეჟისორები მონაწილეობენ და სექცია მხოლოდ მათ ევროპულ და მსოფლიო კინოპრემიერებს ეთმობა.

63-ე ”ბერლინალე” 2013 წლის 7-17 თებერვალს გაიმართება. ფილმი "ჩემი საბნის ნაკეცი" ”ბერლინალეს” პროგრამის ადრეულ სელექციაში - 15 დოკუმენტურ და მხატვრულ სრულმეტაჟიან ფილმს შორის დასახელდა. "ჩემი საბნის ნაკეცი" ეროვნული კინოცენტრის 2011 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტია და მისი წარმოების სახელმწიფო სუბსიდიამ 575 000 ლარი შეადგინა.

ფილმის მოქმედება ახლო მომავალში, პატარა ქართულ ქალაქში ვითარდება. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ, დიმიტრი სამშობლოში ბრუნდება და სასამართლოში იწყებს მუშაობას. სამსახურის ერთფეროვან დღეებს მისი გატაცება, კლდეზე ცოცვა ცვლის. მთის წვერიდან მის წინ, ბუნების ულამაზესი ხედი იშლება და დიმიტრი მშობლიური ქალაქის კლაუსტროფობიისგან განთავისუფლებას ცდილობს.

ასეთია ფილმის მოკლე სიუჟეტური ხაზი, თუმცა ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი მაყურებელს უჩვეულო კინოთხრობას და ბევრ დამაინტრიგებელ სურპრიზს სთავაზობს.

ფილმში მონაწილეობენ თორნიკე ბზიავა, თორნიკე გოგრიჭიანი, გიორგი ნაკაშიძე, ავთანდილ მახარაძე, ზურა ყიფშიძე, ლუდმილა მღებრიშვილი-არტიომოვა, მარინა ჯანაშია, მაკა მახარაძე, დარეჯან ხარშილაძე, შოთა ქრისტესაშვილი, აკაკი ხიდაშელი და გიორგი გიორგანაშვილი.

ავთანდილ მახარაძე თენგიზ აბულაძის "მონანიების" (1984) და მიხეილ კალატოზიშვილის "რჩეულის" (1992) შემდეგ ისევ ქართული კინოს უბრუნდება.

”ბერლინალეს” ისტორიის მანძილზე, ფესტივალში სულ 15-მდე ქართულ ფილმს მიუღია მონაწილეობა. 1986 წელს გიორგი შენგელაიას "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე ფილმი იყო და ვერცხლის დათვიც მოიპოვა. შემდეგ იყო მიხეილ კალატოზიშვილის "რჩეული" (1992) და თემურ ბაბლუანის "უძინართა მზე" (1993), რომელიც ასევე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთების" პირველი საერთაშორისო ჩვენება 1986 წელს სწორედ ბერლინის კინოფესტივალის პროგრამა "პანორამაში" შედგა, სექციაში, რომელიც ახლა უკვე ზაზა რუსაძის "ჩემი საბნის ნაკეცის" მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება