რას უკრძალავენ ექიმები სალომე ღვინიაშვილს

რას უკრძალავენ ექიმები სალომე ღვინიაშვილს

შვიდი წელია სალომე ღვინიაშვილი ახალ წელს თბილისში არ შეხვედრია. წელს მთელი ოჯახით თბილისში ხვდება და ამიტომ ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება. მომავალი წლისთვის კი ბევრი გეგმა აქვს. აპირებს საკუთარი გადაცემის გაკეთებას. "ტოპ გოგოდან" სალომე თავისი სურვილით წამოვიდა. პროექტის ავტორებმა მისი შემცვლელიც მონახეს. თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი სეზონის გამარჯვებულმა სასამართლოში იჩივლა, შეიძლება გადაცემის ბედი შეიცვალოს.

რატომ არ მოსწონს სწორი თმა

- სალომე, მშობლები რას საქმიანობენ?

- დედა, ნინო გამყრელიძე, უცხო ენების სპეციალისტია. მამა - დათო ღვინიაშვილი, პროფესიით მხატვარია. სამხატვრო აკადემიაში მონუმენტურ ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს. მერე სახელმწიფო სამსახურში იყო. რაღაც პერიოდი ვიცე-მერი გახლდათ. მთაწმინდა-კრწანისის რა­იონის გამგებლად მუშაობდა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს. დედას არ უყვარს სიტყვა დიასახლისი, მაგრამ ამჯერად ის დიასახლისია. მამაც დროებით უმუშევარია. მშობლების სი­ყვარულის ამბავი 36 წლის წინ დაიწყო. მა­მიდაჩემი და დედა უნივერსიტეტიდან მეგობრობდნენ. დედამ მამიდასთან სტუმრობისას გაიცნო მამა. შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ. 22 იანვარს ერთად ცხოვრებიდან 36 წელი შეუსრულდებათ. მყავს უფროსი და თათული. სურათი დედასა და დასთან ერთად მაქვს გადაღებული.

- დებს ვისი სახელები დაგარქვეს?

- ჩემს დას სახელი ბებიაჩემის - თათული ღვინიაშვილის პატივსაცემად დაარქვეს. ჩემთვის სალომე არავის პატივსაცემად არ დაურქმევიათ. მაგრამ ჩემს პატივსაცემად ახლა ჩემს დისშვილს ჰქვია სალომე. ჩემს ვაჟს მამაჩემის სახელი დავარქვი.

- ვის ჰგავხარ გარეგნულად?

- ჩემს თავს ძალიან ვამსგავსებ მამას. მამასავით მაღალი, გამხდარი ვარ და მუქი ფერის კანი მაქვს. ძალიან მამსგავსებენ მამიდაჩემსაც. ჩემს თავს დედაშიც ვპოულობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მამას ვგავარ.

- დასთან ერთად ეს ფოტო წყნეთშია გადაღებული...

- წყნეთში აგარა­კი გვაქვს, სადაც ყოვ­ელ ზაფხულს ვი­კ­რი­ბებით მთელი ოჯახი. ჩე­მი ბავშვობის ზაფხული წყნეთთან ასოცირდება და ახლა ასეა ჩემი შვილებისთვის.

- ბევრისგან განსხვავებული თმა გაქვს.

- თმის გამო ბავშვობიდან ყურადღებას ვიქცევდი. ახლა ცოტა გასწორდა. ბავშვობაში უფრო ხვეული მქონდა. არასდროს მნდომებია, რომ სწორი თმა მქონოდა. ბავშვობაში ძალიან ვაწვალებდი დედას დავარცხნისას, თუმცა ამას ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია.

- ახლა არ გიჭირს დავარცხნა?

- უკვე შემუშავებული მაქვს ჩემი თმის დავარცხნის მეთოდი. ისე, როგორც ყველა ადამიანს, მეც მინდა ხანდახან ცვლილებები. რამდენჯერმე სალონში გავისწორე, მაგრამ რამდენიმე საათის მერე ისეთი დისკომფორტი ვიგრძენი, რომ მაშინვე დავიბანე, რომ ისევ დამხვეოდა. სარკეში ჩემს თავს გასწორებულ თმაში ვერ ვუყურებ.

- შემდეგი ფოტოს გადაღების ისტორია როგორია?

- დედაჩემის მამიდასთან ბავშვობაში ხშირად მივდიოდით მე და ჩემი და. ფოტოებს გვაჭრევინებდნენ და მერე დაფაზე ვაკრავდით. ერთ-ერთი ასეთი გართობის შემდეგ მე და ჩემს დას სურათი გადაგვიღეს. პეპივით მაქვს ამჯერად თმა (იცინის). ჩემი და აბსოლუტურად განსხვავდება ჩემგან როგორც გარეგნობით, ისე ხასიათით. შეიძლება ითქვას, არაფრით არ ვგავართ ერთმანეთს. ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვართ. თმას რომ ვისწორებ, გარეგნობით მხოლოდ მაშინ მამსგავსებენ თათულის.

რა აჩუქა სოფო შევარდნაძემ ბავშვობაში

- ალბომში ძალიან ბევრი კარგი ფოტო გაქვს. შემდეგი სურათი სადაა გადაღებული?

- ოთხი წლის ასაკში უკვე კარგად ვიდექი თხილამურებზე, სურათი ბაკურიანშია გადაღებული. ახლა უკვე კარგად დგანან თხილამურებზე, მაგრამ ჩემს თაობაში ასე ადრეულ ასაკში ბევრი ვერ სრიალებდა კარგად. ცოტა რომ წამოვიზარდე, სპორტულ სკოლაში შემიყვანეს. მონაწილეობას ვიღებდი საქართველოს პირველობებზე. ერთხელ მესამე ადგილზე გავედი. პირველ-მეორე ადგილებზე ბაკურიანელები გავიდნენ. თხილამურებზე სრიალს აღარ გავყევი, რადგან, ფაქტობრივად, თავი უნდა გადამედო. თან ფეხი მოვიტეხე და წელის ტრავმა მივიღე და დღემდე კორსეტი მიკეთია. ამიტომ ვარჩიე, სხვა რამ გამეკეთებინა და ეს სპორტი ჰობის დონეზე დარჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში. მართალია, ექიმები მიკრძალავენ, მაგრამ ზამთარში მივდივარ ხოლმე ბაკურიანში და ისევ ვდგები თხილამურებზე.

- შემდეგ ფოტოს რომ ვუყურებ, მგონია, რომ ბავშვობიდან ფოტოაპარატის წინ პოზირება მოგწონდა.

- ჩვენს ბავშვობაში მშობლებს სახლში მოჰყავდათ ფოტოგრაფი და ბავშვებს ისე უღებდნენ ფოტოებს. ეს ფოტო დედამ ერთ-ერთ ფოტოგრაფს გადააღებინა, მერე გაადიდებინა და დღემდე უკიდია სახლში.

- მოგწონდა ფოტოგრაფის სახლში სტ­უმრობა?

- საშინლად არ მო­მწონდა. დაბადების დღ­ის ფოტოებში არსად არ ვარ რატომღაც. თურმე ფოტოების გადაღება იმდენად არ მიყვარდა, რომ სულ მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი. თოთხმეტი წლიდან მომეწონა ყურდღების ცენტრში ყოფნა და ფოტოების გადაღება.

- სურათზე ვისთან ერთად ხარ?

- ჩემს ბიძაშვილ ერეკლე გამყრელიძესთან მაქვს ფოტო გადაღებული. საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ზეიმზე ვართ, ყოველთვის მომწონდა ბალეტი. კაბა, რომელიც ფოტოზე მაცვია, სოფო შევარდნაძემ მაჩუქა.

- მათ ოჯახთან ახლობლობთ?

- ჩვენი ოჯახები ახლობლობენ. სოფოსთან მეც ვმეგობრობდი და ეს კაბა რომ მაჩუქა, ალბათ თვითონ არც ახსოვს, მე კი ყველა ზეიმზე ეს კაბა მეცვა, ცოცხალი თავით არ მინდოდა, არჩევანი სხვა კაბაზე გამეკეთებინა.

- დღემდე გრძელდება თქვენი მეგობრობა?

- რა თქმა უნდა. უბრალოდ, ახლა სოფო მოსკოვშია და მეც სხვა საქმეები მაქვს. ხშირად შეხვედრას ვეღარ ვახერხებთ.

- სოფო შევარდნაძის ნაჩუქარმა კაბამ ბალერინობის სურვილი არ გაგიჩინა?

- ბალერინობა ძალიან მინდოდა. ერთი პერიოდი სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. სახლში მქონდა ნინო ანანიაშვილის უამრავი ფოტო მისივე ხელმოწერებით. თუმცა დედამ ბალეტზე არ მატარა. ალბათ იმიტომ, რომ რთული პროფესიაა. სპორტსკოლაში მატარეს, ბალეტზე - არა. თუმცა ამის გამო გული არ მწყდება. ვერ ვიტყვი, რომ ბალერინობას ვერ შევძლებდი, მაგრამ ალბათ რთული იქნებოდა. პრინციპში ყველა პროფესია რთულია, მაგრამ ბალერინობა მაინც.

- რომელ სკოლაში სწავლობდით?

- 55-ე სკოლაში ვსწავლობდი.

- სურათი, როგორც ვხვდები, ბოლო ზარზეა გადაღებული.

- ამ დროს უკვე ფეხმძიმედ ვიყავი. საშინელი ტოკსიკოზი მქონდა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ბოლო ზარზე მივედი. ძალიან პატარა გავთხოვდი. აკადემიაში ვაბარებდი. წინსაფარზე საკუთარი ნახატი მაქვს. ჩემი თავი დავხატე.

- სკოლაში კარგად სწავლობდი? როგორ მოხდა, რომ სკოლიდან გათხოვდი და ამის გამო გული არ დაგწყდა.

- მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა სირთულეებში ვდგამდი ფეხს. თექვსმეტი წლის ასაკში ყველაფერი ვარდისფრად მეჩვენებოდა. თუმცა ადრე გათხოვებას ჩემთვის არაფერში არ შეუშლია ხელი. არც კარიერაში და არც სწავლაში. უბრალოდ, სამ წელიწადში დამენგრა ოჯახი და ამის მიზეზი ის მგონია, რომ ძალიან ადრე გავთხოვდი. თუმცა ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება და არ მაქვს გულში ხინჯად, რატომ გავთხოვდი-მეთქი. პირველ რიგში, იმიტომ არ ვნანობ, რომ პირველი ქორწინებიდან მყავს დათუნა და ის ჩემი ცხოვრების აზრი და იმედია.

- როგორ ფიქრობ, ოჯახის დანგრევის მიზეზი მარტო ადრეულ ასაკი იყო თუ შეცდომები დაუშვი?

- ძალიან პატარები ვიყავით მეც და ჩემი პირველი მეუღლე ტატო აბულაძეც. მე თექვსმეტი წლის და ტატო - ცხრამეტის. დღეს რომ ვუყურებ თექვსმეტი წლის ბავშვებს, ვხვდები, რომ ძალიან პატარები არიან. მაგრამ იმ ასაკში ვერ ხვდები ამას. მახსოვს, ახალი გათხოვილი რომ ვიყავი, სალონში მივედი და ბეჭედი მეკეთა. ეს ფაქტი ძალიან მიხაროდა. სალონში ერთმა ქალმა მითხრა, რომ გაიზრდები, მიხვდები, რომ ახლა ძალიან პატარა ხარო. ახლა ვხვდები, რომ ის ქალი მართალი იყო და იმიტომაც ვერ აეწყო ჩვენი ურთიერთობა. თუმცა დღეს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, პირველ რიგში, დათუნას გამო. მას ჰყავს მეუღლე, მე ჩემი ოჯახი მაქვს. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ტრაგედია არ მომხდარა, პირველი ოჯახი რომ დაინგრა. ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს.

რატომ არ უნდა შვილის ფეხბურთელობა

- გათხოვებამ სწავლაში ხელი არ შემიშალაო, მითხარი...

- ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში მოდელირების ფაკულტეტზე. პარალელურად თხუთმეტი წლიდან ვმონაწილეობდი ჩვენებებში. გათხოვებას ჩემთვის ხელი არაფერში შეუშლია. ბავშვის გაზრდაში დედა მეხმარებოდა. მეუღლეს რომ დავშორდი, ძალიან მალე გავიცანი ზურა ხიზანიშვილი და ზურასთან ერთად ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. საზღვარგარეთ წასვლამ მომიწია. შვიდი წელი ვიცხოვრეთ ინგლისში. იმ პერიოდში სამოდელო კარიერაში პაუზა მქონდა. შვილები გავაჩინე. მთელ დროს ოჯახში ვატარებდი. თუმცა ვახერხებდი, რომ მესწავლა, რაც ძალიან გამომადგა. ჩამოვედი თბილისში და ვცდილობ, აქტიურად ვიცხოვრო. კარიერას და პირად ცხოვრებას ერთმანეთს ვუთავსებ.

- დედასა და დასთან ერთად ფოტო როდის გაქვს გადაღებული?

- დაახლოებით ექვსი წლის წინ. მაშინ ტასო უკვე მყავდა. როგორც ხედავ, სამივე ძალიან განსხვავებულები ვართ. ინგლისში ერთი პერიოდი ქერად შევიღებე თმა, ოღონდ ძალიან ცოტა ხნით. აეროპორტში რომ ჩამოვედი, მამაჩემს შეეშალა და ისე მომმართა, როგორც დედაჩემს.

- სურათზე ჩანს, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ. ზურას გაცნობამდე ფეხბურთი გიყვარდა?

- ვერ ვიტყვი, რომ მიყვარდა ან მაინტერესებდა. უბრალოდ, მამაჩემია ფეხბურთის გულშემატკივარი. თუმცა მე საერთოდ ვერ ვერკვეოდი. შეყვარებულები რომ ვიყავით, მითხრა, პრემიერლიგაში გადავედითო და საერთოდ ვერ მივხვდი, ამით რა მოხდა. ვითომ ძალიან გამიხარდა, მაგრამ მაშინვე მამას დავურეკე და გამოვკითხე, პრემიერლიგაში რა ხდება-მეთქი. ჩემთვის "დინამო" საქართველოს ნაკრები იყო. თუმცა სიტუაციამ მოიტანა და დღეს ნებისმიერი თამაში შემიძლია ისე განვიხილო, რომ ბევრ მამაკაცს გაუჭირდება. ზურას რომ გავყევი ცოლად, თავიდან თამაშებზე დავდიოდი, მაგრამ ვერ ვერთვებოდი. ჩემთვის მთავარი იყო, რომ მოეგო. ახლა, როცა ფეხბურთი ვიცი, უკვე ინტერესით ვადევნებ თვალს.

- ინგლისში ცხოვრების დროს ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა?

- ექვსი წელი მანჩესტერში ვცხოვრობდით და ბოლო წელი გადავედით ლონდონში. პირველი ორი წელი ინგლისში ცხოვრება გამიჭირდა. მართალია, ინგლისური ვიცოდი, მაგრამ მანამდე ენასთან შეხება არ მქონია და ძალიან გამიჭირდა. თან მანჩესტერში საშინელი აქცენტით ლაპარაკობენ. მიჭირდა მეგობრებისა და ახლობლების გარეშე. თუმცა მერე ნელ-ნელა მივეჩვიე. დღემდე ჩემთვის ინგლისი და მანჩესტერი მეორე სახლია. უამრავი მეგობარი შევიძინე. ვიცოდი ყველა ადგილი, ისევე როგორც თბილისში ვიცი. ახლა ძალიან მენატრება იქაურობა და ვცდილობ, ხშირად ჩავიდე.

- დათუნას არ უნდა ფეხბურთელობა?

- ფეხბურთის ნიჭი ადამიანს ან აქვს, ან - არა. ძალით ფეხბურთს ვერ ასწავლი. დათუნას მათემატიკა უყვარს. ზურას ხათრით ნაკრების თამაშს სულ უყურებს. ზურას დედა ჰყვება ხოლმე, ვარჯიშიდან რომ მოდიოდა, ბუცებს წმენდდა და საწოლთან აწყობდა, ბურთს ფუშავდა და ბალიშის ქვეშ ედოო. ეს სხვა სიყვარულია, რაც დათუნას არ აქვს და არც ვაძალებ, რომ შეუყვარდეს. ვფიქრობ, დედისთვის ძალიან რთულია შვილის ფეხბურთელობა. ცოლისთვისაა რთული და დედისთვის უფრო რთული იქნება.

- შემდეგი ძალიან ლამაზი ოჯახური ფოტოა. გოგონებიც თამაშობენ ფეხბურთს.

- ჩემს გოგონებს ფეხბურთი არ უყვართ. გაპრანჭვა უფრო უყვართ. ბიჭი არ ვატარე ფეხბურთზე და გოგონებს უფრო არ ვატარებ. ბავშვობაში სპორტსკოლაში რომ დავდიოდი, მაშინ მათამაშებდნენ ხოლმე და ამბობდნენ, ნიჭიერი ფეხბურთელი იქნებოდაო.

- ჩამოხვედი თბილისში და აქტიურად ჩაერთე სამოდელო საქმიანობაში. იყავი "ტოპ გოგოს" ერთ-ერთი წამყვანი. ამ პროექტის გამარჯვებული "ტოპ გოგოს" პროექტის ავტორებს უჩივის.

- ჩამოვედი თბილისში და ამ პროექტში მოვხვდი, რომელშიც მართლა ძალიან დიდი შრომა ჩავდე. ამ გოგონებს როგორც საკუთარ შვილებს, ისე ვუვლიდი, მაგრამ გამარჯვებული ვერ დააკამაყოფილეს. ეს ყველაფერი მე არ მეხებოდა. დაქირავებული წამყვანი ვიყავი და გამზადებულ პროექტში მივედი. ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარდება. ახლა პროექტის მეორე სეზონს იწყებენ, მაგრამ ჩემ გარეშე.

- პროექტში წამყვანობაზე საკუთარი სურვილით თქვი უარი?

- კი. ამის ბევრი მიზეზი იყო, რომელზეც ბევრი ლაპარაკი არ მინდა. ალბათ მეორე სეზონი უფრო წარმატებული იქნება. მე სხვა გეგმები მაქვს, რომელიც ტელევიზიას უკავშირდება.

- ისიც მოდელებს დაუკავშირდება?

- არა, მაგრამ მოდასთან ახლოს იქნება. ჯერ ყველაფერი ზუსტად არაა გადაწყვეტილი. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს.

- "ტოპ გოგოში" როგორც წამყვანს პრეტენზია არ გქონია?

- რა თქმა უნდა, მქონდა. თუნდაც ის, რომ გამარჯვებული ვერ დააკმაყოფილეს. მეც მქონდა პრობლემები პროექტში, მაგრამ არ მინდა, ამაზე ლაპარაკი. ალბათ ყველაფერი გამოსწორდება.

- როდის დაიწყება "ტოპ გოგოს" მეორე სეზონი?

- ვიცი, რომ გადაღებებს იწყებენ.

- ვინ დაიკავებს შენს ადგილს?

- სავარაუდოდ, ნინო ცქიტიშვილი. თუმცა ეს მანამდე იყო გადაწყვეტილი, სანამ პირველი სეზონის გამარჯვებული სასამართლოში იჩივლებდა და ახლა ეს შეცვლის თუ არა პროექტის ბედს, არ ვიცი.

- ახალი წლის შეხვედრას სად გეგმავ?

- ცამეტი წელია, ზურა ახალ წელს თბილისში არ შეხვედრია, მე - შვიდი. წელს პირველი წელია, როცა ახალ წელს შევხვდებით თბილისში. ძალიან ვემზადები და გვინდა ოჯახურ გარემოში შევხვდეთ. 1-ელ იანვარს მეგობრებთან ერთად გავერთობით, მაგრამ ჯერ არ ვიცით, სად წავალთ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება