ნანკა კალატოზიშვილი ფეხმძიმედაა

ნანკა კალატოზიშვილი ფეხმძიმედაა

მის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - მალე დედა გახდება. მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ბავშვს მაისის ბოლოს ელოდება. სქესი ჯერ არ იცის. ნანკა ყოველთვის გულახდილი რესპონდენტია, მაგრამ ფეხმძიმობა ის თემაა, რომელზეც ლაპარაკი არ სურს; უფრო მეტიც, უკვირს: "ხშირად მეკითხებიან, - როგორი განწყობა გაქვსო? ნეტავ, როგორი უნდა მქონდეს, აქ რა არის სალაპარაკო?.."

რაზე ბრაზდება, როდის იძაბება და რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში? - ამას მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ. ნანკას სიტყვაძუნწობა კი მის ფეხმძიმობას დავაბრალოთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1979 წლის 8 მაისი.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა რამემ და ვინმემ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არის შრომისმოყვარეობა.

- რაც ყველაზე მეტად არ მომწონს...

- ...ეს ზედმეტი თვითკრიტიკულობა გახლავთ.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ვეტერინარი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ჯიუტიაო.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ყველა ჯანმრთელად მყავს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ცუდად არ ვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...პროფესიული თვალსაზრისით, ბევრად უფრო მეტის გაკეთებას შევეცდებოდი.

- ვიბნევი, როცა...

- ...მაქებენ.

- წონასწორობიდან გამოვდივარ, როცა...

- ...მატყუებენ.

- მეზარება...

- ...იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ჩემს მოტყუებას ცდილობენ.

- არ მიყვარს...

- ...ხორცი.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვაანალიზებ.

- ძალიან მინდა...

- ...ვიცოდე ბევრი ენა.

- არასდროს დამავიწყდება...

- ...წლევანდელი ზაფხული - კარგად დავისვენე, გავერთე.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე თბილ და საინტერესო ქვეყანაში.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...ზოგჯერ ხეზე სამჯერ მაინც ვაკაკუნებ.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...კოშმარი და გამიხარდა, როცა გამეღვიძა და მივხვდი, რომ ნანახი რეალობა არ იყო.

- ძალიან მჯერა...

- ...დადებითი და ნეგატიური ენერგიის, რომელიც ადამიანების ცხოვრებაზე მოქმედებს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვხვდები, რომ ნაწილობრივ ფანტაზიორობას ვიწყებ. რამდენიც უნდა იფიქრო, მომავალს ვერ დაგეგმავ, მაგრამ შეგიძლია, იფანტაზიორო.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...იმ თემაზე, რომელსაც შენც არ დაგიკონკრეტებ.

- სიყვარული ეს...

- ...ცხოვრების სტიმული გახლავთ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...რამდენიმე სიმღერამ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვიძაბები.

- ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტია, როცა მეუბნებიან...

- ...რომ როლი გამომივიდა.

- ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...მამაჩემია. მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა. ეს ის თემაა, რომელზეც ლაპარაკი არ შემიძლია.

- არ მჩვევია...

- ...ორპირობა.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...იმის გამო, რომ ვიგვიანებ.

- ვუფრთხილდები...

- ...საყვარელ ადამიანებს.

- არ მრცხვენია...

- ...განვლილი გზის.

- ვერ დავიჯერებ...

- ...რომ არსებობს სიტყვა "არასოდეს".

- ყოველთვის ძალიან განვიცდი...

- ...ჩემი ძაღლის ცუდად ყოფნას.

- ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ხშირად ვიმოგზაურებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...მუშაობის სურვილი სულ მექნება.

- ჩვევად მაქვს, ყოველ ახალ წელს...

- ...თმის შეჭრა.

- ახალი წლის ღამეს ჩავიფიქრებ...

- ...იმას, რასაც აქ არ გეტყვი.

- დაბოლოს...

- ...მშვიდობიან წელს გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება