სახელგანთქმული ქართველი ბარიტონი, ვის მიმართაც პლასიდო დომინგო აღფრთოვანებას ვერ მალავს

სახელგანთქმული ქართველი ბარიტონი, ვის მიმართაც პლასიდო დომინგო აღფრთოვანებას ვერ მალავს

მხოლოდ ასეთი რანგის მომღერლები ქმნიან თეატრში დღესასწაულს, - ასე ახასიათებს მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ ბარიტონს, ლადო ათანელს თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი. სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო ტენორი პლასიდო დომინგო კი აღფრთოვანებით ლაპარაკობს ლადო ათანელის ხმის მასშტაბურობასა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ შესრულების განსაკუთრებულ მანერაზე. წინასაახალწლოდ ლადო ათანელს შინ ვეწვიეთ. იგი თავის შემოქმედებით გზასა და საოპერო ხელოვნებაზე გვესაუბრება.

- თუნდაც 20-30 წლის წინ თბილისში საოპერო ცხოვრება, როგორც იტყვიან, დუღდა და გადმოდუღდა. როგორ უნდა გავუღვიძოთ ახალგაზრდობას ინტერესი ოპერისადმი?

- ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია, ვერ ვიტყვი, რომ საოპერო ხელოვნების პროპაგანდა არ მიმდინარეობს, მაგრამ მომავალ თაობას მისდამი ინტერესი ბავშვობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ. თბილისში კონცერტები ხშირად იმართება, თუმცა, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რეპერტუარი უფრო მრავალმხრივი უნდა იყოს, საბავშვო ოპერები ხშირად უნდა იდგმებოდეს, მოზარდებს თავიდანვე დახვეწილი გემოვნება რომ ჩამოუყალიბდეთ. რა თქმა უნდა, საოპერო ხელოვნება ვერ იქნება ისეთი პოპულარული, როგორიც პოპ-მუსიკა, რომელიც ადვილად გასაგები ჟანრია. კარგია, როცა იმართება ჯაზ-ფესტივალი, საესტრადო მუსიკის ფესტივალები, მაგრამ ოპერის ვარსკვლავების ჩამოყვანაც აუცილებელია, ახალგაზრდობა ამ ჟანრის დღევანდელ ტენდენციებს უკეთ რომ გაეცნოს, თანაც, ჩვენში უცხოს უფრო აფასებენ. ადრე, ცნობილი მომღერლები, დირიჟორები, კრიტიკოსები ყმაწვილებს ლექცია-კონცერტებს უტარებდნენ, რითაც ინტერესს უღვივებდნენ კლასიკური მუსიკისადმი. თუ 6-7 წლის ბავშვი ოპერაში არ დადის, მერე იქ აღარ წავა.

- თქვით, ჩვენში უცხოს უფრო აფასებენო და თქვენ თუ გაგიჭირდათ უცხოეთში დამკვიდრება? არსებობს სტერეოტიპი, რომ ევროპაში უცხოელებს, მით უმეტეს პოსტსაბჭოური სივრციდან ჩასულ ადამიანებს, მათ შორის ხელოვანებს, სიფრთხილით ეკიდებიან...

- გარკვეული სტერეოტიპები მართლაც არის ევროპაში: იტყვიან: იტალიელი ბარიტონი! ჯერ არ იციან, ვინ არის, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს რაღაც არაჩვეულებრივი იქნება. ე.წ. რკინის ფარდის მიღმა ქვეყნებიდან ჩასულ მომღერლებს ეჭვით გვიყურებდნენ, ყოყმანობდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა: პირველი ნოტის აღებისთანავე ავიწყდებოდათ, რომ არც იტალიელი ვარ, არც - ამერიკელი. სცენის ბარიერის გადალახვაში ისიც დამეხმარა, რომ თბილისში სწავლისას, პირველივე კურსიდანვე ვმონაწილეობდი საოპერო სტუდიის სპექტაკლებში. ამან გამოცდილება შემძინა და რაც მთავარია, შიში დამაძლევინა. პირველად გერმანიაში 1995 წელს ჩავედი და 1997 წელს უკვე "ლა სკალაში" ვმღეროდი, იქამდე ლონდონის "ქოვენთ-გარდენში", ბერლინის "დოიჩე ოპერას" სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. ხელოვნების ამ სამყაროში შრომისმოყვარეობა და ნიჭი ყოველთვის ფასდება.

- მსოფლიოს ყველაზე ცნობილ, ვარსკვლავურ სცენებზე დადგმულ სპექტაკლებში, როგორც წესი, ინტერნაციონალური ანსამბლი მონაწილეობს. რთულია განსხვავებული სამსახიობო სკოლისა და ტემპერამენტის არტისტებთან მუშაობა?

- კიდევ ერთი სტერეოტიპია, რომ იტალიელებს სცენაზე თამაში არ სჭირდებათ; საერთოდ კი, დიდი სამსახიობო ნიჭით გამორჩეული საოპერო მომღერალი იშვიათია. ამ მხრივ, ჩვენი სკოლა უფრო მაღალ დონეზეა. პარტიის შესრულების დროს ემოციურ მუხტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამასთანავე, ყველაფერი რეჟისორის ჩანაფიქრთან ჰარმონიაში უნდა იყოს. რაც შეეხება მრავალეროვან სამსახიობო ანსამბლს, მრავალ კოლეგასთან - რობერტო ალანიასთან, ანჟელა გეორგიუსთან, სხვებთან ვახლობლობ, თბილი ურთიერთობები გვაქვს, ერთმანეთს რესტორანში ვახშმად ვეპატიჟებით, მაგრამ ევროპაში ურთიერთობები ცოტა სხვაგვარია, ვიდრე ჩვენთან, მეგობრობა, ქართული გაგებით, ევროპელებისთვის მაინც უცხოა.

- ხომ არ გაიხსენებთ რამე კურიოზს, რომელიც სცენაზე შეგემთხვათ?

- პირადად მე, ყოველთვის ვცდილობ, სცენაზე მაქსიმალურად მობილიზებული ვიყო, თუმცა, არ არსებობს ხელოვნება გაუთვალისწინებელი შემთხვევების გარეშე... ლონდონის ოპერა "ქოვენტ გარდენში" "ჯამბაზების" პრემიერას ვთამაშობდით, მასში მართლაც ვარსკვლავური სამსახიობო ნაკრები მონაწილეობდა. ერთ-ერთი პერსონაჟის - ნედასა და მისი საყვარლის, სილვიოს სასიყვარულო დუეტის შესრულებისას, პლასიდო დომინგო (კანიოს პარტიას ასრულებდა) და მე (ტონიო) კულისებში გასვლას ვაპირებდით, რომ უცებ... გაისმა არც მეტი, არც ნაკლები, ვირის ყროყინი! საქმე ის არის, რომ ბრწყინვალე რეჟისორი ფრანკო ძეფირელი საოპერო დადგმებში ხშირად იყენებს ცხოველებს, ეს სახედარიც, ოქსფორდიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს. წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა დარბაზში, სცენაზე?! მომღერლებმა ძლივს შეიკავეს სიცილი, კულისებში პლასიდო და მე ერთმანეთს ვაწყდებოდით, წარმოუდგენელი აჟიოტაჟი შეიქნა, ალბათ, ვირს არ აჭამეს და... ასე გამოხატა პროტესტი. მეორე დღეს ველოდებით, რა მოხდება, მივედი და ვნახე, რომ სახედარს გულმოდგინედ აჭმევდნენ, რომ არიის შესრულება აღარ მოენდომებინა. ამაზე ამბობენ, თუ პრობლემები არ გინდა, სცენაზე ბავშვები და ცხოველები არ უნდა იყვნენო!

- პლასიდო დომინგო აღფრთოვანებით გახასიათებთ; და მაინც, ვისი შეფასებაა თქვენთვის ყველაზე მთავარი?

- პლასიდო დომინგო უნიჭიერესი და მრავალმხრივი ადამიანია, ის მუსიკის, თეატრის სამყაროში გაიზარდა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ის არის მომღერალი, პიანისტი, დირიჟორი, მენეჯერი და როცა ასეთი დონის არტისტი, როგორც პარტნიორს, ისე გახასიათებს, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია; თუმცა, გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მაინც ის არის, როცა ამგვარ შეფასებას საქართველოში დაეთანხმებიან ხოლმე.. მთავარია, რას ფიქრობენ ჩემზე სამშობლოში, რადგან ჩვენში ესმით მუსიკა და შესაბამისად, ქართველი მსმენელი ძალზე მომთხოვნია... არ შეიძლება, მომღერალს ვარსკვლავი უწოდო მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოეთში მღერის, გარკვეულ წარმატებას მიაღწია, ვარსკვლავი გამორჩეული ნიჭის და პიროვნული თვისებების ხელოვანი უნდა იყოს. ვარსკვლავს სულ სხვა, ვარსკვლავური ხიბლი უნდა ჰქონდეს.

- რა ადამიანურ, ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე გიხდებათ უარის თქმა მომღერლის კარიერის გამო? პავაროტი ამბობდა: ერთი დიეტა მაქვს: ყოველთვის უარს ვამბობ გემრიელ საჭმელზეო...

- აქტიური მწეველი ვიყავი, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესიისთვის საზიანოა, ადვილად შეველიე, ვთქვი და გადავაგდე. ნებისყოფა მაქვს და ვერ ვიტყვი, გული რაიმეზე განსაკუთრებით მწყდებოდეს. ვერიდები ბევრ საუბარს, რადგან ეს სახმო აპარატის გადაღლას იწვევს - სცენისთვის ვინახავ ენერგიას; ბუნებრივია, მინდება გემრიელი ქართული ნიგვზიანი კერძები, მაგრამ ზოგჯერ, სპექტაკლი ისე ახლოა, ახალ წელს საცივზეც კი უარის თქმა მიწევს. სასმელზე ხომ დიდი ხანია უარი ვთქვი, თითქმის 30 წელია ერთ-ორ ჭიქაზე მეტი არ დამილევია.

- რა არის თქვენი ჰობი?

- სპორტული ავტომობილებით რბოლა; სადაც უნდა ვიყო, თუ დრო და საშუალება მაქვს, რომელიმე ფირმიდან მანქანა გამომყავს, მენდობიან, ბევრგან უკვე მცნობენ.

- როგორ ხვდებით შობა-ახალ წელს? რომელი ახალი წლის დღესასწაული დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- ბავშვობაში ერთ ახალ წელს მეკვლედ წამიყვანეს და ჩემი მასპინძელი ოჯახისთვის ის წელი იღბლიანი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ფეხბედნიერი მეკვლის სახელი გამივარდა, და ყველასთვის სასურველი სტუმარი ვიყავი. მახსოვს, შესვლისას როგორ მაყრიდნენ კანფეტებს. მაგრამ გავიდა დრო და იმ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომლის მეკვლეც ვიყავი, გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის კაცი საკმაოდ ხანდაზმული 90 (!) წლისა იყო, ყველაფერი მე დამაბრალეს და ასე წამიხდა ფეხი (იცინის). ეს ღიმილნარევი ეპიზოდი იმიტომ გავიხსენე, რომ ახალი წელი მომავლის იმედით სავსე დღესასწაულია. ჩუმად მაინც, ყველანი ვოცნებობთ, რომ ყველა უსიამოვნება ძველ წელს გავატანოთ. არასოდეს დამავიწყდება ერთი ახალი წელი: 1998 წლის დამდეგს "ლა სკალაში" "მაკბეტს" ვმღეროდი, მილანში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ჩემი გერმანელი თაყვანისმცემლები. 30 დეკემბერს სპექტაკლი მქონდა, 31 დეკემბერს კი ძალზე დასამახსოვრებელი საღამო მოგვიწყვეს ერთ-ერთ სასტუმროში. მილანში ჩემი მასწავლებელი, მაესტრო ნოდარ ანდღულაძე იყო ჩამოსული და ახალ წელს ყველა ერთად შევხვდით.

- რას უსურვებთ დამდეგ 2013 წელს გაზეთ "ყველა სიახლის" მკითხველს?

- თქვენი გაზეთის მკითხველს, მთელ ქართველ ხალხს სიკეთეს, გამძლეობასა და ურთიერთმიმტევებლობას ვუსურვებ. მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს საქმეს, საკუთარ თავსაც და სხვასაც, მეტად მოწესრიგებულები ვიყოთ, რაც ქვეყნის წინსვლისა და აყვავების საწინდარი იქნება!

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება