რა პრობლემები შეუქმნა ანი ქორქიას საკუთარმა გარეგნობამ?

რა პრობლემები შეუქმნა ანი ქორქიას საკუთარმა გარეგნობამ?

ვინც მოდელსა და ტელეწამყვანს - ანუკი ქორქიას იცნობს, ალბათ ვერც წარმოიდგენს, თუ მას საკუთარი გარეგნობის გამო ოდესმე კომპლექსი ჰქონდა. არადა, თურმე, ამ ლამაზმანს თინეიჯერობის ასაკში სახის ნაკვთები რადიკალურად შეეცვალა და ამან მასზე ისე იმოქმედა, რომ საკუთარი ხელით შეიჭრა თმა, პროტესტის ნიშნად ერთსა და იმავე სამოსს იცვამდა, აღარც გაპრანჭვის სურვილი ჰქონდა...

ვისი სიმღერები ახსენებს ანუკის ბავშვობას, როგორ ატარებდა ახალი წლის დღესასწაულს, როდის მიხვდა, რომ ჯადოსნურ ღამეს საჩუქრებს მშობლები უტოვებდნენ ნაძვის ხის ქვეშ და არა - თოვლის ბაბუა და რატომ არ უნდა განვიკითხოთ "გარდატეხის ასაკში" მყოფი ადამიანები? - ამ და სხვა კითხვებზე ტელეწამყვანმა გულწრფელი პასუხები გაგვცა...

- რასთან ასოცირდება შენთვის სიტყვა "თინეიჯერი" და ამ ასაკში შენ როგორი იყავი?

- პირველ რიგში, ეს სიტყვა კონკრეტულ ასაკთან ასოცირდება და იმ პერიოდთან, როცა ხარ "გაჭედილი" ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის, ბოლომდე ადეკვატური არ ხარ რიგი პრობლემების მიმართ; როცა რიგ საკითხებზე ბოლომდე პასუხისმგებელი ვერ ხარ და ა.შ.

- ამბობენ: ადამიანები "გარდატეხის ასაკში" უცნაურები, ცოტათი აგრესიულებიც ხდებიანო. მსგავსი რამ თუ გჭირდა? ნუ, შეიძლება ამას თავად ვერ ამჩნევდი, მაგრამ გარშემო მყოფები რას გეუბნებოდნენ?

- "გარდატეხის ასაკი" ჩემს გარეგნობაზე უფრო მეტად აისახა, ვიდრე - ფსიქიკაზე. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ნაკვთი შემეცვალა და საერთოდ აღარ ვგავდი საკუთარ თავს... სხვათა შორის, ახლა ძალიან ვგავარ იმ ანის, როგორიც თინეიჯერობის ასაკამდე ვიყავი. ახლობლები მეუბნებიან, - ბავშვური სახე გაქვს, საერთოდ არ შეცვლილხარო. მაგრამ აი, "გარდატეხის ასაკში" კი არ ვიცი, რა დამემართა; მაშინ ნამდვილად, სულ სხვა ადამიანი ვიყავი, რაც თავისთავად, ჩემს განწყობილებაზეც ძალიან მოქმედებდა. ჰოდა, მახსოვს, საკუთარი ხელით შევიჭერი თმა, პროტესტის ნიშნად ერთსა და იმავე სამოსს ვატარებდი, აღარ ვიპრანჭებოდი, საერთოდ აღარ ვიხედებოდი სარკეში და მთლიანად სწავლაზე ვიყავი გადართული. ისე, ცოტა არ იყოს, აგრესიულიც გავხდი, უფრო ზუსტად კი - ყველაფრით უკმაყოფილო.

- ალბათ, ამ ყველაფერმა შენზე ასე ძალიან იმიტომ იმოქმედა, რომ ბავშვობიდან მიჩვეული იყავი კომპლიმენტებს...

- ალბათ ასე იყო... მართლაც, ყველა აღნიშნავდა, რომ ლამაზი გოგო ვიყავი და უცებ, ჩემს გარეგნობაში ასეთი ცვლილება რომ მოხდა, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, ამ სიახლის მიღება გამიჭირდა. საბედნიეროდ, 15-16 წლის შემდეგ ყველაფერი, სახის კანის ფერის ჩათვლით, დამილაგდა და მეც გავხალისდი (იღიმის).

- თუ გახსოვს, ვინმეს ფანი თუ იყავი და ეს ფანობა რაში გამოიხატებოდა?

- ვუსმენდი როკის ალტერნატივას. მახსოვს, ჩავიკეტებოდი ხოლმე ჩემს ოთახში და ვმღეროდი, ვცეკვავდი. ჩემს საყვარელ მუსიკას ლიკუნასაც ვასმენინებდი, რადგან მინდოდა, მასაც იგივე მოსწონებოდა, რაც მე მიყვარდა... დროთა განმავლობაში გემოვნება შემეცვალა. თუმცა, ზემფირა ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა და ახლაც მომწონს. თინეიჯერობის პერიოდს ყველაზე მძაფრად სწორედ მისი მუსიკა მახსენებს...

- სპორტის ან მუსიკის წრეზე თუ დადიოდი?

- დავდიოდი მუსიკის, ფორტეპიანოზე დაკვრის შესასწავლად... სხვათა შორის, დამთავრებული მაქვს ნიჭიერთა ათწლედი და იქ მიღებულმა ცოდნამ დროთა განმავლობაში, ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე დადებითი გავლენა მოახდინა.

- ქართველი მუსიკოსებიდან, მსახიობებიდან თუ გამოარჩევ ადამიანს, რომლის მიბაძვის სურვილი გქონდა ან უბრალოდ, ძალიან მოგწონდა?

- მიბაძვის რა მოგახსენო, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ბევრი ნიჭიერი მომღერალი გვყავს. თუმცა, იმ პერიოდში ალბათ, ყველაზე საყვარელ ქართულ ჯგუფად მხოლოდ "სახეს" დავასახელებდი...

- "სახე" თავის დროზე მართლაც, ძალიან პოპულარული ჯგუფი იყო. ახლა, როცა თავადაც პოპულარული ხარ, როგორ ფიქრობ, თაყვანისმცემელთა გადაჭარბებული ყურადღება მომაბეზრებელია?

- იცი, ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ: პოპულარობა მოსაბეზრებელიაო. ჯერ ერთი, ამ ყველაფერს მალე ეჩვევი და ქუჩაში რომ გცნობენ, ეს ბუნებრივი მოვლენა გგონია; მეორეც - ჩვენი ხალხის მენტალიტეტიდან გამომდინარე, ადამიანები ნაკლებად გაწუხებენ იმის გამო, რომ პოპულარული ხარ. თაყვანისმცემლები ძირითადად, კეთილი სურვილებითა და შენ მიმართ გამოჩენილი ელემენტარული ყურადღებით შემოიფარგლებიან, რაც პირადად მე, კი არ მაწუხებს, არამედ ძალიან მსიამოვნებს. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ხომ პაპარაცებისა და ფანკლუბების ინსტიტუტი არ არის განვითარებული და შესაბამისად, გადაჭარბებული არაფერი ხდება...

ერთადერთი დისკომფორტია ის, რომ იცი, ყოველთვის "100 თვალი" გიყურებს; ხვდები, რომ ყველა გაკვირდება; ხალხს აინტერესებს, როგორ გამოიყურები, რა გაცვია, რამდენი ლუკმა შეჭამე, ვისთან ერთად ხარ და ა.შ. ეს ყველაფერი პოპულარობის ცუდი მხარეა, მაგრამ ამაშიც თითქოს, არაფერი განსაკუთრებული არ არის. რატომ? - იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანები ამ მხრივ ჩვეულებრივ, თითქმის არაფრით გამორჩეულ მოქალაქეებსაც არ ინდობენ.

- მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანი გახდი, ხომ არ მოგეცა შესაძლებლობა, გაგეცნო ადამიანი, რომელიც ბავშვობაში მხოლოდ ტელეეკრანიდან გყავდა ნანახი და რომლის გაცნობაც წლების წინ შეუძლებლად მიგაჩნდა?

- ჩემთვის თითოეული ცნობილი ადამიანის პირადად გაცნობა გარკვეულ ემოციასთან იყო დაკავშირებული. კარგად მახსოვს, როგორ გამიხარდა, პირველად ჩემი გუნდი - "კომედი შოუს" ბიჭები და გოგონები რომ გავიცანი. მერე მათთან ურთიერთობა ისე ამეწყო, რომ ის სიხარული წარსულს ჩაჰბარდა, - ახლა ამ ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია...

- თავად თუ აძლევ თაყვანისმცემლებს შენი გაცნობის შანსს? რომელიმე მათგანთან თუ მეგობრობ?

- ძირითადად, Facebook-ის საშუალებით ვმეგობრობთ. ბევრი მათგანი დაესწრო ჩემი გადაცემის ჩაწერას და გვქონდა საშუალება, ერთმანეთი პირადად გაგვეცნო. მოკლედ, როცა თაყვანისმცემლებთან ურთიერთობის შანსი მეძლევა, მათ მიმართ თავადაც ყოველთვის ვიჩენ ყურადღებას.

- თუ გახსოვს, როდის "დაღვინდი"? "გარდატეხის ასაკის" შემდეგ, რა მხრივ შეიცვალე?

- "აცეტებული" არც 16 წლისა ვყოფილვარ, მაგრამ რატომღაც, ასე მგონია, რომ 22 წლის რომ გავხდი, მერე უფრო მეტად გავიზარდე, ჩამოვყალიბდი.

- როგორ ფიქრობ, შენი თაობის მოზარდები დღევანდელი თინეიჯერებისგან რით განსხვავდებიან?

- თითქმის არაფრით განსხვავდებიან. ყოველ შემთხვევაში, როცა ახალ თაობას ვუყურებ, მათ საქციელს ვაკვირდები, რადიკალურ ცვლილებას ვერ ვამჩნევ...

- უკვე ზრდასრული ადამიანები ყოველთვის აკრიტიკებენ მოზარდებს. თინეიჯერობის ასაკში მსგავსი რაღაცები თუ გაღიზიანებდა და დღეს თავად რას ფიქრობ ახალ თაობაზე?

- ზოგადად, კრიტიკის მოყვარული არ გახლავართ. თანაც - "გარდატეხის ასაკში", თინეიჯერობის პერიოდში ადამიანის შეფასება, შეცდომად მიმაჩნია; ისინი ხომ რამდენიმე წლის შემდეგ სულ სხვანაირები გახდებიან, დროთა განმავლობაში აუცილებლად შეიცვლებიან - ზოგი რადიკალურად, ზოგიც - ნაწილობრივ, მაგრამ მაინც...

- რას დაარქმევდი შენი თაობის წარმომადგენლებს?

- ჩემს თაობას "ექსპერიმენტების მსხვერპლს" დავარქმევდი. ყველა ახალი კანონი, ყველა გასაჭირი თუ ლხინი ჩვენზე გამოსცადეს...

- წიგნებთან თუ მეგობრობდი?

- ძალიან მიყვარდა კითხვა და შესაბამისად, ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. წიგნს საშინაო დავალების შესრულების შემდეგადაც სიამოვნებით ვკითხულობდი. ჩემდა სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, ახლა ვზარმაცობ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მალე ჩავდგები კალაპოტში, რადგან ახლა უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს, ვიდრე ბოლო წლების მანძილზე მქონდა.

- მასწავლებლებთან როგორი ურთიერთობა გქონდა? გამორჩეულად კარგად რომელ საგნებს სწავლობდი?

- მასწავლებლებთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. შენიშვნას მხოლოდ კარნახის გამო მაძლევდნენ (იღიმის)... სხვათა შორის, ყველა საგანს ერთნაირად კარგად ვსწავლობდი და მასწავლებლების, დირექტორის ჩემდამი დამოკიდებულებაც ადეკვატური იყო. მათგან დიდ სითბოსა და პატივისცემას ვგრძნობდი... აი, უნივერსიტეტში კი ნამდვილად მქონდა "ამორჩეული" საგნები.

- კლასელებთან ერთად, "შატალოზე" ხშირად მიდიოდი?

- "შატალოზე" ერთხელ ვიყავი და ისიც, ისე უნიჭოდ დავგეგმეთ, რომ დირექტორის კაბინეტში ამოვყავით თავი მანამ, ვიდრე სკოლიდან გაქცევას მოვახერხებდით. ისე, ხშირად, როცა სხვები "შატალოს" აწყობდნენ, მე სახლში მივდიოდი, რადგან გამაფრთხილეს: - ყველა შენი კლასელი თუ წავა, სკოლაში არც შენ დარჩე; უბრალოდ, სხვაგან კი არ წახვიდე, შინ მოდიო.

- შენ და ლიკა ბავშვობაში დასასვენებლად სად მიდიოდით ხოლმე?

- ყოველთვის ასე ხდებოდა: ჯერ მთაში, კერძოდ - ბორჯომში, ლიკანში ან ცაგერში ვისვენებდით, შემდეგ კი ზღვაზე მივდიოდით. ზღვა ძალიან გვიყვარდა მეც და ლიკუნასაც; აი, მთაში ყოფნისას კი ერთი სული გვქონდა, როდის გავიდოდა დრო. მოკლედ, დღეებს ვითვლიდით...

- როგორ ემზადებოდით ბავშვობაში ახალი წლის შესახვედრად და ახლა რით შემოიფარგლება შენი სამზადისი?

- ახალი წლის დღესასწაული ყოველთვის მიყვარდა. მე და ლიკა ერთად ვაწყობდით ნაძვის ხეს, 31-ში, ღამით კი ამ ნაძვის ხის ქვეშ ყოველთვის საჩუქრები გვხვდებოდა. იყო მხიარულება, ბევრი სტუმარი და ა.შ. მართალია, ღრმა ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუა სინამდვილეში, არ არსებობს, მაგრამ ეს დღესასწაული მაინც განსაკუთრებულად მიყვარდა და დღესაც ასეა... ახლა სადღესასწაულო განწყობას გარკვეული საახალწლო ფილმები და სიმღერები მიქმნის.

- ბავშვობაში ალბათ, შეყვარებული გყავდა... შეგიძლია შენს ბავშვურ გატაცებაზე რაიმე გვიამბო?

- სხვათა შორის, ბავშვობაში შეყვარებული არ მყოლია. ნუ, შეიძლება ვიღაც მომწონდა, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. პირველი შეყვარებული 19 წლის ასაკში მყავდა...

- პატარაობისას რა ფორმით გამოხატავდნენ ბიჭები შენ მიმართ სიმპათიას? საჩუქრებს თუ გიძღვნიდნენ ან თმას მაინც თუ გაწიწკნიდნენ?

- თაყვანისმცემლები ბაღიდანვე გვყავდა მეც და ლიკუნასაც. ჩვენ მიმართ სიმპათიას გამოხატავდნენ სხვადასხვანაირად და სასაცილოდ. ძირითადად, ლექსებს გვიძღვნიდნენ, სკოლის ასაკში კი წერილებსაც ვიღებდით (იღიმის).

- პატარაობისას რა პროფესიაზე ოცნებობდი? როცა არჩევანის წინაშე დადექი, გადაწყვეტილება ხომ არ შეცვალე?

- ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი, საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზება მომეხდინა. თუმცა ზუსტად არ ვიცოდი, მომავალში რას ვაპირებდი და რომელ სფეროში ვიგრძნობდი თავს კარგად. ძალიან მინდოდა, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება, რაღაც პერიოდი კი ჟურნალისტის პროფესიის დაუფლებაზეც ვფიქრობდი, თუმცა ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით, სამედიცინო უნივერსიტეტში მოვეწყვე. პროფესიით სტომატოლოგი ვარ, მაგრამ როგორც იცით, ტელევიზიაში ვმუშაობ. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი არეულად, მაგრამ ვფიქრობ, კანონზომიერად მოხდა (იღიმის).

- დედ-მამა რაიმეს თუ გიკრძალავდა და საერთოდაც, როგორ ფიქრობ, შვილისთვის რაღაცების აკრძალვა მიზანშეწონილია?

- მე და ლიკას მშობლებისგან გარკვეული შეზღუდვები გვქონდა და იყო წესები, რომლებსაც ვერ დავარღვევდით. ვიყავით მკაცრი კონტროლის ქვეშ ზუსტად იმ პერიოდში, როცა ეს მართლა საჭირო იყო, - ანუ ჩემი აზრით, ვიდრე საკუთარ თავზე და საქციელზე პასუხისგება არ შეგიძლია, მანამდე მშობლის ხელი არ უნდა მოგაკლდეს...

- რა ასაკში გახდი დამოუკიდებელი ადამიანი? და კიდევ, იმისთვის, რომ დამოუკიდებელი იყო, რა არის აუცილებელი?

- დამოუკიდებლობა ზოგადი ცნებაა; ზოგი ამას აღწევს ღრმა ბავშვობაში, ზოგი ყმაწვილობაში, ზოგიც - ღრმა სიბერეში, ზოგი კი ვერასდროს. პირადად მე, ახლა რომ ვუკვირდები, ვფიქრობ, ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი. თუმცა, იმაში, რომ რაღაცების გაკეთება დამოუკიდებლადაც შემეძლო, საკუთარ თავს 21-22 წლის ასაკში გამოვუტყდი. რატომ? - ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება დიდი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ...

- ბოლო დროს ყველა ტელევიზიაში ბევრი ცვლილება მოხდა. შენკენ რაიმე სიახლე ხომ არ არის? რომელიმე ახალ პროექტზე ხომ არ მუშაობ?..

- მართლაც, დღესდღეობით თითქმის ყველა ტელევიზიაში არეული სიტუაციაა და ჯერ არავინ არაფერში არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. როგორც კი სიმშვიდე დაისადგურებს, სამომავლო გეგმებზე და პროექტებზე მერე მოგიყვებით.

- დაბოლოს, რას ურჩევ ან უსურვებ მოზარდებს?

- მათ ვურჩევ, ენდონ მშობლების რჩევებს. გაითვალისწინონ, რომ ასაკის გამო ვერ ექნებათ ის ცოდნა, რასაც ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქვია, ეს კი მერწმუნეთ, ბევრ რამეს ნიშნავს; პატივი სცენ მშობლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაითვალისწინონ, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება დრო, როცა ამას ძალიან ინანებენ, მაგრამ სინანული გვიანი იქნება; მოექცნენ ადამიანებს ისე, როგორც თავად უნდათ, რომ სხვები ექცეოდნენ და აუცილებლად მიიღონ განათლება, რათა საკუთარ თავს ამ ცხოვრებაში წინსვლის, წარმატების შანსი მისცენ... დაბოლოს, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. თითოეულ თქვენგანს ბედნიერებას ვუსურვებ!

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება