"მინდა, ჩემთან იყო" - ვის უმღერის ნოდიკო თავის ახალ კლიპში

"მინდა, ჩემთან იყო" - ვის უმღერის ნოდიკო თავის ახალ კლიპში

ნოდიკო ტატიშვილისთვის 2012 წელი ძალიან წარმატებული იყო. თუმცა მახსოვს, ის არც 2011 წელს უჩიოდა და ჰგონია, რომ დამდეგი 2013 წელიც მისთვის წარმატებული იქნება... გასულ კვირას ნოდიკომ საზოგადოებას თავისი ახალი კლიპი წარუდგინა, რომლის პრეზენტაცია კინოთეატრში "რუსთაველი" გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის მისი კოლეგები, რეჟისორები, ჟურნალისტები და მომღერლის გულშემატკივრები იყვნენ. ვიდეორგოლი რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე - "მინდა, ჩემთან იყო" გადაიღო. სიმღერის ტექსტი დათო ფორჩხიძეს ეკუთვნის. ნამუშევარმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

ნოდიკო ტატიშვილი:

- ნაყოფიერი წელი მქონდა: წლის დასაწყისში ზაზა ორაშვილმა ჩემი, დათუნა მგელაძისა და ივანა მელაის ვიდეორგოლი გადაიღო; მქონდა სოლო კონცერტიც; ვმონაწილეობდი მიუზიკლში - "ვერის უბნის მელოდიები"; სიმღერა, რომელზეც ახალი კლიპი შეიქმნა, ჩემს ალბომშია შესული და ძალიან მომწონდა. როდესაც ზაზამ ალბომს მოუსმინა, არჩევანი ამ სიმღერაზე შევაჩერეთ და მშვენიერი იდეებიც გაუჩნდა. კლიპის შემოქმედებით მხარეში არ ჩავრეულვარ. ზაზას დიდ პატივს ვცემ; ვიცი, რომ პროფესიონალია და ბოლომდე მივენდე.

- კლიპში სამი მშვენიერი მოდელი (კრისტი, რუსკა ჩაჩუა, ნინი ფოცხიშვილი) მონაწილეობს. გოგონები თავად შეარჩიე?

- არა. თავიდან ზაზამ არჩევანი კრისტიზე შეაჩერა, მერე კი კრისტიმ გვაპოვნინა ყველაზე ახალგაზრდა მოდელი - ნინი ფოცხიშვილი; რუსკა ჩაჩუაც ზაზას ინიციატივით გადავიღეთ. აღვნიშნე, კლიპის მხატვრულ მხარეში არ ვერეოდი-მეთქი, მაგრამ ზაზა ყველა დეტალს მაინც მითანხმებდა.

- მოკლედ, დაგიგროვდა კლიპები...

- კი. მომღერლისთვის კლიპი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ ვინ არის მისი რეჟისორი... მიხარია, რომ ამ ნამუშევრით ჩემს კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ.

ეკა კახიანი:

- ძალიან მომეწონა მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა, რომელზეც ზაზა ორაშვილმა, როგორც მას სჩვევია, არაჩვეულებრივი კლიპი გადაიღო. გემოვნებიანი ნამუშევარია. რაც მთავარია, ვიდეორგოლში ნოდიკო მომეწონა. ის ხომ არაჩვეულებრივად მღერის! მოკლედ, ყველაფერი ერთად კარგი სანახავი იყო... დარწმუნებული ვარ, ეს ნამუშევარი გაჰიტდება და მსმენელი შეიყვარებს.

ნინი ბადურაშვილი:

- სიმღერაც მომეწონა და კლიპიც - სასიამოვნო საყურებელია. რაც მთავარია, სადა გახლავთ. ერთადერთი პრობლემა დღეს ის არის, რომ მომღერალი თავის კლიპს თითქმის ვერსად ატრიალებს. ამიტომ, საჭიროა, შეიქმნას მუსიკალური არხები... ნოდიკოს და ზაზას ვულოცავ ამ ახალ ნამუშევარს და წარმატებებს ვუსურვებ!

გიგა აგლაძე:

- რაღაცნაირი თბილი ნამუშევარი იყო, რაც ზაზას ახასიათებს. თითოეული პერსონაჟის ხასიათი მაქსიმალურად იყო გადმოცემული. რაც მთავარია, ყველაფერი გემოვნებით გახლდათ გაკეთებული. თავიდან, ვიდრე ეკრანზე კლიპს გაუშვებდნენ, ცოტა არ იყოს, ვღელავდი, მაგრამ იმისიც მჯეროდა, რომ ზაზას ნამუშევარი ცუდი არ იქნებოდა...

ქეთათო ჩარკვიანი:

- მიხარია, რომ მომღერლებს კლიპის გადაღების სტიმული შემორჩათ. სერიოზულად მაწუხებს ის ამბავი, რომ რეალურად, საქართველოში მუსიკალური არხები არ არსებობს და ამის გამო, პირადად მე, სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღების დიდი სურვილი არ მიჩნდება. თეთრი შურით მშურს ნოდიკოსი და რეჟისორის, რომლებსაც ეს სტიმული არ დაუკარგავთ... ერთადერთი შენიშვნა მაქვს - კლიპში ამდენი ლამაზი გოგოს ნაცვლად, მე ერთ-ერთს გადავიღებდი. მინდა, ნოდიკოს კლიპის პრემიერა კიდევ ერთხელ მივულოცო.

ნოდიკო:

- რასაც ჩემი კოლეგები ამბობენ, მართლაც სერიოზული პრობლემა გახლავთ, - ისეთი მუსიკალური არხი არ გვაქვს, სადაც შეიძლება, კლიპი გაუშვან. როგორც გავიგე, ცოტა ხანში რამდენიმე გასართობი არხი გაიხსნება და კარგი იქნება, თუ ისინი შოუბიზნესის განვითარებას შეუწყობენ ხელს. მე კი გეტყვით, რომ გამიმართლა - "რუსთავი 2"-მა ჩემი თხოვნა ყურად იღო და ჩემი კლიპი რამდენიმე დღის განმავლობაში იტრიალებს ამ არხზე.

ზაზა ორაშვილი:

- ამ ვიდეოზე ცოტა განსხვავებულად ვიმუშავე: ტრადიციული გადაღების, მონტაჟის წესებს გვერდი ავუარე და მასში გრაფიკული ელემენტებიც შევიტანე; მოკლედ, პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე და მგონი, გაამართლა.

- ნოდიკოსთან მუშაობა ადვილი აღმოჩნდა?

- დიდი კომფორტია, როდესაც ნიჭიერ მომღერალთან გიწევს მუშაობა. ნოდიკო მართლაც, ნიჭიერი ადამიანია.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება