მეთიუ მაკკონაჰი: "მე და ჩემი ცოლი იდეალური წყვილი ვართ!"

მეთიუ მაკკონაჰი: "მე და ჩემი ცოლი იდეალური წყვილი ვართ!"

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი მეთიუ მაკკონაჰი არც ისე დიდი ხანია, ტრილერ "მეგაზეთეში" გამოჩნდა. მაკკონაჰის გმირი უორდ ჯეიმსი, "მაიამი ტაიმსის" რეპორტიორი, ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმედ გადაიქცევა. ამ ფილმის გადაღებების მერე ათლეტურმა მსახიობმა 30 კილოგრამი დაიკლო ახალი როლისთვის - მისი ახალი პერსონაჟი შიდსიანი მამაკაცია.

მაკკონაჰის პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი წესრიგში აქვს. რა ხანია, მოდელ კამილა ალვესზეა დაქორწინებული, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს და მესამე შვილის დაბადებას ელოდებიან.

საინტერესო მისი ცხოვრებიდან კიდევ ის არის, რომ შოუბიზნესის სამყაროში მეგობარმა სანდრა ბალოკმა შეიყვანა.

"დავთანხმდი ამ როლზე, რომ მეტი გამეგო თქვენი საქმიანობის შესახებ"

- რით დაგაინტერესათ ახალმა პროექტმა "მეგაზეთემ", ნუთუ "ბარიკადების მეორე მხარეს" აღმოჩენის პერსპექტივამ მოგხიბლათ?

- მართლაც ყოველთვის ვოცნებობდი გამეგო, როგორ არის აგებული ჟურნალისტიკა შიგნიდან. ხანდახან სტატიას კითხულობ და საკუთარ თავს ეკითხები: "როგორ მოახერხეს ასეთი ამბის ამოქექვა?" ხანდახან ხომ მართლაც თვალსაჩინოა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი ნამდვილ გამოძიებას ატარებს. დავთანხმდი ამ როლზე, რომ მეტი გამეგო თქვენი საქმიანობის შესახებ.

- არასდროს გაგჩენიათ სურვილი, ეს პროფესია აგერჩიათ?

- ვინ იცის, მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, იქნებ რეპორტიორი გამოვსულიყავი. ვგიჟდები წერაზე! სხვათა შორის, ჩვენს სპეციალობებს ბევრი აქვს საერთო: კითხულობ სცენარს, მერე ცოტათი ცვლი მას, სწორ სიტყვებს ეძებ... განსაკუთრებით მძაფრად გრძნობ ამ მსგავსებას, როცა თვითონ ხარ ფილმის პროდიუსერი.

- ყვითელი პრესის წარმომადგენლების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ? თქვენ შესახებ იმდენს ჭორაობენ...

- ჰო, ვიცი (იცინის). საერთო ჯამში, არ ვწუწუნებ. რა თქმა უნდა, ხანდახან სრულ ბოდვას იგონებენ. თუმცა, მეორე მხრივ, თუ ძალიან საძაგელი რამეები არ არის, არ ვარ წინააღმდეგი, მოიგონონ ჭორები. საჯარო ადამიანი ვარ და შესანიშნავად მესმის, რომ ჩემზე მეტის გაგება სურთ, ვიდრე მე მსურს მოვყვე. მაგრამ სამყაროში გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემებიც არის!

- როგორი პერსონაჟები უფრო მოგწონთ, დრამატული თუ კომედიური?

- ორივე. სასაცილო ფილმები მსა­ხიობისგან მეტ პასუხისმგებლობას მო­ითხოვს: ყოველ წუთს უნდა გაართო ხალხი. ეს კი გაცილებით რთულია, ვიდრე, მაგალითად, ბოევიკში მაგარი ბიჭის თამაში. კომედიაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა. ერთი მხრივ - სიმსუბუქე უნდა შეინარჩუნო, რადგან, თუ მეტისმეტად ღრმად დაიწყებ თხრას, თვითონაც ჩაიძირები და მთელ ფილმსაც ჩაიყოლებ ფსკერზე. მეორე მხრივ, თუ გმირს კარიკატურულს არ შექმნი, სხვანაირად მაყურებელი მას ვერ თანაუგრძნობს. აი, ექშენის გაფუჭება პრაქტიკულად შეუძლებელია, იქ არ არის ასეთი სათუთი მომენტები. არავინ გეტყვის, მაგალითად, "მეტისმეტად ძლიერად ნუ დაარტყამ. გააკეთე ეს უფრო ნაზად".

"რომანტიკული თავგადასავლები წარსულში დარჩა"

- ბევრი გოგონა დღემდე გულის ფანცქალით იხსენებს თქვენს დაკუნთულ სხეულს ფილმში "სუპერ მაიკი", რომელშიც სტრიპტიზიორი განასახიერეთ. აღიარეთ, ალბათ გაძლიერებით ვარჯიშობდით გადაღებებამდე?

- როგორც წესი, როდესაც ეკრანზე კუნთების დემონსტრირება მიწევს, ყოველდღე დაახლოებით 200 აზიდვას ვაკეთებ. ერთბაშად კი არა, როცა დრო მაქვს. დავუშვათ, 50 საუზმის მერე, 50 - სადილობის მერე, კიდევ 20 - როცა ტელეფონზე ვლაპარაკობ და ა.შ. განსაკუთრებული პროგრამა არ მაქვს. რომ არ მომბეზრდეს, ყოველ ჯერზე ახალ ვარჯიშებს ვიგონებ. დღეს თუ სპორტულ დარბაზში ვარ, ხვალ დავრბივარ, ზეგ - კლუბში ვცეკვავ.

- გამოდის, წვეულებებიც თქვენთვის ვარჯიშის სახესხვაობაა?

- რატომაც არა? მაგალითად, გუშინ მთლად სველი ვიყავი - დილის ოთხ საათამდე ვხალისობდით. ამქვეყნად ბლომად არის ისეთი ღამის დაწესებულება, ყურადღებას რომ იმსახურებს. მახსოვს, ჯერ ცოტა დავლიეთ, მერე კი, კოლეგების თქმით, დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა მომინდომებია და არ გამიშვეს. ასე რომ, დღეს ჩემი ინტერვიუ ნაბახუსევზეა (იცინის). სამაგიეროდ, სასარგებლო სასიამოვნოს შევუთავსე - გავერთე კიდეც და თან ვივარჯიშე.

- გოგონები ალბათ ბედნიერები იყვნენ, თქვენ რომ საცეკვაო მოედანზე გიხილეს!

- ვერ ვიტყოდი. სულ ორჯერ მთხოვეს ავტოგრაფი, მაგრამ სულაც არ მწყინს. ახლა ცოლიანი კაცი ვარ, ასე რომ, რომანტიკული თავგადასავლები წარსულში დარჩა.

- სიტყვამ მოიტანა და გილოცავთ, თუმცა დაგვიანებით. ამ ზაფხულს კამილა ალვესზე ოფიციალურად იქორწინეთ...

- დიახ, ვიფიქრეთ, რომ აღარ იყო საჭირო ლოდინი. ამაზე უფრო ძლიერ­ად სიყვარული, უბრალოდ, შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. სხვებისგან მესმოდა ხოლმე, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ ყველაფერი 180 გრადუსით იცვლება. ჩემთან ასე არ მოხდა. ყველაფერს ისევ ისე ვაკეთებ, როგორც ადრე. არაფერი გამიღია მსხვერპლად, პირიქით, შევიძინე. ახლა მყავს ადამიანები, რომლებზეც ვზრუნავ. ეს უდიდესი და სასიამოვნო პასუხისმგებლობაა.

- როგორ მოახერხა თქვენმა ცოლმა ასეთი პლეიბოის მორჯულება?

- ერთ მშვენიერ დღეს ვუთხარი საკუთარ თავს: მორჩა, აღარ მინდა ნებისმიერ ფასად თავისუფლება, მინდა სტაბილურობა. და მაშინ გამოჩნდა კამილა. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს: გვიყვარს ბუნებაში დასვენება, ერთად ვუსმენთ ბრაზილიურ მუსიკას... ჩვენ იდეალური წყვილი ვართ!

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება