ვისი პატივისცემა უნდა დაიმსახუროს პირველ რიგში ბერას რჩეულმა

ვისი პატივისცემა უნდა დაიმსახუროს პირველ რიგში ბერას რჩეულმა

ბერა ივანიშვილს სტუდიაში წინასაახალწლოდ ვესტუმრეთ. ინტერვიუზე საკმაოდ უშუალო გამოდგა. საუბარი ახალი ალბომით დავიწყეთ, რომლის სახელწოდებაა "გპირდები" და მსმენელს უკვე შეუძლია, "დააგემოვნოს" ის 16 სიმღერა, რომელიც ალბომში დიდი სჯა-ბაასის შედეგად მოხვდა.

- საუბარი დავიწყოთ ალბომით, რომელიც 26 დეკემბერს გამოვიდა.

- ალბომში 18 სიმღერა შევიდა, რომელთაგან 10 საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 8 კი ექსკლუზიურად ალბომში შეგიძლიათ მოისმინოთ. საკმაოდ რთული იყო ამორჩევა, რადგან ბევრი სიმღერა დამიგროვდა და ზოგიერთი დამენანა კიდეც. ალბომს უნდა ჰქონოდა დრამატურგიული განვითარება, მრავალფეროვნება ტექსტობრივი და მუსიკალური თვალსაზრისით.

- რატომ არ ახლდა ალბომის გამოცემას გრანდიოზული შოუ?

- უცხოეთში ალბომის პრეზენტაცია იცით, როგორც ხდება. ამას დიდ კონცერტს არ უძღვნიან და შედარებით მცირე მასშტაბის პრეზენტაციები იმართება, VIP საზოგადოებას პატიჟებენ, ჩემთვის კი თითოეული მსმენელი განსაკუთრებულია და არ განვასხვავებ ერთმანეთისგან, არავისი განაწყენება არ მინდოდა, გარდა ამისა, "ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო", ნათქვამია. ალბომის გარშემო ხელოვნური აჟიოტაჟის გამოწვევა არ მსურდა.

- მოგვისმენია პოლიტიკური შეფასებები შენს სიმღერებზე, მაგრამ არა შემოქმედებითი თვალსაზრისით. ვისი მოსაზრებები გაინტერესებს ამ კუთხით?

- ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია. ადრეული ასაკიდან მამა ყოველთვის მარიგებდა, რომ წარმატების ერთ-ერთი გასაღები სწორი გუნდია, გარშემო ის ადამიანები უნდა გყავდეს, რომლებიც ობიექტურად გაგაკრიტიკებენ. არ არის აუცილებელი, ყველას აზრი გაითვალისწინო, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა მოისმინო, რას გეუბნებიან. ალბომში რამდენიმე ასეული სიმღერიდან 18 შევარჩიე და ამას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი მუშაობა, ყველა წვრილმანი, ყველა დეტალი გავითვალისწინეთ. ვეცადეთ, მაქსიმალურად რაფინირებული პროდუქტი შეგვექმნა. ამ სფეროში კრიტიკა ბუნებრივია და ეს პრობლემას არ მიქმნის, თუკი ბოღმაში არ გადადის. ეს კი თავად იმ ადამიანების სისუსტეა, რომლებიც ბოღმის გამო გაკრიტიკებენ. მათ არ ვიცნობ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ნეგატიურ კომენტარებს, შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც ზღვარი არსებობს. ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, არის ბევრი შემსრულებელი, რომელიც შესაძლოა, არ მომწონდეს. ყოველთვის არ ვმდგარვარ სცენაზე და ვიყავი ჩვეულებრივი მსმენელი, დიდი ხანია, მელომანი ვარ, ყოველთვის მაინტერესებდა, რა კეთდებოდა ახალი მუსიკაში, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, რომ რომელიმე მუსიკოსზე ნეგატიური რამ დამეწერა. "მერე რა, რომ ბევრი მტერი მყავს, ათასჯერ ნული უდრის ნულს..."

- ანუ ამ ადამიანებს მაინც მტრე­ბ­ად აღიქვამ, თუ ეს, უბრალოდ, გადატანითი მნიშვნელობით გაქვს ნათქვამი?

- არა, არა... ეს სიმღერაში ცოტა სხვა გაგებით მაქვს ნათქვამი. არ არიან ჩემი მტრები, რადგან მათ არ ვიცნობ. ამერიკული გამონათქვამია, თუკი ვინმე შენზე ლაპარაკობს, ე.ი. შენ მის ცხოვრებას შეეხე და ნუ მისცემ საშუალებას მას, რომ შენს ცხოვრებას შეეხოს.

- ანუ დისტანცია გიკავია?

- დისტანცია ხმამაღალი სიტყვაა. ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი გულშემატკივრები არიან და თუკი მათ აქვთ რაიმე შენიშვნა, მათ ობიექტურად და კეთილგანწყობით დაწერილს აღვიქვამ, აუცილებლად ვკითხულობ და მაინტერესებს.

- შენს თავს თუ განიხილავ ქართული შოუბიზნესის ნაწილად?

- მუსიკოსი ვარ და ჩემი საქმიანობა ეს არის. ვარ თუ არ ვარ რაიმეს ნაწილი, არ ვიცი... თუ გადავხედავთ ამ ერთ წელიწადს და ელემენტარულ ანალიზს გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ მედიასაშუალებით ან ნებისმიერ ადგილას ჩემი სიმღერის ჩართვა კრიმინალის ტოლფასი იყო და დანაშაულად მიიჩნეოდა, ტურნეების დროს ყველანაირად გვიშლიდნენ ხელს, გვქონდა მილიონი პრობლემა, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად შრომობდნენ ბოლო ერთი წელი, ღამეების თენების ხარჯზე გაკეთდა ყველაფერი, რადგან ბოლო წამს გვაძლევდნენ ყველაზე უარეს ადგილებს კონცერტების ჩასატარებლად, ცდილობდნენ, ამა თუ იმ მომღერლის კონცერტი დაემთხვიათ ჩვენი ღონისძიებებისთვის, აღარ ჩამოვთვლი მათ სახელებს, უკვე სასაცილოა. თანაც, ამ კონცერტებს ისეთ ადგილას გეგმავდნენ, რომ მსმენელს აუცილებლად უნდა გამოევლო ის გზა, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა.

- ეს შენთვის სტრესი იყო?

- არანაირი სტრესი არ ყოფილა და რა შედეგიც მიიღეს, თავადაც ნახეს. უმეტესი კონცერტების ჩაშლამ მოუწიათ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. მე ყოველთვის ჩემს საქმეს ვაკეთებდი ისე, როგორც მე მესმოდა.

- საქართველოში თუ გეგულება ისეთი მუსიკოსი, მომღერალი, რომელთანაც სიამოვნებით ითანამშრომლებდი და რას ფიქრობ ქართულ შოუბიზნესზე?

- არაერთხელ მითქვამს, რომ ქართველი ერი გამოირჩევა მუსიკალურობითა და შემოქმედებით, ჩვენმა წინაპრებმა დიდი განძი დაგვიტოვეს, ფოლკლორს ვგულისხმობ, ამას ჩემი თქმა არ სჭირდება, თუმცა პირველი პრობლემაა ის, რომ უამრავი ნიჭიერი ადამიანი, რომელთაგანაც ბევრს პირადად ვიცნობ, წლებია, კადრს მიღმა არიან დარჩენილი. შექმნილი იყო კასტა ადამიანებისა, რომლებიც არაჯანსაღად მართავდნენ ამ სივრცეს. კონცერტებში მონაწილეები ნიჭით არ ფასდებოდნენ, თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა, ვინც კადრში ჩნდებოდა, უნიჭო იყო, უბრალოდ, შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი გახლდათ ის, ვინ რაზე იყო წამსვლელი ან ვისი ახლობელი გახლდათ. ვინც არჩევდა, არა მგონია, შერჩეულებზე რამით მეტი ყოფილიყო. ბევრ ახალგაზრდა შემსრულებელს ვიცნობ, ბევრთან ვმეგობრობ, სტუდიაშიც მიცდია მათთან მუშაობა. მოგხსენებათ, სტუდიაში გვქონდა სკოლა ნიჭიერი ბავშვებისთვის, რომლებსაც მუსიკის ისტორიას, ვოკალს ასწავლიდნენ პედაგოგები. იანვარში კვლავ განახლდება სწავლება და ახალი ნაკადი წამოვა, კასტინგი მალე გვექნება და გაგაგებინებთ. ყველაფერი, რაც ქართულია, ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა და ქართველის წარმატება ყველაზე მეტად გამიხარდება.

- არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ არცთუ იშვიათად გამოუთქვამთ მოსაზრება, ახლა სულ ბერა იქნება ტელევიზორში და სულ მისი კონცერტები გაიმართებაო.

- მეც მსმენია ეს მოსაზრებები. ვინც ასე ფიქრობს და ადამიანი ძირითადად თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე საუბრობს ხოლმე, ალბათ, თავად იქცეოდა ასე, როცა ჰქონდა ამის საშუალება. მე არც ამის უფლება მაქვს და არც სურვილი, რომ ვინმე ჩავანაცვლო ან დავბლოკო!.. ამ სფეროში ვინც მუშაობს, კარგის მეტი ჩემგან და ჩემი თანამშრომლებისგან არაფერი ახსოვთ. მომავალშიც ასე იქნება.

- შენი მიზანი რა არის? პოპულარობა, კარგ მუსიკოსად ჩამოყალიბება, გოგონების კერპად გახდომა? საერთოდ, თუ მოგწონს, როცა ვიღაცისთვის შეიძლება საოცნებო და მიუწვდომელი იყო?

- არ მივიჩნევ, რომ მიუწვდომელი ვარ. ამას ის ხალხი შეაფასებს, რომლებსაც ჩემთან ურთიერთობა აქვთ. როცა გულშემატკივრების რაოდენობა იმატებს, ყველასთან ურთიერთობას ვერ მოახერხებ. კონცერტზე გამოვაცხადე ნომერი, რომელზეც ყველას შეუძლია მომწეროს და ნახეთ, დღეს რამდენი მესიჯია შემოსული (ტელეფონს მაჩვენებს - ავტ.)?.. 9103. დიდი სიამოვნებით ვუპასუხებდი ყველას და გამოვხატავდი ჩემს სიმპათიას, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველასთვის პასუხის გაცემას ვერ მოვახერხებ.

ჩემი მიზნად ქცეული ოცნება? ისე ვლაპარაკობ, თითქოს ასაკში შევედი (იცინის), ისე, თმა კი მაქვს თეთრი... და სულ ასე მექნება, რამდენი წლისაც უნდა ვიყო. 18 წლის ვხდები. 14 წლის გახლდით, როდესაც ამ სფეროში შემოვედი. მამაჩემის გარდა კერპი, მისაბაძი ადამიანი არასდროს მყოლია, მაგრამ ადრე უფრო მეტად მქონდა მეგაპოპულარობის ოცნება. წლებთან ერთად ეს ოცნება დავხვეწე. ბერას ბრენდზე უფრო მეტად ახლა ჩემი სტუდიის მომავალს ვხედავ. სხვათა შორის, "ქართული ოცნება" პოლიტიკამდე დავაფუძნე, 4 წლის წინ, ამას ხაზგასმით ვამბობ. მინდა "ქართული ოცნების სტუდია", "უნივერსალ სტუდიოზე" დიდი გახდეს (იღიმება). ყველა ადამიანს აქვს პირველობის სურვილი და არც მე ვარ გამონაკლისი, "ან საერთოდ არ ვიქნები, ან ვიქნები პირველი"... ჩემი აზრით, თუკი ეს ოცნება ახდა, უფრო მეტის მომტანი იქნება.

- ვარსკვლავური დაავადება არ შეგეყარა? გქონია რაღაც ეტაპზე?

- ვარსკვლავები ცაში არიან, მე აქ ვზივარ და თქვენ გესაუბრებით. არასდროს მქონია თავში ავარდნის მომენტი, მაგრამ ვინიცობაა, თავში ამივარდა, ჩემ გვერდით არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ადგილს მომიჩენენ. პირველ რიგში, ჩემი მშობლები. ისე გავიზარდე და მშობლებმა ისეთი ფასეულობები ჩამინერგეს, რომ სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია. ასე მესმის ეს ყველაფერი. არ ვგულისხმობ საკუთარ თავს, მაგრამ ნებისმიერ წრფელად ნიჭიერ ადამიანს, რომელმაც იცის შრომის ფასი, არა მგონია, ამპარტავნება დაეუფლოს. მან იცის, რის ფასად მიაღწია ყველაფერს და ხელოვნური ქცევები არ სჭირდება.

- როდესაც პოპულარული და ყურადღების ცენტრში ხარ, გარემოცვა შეიძლება პრობლემად იქცეს, რადგან შესაძლოა, სიმართლეს არ გეუბნებოდნენ. ხომ არ გქონია კომპლექსი, რა უნდა ამა თუ იმ ადამიანს რეალურად შენგან?

- ამ მხრივ, როგორც ვთქვი, პირველ რიგში, მშობლებს ვენდობი, სიმართლის თქმას ვგულისხმობ. დედ-მამა ჩემთვის ყოველთვის მშობლებზე მეტი იყვნენ. მათთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა მქონდა და საიდუმლო არ მქონია, რომელიც მათ არ სცოდნიათ. მათ ისეთი სითბოთი და სიყვარულით გამზარდეს, რომ ამ ორი ადამიანის სიტყვა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. როცა რჩევა ან რაიმე შეკითხვაზე პასუხი მჭირდება, ყოველთვის მათთან მივდივარ.

რაც შეეხება სამეგობრო წრეს - კომპლექსი არ არის შესაბამისი სიტყვა და არც შიში. ვინც ყოველ მეორეს მეგობარს არქმევს, მას რეალურად არც ერთი მეგობარი არ ჰყავს. ჩემი აზრით, ჩემ ირგვლივ ვინც არის, ასე ვთქვათ, ბირთვი, მათ ძალიან კარგად ვიცნობ და ერთნაირი ღირებულებები გვაქვს. რასაკვირველია, არავინ არის დაზღვეული იმედგაცრუებებისგან და მეც მქონია. ადრე ბევრად უფრო რთულად გადამქონდა. ბოლო 1 წელიწადი ძალიან მრავლისმთქმელი იყო და ყველამ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, საკუთარი თავი დაგვანახვა. ვინც ერთად ვიდექით ბოლომდე, მათ ნამდვილი ბრძოლა გავიარეთ და სხვანაირი გვერდში დგომა გამოვცადეთ. ეს ერთი წელიწადი დადებითი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ არა მგონია, ცხოვრების განმავლობაში კიდევ მქონდეს ასეთი შესაძლებლობა. ზუსტად ვიცი, რომ ამას შვილიშვილებს ბუხართან მოვუყვები (იცინის).

- ახლა, როცა მამა რეალურ პოლიტიკაში ჩაერთო და აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, შენთვის როგორია ეს ყველაფერი?

- მამაზე შემიძლია იმდენი ვისაუბრო, რომ მთელი ჟურნალი არ ეყოფა. არ შემხვედრია მამაზე პასუხისმგებლიანი ადამიანი, რასაც ამბობს, ყოველთვის ასრულებს. ამაზე არასდროს ვნერვიულობ. მე თუ ერთი ან ორი ნაბიჯით წინ გავიხედავ, ესეც უკეთეს შემთხვევაში, მამა ათი ნაბიჯით წინ იხედება. მსოფლიოში ყველაზე მეტად მას ვენდობი.

- ახლა იქნება კრიტიკა, ლანძღვა, შემოტევები, მზად ხარ, რომ ეს გადაიტანო საყვარელ ადამიანთან მიმართებით?

- მამას ტელევიზორში უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში და მენატრება. რასაკვირველია, მე ბევრად უფრო მხვდება გულზე მისი კრიტიკა. არსებობენ ისეთი უბედური ადამიანები, რომლებიც შეიძლება, ოჯახს შეეხონ და მათ არ იციან, რა არის ოჯახი და სიყვარული. ქართველი კაცი მებრძოლი უნდა იყოს და პასუხისმგებლობა, ტვირთი საკუთარ თავზე აიღოს. მე ჩემი ტვირთი მაქვს, პატარა, მამას - ძალიან დიდი. კაცი იმისთვის ხარ, რომ ყველაფრის გადატანა უნდა შეგეძლოს. თუკი ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, ეს არაფერში აღარ ზის. შურსა და ბოღმას უკვე სიცილით ვხვდები. ოჯახი ჩემთვის წმინდა და ხელშეუხებელია. ვინც კომენტარით დიდ გულზეა, ცხოვრებაში უბანში ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს, კომპიუტერთან ზის და იქ წერს რაღაცას. ასეთი ადამიანები მხოლოდ სიბრალულს იწვევენ.

- ბერა, შედარებით სასიამოვნო თემაზე გადავინაცვლოთ. როგორია საახალწლო ტრადიციები თქვენს ოჯახში და როგორ შეხვდები ახალ წელს?

- ტრადიცია ისაა, რომ ოჯახის წევრები, სადაც უნდა ვიყოთ, 31 დეკემბერს აუცილებლად ერთად ვიყრით თავს. ოჯახში გვაქვს საჩუქრების ჩუქების ტრადიცია. 2-3 წელი ჩემი პატარა ძმისთვის თოვლის ბაბუა ვიყავი, რომ გაიზარდა, ახლა უკვე აღარ გამოვა. ძალიან ვმეგობრობთ, განუყრელები ვართ, თითქმის მთელ თავისუფალ დროს მასთან ვატარებ.

- ახალ წელს პირადულში ცვლილებების სურვილით ხომ არ ხვდები? ვიცი, რომ შეყვარებული არ ხარ.

- სწორად გცოდნიათ. რატომაც არ უნდა ვიპოვო სიყვარული? მალე გაზაფხულიც დადგება (იღიმის).

- მგონია, რომ შენი გულის დაპყრობა ადვილი არ იქნება.

- სანამ ჩემს მეორე ნახევარს არ ვიპოვი, ალბათ, ნახევრად ცარიელი ვიქნები. მამა მეუბნებოდა ყოველთვის, ცხოვრებაში რა წარმატებასაც უნდა მიაღწიო, ვინც უნდა გახდე, თუკი კარგი ოჯახი არ შექმენი, ვერასდროს იქნები შემდგარი ადამიანი. ისეთ გარემოში გავიზარდე, რომ ყველაზე მეტად გამიმართლა და ამ შემთხვევაში მატერიალურს არ ვგულისხმობ, ძალიან სერიოზულად ვუყურებ დაოჯახების საქმეს. სანამ საქმეში ბოლომდე შემდგარი არ ვიქნები, ამ ნაბიჯს არ გადავდგამ, რადგან ეს სხვა პასუხისმგებლობაა. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გვერდზე ისეთი ადამიანი მეყოლება, რომელსაც ვეყვარები და მეყვარება. საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვ. მგონია, რომ მამაკაცისთვის ეს მნიშვნელოვანია. კაცის მხრებზე უნდა იდგეს მისი ოჯახი.

- წარმოგიდგენია, როგორი უნ­და იყოს შენ გვერდით მყოფი გო­გონა?

- როგორ არ წარმომიდგენია? სხვათა შორის, ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. ვიცი, რომ ჯერ ადრეა ჩემთვის დაოჯახება. სხვადასხვა ადამიანზე მიფიქრია და შემიფასებია და ჯერჯერობით ასეთი გოგონა ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილა. არის ის თვისებები, რის გარეშეც გოგონა ჩემთან ვერ იქნება და რაც აუცილებელია. პირველ რიგში, ჩემი ოჯახის პატივისცემა უნდა დაიმსახუროს, თავად უნდა იყოს კარგი ოჯახიდან. მინდა, ისეთი ადამიანი იყოს ჩემ გვერდით, ვინც მეყვარება, ვეყვარები და ვისაც ჩემი ოჯახიც შეიყვარებს. მინდა, მისი ოჯახის ღირებულებები ჩემი ოჯახისას შეესაბამებოდეს.

- როგორ ფიქრობ, შეყვარებული ბერას შემოქმედება სხვანაირი იქნება?

- ჩემი სუსტი და ძლიერი წერტილიც ის არის, რომ ზედმეტად ემოციური ვარ. დავმარცხებულვარ თუ გამიმარჯვია, ეს ყოველთვის ემოციების გამო მომხდარა. მქონია გატაცებები... მჯერა მარადიული სიყვარულის და ველოდები ჩემს ერთადერთს. საერთოდ, თუკი ადამიანს აინტერესებს, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, ჩემს სიმღერებს უნდა მოუსმინოს, სიყვარული დიდ გავლენას მოახდენს ამ ყველაფერზე.

- როდისმე შენს საქმეს თავს თუ დაანებებ?

- ჩემს თავს ვერ ვხედავ 50 წლის ასაკში სცენაზე მოხტუნავეს. მაყურებელმა არ იცის, რა ხდება კადრს მიღმა. ამ სფეროში კარგ ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია, სპორტული მომზადება მჭირდება, ყოველდღე ვვარჯიშობ ცალკე მუსკულატურაზე, ცალკე გამძლეობაზე, რთულია, ორი საათი ცოცხლად იმღერო და თან, მუდმივად იმოძრაო, ამას ბევრი ენერგია მიაქვს, მაგრამ სულით ხორცამდე მუსიკოსი ვარ და ამას ვერ შეველევი, ლაპარაკი და სიარული არ ვიცოდი, რომ უკვე ვმღეროდი. მუსიკოსი არ ვარ, მუსიკა ვარ თავად (იცინის)!..

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ბერას "თვრამეტეული", დუეტი მამასთან და საახალწლო ოჯახური ტრადიციები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება