ავღანეთში დაღუპულ სერჟანტ გიორგი კიკაძეს 5 იანვარს დაკრძალავენ

 ავღანეთში დაღუპულ სერჟანტ გიორგი კიკაძეს 5 იანვარს დაკრძალავენ

ავღანეთში დაღუპულ სერჟანტ გიორგი კიკაძეს 5 იანვარს რუსთავში დაკრძალავენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

თავდაცვის სამინისტრო სრულად აანაზღაურებს ავღანეთში დაღუპულ სერჟანტ გიორგი კიკაძის დაკრძალვის ხარჯებს. ასევე, მის ოჯახს გადაეცემა კომპენსაცია.

გიორგი კიკაძის ცხედარი საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები დაესწრნენ. აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იმყოფებოდნენ.

სერჟანტი გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.

სერჟანტი გიორგი კიკაძე 1988 წლის 16 იანვარს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. კრწანისის სასწავლო ცენტრში საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ სერჟანტი კიკაძე II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში ჩაირიცხა. 2012 წლის გაზაფხულზე მან სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გადასროლის წინა მოსამზადებელი 6-თვიანი კურსი გაიარა. გიორგი კიკაძე ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე