სოფია სებისკვერაძის "სნეგუროჩკა" ჰეფი

სოფია სებისკვერაძის "სნეგუროჩკა" ჰეფი

ჰეფი ჩიხუახუას ჯიშის მოყვარული გოგონაა და ფოტოკამერის წინ პოზიორობაც უყვარს. საკმაოდ საინტერესო გარდერობიც აქვს. მის ჩაცმულობაზე სოფია სებისკვერაძე და მისი შვილი - მარი ზრუნავენ. ახალი წლის დღესასწაულს ისინი ჰეფისთან ერთად უკვე მეორედ შეხვდნენ...

სოფია სებისკვერაძე:

- ჰეფი უკვე დიდი "გოგოა" - წლისა და 4 თვის არის. საერთოდ, ჩიხუახუას ჯიშის ძაღლები ავები, კაცთმოძულეები არიან - პატრონისა და ოჯახის წევრების გარდა, ყველას უყეფენ. ეტყობა, ჰეფი გამონაკლისია: ძალიან მშვიდი ლეკვია. ასაცრელად რომ მიგვყავდა, ექიმს ხელზე "კოცნიდა". ვეტერინარი გაოცებული იყო, - ასეთი მშვიდი ჩიხუახუა არასოდეს მინახავსო! ჰეფის თამაში ძალიან უყვარს, სტუმრებზე გიჟდება! სადარბაზოში ვინმე რომ ჩაივლის, წამოხტება და კარისკენ გაქანდება ხოლმე - ჰგონია, რომ ჩვენთან ვიღაც მოვიდა.

- ჰეფი თქვენს ცხოვრებაში როგორ გამოჩნდა?

- ჩემს გოგონას - მარის ძალიან უნდოდა, რომ ძაღლი ჰყოლოდა და ბებომ სურვილი აუსრულა. როცა შინ მოვიყვანეთ, 750 გრამს იწონიდა, ახლა - 2 კილოგრამამდეა... თავდაპირველად, ძაღლი არ მინდოდა. ვფიქრობდი, - მისი მოვლა გამიჭირდება-მეთქი, მაგრამ ახლა დღედაღამ მასზე ვზრუნავ. ვამბობ ხოლმე: ჰეფის გარეშე როგორ ვცხოვრობდით-მეთქი?!

- გადაღებებზეც ხომ არ დაგყავს?

- კი. სხვათა შორის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ ეპიზოდში გადაიღეს: ალბათ გახსოვთ ის სცენა, როცა ბავშვობაში დიტომ კატოს ლეკვი აჩუქა... შეიძლება, ჰეფი ეკრანზე კიდევ ვიხილოთ (იღიმის). პოზიორობა უყვარს. ფოტოებსაც ვუღებთ ხოლმე.

- ჰეფისთვის ტანსაცმელს სად ყიდულობთ?

- ზოგჯერ თავად ვუკერავთ, ვუქსოვთ, ზოგჯერ - ვყიდულობთ, ზოგჯერ კი კიევიდან გვიგზავნიან.

- როცა სამოსი პირველად მოარგეთ, არ იუცხოვა?

- ჩიხუახუას ჯიშის ძაღლები ძალზე მცივანები არიან და ამიტომ სამოსის გამო, ჰეფის დიდი პროტესტი არ გამოუხატავს.

- სახელი ვინ შეურჩია?

- ჰეფი მე დავარქვი. ყველა აღნიშნავს, - სახელს ამართლებსო. სულ უნდა, რომ მოგეფეროს, გეთამაშოს... შინიდან გასასვლელად როცა ვემზადები, "იბუსება" და დასაწოლად მიდის - ვითომ ყურადღებას არ მაქცევს; სახლში დაბრუნებულს იმავე ადგილზე მხვდება, სადაც ვტოვებ.

- სად სძინავს?

- ზამთარში, პატარა ჰეფის ჩვენი საწოლის გვერდით, პუფზე ეძინა. ღამით თუ დაიწკმუტუნებდა, ხელს გადავყოფდი და ჩუმდებოდა. მას ისიც არ მოსწონდა, მარი სკოლაში რომ მიდიოდა. ჰოდა, წასვლის წინ რომ არ ენახა, ლეკვს ლოგინში ვიწვენდი ხოლმე. ნელ-ნელა ჰეფი ლოგინში წოლას შეეჩვია და დღემდე ჩვენთან იძინებს.

- მავნე ჩვევები აქვს?

- კი, "ჩუსტებს" ემტერება. კიდევ, ბალიშებს არღვევს და სახლში დაბრუნებულს, ოთახებში ბამბის "თოვლი" მხვდება ხოლმე. ამიტომ იძულებული ვარ, ფეხსაცმელთან ერთად, ბალიშები დავუმალო... ერთხელ თმის საღებავი შეჭამა. კიდევ კარგი, არაფერი დაემართა. ფანქარიც შეუჭამია, ფულიც... პატარა რომ იყო, სულ ასე "მაიმუნობდა", ახლა - ნაკლებად.

- ხშირად ასეირნებ?

- ვერა. როცა სასეირნოდ მიმყავს, ძირითადად, ხელში აყვანილს ვატარებ, რადგან ამ ჯიშის ძაღლების ჩვევაა, დიდებს შეჰყეფონ, ისინი კი პატარა ჰეფის "გადაყლაპავენ"... ჰეფის დანახვისას ყველას მისი მოფერების სურვილი უჩნდება. ზაფხულში ზღვაზეც მყავდა. მასთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. ჰეფის გამო, საჩუქრად ნაყინსაც გვიგზავნიდნენ (იღიმის).

- მეგობარი ძაღლები თუ ჰყავს?

- ძაღლებს არ ეკონტაქტება, ეშინია. მეც მეშინია, რამე არ დაუშაონ. ძირითადად, ჰეფი ადამიანებთან და ჩემს თუთიყუშთან ურთიერთობს. როცა სახლში ვარ, თუთიყუშს არ "ელაპარაკება", შინ დაბრუნებულს კი ხანდახან გალიის ქვემოთ ჩამომჯდარი მხვდება.

- ალბათ ცდილობთ, რომ ახალი წლის დღესასწაული ჰეფისთვისაც განსაკუთრებული იყოს...

- ჰეფისთან ერთად, ახალი წლის დღესასწაულს უკვე მეორედ შევხვდით. შარშან ჩვენი ლეკვი პატარა იყო და საახალწლო კოსტიუმიც არ ჰქონდა. ახლა ჩემმა შვილმა "სნეგუროჩკას" ფორმა შეუკერა. როგორც გითხარით, ჰეფის სტუმრები ძალიან უყვარს. ასე რომ, ახალ წელს გახარებული იყო...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება