რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს რუსეთი საკუთარი სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობით ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებებს ჩაატარებს. არსებული ინფორმაციით, მასში მონაწილეობას ბალტიის, შავი ზღვის, ჩრდილოეთი და წყნარი ოკეანეების ფლოტების მცურავი საშუალებები მიიღებენ.

მსგავსი მასშტაბების სწავლებები რუსეთის ფლოტში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში არ ჩატარებულა. ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენლების განმარტებით, სწავლების მსვლელობისას გათამაშებული იქნება რამდენიმე სამხედრო სცენარი. მათ შორის ჩრდილო კავკასიის მოუმზადებელი სანაპირო ზოლიდან სადესანტო ხომალდებზე პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის დატვირთვის ტაქტიკური ეპიზოდი.

სწავლებისთვის მზადება გასული 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთი სამხედრო ფლოტის გაძლიერებას დიდ ყურადღებას აქცევს. საყოველთაო გადაიარაღების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020 წლამდე ფლოტის გაძლიერებაზე 4,5 მილიარდი რუსული რუბლი იქნება გამოყოფილი.

არსებული ხომალდების მასშტაბური მოდერნიზაციის პარალელურად (ეს პროცესი წლების წინ უფულობის გამო დაკონსერვებული ხომალდების მწყობრში დაბრუნებასაც მოიცავს), რუსეთი საკმაოდ დიდ თანხებს როგორც წყალზედა, ასევე წყალქვეშა ახალი მცურავი საშუალებების შექმნას ახარჯავს. 2013 წლის იანვრის დასაწყისში გავრცელებული ცნობებით, 2016 წლამდე ფლოტი 18 საბრძოლო ხომალდს და ექვს ატომურ წყალქვეშა ნავს მიიღებს.

დღევანდელი დღის მდგომარეობით, რუსეთის საზღვაო ძალები ხუთი (ბალტიის, შავი და კასპიის ზღვების, ჩრდილო და წყნარი ოკეანეების) ფლოტისგან შედგებიან. არსებული მონაცემებით, ხუთივე ფლოტის შემადგენლობაში 217 სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ხომალდი და 69 წყალქვეშა ნავი ირიცხება, მათგან 48 ატომურია.

უკანასკნელი წყალქვეშა ნავი ფლოტმა 2012 წლის ბოლოს მიიღო. ბალისტიკური ატომური რაკეტებით შეიარაღებული"ბორეის" პროექტით შექმნილი სტრატეგიული წყალქვეშა ნავი "იური დოლგორუკი" ფლოტმა 30 დეკემბერს ჩაიბარა. იმავე დღეს ამავე ტიპის კიდევ ერთი - რიგით მესამე წყალქვეშა ნავი წყალში ჩაუშვეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ flot.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა