სარკმელში მოციმციმე სანთელი, საშობაო ღვეზელი და სადღესასწაულო ტრადიციები

სარკმელში მოციმციმე სანთელი, საშობაო ღვეზელი და სადღესასწაულო ტრადიციები

ქრისტესშობა მორწმუნე ადამიანებისთვის უდიდესი მოვლენა და ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია. როდესაც ბეთლემში მაცხოვარი იშვა, მასთან თავდაპირველად ღატაკი მწყემსები მივიდნენ, რომელთაც იესოს უბრალოებით, რწმენითა და მორჩილებით სავსე გულები მიუძღვნეს; თაყვანისსაცემად მისულმა მოგვებმა კი სამი საჩუქარი მიართვეს - ოქრო, როგორც საუკუნო მეფეს, გუნდრუკი ანუ საკმეველი, როგორც ღმერთს და მური, როგორც ღმერთკაცს. მწყემსებს მაცხოვრის დაბადება ანგელოზებმა აუწყეს, მოგვებს კი - ვარსკვლავმა და სასურველ ადგილამდე მისაღწევად, ძნელად სავალი გზა გაიარეს...

ბოლო წლებში, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, ჩვენს ქვეყანაში შესანიშნავი ტრადიცია დამკვიდრდა - შობის დადგომას მორწმუნე მართლმადიდებლები სარკმელში ანთებული სანთლით ეგებებიან, რაც სიმბოლურად, უფლისთვის კარის გაღებას ნიშნავს.

საშობაო ტრადიციებსა და ახალ წელზე სასაუბროდ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს დავუკავშირდით.

გიორგი ვარდოსანიძე, მსახიობი:

- ახალ წელს ტრადიციულად, ოჯახში ვხვდები. სამ სადღეგრძელოს ვიტყვით, დავილოცებით, მერე კი მეგობრებთან ერთად სადმე გავბოდიალდები და ხან სად მითენდება, ხან - სად. ზოგჯერ წამყვანადაც მეპატიჟებიან ამა თუ იმ "ივენთზე". პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამო წელს განსხვავებული და გამორჩეული ახალი წელი მქონდა...

რაც შეეხება შობას - ყოველთვის ვცდილობ, ამ დღესასწაულს ტაძარში, ლურჯ მონასტერში შევხვდე, რომლის მრევლიც გახლავართ. წელსაც შევეცდები, 7 იანვარს თბილისში ვიყო და ეს წმინდა დღესასწაული სწორედ ეკლესიაში აღვნიშნო. რაც შეეხება საშობაო ტრადიციებს: ჩემი ოჯახის წევრები ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც საჭიროა - საშობაო ღვეზელს აცხობენ, სარკმელთან სანთელს ანთებენ და ა.შ. მე კი უბრალოდ, ამ ყველაფრით ვტკბები.

თიკა ფაცაცია, მომღერალი:

- სიმართლე გითხრა, დღესასწაულებს ისე აღვნიშნავთ, როგორც ყველა ქართული ოჯახი: მთელი დღე ვემზადებით საიმისოდ, რომ ახალ წელს ლამაზად შევეგებოთ. ამ დროს ყველა თავის საქმეს აკეთებს, მე კი ძირითადად, სამზარეულოში ვფუსფუსებ. სხვათა შორის, სუფრის გაწყობაში ბავშვებიც მეხმარებიან. პირველ იანვარს, სტუმრები ჩვენთანაც მოდიან, მერე ჩვენც მივდივართ სტუმრად. მოკლედ, რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს, როგორიცაა შამპანურში ფერფლის ჩაყრა და მაგიდის ქვეშ შეძრომები (იცინის)...

რაც შეეხება შობის ბრწყინვალე დღესასწაულს - ვიდრე პატარა შემეძინებოდა, 6 იანვრის საღამოს ტაძარში მივდიოდი, ლიტანიობას ვესწრებოდი, წელს კი არ ვიცი, ამას რამდენად მოვახერხებ. შობის დღესასწაული ძალიან მიყვარს; ამ დღეს თითქოს, სულიერად უფრო ამაღლებული ხარ, სხვანაირი განწყობილება გაქვს.

- შობის დღესასწაულს საზღვარგარეთ თუ შეხვედრიხართ?

- კი. 2000 წელს აშშ-ში შევხვდი, მილენიუმის შემობრძანება იყო. მოგეხსენებათ, იქ შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ეს მათთვის უდიდესი დღესასწაულია და ოჯახის წევრები იკრიბებიან, ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან. ახალი წლის ღამეს რაიმე განსაცვიფრებელი არასოდეს მახსოვს. ერთი ის იყო, რომ ცენტრალურ მოედანზე დიდი ბუშტი გასკდა. შემდეგ კი რომელიღაც ბარში ვიყავით, სადაც ახალი წლის შემობრძანებას ერთმანეთს უცხო ადამიანები ვულოცავდით. ცუდია, რომ საქართველოში გრანდიოზული საახალწლო კონცერტი არ გაიმართება. ახლა ვხვდები, თურმე როგორი განებივრებულები ვიყავით ამ ყველაფრით ჩვენც და მოქალაქეებიც. ორი კვირით ადრე სასიამოვნო სამზადისი გვქონდა, წელს კი ამ ყველაფრის არქონა ძალიან განვიცადეთ. მომღერლისთვის და წამყვანისთვის ახალი წლის დღე სცენის გარეშე, ვერ წარმომედგინა...

- თქვენს შვილებს როგორი თოვლის ბაბუა ჰყავდათ?

- ერთხელ თოვლის ბაბუამ სახლში მოგვაკითხა, მაგრამ დიდად არ მოიწონეს. საჩუქრებს ვირტუალურად რომ უტოვებს, ეს უფრო მეტად ხიბლავთ. ვისარგებლებ შემთხვევით და 2013 წლის შემობრძანებას სრულიად საქართველოს მივულოცავ. მინდა, რომ ადამიანებმა ყოველ დილას ბედნიერების შეგრძნებით გაიღვიძონ.

ზურა ბერიკაშვილი, მსახიობი:

- როგორც მსახიობს, ახალი წლის ღამეს ზოგჯერ, საღამოების წაყვანაც მიწევს. თუმცა, ვიდრე სამუშაოდ წავალ, ვცდილობ, დამდეგს შინ შევეგებო. ამ დღესასწაულს მამაც ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, ზოგჯერ ამას ვერ ახერხებდა, რადგან ტელევიზიით პირდაპირი საღამოები გადაიცემოდა... ახალ წელს ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნით, ოჯახში ტრადიციული სუფრა იშლება. მეკვლეები ძირითადად, ჩვენი შვილები არიან. პირადად მე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მარხვის დაცვას ვერ ვახერხებ, მაგრამ შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციებს აუცილებლად ვიცავთ. მინდა, ეს ბრწყინვალე დღე მთელ საქართველოს მივულოცო და ყველას ღვთის წყალობა ვუსურვო.

ზაზა ხუციშვილი, მუსიკოსი:

- ახალ წელს ტრადიციულად, ოჯახში შევხვდი, შემდეგ კი ჯგუფის - "ვაკის პარკი" წევრებთან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში წავედი. მოკლედ, საღამო საყვარელ მსმენელთან ერთად გავატარე... რაც შეეხება შობას, რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულს ოჯახის წევრებთან ერთად, ეკლესიაში ვეგებები, გამთენიისას შინ მივდივართ, ცოტა ხანს ვიძინებთ, მერე კი დედასთან მივდივართ სტუმრად. მოკლედ, ტრადიციული ქართული ოჯახი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ კულინარობა მეხერხება და მიყვარს კიდეც, საახალწლო ან საშობაო სამზადისში არ ვმონაწილეობ - დედა და ჩემი სიდედრი ამ საქმის ისეთი ოსტატები არიან, რომ ჩემი დახმარება არ სჭირდებათ. ისინი ძალიან გემრიელ საცივს, "ხალადეცს" და სხვა კერძებს ამზადებენ. რაც შეეხება საჩუქრების შერჩევას - ჩემი გოგონა თოვლის ბაბუას წერილს სწერს ხოლმე და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, სურვილები შევუსრულოთ.

პატრიარქის მოწოდებას - შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის ანთების თაობაზე, აუცილებლად ვასრულებთ. ლამაზი ტრადიციაა და სიმბოლურად, უფლისთვის გულის, ოჯახის, კარის გაღებას ნიშნავს. ღვეზელებს სახლში არ ვაცხობთ; წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლი ვარ და ყოველი დიდი მარხვის შემდეგ, ტაძრის ეზოში ყველა ერთად ვიხსნილებთ, ჰოდა, საშობაო ღვეზელებსაც სწორედ იქ მივირთმევთ.

თამუნა ნიკოლაძე, მსახიობი:

- ახალ წელს აუცილებლად, ჩემს ჭერქვეშ, ოჯახთან ერთად ვხვდები; სუფრაზე აუცილებლად მაქვს საკუთარი ხელით მომზადებული გოზინაყი. სხვათა შორის, ნაძვის ხესაც მე ვაწყობ - ეს პროცესი ძალიან მომწონს. "თავისუფალ თეატრში" ტრადიცია გვაქვს, რომ ყველა დღესასწაულს, მათ შორის - ახალ წელსაც ყოველთვის ერთად აღვნიშნავთ: დაახლოებით პირველი საათის შემდეგ ვიკრიბებით, ერთმანეთს ვულოცავთ, სუფრას ვშლით, ვცეკვავთ, ვმღერით, რაღაც გათამაშებებში ვმონაწილეობთ და ა.შ. ძველით ახალ წელს ჩვენივე თეატრის მსახიობები "თეატრალურ კაპუსტნიკს" ვამზადებთ: 1-2-საათიანი პროგრამა გვაქვს, სადაც ახლობელ ადამიანებს ვეპატიჟებით და კარგად ვერთობით.

- შობას როგორ აღნიშნავთ?

- სხვათა შორის, წელს შობას სპექტაკლი მაქვს. ძირითადად, მე და დედა ტაძარში დავდივართ და მარხვა რომ ხსნილდება, ტრაპეზსაც ვესწრებით ხოლმე... ზოგჯერ მეგობრებთანაც მივდივარ, მაგრამ საერთოდ, მირჩევნია, დღესასწაულები შინ აღვნიშნო. საშობაოდ დედა რაიმე განსაკუთრებულ სადილსაც ამზადებს და მოხარშული ღორის ხორციც ყოველ შობას გვაქვს. საეკლესიო და სახელობითი (თამარობა, გიორგობა, ქეთევანობა და ა.შ.) დღესასწაულები ძალიან მიყვარს.

დავით გოგიჩაიშვილი, შოუმენი:

- შობის დღესასწაულს მეც ისე აღვნიშნავ, როგორც სხვები. დედა ტრადიციულ ღვეზელებს აცხობს, ოღონდ - მათზე ჩვენი სახელების ინიციალებია გამოსახული; ეს ტრადიცია ბებიისგან მოგვდგამს. ფანჯრის რაფაზე აუცილებლად ვდებთ ანთებულ სანთელს, მერე ტაძარშიც მივდივართ...

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი:

- ქრისტესშობა მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინი, საზეიმო შინაგანი განწყობილება მაქვს; სულ მგონია, შობის ღამე ისეთი ჯადოსნურია, რომ შეიძლება, ოცნებები ახდეს. ვფიქრობ, ძველი ტკივილები, წყენა უნდა დავივიწყოთ და ახალ წელს ახალი ემოციებით, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები თუ სხვა რამ.

- ბოლო წლებში, პატრიარქის კურთხევის შემდეგ, მორწმუნე ოჯახების უმეტესობა ფანჯარასთან სანთელს ანთებს. თქვენ თუ მოგწონთ ეს ლამაზი ტრადიცია?

- სარკმელთან სანთლის ანთება შესანიშნავი ტრადიციაა. ჩემი სახლიდან ძალიან ლამაზად ჩანს ხოლმე მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებში მოციმციმე სინათლე. წარმოიდგინეთ, რამდენი ლოცვა, სურვილი და კეთილგანწყობა მოჰყვება თითოეულ ანთებულ სანთელს. ეს ხომ ძალიან ამაღელვებელია!..

- ახალი წელი როგორ აღნიშნეთ?

- ვიდრე გავთხოვდებოდი, ახალ წელს ხან ოჯახში, ხანაც - მეგობრების გარემოცვაში, კლუბში ან სადმე სხვაგან ვხვდებოდი. მოგეხსენებათ, საქართველოში უამრავი ადგილია კარგად გართობისა და თავშეყრისათვის. როცა დიდი სამეგობრო წრე გყავს, არ მოიწყენ, მით უმეტეს - ახალ წელს. ვინაიდან ახლა მცირეწლოვანი შვილები მყავს, ახალ წელს მათთან ერთად შევეგებე - მშვიდად, წყნარად და ბედნიერად.

- როგორ ფიქრობთ, ქართული წესით ჯერ ახალი წლის აღნიშვნა, შემდეგ კი შობის დღესასწაულის, მართებულია?

- ჩვენ ხომ ევროპისკენ გვაქვს გეზი აღებული - ეს გამოგვდის თუ არა, სულ სხვა თემაა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენთან საზეიმო განწყობილება 31 დეკემბერს უფრო იგრძნობა. სრულიად ქრისტიანული სამყარო ახალ წელს 14 იანვარს აღნიშნავს და მისასალმებელია, რომ ტაძრებში მრევლის რაოდენობა ბევრად გაიზარდა, სხვაგვარი დამოკიდებულება გაჩნდა მარხვის დაცვისა და დღესასწაულების სწორად აღნიშვნის თვალსაზრისით. თუმცა, რა ვქნა, 31 დეკემბრის ტრადიციაც ძალიან მომწონს.

დავით გიორგობიანი, მსახიობი:

- ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ჩვენი წელთაღრიცხვა ხომ სწორედ ქრისტესშობიდან დაიწყო. მართალია, მსოფლიოს დიდი ნაწილი ახალ კალენდარზეა გადასული, მაგრამ ჩვენ ცდუნებას არ უნდა ავყვეთ და ახალი წელი შუა მარხვაში, შობამდე არ უნდა აღვნიშნოთ. თვით კათოლიკური ეკლესიაც კი ახალ წელს შობის შემდგომ ზეიმობს და ასევეა ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც. საქართველოში კი კალენდრული რეფორმის გამო, ამ ყველაფერს ვეგუებით და შუა მარხვისას ღრეობებს ვმართავთ.

- როგორ აღნიშნავენ შობის დღესასწაულს საბერძნეთში?

- მთელ ქალაქში ლამაზი, მაღალი დონის განათებაა, ვიტრინებში თოვლის ბაბუები და სხვადასხვა საახალწლო აქსესუარია გამოფენილი; ყველაფერი მორთულია და საშობაოდ ერში დიდი საზეიმო განწყობილებაა... როგორც ერის კაცს, გული მტკივა იმის გამო, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, თორემ შობის დღესასწაული რომ უდიდესი სიხარულის მომგვრელია, ეს უდავოა. იმის გამო, რომ ბავშვებს უხარიათ, ახალ წელს ქართველები 31 დეკემბერს აღვნიშნავთ, სუფრას შემოვუსხდებით, მერე ერთ სადღეგრძელოს მეორე მოჰყვება, მეორეს - მესამე... იქ ინდაურის ბარკალს გაჰკრავენ კბილს, მარხვას არღვევენ; იწყება გადამეტებული ღრეობა, ღამის თევა, კონცერტები და ა.შ. თავს არავის შევაწყენ, მაგრამ ახალი წელთაღრიცხვა რომ ქრისტესშობიდან იწყება, ეს ხომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პეტრე პირველის დროს, XVII-XVIII საუკუნეებში დაწესებული საერო ახალი წელი?! ჩემი აზრით, სასურველი იქნება, რაღაც შევცვალოთ, რადგან 7 იანვრის აღნიშვნისას უკვე მაგარი ნაქეიფრებიც ვართ და მარხვაგატეხილებიც. იმედი მაქვს, ერის შეგნება იქამდე მივა, რომ 31 დეკემბერს უფრო მოკრძალებულად მაინც იზეიმებს.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართველებს მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა მივულოცო. მოგეხსენებათ, შობის შემდგომ დღეებში მისი საფლავის გახსნა მოხდება და დიდი მოლოდინია იმისა, რომ სულიერი და ხორციელი განკურნებები მასობრივად აღესრულება. იმედია, წმინდა გაბრიელის ლოცვა ჩვენს ერს რეალურად შემოაბრუნებს ქრისტესკენ. ქვეყანაში არსებულ პარტიულ ბრძოლებსა და ყველა პრობლემას სწორედ ჭეშმარიტი რწმენით დავძლევთ. ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლურ სარწმუნოებას მტკიცედ ინარჩუნებს, უწმინდესი ბრძნულად წარმართავს ყოველივეს. ეკლესიის წევრი უნდა იყო და ქვეყნის კეთილდღეობისთვის სწორედ მისი წიაღიდან იღვაწო და იბრძოლო.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება