2013 წელს კინომანები ეკრანზე ისეთი ცნობილი რეჟისორების ფილმების გამოსვლას ელოდებიან, როგორებიც მარტინ სკორსეზე, ლარს ფორნ ტრიერი, ძმები კოენები, ბაზ ლურმანი და კარ ვაი ვონგი არიან.
გამოცემა telegraph-ი იმ ფილმების ანონსს აქვეყნებს, რომელთა პრემიერებიც წელს გაიმართება.
"დიდი გეთსბი" (ბაზ ლურმანი)
ავსტრალიელი რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი, რომლის ევროპული პრემიერაც 17 მაისს გაიმართება, ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. თუმცა, მანამდე მისი ეკრანიზაციის მცდელობა ლურმანის გარდა, სხვა ოთხ რეჟისორსაც ჰქონდა, თუმცა არც მთლად წარმატებით. "მულენ რუჟისა" და "რომეო+ჯულიეტას" რეჟისორის დრამაში მთავარ როლებს ლეონარდო დი კაპრიო (ჯეი გეთსბი) და კერი მალიგანი (დეიზი ბიუკენენსი) შეასრულებენ.
"მდელოები ინგლისში" (ბენ უიტლი)
ბრიტანელი რეჟისორის წინა ფილმების მსგავსად, ესეც საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომლის გმირებიც ინგლისის სამოქალაქო ომის დროს ტყვედ ჩავარდებიან. ისინი კოშმარებისა და პარანოიის მსხვერპლი ხდებიან.
"მონობის თორმეტი თვე" (სტივ მაკქუინი)
მართალია, მონობის თემას ეხებოდა 2012 წელს გამოსული მისი ორი გახმაურებული ფილმი - კვენტინ ტარანტინოს "ჯანგო განმათავისუფლებელი" და სტივენ სპილბერგის "ლინკოლნი", თუმცა კინომოყვარულებიცა და კრიტიკოსებიც მოუთმენლად ელიან მაკქუინის ფილმის პრემიერას. "მონობის თორმეტი თვე" სოლომონ ნორსაფის მოგონებების ეკრანიზაციაა - აფროამერიკელი ნორსაფი ამერიკის სამოქალაქო ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე ვაშინგტონიდან გაიტაცეს და მონად გაყიდეს. ფილმში მთავარ როლებს მაიკლ ფასბინდერი და ბრედ პიტი ასრულებენ.
"ლიუნ დევისის თვალით" (ჯოელ და იტან კოენები)
ძმები კოენების ფილმში, რომლის პრემიერაც ამერიკაში 8 თებერვალს გაიმართება, მოქმედება 1960 წელს ხდება. ფილმი გადაღებულია ფოლკ-მომღერლის დეივ ვან რონკის მემუარების მიხედვით, რომელშიც ის ნიუ იორკის გრინვიჩ ვილიჯის ფოლკლორულ ცხოვრებას იხსენებს.
კოენების დრამაში ჯასტინ ტიმბერლეკი და კერი მაქგილანი თამაშობენ.
"მხოლოდ ღმერთი პატიობს" (ნიკოლას უინდინგ რეფნი)
ფილმი მოგვითხრობს რაიან გოსლინგის მიერ განსახიერებული ბრიტანელი განგსტერის შურისძიებაზე. მას სურს შური იძიოს ძმის მკვლელ პოლიციელზე.
"უოლ სტრიტის მგელი" (მარტინ სკორსეზე)
2011 წელს ეკრანებზე "ჰუგოს" გამოსვლის შემდეგ, ეს ცნობილი რეჟისორის პირველი ფილმია, რომელშიც ის კვლავ ბრუნდება მისთვის ჩვეულ ტერიტორიაზე, როგორც თემატური, ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით. რაღა თქმა უნდა, სკორსეზეს სხვა ბევრი ფილმის გარდა, არც ეს ფილმი ჩაივლის ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობის გარეშე. ამერიკელი მსახიობი ჯორდან ბელფორტის როლს შეასრულებს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი საბროკერო ფირმის დამფუძნებლია და რომელსაც ფულის გათეთრებისთვის გაასამართლებენ.
"დიდი ოსტატები" (ვონგ-კარ-ვაი)
ჰონგ-კონგელი რეჟისორის ფილმი ეძღვნება საბრძოლო ხელოვნების დიდოსტატს იპ მანს, რომელიც თავის დროზე ბრიუს ლის მასწავლებელი იყო. "დიდი ოსტატების" პრემიერა თებერვალში, ბერლინის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე გაიმართება.
"ნიმფომანი" (ლარს ფონ ტრიერი)
ცნობილი დანიელი რეჟისორის ახალი ფილმი პორნოგრაფიული დრამაა, რომელიც ქალის - დაბადებიდან 50 წლამდე - ეროტიკული განცდების ისტორიას მოგვითხრობს. "ნიმფომანის", რომლის სცენარის ავტორიც თავად ფონ ტრიერია, პრემიერა თავდაპირველად დანიაში გაიმართება 30 მაისს. ფილმში მთავარ როლს ტრიერის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი, შარლოტა გინსბურგი შეასრულებს.
მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.