გია სურამელაშვილი ბაბუა ხდება

გია სურამელაშვილი ბაბუა ხდება

რედაქციასთან მე და ჩემმა ფოტოგრაფმა ტაქსი გავაჩერეთ და სანაპიროსკენ, გია სურამელაშვილის რესტორნისკენ ავიღეთ გეზი. გზაში ჩვენი საუბრიდან მძღოლმა ჩვენი პროფესია გამოიცნო, ისიც რომ გაარკვია, ვისთან მივდიოდით, მომღერალთან ერთი ამბის გადამოწმება გვთხოვა. - კაცო, გურჯაანელი კაცი ვარ და ეგეთი ამბავი გავიგე, სურამელაანთ ბიჭი კახელებს ჩასიძებია, გაგიჟებასა ვარ და ერთი გამირკვიეთ, მართალია თუ არა ეგ ამბავიო.

-  (იცინის) ეს ჭორი ნამდვილად არ გამიგია. ისე, კახელები ძალიან მიყვარს. თუ კარგი ვარიანტი იქნება, რატომაც არა.

-  გია, როგორ შეაფასებ განვლილ წელს?

-  ცუდი ნამდვილად არ ყოფილა, როგორც მომღერლისთვის. გადაცემიდან გადაცემაში, ქვეყნიდან ქვეყანაში გადავდიოდი. ჩემმა პოპულარობამ პიკს მიაღწია. მქონდა უამრავი გასტროლი. გამოვუშვი ალბომი - "გაპატიებ". მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ ვაპატიე (იცინის). ამ წელს ჩემს სიყვარულსაც ვატან. ის ასე არ ფიქრობს, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე, მთავარი მე ვარ. მე ვწყვეტ, როდის უნდა დამთავრდეს ურთიერთობა, თუმცა კარგი მოგონებები დამრჩა, ბოლო პერიოდს თუ არ გავითვალისწინებთ. ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, არჩევნებმა, ციხის ამბებმა, არეულობებმა, ეტყობა, ჩვენზეც იმოქმედა.

-  რას გულისხმობ? არჩევნები პირად ურთიერთობასთან რა კავშირშია? შენი რჩეული პოლიტიკოსი იყო?

-  არა, ზოგადად დაძაბულობა იყო ქვეყანაში და ყველას შეეტყო ეს. ჩვენც არ ვყოფილვართ გამონაკლისი.

-  საახალწლო განწყობა თუ გაქვს?

-  არანაირი განწყობა არ მაქვს. მგონი, არ მიყვარს ახალი წელი. ახალი წელი მაშინაა, როცა კარგად ხარ, ბედნიერი ხარ, ბევრი ფული გაქვს, გასტროლები და ყველა ჯანმრთელად გყავს გვერდით.

-  არ მითხრა, რომ ნაძვის ხეც არ დაგიდგამს სახლში.

-  ნაძვის ხე დავდგით სახლშიც და ჩემს რესტორანშიც. უბრალოდ, მე დიდად არ მაღელვებს ეს პროცესი. მთავარია, საჩუქრები დამხვდეს ნაძვის ხის ქვეშ (იღიმება). უამრავი კონცერტი მაქვს ჩასატარებელი ახალი წლის დღეებში. 31-ში დილიდან ვიწყებ სიმღერას.

-  საჩუქრებსაც ელოდები, როგორც მივხვდი...

-  ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის ჩემი შვილიშვილი იქნება, რომელიც თებერვალში დაიბადება. მამამთილი ვარ უკვე, თუმცა დიდი ქორწილი არ ჰქონია ნუგოს, არ გავახმაურეთ ეს ამბავი. შენ გინახავდი ექსკლუზიურად (იცინის). ჩემი რძალი, სოფო, ეკონომისტია პროფესიით, ბანკში მუშაობს. ჩემი დიდი თაყვანისმცემელია. სულ დადის ჩემს კონცერტებზე, ჩემს რესტორანშიც ხშირად მოდის. კარგი ურთიერთობა გვაქვს.

-  როგორ გაიცანი მომავალი სარძლო, მოუწონე ვაჟს არჩევანი?

-  მთავარია, ჩემს შვილს მოეწონა.

-  რა გვარია შენი რძალი?

-  სურამელაშვილი, რა გვარი უნდა იყოს (იცინის)?!

-  როგორი მამამთილი ხარ? რა აჩუქე რძალს? რომელი ბეჭედი მოიხსენი?

-  რატომ უნდა მოვიხსნა?! არავითარ შემთხვევაში. ესენი მე მაჩუქეს და ჩემია. ჩემი რძალი ნამდვილად იმსახურებს კარგ საჩუქარს და ბავშვს რომ გააჩენს, აუცილებლად გავუკეთებ.

-  გოგონას ელოდებით თუ ბიჭს?

-  თავიდან შეცდნენ ექიმები და ბიჭიაო, გვითხრეს, ჩემს რძალს კი გაუხარდა, გიას დავარქმევო, პატარა გია სურამელაშვილი გვეყოლება ოჯახშიო, მაგრამ მე გოგო მინდოდა ძალიან. იცით ალბათ, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ამ ქვეყანაზე - დედა, ძალიან ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან და მისი სახელი, ლიკა მინდოდა დამერქმია. ჩემი ბიჭიც თანახმა იყო. ახლახან განმეორებითი ექოსკოპია გავუკეთეთ და გოგოაო, გვითხრეს. ჩემს რძალს ბევრი უტირია (იცინის), მაგრამ მე და ნუგოს ძალიან გაგვიხარდა.

-  გია, ბაბუა რომ გახდები, ხომ არ ნერვიულობ?

-  41 წლის ბაბუა, რა მოხდა მერე! პირიქით, მიხარია, ახალგაზრდა ბაბუა რომ ვიქნები. იმედია, პაპას არ დამიძახებს, უნდა მივაჩვიო თავიდანვე სახელით მომართვას (იცინის). უამრავი გასტროლი მაქვს და ისე მეშინია, ლიკას დაბადების დღეს არ დაემთხვეს. მინდა, შვილიშვილის დაბადებას დავესწრო.

-  წელს თუ დაასაჩუქრე საკუთარი თავი?

-  ძაღლი ვიყიდე, კოკერსპანიელი, ბიჭია, კოკი დავარქვი. ჩემმა შვილმა თავი გაიგიჟა, მეწილე მომიყვანე, ძმაღა მაკლდა, მემკვიდრეობაში შემეცილებაო (იცინის).

-  გავიგე, აგარაკი შეგიძენია.

-  შევიძინე, თუმცა პატარა პრობლემები არის ამასთან დაკავშირებით, ბოლომდე ჩემს საკუთრებაში არ არის. დღეს ჩემი ადვოკატი არკვევს ამ საკითხს და, იმედია, ჩემს სასარგებლოდ გადაწყდება. ნატახტარშია ჩემი აგარაკი, სამსართულიანი სახლია, ლამაზი ეზოთი, აუზით. ახლა რემონტი მაქვს, გაზაფხულისთვის ალბათ ყველაფერი დამთავრდება. სამსართულიანი სახლი კი არის, მაგრამ ოჯახზე გათვალისწინებული არაა, მარტო უკეთ მოვეწყობი, მგონია. თან აგარაკად კი არა, საცხოვრებლად მინდა.

-  ერთი ადამიანისთვის სამი სართული მაინც დიდი მგონია.

-  არ არის დიდი. ჯერ ერთი, უამრავი მეგობარი მყავს, თანაშემწე, დაცვა.

-  მაგრამ ალბათ მაინც კარგია, როცა სახლში საყვარელი ადამიანი გელოდება...

-  ცოლს თუ გულისხმობ, არა. არ მინდა ცოლი. საყვარელი ადამიანი კი მართლა ძალიან მინდოდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ როცა ძალიან გინდა, ზუსტად მაშინ არ გამოდის არაფერი.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება