აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოს მკვიდრი, რომელმაც ლატარეაში მილიონი დოლარი მოიგო, ფულის მიღებიდან მეორე დღეს ციანიდით მოწამლეს.
46 წლის ურუჟა ჰანის უეცარი გარდაცვალების მიზეზი მისი სიკვდილიდან ექვსი თვის შემდეგ დადგინდა.
ივნისში ჰანმა, რომელიც ქიმწმენდის ქსელს ფლობდა, სახლის მახლობლად ლატარეის ბილეთი იყიდა. მამაკაცის ნაცნობების თქმით, იგი ჯანსაღი ცხოვრების დაწყებასა და აზარტული თამაშების შეწყვეტას აპირებდა, რომლითაც გატაცებული იყო.
მალე ჰანმა გაიგო, რომ მილიონი დოლარი მოიგო. მოგებული თანხის დახარჯვას მამაკაცი საკუთარი ბიზნესის განვითარებასა და ქველმოქმედებაში აპირებდა.
19 ივლისს ჰანს ჩეკი გადასცეს, მეორე დღეს იგი გარდაიცვალა. ფული ოჯახის წევრებმა 15 აგვისტოს გაანაღდეს. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.
მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.