უკრაინული ჯგუფი "ნიკიტა", რომელიც თავისი სექსუალური წევრებითაა ცნობილი, ძალიან პოპულარულია და გოგონებს შორის ერთი ქართველიც გახლავთ - იულია ქავთარაძე. იულია ცოტა ხნის წინ მეორედ გათხოვდა და ჯგუფი დატოვა, თუმცა აქტუალურობას არ კარგავს და მისი სექსუალური ფოტოებიც ინტერნეტში კვლავ უხვად მოიძებნება. მისი კოლეგა კი - დაშა ასტაფიევა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად არის აღიარებული და "პლეიბოის" მკითხველიც არაერთხელ გაუხარებია შიშველი ფოტოსესიებით, მომღერლობას არ დასჯერდა და დიზაინერობა დაიწყო.
იულია ქავთარაძე გაშიშვლებამ "დაღალა"
ჯერ ქართველი გოგონათი დავიწყოთ, რომელიც კარგა ხანს მარტო ზრდიდა ქალიშვილს - მარგარიტას, რომელიც მის გვარს ატარებს. შემდეგ მის ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდა, ვინმე ანდრეი, რომელიც სამშენებლო ბიზნესში საქმიანობს. მის გვარს და სხვა დეტალებს იულია არ ამხელს, თუმცა ჰყვება, რომ მომავალი ქმარი რესტორანში გაიცნო და ერთწლიანი შეხვედრების შემდეგ ცოლადაც გაჰყვა. ახლა კი სურს, მას შვილი გაუჩინოს.
მიუხედავად იმისა, რომ იულია ამბობს, ქმარი არ მყავს ეჭვიანი და ჩემს სექსუალურ ფოტოსესიებზეც გართულება არ ჰქონიაო, სწორედ მასზე დანიშვნას მოჰყვა ჯგუფიდან მისი წასვლა. იულიამ მაშინ თქვა, დავიღალე ამ იმიჯით, უფრო მეტად შიშვლად ვიღებთ ფოტოებს, ვიდრე ვმღერითო და დაგვპირდა, ჩემს კარიერას სხვაგვარად ავაწყობო. იულია პროფესიით მოცეკვავეა და სიმღერა თანდათან, პროდიუსერების თხოვნით დაიწყო.
მას მერე, რაც სოლოკარიერის აწყობას შეუდგა, იულიას თაყვანისმცემლები ახალი სიმღერით ჯერჯერობით არ გაუნებივრებია, ახალ სექსუალურ ფოტოსესიაზე კი რატომღაც არ თქვა უარი და ბაიკერის როლში მოგვევლინა - რკინის კორსეტით, ტყავის შარვლით. თუმცა უნდა ვაღიაროთ, "ნიკიტას" დროინდელ ფოტოსესიებთან შედარებით ეს გაცილებით მოკრძალებულია.
ჰეფნერის უკრაინელი მეგობრის მოდური ცდები
რაც შეეხება დაშა ასტაფიევას, ის ჯგუფშიც იულიაზე გაცილებით თამამი იყო და სრულიად შიშველიც იოლად იღებდა ფოტოებს. დაშა ჰეფნერის ერთ-ერთი რჩეული მოდელიც არის და "პლეიბოის" გარეკანზე არაერთხელ მოხვედრილა. სხვათა შორის, "პლეიბოისთვის" გადაღება თავის დროზე ჰიუ ჰეფნერმა იულია ქავთარაძესაც შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
დაშა ასტაფიევა კი კიდევ უფრო წინ წავიდა და ამჯერად კი არ გაიხადა, პირიქით - ჩაიცვა. თანაც, საკუთარი დიზაინის სამოსი. მისი კოლექცია tago by DashaAstafieva სულ მალე გამოჩნდება მაღაზიებში და დაშა "იმუქრება", რომ ბევრ აღიარებულ დიზაინერს ჩამოიტოვებს უკან.
დაშა ამბობს, რომ არ აპირებს, ჩამორჩეს მსოფლიო შოუბიზნესში დამკვიდრებულ მოდას - ვარსკვლავების ექსპერიმენტებს მოდის ინდუსტრიაში. მით უმეტეს, რომ მათი ტრადიციით, ისიც თურმე ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ბიძგად კი იქცა მისი და ჯგუფ "ნიკიტას" ახალი სიმღერა "ცისფერი კაბა". უკრაინული მარკეტების ბრენდმა tago-მ სიამოვნებით დაუჭირა მხარი პოპულარულ მომღერალს და დაეხმარა ახალი კოლექციის მომზადებაში. "კარგა ხანია ვხატავ და ჩემთვის რაღაც-რაღაც ჩასაცმელის დიზაინსაც მოვხაზავდი ხოლმე. ახლა კი მომეცა საშუალება, ტანსაცმლის დიზაინერობა მართლაც ვცადო. ჩვენი ახალი სიმღერა და ეს სექსუალური ტანსაცმლის ხაზი მართლაც შესანიშნავი ნაზავია!" - ამბობს სექსუალური უკრაინელი ქალბატონი.
დაშას ახალი სამოსი საშობაოდ გამოჩნდა დახლებზე, "ნიკიტას" ახალი სიმღერა კი, უკვე ახალი შემადგენლობით, შობის შემდეგ იხილავს დღის სინათლეს. ვნახოთ, უპოვეს თუ არა ღირსეული შემცვლელი იულია ქავთარაძეს.
(გამოდის ორშაბათობით)
იხილეთ ვიდეო: გაშიშვლებული ქართველი სექსსიმბოლო იულია ქავთარაძე უკრაინულ ჯგუფში