რას ეუბნება ანრი ჯოხაძე "გზის" საშუალებით რჩეულ გოგონას?

რას ეუბნება ანრი ჯოხაძე "გზის" საშუალებით რჩეულ გოგონას?

"მთავარია, წიგნი საინტერესოდ იკითხებოდეს, ჩემთვის ჟანრს მნიშვნელობა არა აქვს. მხოლოდ დეტექტივები არ მომწონს", - ამბობს მომღერალი ანრი ჯოხაძე. "ერუდიტისთვის" ჩაწერაზე სიამოვნებით დამთანხმდა. ამჟამად ახალ კლიპზე - "ღიმილი მინდა" მუშაობს. პრეზენტაციას ამ თვის ბოლოსთვის გეგმავს. კითხვაზე - ლიტერატურული პერსონაჟებიდან რომელთან იმეგობრებდი? - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მპასუხობს:

პრეამბულის მაგიერ

- ღადაობ? იმდენი გმირი გამახსენდა, ყველა დაგისახელო?

- როგორი გმირები გიზიდავს? კეთილი, თავხედი, უარყოფითი თუ...

- უარყოფით გმირებთან ურთიერთობის ინტერესი მხოლოდ მათი ფსიქოტიპის გაშიფვრის მიზნით მაქვს. დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი იაგოს, ვკითხავდი, დეზდემონას და ოტელოს რას ერჩოდა?

- ახალი წელი შენში რასთან ასოცირდება?

- ფსიქოზურ სამზადისთან.

- სამზადისში თავად არ მონაწილეობ?

- არასდროს. ნაძვის ხის მორთვაშიც კი არ ვმონაწილეობ, არც - კერძების მომზადებაში. გოზინაყზეც არ ვგიჟდები.

- ალბათ დიდი ხანია, ახალ წელს ოჯახში აღარ შეხვედრიხარ.

- მართალია. ყოველი ახალი წლის ღამეს, როცა ჩემს საქმეს მოვილევ, მერე მეგობრებს ვუერთდები და რელაქსაციისთვის ცოტა ალკოჰოლს მივირთმევ.

- ნასვამი ანრი ჯოხაძე როგორია?

- ძალიან კარგი. მოსიყვარულე ვხდები.

- მითხარი, ახალ კლიპზე ვმუშაობო...

- კლიპი სიყვარულზეა. ეს არის ინოლა გურგულიას ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერის - "ღიმილი მინდა" ტანგოს სტილში გაკეთებული ახალი ვერსია. კლიპში "ცეკვავენ ვარსკვლავების" რამდენიმე მონაწილე ცეკვავს. მგონი, ძალიან კარგი და სასიამოვნო საყურებელი იქნება.

- კლიპს როდის ვიხილავთ?

- სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს.

- ახალ წელს იაპონელებს სახლში შეაქვთ ფიჭვის ტოტები, როგორც დღეგრძელობისა და სიძლიერის სიმბოლო, ქლიავის ტოტები, როგორც მარადიულობის სიმბოლო. დაასახელე მესამე მცენარე, რომელიც სათნოების სიმბოლოდ ითვლება.

- ეგ არ გამიგია, ვერ დავასახელებ. გამოცნობაში რომ დამეხმარო, ხომ შეიძლება?

- მინიშნებას გეტყვი: ეს მცენარე მაღალი იზრდება და უყვარს წყალი.

- მისი ღერო მსუბუქია?

- მგონი, სწორი პასუხი იცი.

- ამ წუთში მხოლოდ ბამბუკი გამახსენდა.

- გამოიცანი. დაასახელე ერთადერთი ძუძუმწოვარი, რომელიც დაფრინავს.

- ღამურა.

- "ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა - საყვარელი. როცა ვიღლები, ერთ-ერთი მათგანისგან მივდივარ და მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან"; რომელი ცნობილი რუსი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- ე.ი. ის პროფესიით ექიმი იყო და თან წერდა (ფიქრობს). არ ვიცი.

- ის ცნობილი დრამატურგია.

- ვერ გიპასუხებ.

- ანტონ ჩეხოვი.

- ჩემს შემთხვევაშიც ასეა. კანონიერი ცოლიც მყავს და საყვარელიც. ჩემი კანონიერი ცოლი სიმღერაა, საყვარელი - რეჟისორობა.

- 1877 წელს საახალწლოდ დააპატენტეს ნივთი, რომელიც გამომგონებელთა აზრით, წარმატებით დაეხმარებოდა ადამიანებს დეპრესიის მოხსნაში, გადაღლილობის დროს და ა.შ. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო ეს ნივთი: ვარდისფერი სათვალე, ციგურები თუ ყურებიანი ქუდი?

- პირველ რიგში, გამოვრიცხავ ვარდისფერ სათვალეს, მაგრამ სწორი პასუხი არ ვიცი.

- გეტყობა, რომ არ იცი.

- ციგურებით სრიალი კარგია, ყურებიან ქუდზე რა მოგახსენო?!

- სწორი პასუხია - ვარდისფერი სათვალე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ახალი წელი, დაბადების დღე ან სხვა დღესასწაული; ნადირობა, ყინვა და ა.შ. შეიძლება, ეს რაღაც სრულიად უმიზეზოდაც მოხდეს. რაზეა ლაპარაკი?

- ვერ ვხვდები.

- არადა, ვფიქრობდი, ადვილად გამოიცნობს-მეთქი. საახალწლო სუფრაზე ეს ყოველთვის ხდება.

- ა!!! მივხვდი, მივხვდი!!! დალევაა სწორი პასუხი.

- პოეზია გიყვარს?

- რა თქმა უნდა.

- "ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,/ იმ ერთის პოვის თუ გახდი ღირსი,/ არაერთს ისე მოეღო ბოლო, -/ თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის". ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- მუხრან მაჭავარიანი, არა?

- გამოიცანი.

- მუხრანის და ნიშნიანიძის პოეზია ძალიან მიყვარს.

- "ის ერთი" ხომ არ გიპოვია?

- ნაპოვნი მყავს, მაგრამ უარს მეუბნება.

- ჩვენ ვიცნობთ?

- არა.

- რას ეტყვი ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან?

- თბილისი საცხოვრებლად არცთუ ისე ცუდი ქალაქია.

- რომელი უცხოური სიტყვა წარმოიშვა ფრანგული სიტყვისგან "არგო", რაც "მოპარულ ენას" ნიშნავს?

- არ ვიცი.

- ჟარგონი. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში არის ქალღმერთი თემიდა. რომელი ქალღმერთი შეესაბამება მას რომაულ მითოლოგიაში?

- რატომ გამჭედე?

- მიგანიშნებ: საქართველოში იმ ქალღმერთის სახელობის სამინისტროც არის.

- იუსტიციის სამინისტროზე მეუბნები?

- დიახ.

- ანუ იმ ქალღმერთს იუსტიცია ერქვა.

- სტატისტიკამ დაამტკიცა, რომ ისინი დღეში 920 კითხვას სვამენ. ვინ არიან ისინი?

- ბავშვები.

- რას ნიშნავს სიტყვა "კოჰაბიტაცია"?

- "კოჰაბიტაცია" ძალიან მოდური სიტყვაა და ქართულად, თანაცხოვრებას, თანაარსებობას, ერთობლივ მოღვაწეობას ნიშნავს.

- არსებობს თუ არა ისეთი ციფრი, რომლის დასახელება იმდენივე ასოსგან შედგება, რამდენსაც თავად გამოხატავს?

- ალბათ არსებობს, ისე კითხვას არ დასვამდი.

- თუ არსებობს, დამისახელე.

- 1 არ არის, 2-იც - არა, სამი... გამოვიცანი, ასეთი ციფრია 4.

- რაზე უფრო ადვილად იტყოდით უარს - ქალზე თუ ღვინოზე? - ამ კითხვას ფრანგები, როგორც წესი, პასუხობენ: გააჩნია...

- აბა, რა ვიცი, ფრანგები როგორ პასუხობენ.

- თავად როგორ უპასუხებ?

- უარს ღვინოზე უფრო ადვილად ვიტყვი.

- ფრანგების პასუხი კი ასეთია: ...გააჩნია ასაკს.

- (იცინის) ხედავ, ფრანგები რა ეშმაკები არინ?!

- რა უფრო მძიმეა - ერთი კილოგრამი ბამბა თუ ერთი კილოგრამი რკინა?

- თანაბარია; გგონია, დამაბნევ?

- რა ერქვა ოლღა ბებიას, ილიკოსა და ილარიონის საზიარო ძროხას?

- ფაქიზო.

- სპარსული ანდაზა ამტკიცებს: თუ ადამიანი სიბრძნეს ეძებს, ის ჭკვიანია. ამ ანდაზის მიხედვით, როდის არის ადამიანი სულელი?

- არ ვიცი. შეიძლება, მაშინ, როცა გაიფიქრებს, სიბრძნე ვიპოვეო.

- გამოიცანი. რამდენი ორნიშნა რიცხვი არსებობს?

- (ფიქრობს) 90.

- კოლექციონერები მათ ხელში ჩასაგდებად საათობით დგანან რიგებში, წერენ წერილებს და ზოგჯერ ქურდობასაც არ ერიდებიან, რაზეა ლაპარაკი?

- ავტოგრაფებზე.

- შეიძლება თუ არა, მამაკაცი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, დაქორწინდეს სხვა ქვეყანაში მცხოვრებ, თავისი ქვრივის დაზე?

- როგორ? (კითხვას ვუმეორებ) არ შეიძლება.

- რატომ?

- ქვრივის დაზე ქორწინება როგორ შეიძლება?

- რატომ არ შეიძლება?

- დაა, რას მეკითხები?

- მგონი, კითხვა ვერ გაიგე. ქალს რა შემთხვევაში ჰქვია ქვრივი?

- როცა ქმარი გარდაცვლილი ჰყავს. გავიგე, რატომაც ჩამეძიე. არ შეიძლება.

- წარმოიდგინე, სირბილში გაუსწარი მორბენალს, რომელიც მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა. რომელ პოზიციას დაიკავებ ამის შემდეგ?

- მეორეს.

- რა არის ის, რაც ყველასა და ყველაფერს აქვს?

- უნდა დავფიქრდე და გიპასუხებ. (პაუზის შემდეგ) წონა, ზომა, კიდევ რა ვიცი, რა გითხრა?

- შენს პასუხში არის ლოგიკა. სწორი პასუხია - სახელი. ყველა თვე 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

- მეკაიფები თუ მართლა მეკითხები?

- კითხვა დავსვი, გაგიმეორო?

- რომელ თვეშია და ყველაში.

- რატომ გაიკვირვე? ზოგი მიმტკიცებს, 28 რიცხვი მხოლოდ თებერვალშიაო.

- ვიცი, ამ რუბრიკას სულ ვკითხულობ. ისიც ვიცი, ჩაწერაზე რესპონდენტების დათანხმება რომ გიჭირს.

- გმადლობ, რომ კითხულობ. დაბოლოს, დაასრულე სპინოზას ცნობილი გამონათქვამი: "თუ გინდათ, ცხოვრებამ გაგიღიმოთ, აჩუქეთ მანამდე მას თქვენი კარგი..."

- ხასიათი.

- "...თქვენი კარგი განწყობა".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება