ცნობილი გერმანელი მსახიობი კლაუს კინსკი უფროსმა ქალიშვილმა პოლამ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ მამა 5-დან 19-წლამდე აუპატიურებდა.
როგორც პოლამ გერმანული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, ამ თემის ახლა გახმაურება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ კლაუს კინსკი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგაც კი, განსაკუთრებით უყვართ.
პოლა კინსკიმ, რომელიც თავადაც მსახიობია, შემზარავი ისტორია საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნის "ჩვილთა პირით" გამოსვლის წინ გაახმაურა.
"ყველაზე საშინელი ამ ამბავში მამის ნათქვამია - მან მითხრა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი იყო, რომ მსოფლიოში ყველა მამა აკეთებდა ამას თავის ქალიშვილთან", - განაცხადა პოლა კინსკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს ამდენის წლის განმავლობაში იმიტომ მალავდა, რომ მამამ აუკრძალა ამაზე საუბარი.
მისივე თქმით, 60 წლის ასაკში დასამალი აღარაფერი აქვს და წიგნში ამ ისტორიის მოყოლით უნდა, რომ "დაეხმაროს პატარა გოგონებს, რომლებიც მსგავსი ძალადობის მსხვერპლი არიან".
პოლა კინსკის გამბედაობა შეუქო ნახევარდამ - ცნობილმა მსახიობმა ნასტასია კინსკიმ. როგორც მსახიობმა გერმანულ გაზეთ "ბილდს" განუცხადა, "ის შეძრა ამ ამბავმა, თუმცა ამაყობს, რომ პოლას ეყო ამის აღიარების გამბედაობა".
კლაუს კინსკიმ, რომელიც 1991 წელს გარდაიცვალა, სახელი მეტწილად ვერნერ ჰერცოგის ფილმებში თამაშით გაითქვა, მათ შორის ისეთებში, როგორებიცა: "აგირე: ღვთის რისხვა", "ნოსფერატუ: ღამის აჩრდილი" და "ფიცკარალდო".
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.