"მანანა ბებოს" რჩევები და გამხელილი საიდუმლო

"მანანა ბებოს" რჩევები და გამხელილი საიდუმლო

მედეა ლორთქიფანიძისთვის 2012 წელი განსაკუთრებულად წარმატებული გახლდათ: 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის მერე, მსახიობის პროფესიას ისევ დაუბრუნდა: ჯერ გიორგი ფარაჯანოვის ფილმში - "ყველანი წავიდნენ" გადაიღეს, შემდეგ კი სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ქოთქოთა და მზრუნველი მანანა ბებიის როლით გამოჩნდა. ქალბატონი მედეასთვის 2013 წელიც წარმატებულად დაიწყო: მალე მისი მონაწილეობით კინოეკრანებზე ფილმი - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" - გამოვა...

- ვიდრე კითხვებს დამისვამთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ თქვენი ჟურნალის აქტიური მკითხველი გახლდით. ყოველი ნომრის გამოსვლას აქტიურად ველოდი და პირველიდან ბოლო გვერდამდე ვკითხულობდი. რუბრიკა "გზავნილები" ძალიან მიყვარს, ზოგიერთ მგზავნელს ვგულშემატკივრობდი კიდეც. ძალიან კარგი ჟურნალი გაქვთ - ყველა სფეროს შესახებ წერთ. გული მწყდებოდა, რომ მე არ მიხსენებდით. არადა, "გზის" ყველა ნომერს ვაგროვებდი...

- სამაგიეროდ, საახალწლოდ თქვენთან ინტერვიუ დაგვებედა... გადასაღებ მოედანზე სადღესასწაულო განწყობილება იგრძნობა?

- დიახ, საუკეთესო განწყობილება სუფევს! მაგალითად, დღეს ერთ-ერთი თანამშრომლის დაბადების დღე ტორტითა და შამპანურით აღვნიშნეთ! დილის 7 საათზე მუშაობის დაწყება და ღამის 3 საათზე შინ წასვლა ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია. კარგი კვება გვაქვს და დაჩაგრულები მატერიალურადაც არ ვართ. რაც მთავარია, "შეკრული" გუნდი გვაქვს. ამის გამო, სირთულეებს იოლად ვუმკლავდებით. ულამაზესი გოგონები გვყავს. მოგეხსენებათ, ეკა ამირეჯიბი გაგვითხოვდა. "ჩუმად გეტყვით", ჩიტმა ამბავი მოგვიტანა, რომ ანი ტყებუჩავაც მალე გაგვითხოვდება (იცინის)!

- საახალწლო განწყობილება ფილმში - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" თუ იგრძნობა?

- ჩემი პერსონაჟი ქორწილში არ წავიდა - სახლში უამრავი საქმე აქვს, მაცივარი უნდა დაალაგოს... თან, ხომ იცი, ჯემალი როგორი უჟმურია? ტელევიზორს ვერ შორდება და ქორწილში წაიყვან?! სამაგიეროდ, საახალწლო სუფრა ექნებათ, იმღერებენ, იცეკვებენ... მოკლედ, ყველა კარგად გაერთობა, მანანა ბებო კი როგორც ყოველთვის, საოჯახო საქმეებს გააკეთებს!

- მგონი, მანანა ბებო საქმეების კეთებით უფრო ერთობა, არა?

- კი, კი, ასეთი ქალია! სახლში მეც ასე ვარ: დილიდან საღამომდე გაზქურასთან ტრიალი არ მომბეზრდება! კერძების მომზადება ძალიან მიყვარს!

- კერძების კეთება გადასაღებ მოედანზე ყოფნას თუ გირჩევნიათ?

- არ მირჩევნია, რადგან ჩემი გოგო გათხოვილია - ცალკე ცხოვრობს, მე კი შინ მარტო ვარ. სამაგიეროდ, გადასარევი მეზობლები მყავს! შემთხვევით ვისარგებლებ და ჩემს მარინას, დოდოს, ნატაშას, სტიოპას, თამრიკოს, ლიზიკოს, ლიას ახალ წელს მივულოცავ! იცი, რა ბედნიერებაა, როცა შინ მისულს კარგი ხალხი დაგხვდება? მით უმეტეს, რომ გადასაღებ მოედანზეც არაჩვეულებრივ ადამიანებთან ვურთიერთობ. შვილიც ყოველ მეორე დღეს მნახულობს... ბედნიერი ქალი ვარ, მაგრამ მაინც ძნელია, როცა მეუღლე არ გყავს, დედიკო: ქმარი 20 წლის წინ გარდამეცვალა. პროფესორი გახლდათ. საქართველოში გულის ოპერაცია პირველმა გააკეთა. ჯარიდან დაბრუნების მერე, შაქარმა აუწია. პირველად - გადავარჩინეთ, მეორედ კი ხელიდან გამოგვეცალა. სხვათა შორის, ჯარისკაცის ქვრივად ვითვლები, მაგრამ არავითარი შეღავათი არ მაქვს. შვილი მარტომ გავზარდე - ექიმი-ფსიქოლოგი გახლავთ... ყველას ვეუბნები: ქმრებს გაუფრთხილდით და დედამთილს ტკბილად მოექეცით-მეთქი. რძლებმა უნდა იცოდნენ, რომ დედამთილს რამდენ ტკბილ სიტყვასაც ეტყვიან, უკან ტკბილადვე დაუბრუნდებათ, თუკი მართლა "ქვათამხეთქავის" ოჯახში არ შევლენ (იცინის). დედამთილებსაც ვურჩევ: რძალს საშუალება მიეცით, რომ ცხოვრება ისე მოაწყოს, როგორც თავად უნდა. ოჯახში სიამტკბილობით თანაცხოვრებას აბა, რა ჯობია?!

- ახალი წელი როგორ გაატარეთ?

- მე ბაზარში წამსვლელი არ ვარ! რაც მჭირდება, მეზობლებს ვთხოვ ხოლმე და მოაქვთ. გადასარევი პურმარილი მქონდა, სუფრაზე ნამცხვრების "ცვენა" იყო! ნამცხვარს მაღაზიაში ვყიდულობ, რადგან გამოცხობა არ ვიცი. იცი, რატომ? არც დედაჩემი აცხობდა და არც - ბებია. წინათ "ბურჟუიკაზე" კექსს მოამზადებდნენ და სულ ეს იყო. კექსის გამოცხობა მეც შემიძლია. ახლა საოცარი ტორტები იყიდება! ტორტი რომ მორთო, მხატვარი უნდა იყო!

- ნამცხვრების ცხობა არ გცოდნიათ. აბა, დედამთილისთვის თავის მოწონებას როგორ ცდილობდით?

- ქმარ-შვილთან ერთად, ყოველდღე მასთან სადილად მივდიოდი. კარგი დედამთილი მყავდა. გემრიელი კერძების მომზადება იცოდა. დასასვენებლად როცა მივდიოდი, დედამთილიც თან მიმყავდა. საზღვარგარეთ ყოფნისას ჩემთვის არაფერს ვყიდულობდი, მისთვის - კი... თითქოს, ახლა ადამიანები ერთმანეთს ვკარგავთ. ვფიქრობთ, - ვაიმე, რომ ვესტუმრო, არ შევაწუხო ან ხელცარიელი როგორ მივიდეო? სამაგიეროდ, ყველაფერი გაიოლებულია: შეგიძლია სტუმარს მხოლოდ ყავა და შოკოლადი მიართვა, წინათ კი აუცილებლად, სუფრა უნდა გაგეშალა. მაშინ ხელფასებიც კარგი გვქონდა და არც ისეთი სიძვირე იყო, როგორიც ახლა არის. ადამიანს სტუმრის მოსვლა კი უხარია, მაგრამ ერიდება. იმერელი ვარ და სტუმარს ყავაზე ვერ "გადავატარებ"! ამიტომ მთელი ზაფხული მურაბას ვაკეთებ: მანდარინის, სტაფილოს, ალუბლის, ბლის...

- თქვენი საახალწლო სუფრის მთავარი კერძი რომელია?

- სუფრაზე საცივი აუცილებლად უნდა იყოს!

- თქვენ მიერ მომზადებული?

- აბა, რა! სამზარეულოში არავის შევუშვებ! ნამცხვრის გარდა, საახალწლო სუფრისთვის ყველაფერს თავად ვამზადებ. ცხადია, ღვინოსაც არ ვწურავ - ვენახი არ მაქვს (იცინის).

- საფირმო კერძი თუ გაქვთ, რომელსაც თქვენსავით კარგად ვერავინ ამზადებს?

- "აჯაფსანდალს" ჩემსავით კარგად ვერავინ ამზადებს! ამ კერძისთვის განკუთვნილ ბოსტნეულს წყალში და ზეთში კი არ ვწვავ, არამედ კარგად მოვშუშავ, შემდეგ დაჭრილ ხახვს, ბულგარულ და წითელ ცხარე წიწაკას, მწვანილს, ძმარს ერთმანეთში ავურევ, რამდენიმე საათს გავაჩერებ და იცი, რა გემრიელი გამოდის? ამას წინათ, ეს კერძი ლეოსთვის მოვამზადე და გადასაღებ მოედანზე მივიტანე. გაგიჟდა, ისე მოეწონა! "აჯაფსანდალი" საახალწლო სუფრისთვის განკუთვნილი არ არის, დაბადების დღეზე - კი, ბატონო... გოჭის ხორცი ძალიან მიყვარს! იცი, ერთხელ რა დამემართა? 30 დეკემბერს ჩემს ქმარს 2 გოჭი მოართვეს. ვიფიქრე, - საახალწლოდ 2 გოჭი რად გვინდა-მეთქი? ამიტომ ერთი იმავე დღეს შევწვი, კარგად შევაპიწკინე და ტელევიზორის წინ, მაგიდაზე დავდე. ჯერ კუდი გავსინჯე, მერე სხვა ნაწილი. მოკლედ, ჭამას შევყევი და ბოლოს, ხელში ყურები შემრჩა - მთელი გოჭი შემიჭამია! იმ დღეს საავადმყოფოში მოვხვდი, მაგრამ მეორე დღეს გადასარევად ვიყავი. ქმარს ვეუბნებოდი, - არავის მოუყვე, რაც დამემართა, თავი არ მომჭრა-მეთქი, მაგრამ ვინც მირეკავდა, ყველა მეკითხებოდა, - გოჭი მოგიტანოო (იცინის)?..

- მეკვლის ტრადიცია თუ მოგწონთ?

- მეზობელი მყავდა, სახელად - ვარა. წინ თუ დამხვდებოდა, ჩაშლილი საქმეც კი წარმატებით სრულდებოდა. ახალ წელს ჩემი მეკვლე შვილიშვილი - 3 წლის რატი იყო. რატი ლურჯთვალება "ბანდიტია"! ხანდახან მისი სიცელქე უზრდელობაში გადაიზრდება ხოლმე. დედას რომ ხედავს, ყირაზე გადადის. ჩემთან ძალიან არ ცელქობს. როცა ზღაპრებს ვუყვები, მეუბნება, - ჩემო ბებო, მიყვარხარო, - და ჩამეხუტება ხოლმე; განსაკუთრებით მაშინ ვუყვარვარ, როცა კანფეტს მივცემ. 4 თვის შვილიშვილი - ნიცაც მყავს. ეს სახელი ნათლიამ დაარქვა. თავდაპირველად, ვერ ვიმახსოვრებდი და ვინაიდან ვიცოდი, რომ ქალაქის სახელი ერქვა, "რიო-დე-ჟანეიროს" ვეძახდი... ჩემთვის მნიშვნელობა არასდროს ჰქონდა, მეკვლედ ვინ მესტუმრებოდა: ცხოვრებაში ყველაფერი აწყობილი მაქვს. ერთადერთი, რის გამოც ძალიან დათრგუნვილი ვარ, ის გახლავთ, რომ გვერდით მეუღლე არ მყავს. მისი გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში არაფერი მინდოდა, არაფერი მახალისებდა; 20 წელი გარეთ არ გავსულვარ. ჰოდა, წონაში 40 კილოგრამი მოვიმატე. მერე ეკა მჟავანაძემ მითხრა: სახლში ჯდომა გეყოფა, ხომ ხედავ, რას დაემსგავსეო?! ჰოდა, სერიალში მოვედი და მოვედი (იცინის)... სახლის კარს დღისით არასოდეს ვკეტავ - ამდენი ადგომა-დაჯდომა არ შემიძლია. მიხარია, რომ კარგი სამეზობლო, სამეგობრო მყავს და კარგი რეჟისორის ხელში ვარ!

- გადასაღებ მოედანზე შამპანური სიამოვნებით მიირთვით. ალკოჰოლური სასმელი გიყვართ?

- შამპანური მიყვარს - 1 ჭიქას სიამოვნებით გეახლებით. ლუდსაც ვსვამ, მაგრამ არაყსა და კახურ ღვინოს - ვერა. დათრობა არ მჩვევია. თუმცა, ერთხელ სასოფლო უნივერსიტეტის რექტორმა - ვანო სარიშვილმა ნონა გაფრინდაშვილის ქორწილში დამათრო: ყანწი მესროლა, მე მატრაკვეცამ კი ის ყანწი დავცალე და შემდეგ, მთელი 2 დღე მეძინა. მას შემდეგ არ დავმთვრალვარ. ფხიზელი უკეთ ვერთობი.

- ახალი წლის დღესასწაულს პირველ იანვარს უფრო აღნიშნავთ თუ - 14-ში?

- რატომღაც, ძველით ახალ წელს ვერ შევეგუე. ასევე ვერ ვეგუები, "ლენინის მოედანს" სახელი რომ შეუცვალეს და ისევ ძველი სახელწოდებით ვიხსენიებ ხოლმე (იცინის). წინათ მოედანზე საახალწლო კონცერტები არ იმართებოდა...

- წელს არ გამართულა...

- არც იყო საჭირო! კონცერტიდან ბავშვები გაცივებულები, გაუბედურებულები ბრუნდებოდნენ და მერე "აცხიკინებდნენ", ლოგინში იწვნენ. თან, ახლა ყველა მღერის, დედა...

- რომელ ქართველ შემსრულებელს უსმენთ?

- ნანი ბრეგვაძეზე ვგიჟდები! ის სცენაზე "კუპალნიკით" კი არა, საკონცერტო კაბით გამოდის! არ მომწონს, ახალგაზრდები დაგლეჯილი შარვლებით, "ტიტლიკანები" რომ დადიან. ჩვენი თაობა სხვანაირი იყო... ვიცი, თაობაც იცვლება და მოდაც, მაგრამ მოდას ზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს?!

- ქალბატონო მედეა, ინტერვიუსთვის დიდი მადლობა! წარმატებულ ახალ წელიწადს გისურვებთ! რამის დამატება ხომ არ გსურთ?

- ახალ წელს ყველას მივულოცავ! ყველას სიმშვიდესა და ტკბილად ცხოვრებას ვუსურვებ! იმედია, ომი აღარ იქნება, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები კი შინ მალე დაბრუნდებიან ან ისეთი საცხოვრებელი პირობები მაინც ექნებათ, რომ თავი უბედურ ადამიანებად აღარ იგრძნონ. მინდა, რომ ქართველები უცხოეთში ვინმეს მოსავლელად არ გაიქცნენ... თქვენს ჟურნალს კი მეტ წინსვლას, ტირაჟის ზრდასა და საინტერესო მასალებს ვუსურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება