ვახტან ტატიშვილის მხიარული თავგადასავლები და მოულოდნელი ნათლობა

ვახტან ტატიშვილის მხიარული თავგადასავლები და მოულოდნელი ნათლობა

ყველასათვის საყვარელ იუმორისტს - ვახტანგ ტატიშვილს წლევანდელი იუბილე გარკვეული მიზეზების გამო, მოეწონა და გაუხარდა კიდეც. ნოემბრის მიწურულს მას სამოცდათერთმეტი წელი შეუსრულდა, 2011 წელს კი მრგვალი თარიღი შედარებით დიდი მასშტაბით აღუნიშნავს.

- 2011 წელს სამოცდაათი წელი შემისრულდა, თან - თბილისის საპატიო მოქალაქე გავხდი და ამიტომაც, დაბადების დღის აღნიშვნის ორმაგი მიზეზი მქონდა. ისე კი, ვისაც ჩემთვის მოლოცვა უნდა და მირეკავს, ყველას ვეპატიჟები ხოლმე. უამრავი ნათესავი, ძმა, და და მათი შვილები მყავს. უახლოესი ადამიანები რომ შევიკრიბებით, უკვე ოცი კაცი გამოვდივართ. მერე ამ სანათესავოს ჩემი სამეგობრო წრე ემატება - ანუ ისინი, ვისაც ჩემს დაბადების დღეზე სიარული მობეზრებული არა აქვს. მოკლედ, მინდა თუ არა, ყოველ წელს მიწევს იუბილეს აღნიშვნა.

- დაბადების დღეზე ისე ლაპარაკობთ, თითქოს ამ დღის მოახლოებას პატარა ბავშვივით ელით...

- რა თქმა უნდა, მომწონს, საყვარელი ადამიანები ჩემს სანახავად რომ მოდიან და თან - რაღაცებს მჩუქნიან. მცირედი საჩუქარიც კი ძალზე მიხარია. პირადად მე, იუბილარს იმდენ ლარს ვჩუქნი, რამდენი წლისაც გახდება. ჰოდა, 2012-ში ქალიშვილმა სამოცდათერთმეტი ლარი მაჩუქა.

- ალბათ, მხოლოდ ამ თანხას არ დასჯერდებოდა, მაგრამ კარგი ტრადიციაა...

- რას ლაპარაკობთ?! თქვენ სამოცდათერთმეტი ლარი ცოტა გგონიათ? მეც ასე ვჩუქნი ხოლმე ამხანაგებს და თან, ვეუბნები: ჩემთან რომ მოხვალთ, ეს საჩუქარი გაითვალისწინეთ-მეთქი. მაგრამ საქმე ის არის, რომ ძირითადად, მოგებული მე ვრჩები - ისინი ასაკით ჩემზე პატარები არიან (იცინის).

- განსაკუთრებით რომელი საჩუქარი დაგამახსოვრდათ?

- ...ერთი ამბავი გამახსენდა: ამხანაგი მყავს, რომელიც კერძო სახლში ცხოვრობს და მთელი შემოდგომის დოვლათი მომიტანა: ღვინო, ნიგოზი, კარალიოკი... თქვენ წარმოიდგინეთ, ტორტიც კი შეუკვეთია და ფულიც მომიტანა. გადავირიე, ასე დახუნძლული რომ დავინახე. ვუთხარი, - მე ამდენ რამეს ვერ გაჩუქებ და რა ვქნა, აღარ მოვიდე შენთან-მეთქი?!.

- წინასწარ არავინ გეკითხებათ, - რა საჩუქარი გაგახარებდაო?

- არა, კაცო, ვინ რას მეკითხება? ჯერ ერთი, ყველა საჩუქრით კი არ მოდის და მეც იმ მიზნით კი არ ვაკეთებ სუფრას, რომ რაღაც მომართვან. თუ ვინმე საჩუქრის გარეშე მოვა, ამაში გასაკვირი და დასაძრახი არაფერია... ისე, მომავალ დაბადების დღეზე რამდენიმე ადამიანმა სამოცდათორთმეტი ლარი რომ მომიტანოს, სოლიდური თანხა დამიგროვდება (იღიმის).

- თქვენს ოჯახში სუფრას ვინ უძღვება ხოლმე?

- ხშირად - მე, ზოგჯერ კი ჩემს მეგობარს ვნიშნავ ხოლმე.

- საკუთარ დაბადების დღეზეც გითამადიათ?

- მერე რა მოხდა?! თავიდან ღმერთის ხსენებით ვიწყებ და მერე ყველას ვულოცავ ჩემს დაბადების დღეს. ვამბობ: ჩემთან ერთად მრავალ ჩემს დაბადების დღეს დაესწარით-მეთქი! მერე, - ყოველ დღეს ვიღაცის დაბადების დღეა და ყველას გაუმარჯოს-მეთქი. ტრადიციულად, იმ ქვეყნად წასულებსაც ვიხსენებთ... ჩემი მეგობარი, ვინც ჩემი თამადაა, საკუთარ ქორწილშიც კი იყო თამადა: თავიდან სუფრას რეზო ამაშუკელი უძღვებოდა, მაგრამ მერე თავად გადაიბარა...

- განსაკუთრებულად კარგად რომელიმე დაბადების დღე ხომ არ გახსენდებათ?

- ხშირად ჩემი დაბადების დღე გასტროლს ემთხვეოდა. იუბილეს აღნიშვნა პერუში, ევროპაში, რუსეთში, ციმბირში, შუა აზიაში, ასტრახანში მიხდებოდა. მახსოვს, სწორედ ასტრახანში ყოფნისას, ჯერ კიდევ კვარტეტი ვიყავით, როცა ჩემი იუბილე აღვნიშნეთ. სასტუმროს ნომერში ერთი ყუთი "ნარზანი" (წყალი) და ერთი ყუთი არაყი ავიტანე. ერთ-ერთ არყის ბოთლში "ნარზანი" ჩავასხი და ცხონებულ გოგი ლეონიძეს ვუთხარი, - სადღეგრძელოს ვიტყვი და ამ ერთ ბოთლ არაყს დავცლი, ასეთი "ხოში" მაქვს, თქვენ კი ნუ მომბაძავთ-მეთქი. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ რომელიღაცა "ამყვებოდა". მოვიყუდე ბოთლი და ვითომ არაყს დიდი მანჭვით ვსვამდი. ბოლოს, გოგიმ მითხრა: შენ მოგიკვდა შენი ძმა, მაგას როგორ გამოვტოვებო და "ტოლი არ დამიდო". სამი დღე აზრზე ვერ მოვიყვანეთ, ისე ცუდად იყო. როცა სიმართლეში გამოვუტყდი, არ დამიჯერა. მითხრა: ეს რომ სიმართლე იყოს, ამ წუთას მოგკლავდიო (იცინის).

ერთხელ კიდევ, ვიეტნამში ყოფნისას, "კობრა" არაყი გვაჩუქეს; ბოთლში ნამდვილი კობრა გველი იყო ჩასმული. ჰოდა, მე და ჯემალ ბაღაშვილმა ჩემს დაბადების დღეზე სწორედ ეს არაყი დავლიეთ. თავიდან კი დავიჭყანეთ, - ამას რა დალევსო, მაგრამ მერე მაინც გავრისკეთ და ორი ბოთლი გამოვცალეთ. ცოტა ხანში გიდი მოვიდა. ამ არყის ბოთლებს ინსტრუქცია მოჰყვებოდა და წაგვიკითხა, ეს სითხე როგორ და რა დოზით უნდა მიგვეღო. გვითხრა: ეს წამალი წყალში უნდა გააზაოთ; ერთ ჭიქაში ორი წვეთი ჩაასხითო, - არადა, ჩვენ სულ დიდი ჭიქებით ვსვით. გიდს რომ ვუთხარით: ამ ინსტრუქციას ტყუილად გვიკითხავ, უკვე დავლიეთ-თქო, - ქალი ლამის გადაირია (იცინის)...

- თქვენს ოჯახში სადღესასწაულო სუფრას ვინ ამზადებს ხოლმე?

- ჩემი მეუღლე კარგი კულინარია. სხვათა შორის, ბოლო დროს თურქულ ღუმელში პატარა, ღვეზელივით ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლა, რომელიც ოჯახის წევრებს ძალიან მოგვწონს. ქართულ სუფრას პირველ რიგში, ხარისხიანი ღვინო უნდა ამშვენებდეს, შემდეგ - კარგი თამადა, ხოლო პურ-მარილი ჩემთვის მესამეხარისხოვანია.

- როგორც ვიცი, თქვენი ნათლია ბატონი ჯემალ ბაღაშვილია, არა?

- კი, ეგ ერთი ნათლია მყავს. გვიან მოვინათლე. მე და ჯემალი თანატოლები ვართ. მაშინ ასეთი ჭორი აგორდა: 1970 წლამდე ვინც არ მოინათლება, საქმე ცუდად წაუვაო. ერთ დღესაც, მე და ჯემალი სახინკლეში ვისხედით და სიტყვა ამ ჭორზე ჩამოვარდა. ჯემალმა მითხრა: მოდი, ვიდრე ხინკალი მოიხარშება, წავიდეთ და მოგნათლავო. ეკლესიაში მხოლოდ ორნი მივედით. მაშინ მონათვლა პრობლემა იყო. იმ პერიოდში ეს ამბავი რომ გაეგოთ, სურათს გადაგვიღებდნენ და გამოგვაჭენებდნენ. თან, კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი - უამისოდ საზღვარგარეთ არავინ გამიშვებდა...

- დაბოლოს, თქვენს შვილიშვილებზე მომიყევით რამე...

- ექვსი შვილიშვილი მყავს. თბილისში მხოლოდ სამია, დანარჩენები - საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მოგეხსენებათ, ჩემი ვაჟი იქ მუშაობს და ცოლ-შვილიც თავისთან ჰყავს.

საუბრის დასასრულს, ბატონმა ვახტანგმა მითხრა: ახლა კარგ ხასიათზე ვარ და არ გინდა, რომ პოლიტიკაზე ვილაპარაკოთო? სახეზე გაკვირვება რომ შემატყო, დასძინა: ასე მგონია, მთავრობის შეცვლით მთელმა საქართველომ ამოისუნთქა. პირადად ჩემთვის, არავის არაფერი დაუშავებია, მაგრამ გარშემო ამდენ შეწუხებულ ხალხს, ბევრ უსამართლობას რომ ვაწყდებოდი, ძალიან ვწუხდი...

- როცა მეგობრები იკრიბებით და ქეიფობთ, პოლიტიკაზეც ლაპარაკობთ ხოლმე?

- აბა, რა! ბოლო დროს გინახავთ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაზე არ ლაპარაკობს? მთავრობა ხალხს უნდა ემსახურებოდეს, ჩვენ კი მათი გვეშინია. აბა, ამისთანა რაღაც როგორ შეიძლება?!. ახლა კი ახალი მთავრობა მოვიდა და იმედი გაჩნდა. ალბათ, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, მე კი კიდევ რამდენიმე დაბადების დღეს გადავიხდი (იცინის). ჰოდა, ვინ იცის, იქნებ მომავალ იუბილეზე მთავრობის რომელიმე წევრიც კი დავპატიჟო...

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება