13 იანვარს ლოს-ანჯელესში კინოპრემია "ოქროს გლობუსის" ცერემონია გაიმართა. საუკეთესო დრამატულ ფილმად "ოპერაცია არგო" დასახელდა. სურათი ისლამური რევოლუციის დროს თეირანში 1979 წელს მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება. გარდა ამისა, ბენ აფლეკმა, რომელმაც "ოპერაცია არგო" გადაიღო, როგორც საუკეთესო რეჟისორმა, "ოქროს გლობუსი" მოიპოვა.
ჯილდო, ნომინაციაში "საუკეთესო უცხოური ფილმი" მიხაელ ჰანეკეს ავსტრიულ სურათს "სიყვარულს" ერგო.
დრამატულ ფილმში საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დენიელ დეი-ლიუისი დასახელდა ("ლინკოლნი"), ხოლო საუკეთესო ქალ მსახიობად - ჯესიკა ჩესტეინი ("მიზანი ნომერი პირველი"). საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კრისტოფ ვალცი გახდა ("ჯანგოს თავისუფლება").
ნომინაციაში "საუკეთესო კომედია ან მუზიკლი" ტომ ჰუპერის მუზიკლმა "საბრალონი" გაიმარჯვა. ამ ფილმმა ჯილდო მოიპოვა ნომინაციებში - "საუკეთესო მსახიობი კომედიაში ან მუზიკლში" - (ჰიუ ჯეკმანი) და "საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობი" - (ენ ჰეთევეი).
კომედიასა და მუზიკლში საუკეთესო მსახიობი ქალი ჯენიფერ ლოურენსი გახდა ("ჩემი მეგობარი ბიჭი შეშლილია").
"ოქროს გლობუსი" საუკეთესო მუსიკისთვის მაიკლ დენამ მოიპოვა ("პის ცხოვრება"). საუკეთესო სიმღერად ადელის შესრულებული "Skyfall" აღიარეს ("007: ოპერაცია სქაიფოლი").
საუკეთესო ანიმაციური ფილმი "გულით მამაცი" გახდა. "ოქროს გლობუსი" საუკეთესო სცენარისთვის კვენტინ ტარანტინომ მიიღო ("ჯანგოს თავისუფლება").
ნომინაციაში "საუკეთესო კომედიური ან მუსიკალური სერიალი" გაიმარჯვა სურათმა "გოგონები". ამ ფილმში შესრულებული როლისთვის, "ოქროს გლობუსი" როგორც საუკეთესო მსახიობმა, ლენა დანემმა მოიპოვა.
საუკეთესო დრამატული სერიალია - "უცხო შინაურთა შორის". დრამატული სერიალის საუკეთესო ქალ მსახიობად კლერ დეონსი, ხოლო საუკეთესო მამაკაც მსახიობად - დამიან ლიუისი დასახელდა (ორივემ ფილმში "უცხო შინაურთა შორის" ითამაშეს).
ნომინაციაში "საუკეთესო ტელეფილმი ან მინი-სერიალი" სურათმა - "თამაში შეიცვალა" გაიმარჯვა. ტელეფილმის ან მინი-სერიალის საუკეთესო მამაკაც მსახიობად კევინ კოსტნერი ("ჰეთფილდები და მაკკოები"), საუკეთესო ქალ მსახიობად კი ჯულიანა მური ("თამაში შეიცვალა") აღიარეს.
ტელეფილმის ან მინი სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობი მეგი სმიტია ("დაუნტონის სააბატო").
გარდა ამისა, საპატიო "ოქროს გლობუსი" ჯოდი ფოსტერს გადაეცა.
ცერემონია სასტუმრო "ბევერლი ჰილტონში" გაიმართა. მისი წამყვანები მსახიობები ტინა ფეი და ემი პოლერი იყვნენ. ცერემონიაში მონაწილეობა არნოლდ შვარცენეგერმა, სილვესტერ სტალონემ, საშა ბარონ კოენმა, ბილ კლინტონმა, რობერდ დაუნი-უმცროსმა და ჯულია რობერტსმა მიიღეს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.