ვის უმღერა ნინო ძოწენიძემ "არ დაიძინო"

ვის უმღერა ნინო ძოწენიძემ "არ დაიძინო"

ნინო ძოწენიძემ ახლახან ახალი კლიპი გადაიღო მეუღლის, გიგა კუხიანიძის სიმღერაზე "არ დაიძინო". ლექსის ავტორი ნანა ცინცაძე გახლავთ, კლიპის რეჟისორი რომა გიორგაძეა. ამჟამად კლიპის მონტაჟი მიმდინარეობს და სამუშაო ვარიანტით თუ ვიმსჯელებთ, რომელსაც ექსკლუზიურად შევავლე თვალი სტუდიაში, არ უნდა გამოვიდეს პროდუქცია ურიგო. შავ, საკმაოდ თამამ კაბაში გამოწყობილი ნინო შეყვარებულ ქალს ასახიერებს. ცოტა სევდიანი და რომანტიკულია სიმღერის და კლიპის შინაარსიც, თუმცა ჯობს, სიახლეზე ნინომ თავად ისაუბროს.

- ნინო, როგორ გაჩნდა სიმღერის იდეა?

- უცნაურად. ზაფხულში სამი სიმღერა ჩავწერე და მას მერე ვეწუწუნები გიგას, როდის დამაყენებ საშველს და როდის გადამიღებ კლიპს-მეთქი, ერთ-ერთი ინგლისურენოვანი სიმღერაა და იმაზე მინდოდა კლიპი. მაგრამ გიგა თავით, ფეხებით, გულით, სულით საბავშვო "ევროვიზიაში" და თავის სტუდიაშია გადავარდნილი. კარგად მესმის, რომ ესეც აუცილებელია, მაგრამ ბოლოს, ეტყობა, წყენა სახეზე შემეტყო, გიგა ოთახში შევიდა და სიმღერის წერა დაიწყო. 15 წუთში დაწერა სიმღერა "არ დაიძინო"...

- კლიპის იდეაც გიგას ეკუ­თვნის?

- გიგას კლიპის სხვაგვარი იდეა ჰქონდა. კლიპში მე არ უნდა მემღერა. უბრალოდ, უნდა გამოვჩენილიყავი. ეს იქნებოდა ქალის ერთი დღე, ფილმივით. იდეა მომეწონა, მაგრამ დიდ დროს წაიღებდა ადგილების შერჩევა, გადაღებები. მე უკვე ძალიან მეჩქარებოდა და დროს ვეღარ გავწელავდი. სიძველეებიც გიგას იდეა იყო, ძველი სახლიც, რომელიც კლიპში ჩანს. ეს სახლი ჩემმა მეგობარმა მიპოვა, სოლოლაკში ცნობილი სახლია, არაერთი ქართული ფილმია იქ გადაღებული, ძალიან ოპერატიულად გავაკეთეთ ყველაფერი. ორ საათში გადავიღეთ კლიპი. მე გაციებული ვიყავი, როგორც ყველა კლიპის გადაღების წინ, სიცხე მქონდა.

- როგორი ქალია შენი გმირი?

- შეყვარებული, ცოტა გულგატეხილი ქალია ჩემი გმირი.

- რა აზრი დევს სათაურში "არ დაიძინო"?

- ქალებს ლაპარაკი გვიყვარს, აზრიანად თუ უაზროდ, დღისით თუ ღამით, გვინდა საყვარელ ადამიანს ვესაუბროთ. როცა ყველაზე მეტად გვინდა გვისმინონ, სწორედ მაშინ ეძინებათ კაცებს. ამაზეა სიმღერა. ტექსტი შინაარსობრივად გიგას ეკუთვნის. ნანამ ფორმა მისცა და გამოვიდა ძალიან ლამაზი ლექსი.

- გიგაც იმ მამაკაცების რიცხვს ეკუთვნის, საჭირო დროს რომ იძინებენ?

- (იცინის) გიგას ბოლო დროს, ფაქტობრივად, არ სძინავს და შესაბამისად, სულ ეძინება. ისეთ პერიოდში დაიწერა ეს სიმღერა, საბავშვო "ევროვიზიის" წინ საგიჟეთი ჰქონდა თავშიც და სტუდიაშიც.

- გადაღებამ როგორ ჩაიარა?

- ძალიან გავიყინე, ფაქტობრივად, არაფერი მეცვა. არ მეგონა, თუ გადავრჩებოდი. ცრემლი თვითონ მომდიოდა.

- მე მეგონა მსახიობობდი...

- ვმსახიობობდი კიდეც, მაგრამ ტირილი არ იყო საჭირო. ვეკითხებოდი რეჟისორს, ტირილი თუ გინდა, არ არის პრობლემა, მაინც მეტირება-მეთქი... მგონი, კარგი გამოვიდა სიმღერაც და კლიპიც. ბევრ ქალს გაახსენებს თავის ცხოვრებას და დიდი იმედი მაქვს გაჰიტდება. მალე რომელიმე ცნობილ შოუში მექნება კლიპის პრემიერა.

- კიდევ რა სიახლეები გაქვს?

- სიახლე ბევრი მაქვს, ვმუშაობთ, მაგრამ რისთვის? კონცერტები აღარ იმართება. წელს პირველი ახალი წელი იყო, რომელიც სახლში გავატარე. არც ერთი საკონცერტო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მქონია. არადა, ბოლო ოთხი წელია ბევრი მომღერალი მთელი წელი ამ დღეს ველოდებოდით. არეულობაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არავის არ ემღერებაო, ამის თქმაც არ შეიძლება. უკან დაბრუნება აღარ გვინდა. ბევრი ცუდი გამოვიარეთ. სულ იმას ვამბობდი, აპოლიტიკური ადამიანი ვარ-მეთქი, მაგრამ დღეს ისე ვითარდება მოვლენები, გინდა თუ არ გინდა, ჩართული ხარ პროცესებში. აპოლიტიკური ადამიანი აღარ დარჩა ქვეყანაში.

- შემოქმედებით სიახლეებზე ვსაუბრობდით...

- კიდევ ერთ, უცხოურ სიმღერაზე ვაპირებ კლიპის გადაღებას. სიმღერა თავად დავწერე. რიტმულია, ჰაუსის სტილია, ცოტა ალტერნატიულიც, მე რომ მომწონს, ისეთია, არაკომერციული. ამ კლიპში ოქროსფერი ქალი მინდა ვიყო, მოკლე და დეკოლტირებული კაბით. კოსტიუმი უკვე შემიკერა დიზაინერმა მარიკა ქურდობაძემ, როგორც ყოველთვის, თამამია. გიგას უნდა, რომ ცეკვაც ჩავრთოთ, სადაც მეც ვიცეკვებ და მოცეკვავეებიც. სიმღერის შინაარსი ის არის, რომ ძლიერი უნდა იყო ადამიანი, ცხოვრება მაგარია და ის უნდა შეიგრძნო, უნდა იცხოვრო ისე, როგორც შენ გინდა და არა ისე, როგორც სხვებს უნდათ, რომ შენ იცხოვრო! ეს აზრი ჩემი ცხოვრების კრედოც არის. და საერთოდ, ვმღერი იმას, რაც ჩემთან ახლოსაა, რაც ბევრისთვის ნაცნობია, მიწიერია, რეალურია. სიყალბეს ყოველთვის გრძნობს მსმენელიც და მაყურებელიც. ასე რომ, ჯობს სუფთა იყო. იმღერო ის, რაც გაწუხებს, გტკივა... კიდევ ერთი სიმღერა დავწერეთ, როკის სტილშია, მასობრივი სცენებით. კი, ვწერ ამ სიმღერებს, მაგრამ სად უნდა ვიმღერო, არ ვიცი (იცინის). დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები მოიცლიან ამ ყველაფრისთვის, გაუჩნდებათ სურვილიც და ფინანსებიც კონცერტზე წასასვლელად და რაც მთავარია, კონცერტები გაიმართება.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება