"თბილისის მოდის კვირეულის" ორგანიზატორს, მოდელ თაკო ჩხეიძეს ახალი წელი ძალიან უყვარს, იმასაც კი ამბობს, რომ თოვლის ბაბუის არსებობას დღესაც დიდი სიამოვნებით დაიჯერებდა. მისთვის 2012 წლის დასასრული იმით იყო გამორჩეული, რომ გველის წელს საქართველოში შეხვდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ დღეს ევროპის სხვადასხვა ქალაქში აღნიშნავდა. თაკოს მეუღლე რუსლან აბაშიძე საქართველოს ელჩია ესტონეთში, წყვილს სამი შვილი ჰყავს - სერგი, ალექსანდრე და დავითი.
- 2012 წლის მიწურულს ჩაატარეთ "თბილისის მოდის კვირეული"...
- იქიდან გამომდინარე, რომ გასული შემოდგომა პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იყო, ამ სეზონზე მოდის კვირეულის ჩატარება გადავიფიქრეთ, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ, წინასაახალწლოდ ქართველი ხალხი გაგვეხალისებინა. მართალია, მოდის კვირეულის ფორმატი ოდნავ შეიცვალა, მაგრამ საბოლოო ჯამში სამდღიანი კარგი ღონისძიება გამოგვივიდა, არაჩვეულებრივმა დიზაინერებმა წარმოადგინეს ძალიან კარგი კოლექციები, იყო სრული დასწრება და ჩვენც კმაყოფილი დავრჩით. გასული 2012 პირადად ჩემთვის ძალიან კარგი წელიწადი იყო, რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად და კარგად ვართ, ეს კი უმნიშვნელოვანესია.
- როგორ შეეგებეთ 2013 წელს?
- ეს ახალი წელი ჩემთვის გამორჩეული იყო იმით, რომ საქართველოში შევხვდი. ბოლო სამი წელია ამ დღესასწაულს თბილისში არ შევხვედრივარ. ევროპაში საახალწლო სამზადისს ძალიან ადრე იწყებენ და ოქტომბრიდან მაღაზიებში ჩნდება ნაძვის ხის სათამაშოები თუ სხვა მოსართავები. იქიდან გამომდინარე, რომ სამი შვილი მყავს, წელს ნაძვის ხე შედარებით ადრე დავდგი. ყოველ წელს ვყიდულობ ახალ სათამაშოს, თან ყველა იმ ქვეყნიდან ჩამოტანილი მოსართავებიც მაქვს, სადაც ვცხოვრობდი, შედეგად იმდენი სათამაშო დაგროვდა, რომ ჩვენს უზარმაზარ ნაძვის ხეზე ვეღარ ვატევთ. მჯერა, რომ როგორც შეხვდები ახალ წელს, მთელი წელი ისე წარიმართება.
- რას აკეთებთ განსაკუთრებულს იმისთვის, რომ მთელი წელი კარგად წავიდეს?
- ეს ალბათ შინაგანი რწმენაა, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, სადღესასწაულო განწყობა მაქვს და ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები ამ დღეს. ბოლო დროს ასტროლოგიამ გამიტაცა, ახალი წლის მოლოდინში ვცდილობდი გამეგო, რა უყვარს წლის ნიშანს, გველს, რა ფერებია აქტუალური...
- თქვით, რომ ბოლო სამი წელია საქართველოში არ შეხვედრიხართ ახალ წელს, რომელ ქვეყნებში აღნიშნეთ ეს დღესასწაული?
- საერთოდ, ევროპულ ქვეყნებში ყველაზე დიდი დღესასწაული შობაა, ამ დროს სხვადასხვა ქალაქში დაქსაქსული ნათესავები და ოჯახის წევრები იკრიბებიან და საზეიმოდ აღნიშნავენ 25 დეკემბერს. ესტონეთში, გარდა იმისა, რომ ტალინის მთავარ ქუჩაზე დგას ნაძვის ხე და ზარ-ზეიმით ხვდებიან ახალ წელს, მოსახლეობა სახლებთან აწყობს ფეიერვერკს, 12 საათის შესრულებმადე რამდენიმე წუთით ადრე ხალხი გამოდის გარეთ შამპანურით ან ღვინით ბოკლებით ხელში და ასე ულოცავენ ერთმანეთს ახალი წლის დადგომას. ბოლო წლების განმავლობაში მე ან ორსულად ვიყავი, ან ჩვილი მყავდა, ამიტომ შედარებით ვპასიურობდი ახალ წელს, თუმცა შარშან თბილისიდან მეგობრები გვესტუმრნენ და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წელი ძალიან მიყვარს, ჩემთვის ყოველი წელი განსაკუთრებულია.
მახსოვს, ბავშვობაში საჩუქრებს დიდ ყუთში მიფუთავდნენ, 12 საათი დარეკავდა თუ არა, მამაჩემის პატარა და მეძახდა, ჩქარა, ჩქარა თოვლის ბაბუა აკაკუნებსო, მე სირბილით მივდიოდი კართან და ვაღებდი. რასაკვირველია, იქ თოვლის ბაბუა არ მხვდებოდა, მაგრამ მეუბნებოდნენ, ეჩქარებოდა და საჩუქარი დაგიტოვაო. ყუთის სახლში შემოტანა და გახსნა კიდევ ერთი დღესასწაული იყო ჩემთვის. ახალა ზუსტად იმავენაირად ვიქცევი ჩემს შვილებთან, თოვლის ბაბუასთან დაკავშირებული ემოცია დღემდე მომყვება. კარგია, როცა დიდხანს გჯერა თოვლის ბაბუის, მე ახლაც სიამოვნებით დავიჯერებდი მის არსებობას (იცინის).
- თაკო, სამი შვილის დედობა ადვილი არ არის. როგორ უმკლავდებით ამ პასუხისმგებლობას?
- უფროსი შვილი - სერგი, უკვე დიდია, პატარებს მისგან განსხვავებული ინტერესები აქვთ. არ დავიწყებ ტრაბახს, რომ შვილებს მარტო ვზრდი, ოჯახის წევრები, ბებიები, ბაბუები ყველანაირად ხელს მიწყობენ და აქტიურად არიან ჩართული მათ აღზრდაში. "მოდის კვირეულის" პერიოდში ბებია-ბაბუებს ჩამოვურიგე ბავშვები და ყველაფერი რომ დამთავრდა, მერე ისევ შევკრიბე. ყველა მაქსიმალურად მიწყობს ხელს, რომ ჩემი საქმე ვაკეთო.
- სამი ბიჭის შემდეგ გოგოს გაჩენაზე არ ფიქრობთ?
- ხომ გაგიგია, არასოდეს თქვა არასოდესო?! ჰოდა, მეც არ ვამბობ არაფერს (იცინის).
- არ გაგიჭირდებათ მეუღლის გარეშე ყოფნა, ის ესტონეთში ბრუნდება, თქვენ კი თბილისში აპირებთ დარჩენას...…
- ჩვენ სულ მიდი-მოდის რეჟიმში ვართ. ახლა გადავწყვიტეთ, აქ დავფუძნდეთ და მან იაროს, ესეც სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან მარტო მასზე არაა დამოკიდებული წასვლა-წამოსვლა, იქ საქმე და სამსახური აქვს.
- თქვენი მეუღლე ძალიან დაკავებულია, თუ იცლის ბავშვებთან სათამაშოდ?
- ვფიქრობ, მამის ფაქტორი და ავტორიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში, განსაკუთრებით ბიჭებთან. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი მეუღლე თავისუფალ დროს შვილებთან ნაყოფიერად ატარებს. შეიძლება მშობელი მთელი დღე სახლში იყოს და შვილს ვერაფერი მისცეს, ასევე შესაძლებელია, მამამ შვილებთან დღის განმავლობაში ერთი-ორი საათი გაატაროს, მაგრამ იმდენად ნაყოფიერი, რომ მთელ დღეს უდრიდეს. ბევრჯერ მიფიქრია, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დედა მთელი დღეების განმავლობაში შვილების გვერდით იყოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს, შვილი წარმატებული და საქმიანი დედით უფრო მოიხიბლება, ვიდრე დღედაღამ სახლში მყოფი ადამიანით.
- წყვილის ცხოვრებაში სიახლეები აუცილებელია. თქვენ და თქვენი მეუღლე რამდენად იცლით ერთმანეთისთვის, ორივეს საქმე გაქვთ, გყავთ სამი შვილი, ალბათ ადვილი არაა დროის გამონახვა...
- ყველანაირ ურთიერთობას სჭირდება განახლება და გახალისება. მოგეხსენებათ, მე და ჩემი მეუღლე დიდი ხანია ერთად ვართ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რაც თვალი გავახილე, რუსლანი ჩემ გვერდითაა (იცინის). ბოლო პერიოდში ჩვენთვის ორი პატარის ამქვეყნად მოვლენა ნამდვილად კარგი და დიდი სიახლე იყო.
- დაბოლოს, რას ელით 2013 წლისგან?
- მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის წინსვლას. მინდა, "თბილისის მოდის კვირეული" მყარად დადგეს ფეხზე. ვისურვებდი მეტ საინტერესო პროექტს და მეტ მუშაობას.
ციცი ომანიძე
(გამოდის ორშაბათობით)