გიორგი სუხიტაშვილი: "იმდენად საშინელი ხასიათი მაქვს, ვერავის მივემსგავსები"

გიორგი სუხიტაშვილი: "იმდენად საშინელი ხასიათი მაქვს, ვერავის მივემსგავსები"

მუსიკოსების ოჯახში გაიზარდა. მის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული გავლენა უფროსმა თაობამ, პაპა-ბებიებმა იქონიეს. ყველაზე მძიმე წლები სოფელ კარალეთში გაატარა. 14 წლის ასაკში თბილისისკენ მარტომ აიღო გეზი და საყვარელ პროფესიას, მუსიკას დაეუფლა.

საზოგადოებამ ის "ჯეოსტარიდან" გაიცნო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გიორგი სუხიტაშვილი საქველმოქმედო ორგანიზაცია "ბუდეს" დამფუძნებელია. არის საქველმოქმედო ორგანიზაცია "მეცამეტე რაიონის" ერთ-ერთი წევრი და არაერთ კეთილ საქმეს აკეთებს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის. დღეს მომღერალს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ქართლში დავიბადე და გავიზარდე, კერძოდ, კარალეთში. სკოლა იქ დავამთავრე და იქ გავატარე ის "უდარდელი" წლები, ბავშვობას რომ ვეძახით. თუმცა ამ წლებს უდარდელს მაინც ვერ დავარქმევ. 90-იანი წლების დასაწყისიდან 2008 წლამდე არაერთი ომი გადავიტანეთ. დაძაბული მდგომარეობა იყო, ყაჩაღობა, ქურდობა, ხალხს აუთოებდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თუმცა ჩემი მშობლები ცდილობდნენ, ის ვაკუუმი, რაც შექმნილი იყო მატერიალური თუ საგანმანათლებლო კუთხით, სხვადასხვა ხერხით შეევსოთ ჩვენთვის. მამაჩემი, ნუკრი სუხიტაშვილი, მუსიკოსია. დედა - ნანა ღოლიჯაშვილი, ლექსებს წერს. შესაბამისად, კულტურული კრიზისი ოჯახში ნამდვილად არ იგრძნობოდა. ორი დედმამიშვილი მყავს - უფროსი ლევანი და უმცროსი - ნინი. მე შუათანა ვარ. პრივილეგირებული არც ერთი არ ვყოფილვართ. უბრალოდ, ნინი პატარა იყო და მხოლოდ მშობლები კი არა, ძმებიც ვანებივრებდით.

- დედმამიშვილები არ ჩხუბობდით?

- მე და ჩემი ძმა რომ ვკამათობდით, ასეთი დებატები მგონი, პარლამენტში არ იმართება. დღესაც ვკამათობთ ცალკეულ საკითხებზე.

- მშობლებისგან რომელთან უფ­რო მეგობრული ურთიერთობა გაქვს?

- ორივესთან. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა პატარაა. 17 წლისანი შეუღლდნენ ჩვენი მშობლები და 18 წლის ასაკში უკვე პირველი შვილი ეყოლათ. შესაბამისად, მეგობრული ურთიერთობა მშობლებთან არც ერთს არ გაგვჭირვებია, თუმცა ბარიერი ზრდილობის კუთხით ყოველთვის გვქონდა. რაიმეს თხოვაც არ მიჭირდა მშობლებისთვის, ეს ჩემს ძმას სჭირდა. მერე მე დამემართა. გარდატეხის ასაკში უკვე მიძნელდებოდა მშობლებთან მისვლა და ფულის თხოვა. მერე მუშაობაც დავიწყე.

- როგორი იყო სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა ოჯახში?

- ის გვქონდა, რაც მაშინ ყველას. მამა, როგორც გითხარით, მუსიკოსი იყო და ხშირად ჰქონდა გასტროლები. იქიდან ჩამოჰქონდა ჩვენთვის სათამაშოები. პირველი საბავშვო კომპიუტერი, ტელევიზორზე რომ ვაერთებდით, ჩვენ გვქონდა უბანში და უნდა გენახათ, ჩემთან სახლში რა ხდებოდა, "მარიოს" ვთამაშობდით.

- ვის ჰგავხარ ხასიათით?

- იმდენად საშინელი ხასიათი მაქვს, ვერავის მივემსგავსები. ძალიან მომთხოვნი ვარ. ეს ძირითადად საქმეში გამოიხატება. პუნქტუალობას, პასუხისმგებლიანობას მოვითხოვ სხვისგანაც. იმ დოზით არა, რა დოზითაც მე მაქვს, ვგრძნობ, გადამეტებულად მაქვს, მაგრამ საქმე თუ ფუჭდება, ამას მძიმედ აღვიქვამ. ეს მამისგან გამომყვა. დედა ძალიან მოწესრიგებულია. ამავდროულად რბილი ხასიათი აქვს, კომფორტულია ურთიერთობაში. წესრიგი მეც მიყვარს, მაგრამ ჩემთან ურთიერთობა კომფორტული ნამდვილად არ არის. ხისთავიანი ვარ, რქებით ვაწვები ჩემს პრინციპებს და გამაქვს. ამავდროულად, სამართლიანიც ვარ.

- ასეთი ხასიათის გამო შენიშვნა ხშირად მიგიღია?

- ვცდილობ, შენიშვნა არ დავიმსახურო. არ მიყვარს, როცა შენიშვნას მაძლევენ. არ გამოვხატავ ამას, მაგრამ ნამდვილად არ მიყვარს, როცა თუნდაც ჩემს მძიმე ხასიათზე მიმითითებენ. ამიტომ ვცდილობ გავაკონტროლო თავი, არ გადავაბიჯო იმ ზღვარს, რომელიც ზრდილობასა და უზრდელობას შორის არის გავლებული.

- სკოლის პერიოდზე რას გვეტყვი, თუ გყავდა ისეთი მასწავლებელი, რომლისგანაც განსაკუთრებული გამოცდილება მიიღე?

- მყავდა საყვარელი პედაგოგები. მაგალითად, მარო ტალახაძე, რომელიც გარდაიცვალა. კახელი ქალი იყო. საოცარი დასჯის მეთოდები ჰქონდა, წამორტყმაც კი თავისებური იცოდა. მთელი რიგი ილეთები ჰქონდა შემუშავებული (იცინის).

- შენც ხომ არ მოგხვედრია მარო მასწავლებლის ხელი?

- მე არა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცელქი ვიყავი. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, 45 წუთი ძალიან ბევრი იყო ჩემთვის. განსაკუთრებით ბოლო ათი წუთი იწელებოდა.

- შენი უსაქციელობის გამო მშო­ბლები თუ დაუბარებიათ სკოლაში?

- არაერთხელ. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში თავად ვაგვარებდი მასწავლებლებთან საკუთარ პრობლემებს. სხვათა შორის, ძალიან ვუყვარდი პედაგოგებს. ჩემებს ეუბნებოდნენ, ისეთი სახით გვიყურებს, რაც უნდა დააშავოს, ვერ ვსჯითო. მე-5 კლასში ვიყავი, მამაჩემმა სათამაშო პისტოლეტი რომ ჩამომიტანა ერთ-ერთი გასტროლიდან. ბურთულებს ისროდა და საკმაოდ მტკივნეული იყო მისი ნატყვიარი. სკოლაში წავიღე. ვიღაცამ დამასმინა. გეოგრაფიის პედაგოგი მყავდა ძალიან მკაცრი. ჩხრეკა ჩაატარა კლასში და მიპოვა ეს იარაღი. იცით, რა ძვირფასი იყო მაშინ ეს იარაღი ჩემთვის? - წამართვა. ერთი დღე მქონდა სულ ეს თოფი. მოვაღე პირი, მაგრამ არაფერმა მიშველა. სახლში ვთქვი, დავკარგე-მეთქი. სკოლა რომ დავამთავრე, ბანკეტზე დირექტორმა ეს იარაღი მომიტანა. ისეთი ემოციური იყო ის მომენტი... შენახული ჰქონია სეიფში ჩემი "არსენალი".

- ხშირად ახსენებ ხოლმე პაპას, მამის მამას, მისგან რა გამოცდილება მიიღე?

- ლუარსაბ პაპას და მის მეუღლეს მართლა დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი აღზრდა-განათლების საქმეში. ძალიან მიყვარს ეს ადამიანები და მინდა დიდხანს მყავდნენ. უფრო ძლიერი და უფრო "ბევრი" ვარ მათ გვერდით. ახალი წლის ღამეს ამ გადარბენებსა და სიმღერებს რომ მოვრჩი, მოვახტი ჩემს მანქანას და დილის 6 საათზე ახალი წელი მივულოცე ჩემს მოხუცებს. მე და ლუარსაბ პაპა უკვე გაპობილი მთვრალები შევხვდით პირველ იანვარს. ლუარსაბი კარგად მღერის, ბებიაც მღერის. ბავშვობიდან შემაყვარა მიწა პაპა ლუარსაბმა. რა იარაღებიც მას ჰქონდა, იგივე იარაღები მქონდა მეც, ოღონდ პატარა, ჩემი ზომის. გადაიდებდა პაპა თოხს, მეც გავიდებდი ჩემს იარაღს და მივყვებოდი ვენახში. დღესაც, როცა ჩავდივარ, ყოველთვის ვცდილობ მივეხმარო.

- გიორგი, ე.წ. "ქუჩის აკადემიამ" რა მოგცა?

- რთული პერიოდი დაემთხვა ჩვენი ყოყლოჩინობის პერიოდს. შეიძლება ითქვას, რომ ამ აკადემიის წარმატებული კურსდამთავრებულები ვართ გორელები. ახლა მაგისტრის დიპლომს იცავენ ზოგი სად და ზოგიც - სად. მე რაც შემეხება, საკმაოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობდი. ალბათ ამან განაპირობა ის, რომ ვცდილობდი ქუჩაში ძლიერი ვყოფილიყავი, არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც. იმიტომ, რომ როცა ხეპრე ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, რაც უნდა გამართული იყო გონებრივად, მოხერხებული, მხოლოდ ჭკუით ვერაფერს გახდები. ალბათ ამან უბიძგა ჩემს თაობაში ბევრს "გაფუჭებულიყო". იყო ნარკოტიკიც, რომელიც შემოედინებოდა ცხინვალიდან, თუმცა ქუჩაში იდგა მეორე კატეგორიაც, რომელიც სპორტულად ვცხოვრობდით, სულ ვვარჯიშობდით.

- ეს ყველაფერი შენ თვალწინ ხდებოდა, ალბათ ცდუნება დიდი იყო...

- ჩემ თვალწინ ხდებოდა მართლაც, უბრალოდ, მაგის ინტერესი არ მქონია. სიგარეტიც არ მომიწევია არასდროს. მამაჩემს ჩემთვის არ უთქვამს, სიგარეტი არ მოსწიოო, თავისთავად მოხდა ყველაფერი. 14 წლის ვიყავი, თბილისში რომ ჩამოვედი. მე-9 კლასიდან წამოვედი. მქონდა არაქალაქური კილო, ჩაცმის არაქალაქური სტილი. ამის გამო ხშირად ქილიკის ობიექტი ვხდებოდი. ხელები სულ დასისხლიანებულ-დალურჯებული მქონდა ჩხუბით. დამცინოდნენ აქცენტის გამო. ძალიან ცოტა ვილაპარაკე პირველი ორი წელი. კომპლექსი მქონდა, ვერ ვლაპარაკობდი. დიდი მადლობა ჩემს მეტყველების პედაგოგს, ეკა ბაკურაძეს, რომელიც მართლა ძალიან დამეხმარა ამ კუთხით. მალევე ამოვიღე ხმა და ხომ ხედავ, როგორც ვმეტყველებ დღეს, თუმცა როცა ემოციური სიტუაცია მაქვს, მაინც ქართლელი ვხდები (იცინის).

- პროფესია როგორ აირჩიე?

- მინახავს, როგორ იკრიბება კონსილიუმები ოჯახებში შვილისა თუ შვილიშვილის პროფესიის ასარჩევად. ასეთი რამ ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა, გარკვეული იყო უკვე ყველაფერი. 2 წლიდან ვმღეროდი და გამორიცხული იყო, სხვა პროფესია ამერჩია.

- გადაკვრითაც არავინ გირჩია უფრო სარფიანი პროფესია?

- ყველა მეუბნებოდა ამას, მაგრამ როცა ეს საქმე გიყვარს, სხვა მხარეს ვერ იხედები. ეს სიტუაცია ქალის სიყვარულს ჰგავს. როცა გიყვარს, მის გარდა ხომ არსებობენ ლამაზი და უკეთესი ქალებიც, მაგრამ შენ ის გიყვარს და სხვა არ გაინტერესებს. მე ის პროფესია მიყვარდა. შოთა მილორავას სახელობის საცირკო-საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე, ვოკალის განხრით. ოთხი წელი ვისწავლე, მერე თეატრალურში ჩავაბარე, მუსიკალური თეატრის განხრით. ახლა მაგისტრატურა მინდა გავიარო, ოღონდ არა საქართველოში.

- ანუ, სწავლა სიბერემდეო, არა?

- სწორად მინდა გამიგოს ყველამ, როცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მაგისტრატურაზე ჩავაბარე, მივხვდი, რომ მაიმუნობა ხდებოდა. მხოლოდ დიპლომის გამო არსად ვაბარებ. არც ის ტიპი ვარ, ჯილდოებსა და დიპლომებს ჩარჩოებში რომ ინახავენ.

- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

- ღრმა ბავშვობიდან მქონდა გატაცებები, მომწონდა, მიყვარდა, საბავშვო ბაღშიც, სკოლაშიც, ინსტიტუტშიც.

- გიმართლებდა ყოველთვის, თუ ცალმხრივადაც იყავი შეყვარებული?

- ყოველთვის მიმართლებდა. მეოცნებე ტიპი არ ვარ. აბსტრაქტულზე, არარეალისტურსა და იდეალურზე არასდროს მიოცნებია. მომღერლების პლაკატებს რომ აკრავდნენ და საგაზეთო სტატიებით აჭრელებდნენ კედლებს, ასეთი რამ არასდროს მიქნია. ერთი სიტყვით, არავინ გამიფანატებია. მიყვარდა ისეთი გოგონები, რომლებსაც ვიმსახურებდი და რომლებიც მიმსახურებდნენ. ანომალიური სიყვარული არასდროს მქონია. ვიღაცეები "ვიაგრას" გოგონებზე რომ "ჭედავდნენ" და ვერა ბრეჟნევასთან შესახვედრად ბილეთის ფულს აგროვებდნენ, ასეთი რამ არასდროს დამმართვია. პრაგმატული ადამიანი ვარ, მიწაზე მყარად ვდგავარ და შესაბამისად, იმედი არასდროს გამცრუებია. გამოცდილი ამ კუთხით ნამდვილად ვარ, თუმცა შეცდომები შეიძლება 60 წლის ასაკშიც დაუშვას ადამიანმა და არა მხოლოდ სასიყვარულო კუთხით.

- როცა "ჯეოსტარში" გამოჩნდი, უამრავი "ფანი" გოგონა გყავდა, როგორ პასუხობდი თაყვანისმცემელ გოგონებს?

- იყო ზარები, კარში გაჩრილი წერილებიც, საჩუქრები, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს დროებითი იყო. ზუსტად ვიცოდი, ამ პროექტში შესვლას რაც მოჰყვებოდა და არც გავუოცებივარ ამ ამბავს. ვიღაცებს ცნობადობა, ჯიბეში ცოტა მეტი ფული აფუჭებს. ეს მე არ მეხება. დღესაც ზუსტად ის მეგობრები მყავს, ვინც მანამდე მყავდა. შეიძლება დროის პრობლემა მქონდეს, მაგრამ ჩემი მეგობრები გაგებით ეკიდებიან ამ ამბავს.

- სასიყვარულო გამოცდილებას დავუბრუნდეთ. როგორ გგონია, ამ ურთიერთობების შედეგად, ამოიცანი ქალის ფენომენი?

- ქალის ფენომენი ქალმა ვერ ამოიცნო და მე როგორ უნდა ამოვიცნო (იღიმის)?!

- როგორ გგონია, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის?

- მრავალფეროვნება.

- დასასრულ, შეცდომებზეც მინდა გკითხო. გახსენდება რომელიმე ნაბიჯი, რომელსაც ხშირად ნანობ?

- არა, არაფერზე ვდარდობ. ეს არის ჩემი ცხოვრება თავისი კარგითა და ცუდით. არ მაქვს ილუზია, რომ უშეცდომოდ ვცხოვრობ. ვიღაცები კი ამბობენ, უკან რომ მოვიხედავ, ერთი შავი ლაქაც არ მაქვსო, მაგრამ არ მჯერა. ყველას გვაქვს ჩვენ შავი ლაქა. ყველაფერი უფლის ნებაა, ასე იყო ალბათ საჭირო. შემთხვევით არაფერი ხდება.

- დღეს რას აკეთებს გიორგი სუხიტაშვილი?

- ვცდილობ გავერკვე, რა მინდა. წავიდე თუ დავრჩე. აი, ეს კითხვა მაწუხებს.

- სად მიდიხარ?

- არ ვიცი. იქ, სადაც ის პროფესია, რომელსაც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დავუთმე და მეტ სიამოვნებას მომანიჭებს. სადაც სცენაზე გამოვალ ყოველგვარი თხოვნის გარეშე, სადაც მესიჯების გამო არ ვუმღერებ პუბლიკას, სადაც მხოლოდ საქველმოქმედო ღონისძიებები არ ჩატარდება, სადაც კონცერტი გაიმართება ყველანაირი სარჩულის გარეშე, კონცერტი კონცერტისთვის. სადაც სიმღერის დასაწყისში ან სიმღერის ბოლოს სათხოვარი არ მექნება მსმენელთან თუ მაყურებელთან.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება