კურტ ვენერი - ასფალტის და ვინჩი

კურტ ვენერი - ასფალტის და ვინჩი

street art - ასე ჰქვია 21-ე საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთ მიმართულებას, რომელიც ქუჩის მხატვრობად ითარგმნება. სტრიტ-არტის, ანუ ქუჩის მხატვრობის შედევრების ნახვა ევროპისა და ამერიკის ქალაქებში შეიძლება. ფეხით მოსიარულეებისთვის ეს მშვენიერი სანახაობაა - შუა ქუჩაში გადმოტანილი ეფექტური სცენები, რომლის მონაწილე ყველას შეუძლია გახდეს - უბრალოდ უნდა დადგე ასფალტზე და შედევრთან ფოტო გადაიღო.

ქუჩის მხატვრობასაც ჰყავს თავისი "გურუები". ერთ-ერთი მათგანი მხატვარი კურტ ვენერია, რომელიც თავისი მონუმენტური და ქუჩის მხატვრობით არის ცნობილი. ჩვეულებრივი ცარცით ის ნამდვილ სამგანზომილებიან შედევრებს ქმნის.

პირველი შეკვეთილი სამუშაო მან 16 წლისამ შეასრულა, 18 წლისამ კი გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება მხატვრობისთვის მიეძღვნა. კურტი როდ-აილენდის დიზაინის სკოლაში დადიოდა, მერე კი კარგა ხანს "ნასას" მხატვარ-ილუსტრატორად მუშაობდა - მომავალი კოსმოსური პროექტებისა და არამიწიური ლანდშაფტების კონცეპტუალურ გამოსახულებებს ქმნიდა. 1982 წელს "ნასა" დატოვა, მთელი ქონება გაყიდა და იტალიაში გაემგზავრა ხელოვნების შესასწავლად.

ვენერი ასევე ქმნის ნახატებს ზეთში, მონუმენტურ ფერწერას, ქანდაკებებს - კერძო და სახელმწიფო დაკვეთით. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამუშევარი, დაახლოებით 1,7 კვადრატული მეტრი, განთავსებულია აშშ-ში უილშირის გამზირზე, ვესტვუდში და ნაჩვენებია ფილმში "კედები", ხოლო მისი სხვა დიდი ნამუშევარი, "ჯადოსნური ფლეიტა", ფრესნოს ქალაქის საბჭოს შენობას ამშვენებს.

1987 წელს ვენერს პირველი ადგილი მიანიჭეს ნიუ-იორკის კინოფესტივალზე, ნომინაციაში "გამომსახველობითი ხელოვნება".

გარდა ქუჩის მხატვრობისა, ვენერი არქიტექტორად და მოქანდაკედ მუშაობასაც აგრძელებს. მისი პროექტებით იგება მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი ვილები. მის სამგანზომილებიან ნამუშევრებსა და ინსტალაციებში კი სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ რეალური ადამიანები და რეალური საგნები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ვენერი იმ მხატვრებს შორის არის, რომლებიც ერთ ადგილზე არ იყინებიან, დროსთან ერთად ვითარდებიან და ხშირად დროსაც უსწრებენ.

კურტი ხშირად იხსენებს, რომ ქუჩის მხატვრობამ ბავშვობაში გაიტაცა. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ერთხელ უყურებდა, ქუჩის მხატვარი როგორ ხატავდა ცარცით ასფალტზე ანგელოზს. აირჩია მომენტი, როცა მხატვარი წასახემსებლად გავიდა და თვითონ დაასრულა ნამუშევარი. სწორედ მას მერე შეიპყრო ხატვის სურვილმა.

დღეს კურტ ვენერი სამგანზომილებიანი მოცულობითი ფერწერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ნიჭიერ ოსტატად მიიჩნევა. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი - იმისთვის, რომ მისმა სურათებმა, რომლებიც ღია ცის ქვეშ "ცხოვრობენ", რაც შეიძლება დიდხანს გაძლონ, კურტმა გამოიგონა რეცეპტი, რომლის მიხედვითაც ამზადებს სპეციალურ ცარცებს ასფალტზე სახატავად.

ლელა ზურებიანი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება