"ბედის ირონიამ" ლატვიაში პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია

"ბედის ირონიამ" ლატვიაში პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია

ლატვიაში სერიოზული სკანდალი აგორდა ელდარ რიაზანოვის ლეგენდარული კინოსურათის გარშემო. "ბედის ირონია, ანუ გაამოთ!" რა ხანია იქცა ახალი წლის სიმბოლოდ. მას თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ყოველ წელს აჩვენებენ ახალი წლის დღეებში.

სკანდალი ლატვიაში მას მერე აგორდა, რაც 2 იანვარს "ტვიტერში" თავის ბლოგში ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა ნორმუნდ ვასარინშმა დაწერა, რომ "ლატვიური საზოგადოება ჭეშმარიტად დასავლური მხოლოდ მაშინ გახდება, როცა შეწყვეტს ყოველწლიურად აღტაცებას საბჭოური ფილმით "ბედის ირონია". დიპლომატის აზრით, ახალი წლის დღეებში დასავლური ფილმების ყურება ჯობს, რადგან "ისინი არ არის ინფიცირებული საბჭოთა აზროვნებითა და ნოსტალგიით". მაგალითად, პარტიის "მშობლიური ენისთვის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ილარიონ გირსი ამბობს, რომ დღეს ლატვიის მცხოვრებლებს, რომლებიც ყოველ ახალ წელს ყველა არხით "ბედის ირონიას" უყურებენ, შეუძლიათ მხოლოდ ცხოვრების იმ დონეზე ოცნება, რომელიც რიაზანოვის ფილმშია ნაჩვენები.

მას მერე, რაც პრესამ დიპლომატის სიტყვები ბალტიისპირული ქვეყნის ოფიციალურ პოზიციად აღიქვა, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა განმარტებები გაეკეთებინა. სამინისტროს წარმომადგენელმა იანის სილისმა განაცხადა, რომ "ეს კონკრეტული ადამიანის კერძო მოსაზრებაა, რომელსაც არ აქვს კავშირი სამინისტროსთან".

თავის მხრივ, რეჟისორმა ელდარ რიაზანოვმა ლატვიელ რეჟისორებს ურჩია, საკუთარი საახალწლო სურათი გადაიღონ, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში აჩვენებენ.

"ვერც კი გავბედავდი იმაზე ფიქრს, რომ თურმე ჩემზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა ლატვიური საზოგადოება დასავლური, - აღნიშნა რიაზანოვმა, - მაგრამ, პრინციპში, ბატონი ვასარინში სრულიად მართალია. ვიზიარებ მის აღშფოთებას და მეც უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ჩემს სურათს ამდენი წელი უჩვენებენ. ეს მართლაც არ შეიძლება. მე ერთადერთ გამოსავალს ვხედავ. რომელიმე ლატვიელმა რეჟისორმა გადაიღოს რაიმე კარგი საახალწლო ფილმი, რომელსაც ასევე უჩვენებენ ოცდაათი-ორმოცი წელი ზედიზედ".

Российская газета

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება