რას ფიქრობს გია ნიკოლაძე ფხიზელ ადამიანებზე

რას ფიქრობს გია ნიკოლაძე ფხიზელ ადამიანებზე

მომღერალი გია ნიკოლაძე მალე მსმენელს 2 ახალ სიმღერას და პოემას - "ქართ ზღაპარი ანი-ბანი" შესთავაზებს, ამჯერად კი გვიამბობს, თუ რატომ გადმოხტა 22 მეტრის სიმაღლიდან, რას უფრთხილდება ყველაზე მეტად და რატომ ურეკავენ შეზარხოშებული, თითქმის უცნობი ადამიანები ღამის 3 საათზე?..

- დაბადების თარიღი...

- ...1964 წლის 21 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...გამომგონებელი. ჩემს ბავშვობაში გასართობები ნაკლებად იყო და საწერ-კალამიც მელანში უნდა ჩაგეწო; ფერადი ტელევიზორიც კი მერე გამოვიდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ის რომ გითხრა, რაც ყურში ხშირად მესმის, მეტიჩრობა გამომივა. ამბობენ, "მაგარი კაციაო", მაგრამ ეს არ დაწერო. ჩემზე იმასაც ამბობენ, - სმა უყვარსო. ჰოდა, ვაღიარებ, ალკოჰოლი მიყვარს. ვფიქრობ, ქვეყანა ფხიზელი კაცის დაქცეულია. ნასვამი ყველაზე "ნაღდი" ვარ.

- თვისება, რომელიც ჩემს თავში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...დიდი ნებისყოფაა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი. როგორც მიცხოვრია, ისე ვიცხოვრებდი.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...იმ მომენტმა, როცა აღმოვაჩინე, რომ დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია.

- ბედნიერი ვარ, როცა...

- ...ჩემი მეუღლე, შვილები, მეგობრები, ახლობლები კარგად არიან.

- ვიბნევი, როცა...

- ...არც კი ვიცი, როდის ვიბნევი. არ მახსოვს, ბოლო დროს ეს როდის დამემართა... ლამაზი ქალის დანახვისას ნამდვილად არ ვიბნევი და არც უცხო საზოგადოებაში ყოფნა მაკომპლექსებს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ყველანაირი ნიღაბი მოხსნილი მაქვს. ზოგადად, განმარტოება მიყვარს ხოლმე.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ვუყურებ ტელევიზორს.

- წონასწორობიდან გამოვდივარ, როცა...

- ...ასეთი რამ იშვიათად მემართება. მშვიდი, მყარი ნერვების პატრონი ვარ, მაგრამ ჩემთვის ძალიან ახლობელ და საყვარელ ადამიანებს ვინმე ცუდად თუ შეეხება, წონასწორობიდან გამოვალ კი არა, არ ვიცი, რა დამემართება.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მუსიკოსი. მინდა, გაცილებით მეტს ვაკეთებდე.

- მეზარება...

- ...სიზარმაცე და ზარმაცი ხალხი.

- მაღიზიანებენ...

- ...მატრაკვეცა ადამიანები. ორჯერ ნანახი პიროვნებები ღამის 3 საათზე, მთვრალები რომ მირეკავენ და რესტორანში სიმღერის - "უბერავს", მოსმენის მერე ჩემთან დარეკვით რომ მატრაკვეცობენ, აი, ასეთი უზრდელი ადამიანები მაღიზიანებენ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...იქ, სადაც ვარ, - ანუ სახლში.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ეშმაკთან არ მაქვს საქმე. ადამიანებთან ურთიერთობაში დამთმობი ვარ; იშვიათად ვჯიუტდები.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა და კომპიუტერში კლიპის მონტაჟი.

- დაშვებული შეცდომების...

- ...გამოსწორებას ვცდილობ. თუმცა, ზოგჯერ ვიმეორებ კიდეც.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...ლოცვა ხომ არსებობს?! ჰოდა, იმისიც მჯერა, რომ წყევლაც არსებობს და ორივეს დიდი ძალა აქვს.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...ჩემი ძველი სახლი. საერთოდ, სიზმარს ხშირად ვნახულობ და უმეტესად იმ სახლში ვარ, სადაც ადრე ვცხოვრობდი.

- ძალიან მინდა...

- ...ჩემი პოემა - "ქართ ზღაპარი ანი-ბანი", რომელსაც მალე გამოვცემ, ყველამ წაიკითხოს.

- არავისთან ვლაპარაკობ...

- ...სხვის პირად ცხოვრებაზე.

- არ მჩვევია...

- ...ზურგს უკან ლაპარაკი.

- სიყვარული ეს...

- ...ღმერთია. "ღმერთი სიყვარულს არ კრძალავს, ის თვითონ სიყვარულია".

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სისუსტეებია.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ..."ბალახმა". მე და ბალახი, ძროხა და ბალახი, ცხენი და ბალახი განუყრელი მეგობრები ვართ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ. მომწონს ექსტრიმი. ერთხელ ტეხურაზე 22 მეტრი სიმაღლიდან გადმოვხტი: იქ ვქეიფობდი, რამდენჯერმე ვცადე გადმოხტომა და უკან დავიხიე; მერე გავიგონე, ვიღაცები ამბობდნენ: ვერ გადმოხტება, ვერ გადმოხტებაო. ჰოდა, ავდექი და "გადმოვფრინდი".

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვიმორცხვებ და დალევა მინდება.

- მეშინია...

- ...ემანდ რამე არ შემეშალოს.

- ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...ჩემი გარდაცვლილი მეგობრები არიან.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ბევრს ვსვამ და ვთვრები. თრობის პროცესში რა სიამოვნებას ვნახულობ? - არ ვიცი. ალბათ, ეს სიტუაციიდან გაქცევის ერთგვარი ფორმაა; როცა მინდება, რომ გავითიშო, მაშინ ვთვრები.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...მიხარია. პირველი სერიოზული სიყვარული 25 წლისას მეწვია. ის გოგო დღეს ჩემი მეუღლეა და მთელი სიცოცხლე მეყვარება.

- ვუფრთხილდები...

- ...ოჯახს, ძმაკაცობას...

- ვერავინ მაიძულებს...

- ...იმ აზრის შეცვლას, რომელიც ჩემს პოემაში დევს.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...მეგობრებით.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ერთ ადგილს ვერავის მივცემ.

- ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ეს ყველას მაგრად "გაგვისწორდებოდა". მერწმუნე, მთელ თანხას ბოლო "კაპიკამდე" გავფანტავდი, გავფლანგავდი. ფული არ მიყვარს, დიდი ჭირია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ამ წუთში პატრიარქის სიტყვები მახსენდება: "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი".

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...მიყვარხართ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება