მაკა ზამბახიძე: გულჩვილი ადამიანი ვარ, ჩახლართული ამბებით არ ვინტერესდები

მაკა ზამბახიძე: გულჩვილი ადამიანი ვარ, ჩახლართული ამბებით არ ვინტერესდები

"მწერლობაში ყველაზე მეტად რომანები მიყვარს. მიზიდავს ისტორიული ჟანრის ლიტერატურაც. დეტექტივები - ნაკლებად, ჩახლართული ამბებით არ ვინტერესდები". - ამბობს მომღერალი მაკა ზამბახიძე. მას წაკითხულ ნაწარმოებებთან ხელმეორედ დაბრუნება სჩვევია. წიგნი არასდროს მოუპარავს, - "ოჯახში ყოველთვის კარგი ბიბლიოთეკა მქონდა. მთავარი იყო, წიგნის წაკითხვის სურვილი გამჩენოდა".

პრეამბულის მაგიერ

- მაკა, შენი ბიბლიოთეკის განახლებაზე ზრუნავ? ახალ გამოცემებს იძენ?

- წიგნებს საკმაოდ ხშირად ვყიდულობ. მინდა, ჩემს შვილს კითხვა შევაყვარო. მიხარია, რომ არ ზარმაცობს. მინდა, რაც შეიძლება ბევრი იკითხოს.

- წიგნის კითხვის დროს გიტირია?

- არაერთხელ მიტირია. გულჩვილი ადამიანი ვარ.

- შენი საყვარელი ავტორები რომლები არიან?

- არაერთი ავტორის შემოქმედება მომწონს, მაგრამ გამორჩეულად ნოდარ დუმბაძე მიყვარს.

- როგორც ვიცი, შენ და რატი ახალ სიმღერებზე მუშაობთ.

- მალე მსმენელს 2 ახალ სიმღერას შევთავაზებთ. ერთ-ერთზე მუშაობა უკვე დავამთავრეთ. მუსიკის ავტორი ვაჟა დურგლიშვილი გახლავთ, ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, ბექ-ვოკალი - მაია კაჭკაჭიშვილი, არანჟირება - ბორიკო შხიანი. შემსრულებელი - დუეტი "ჯორჯია" (იცინის).

- დროა, კითხვარზე გადავიდეთ.

- ვაიმე!!! რაღა დაგიმალო და ძალიან ვღელავ. დავიწყოთ, იმედია, ძალიან არ შევრცხვები.

- დაასახელე ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია. ის ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვენაში.

- მოცარტი.

- ამბობენ, რომ ის მოცარტის შთაგონების წყარო იყო. ერთხელ, მოცარტის მიერ ახალდაწერილი ფორტეპიანოს პარტიის ფრაგმენტი წაიმღერა, თან მცირე შესწორება "შეიტანა". მოცარტმა აღიარა, რომ ახალი მოსმენილი ვარიანტი უკეთესად ჟღერდა და ასე შეიტანა ნაწარმოების საბოლოო ვარიანტში. დაასახელე, რა იყო მოცარტის შთაგონების წყარო.

- რა თუ ვინ?

- ამ შემთხვევაში ადამიანზე არ არის ლაპარაკი.

- აბა?

- ფრინველის ერთ-ერთ სახეობაზეა.

- არ ვიცი, მტრედი ხომ არა?

- შოშია. რა მოსდით ყვავილებს, თუ მათ მუსიკას ხშირად მოვასმენინებთ?

- გამიგია, არ ჭკნებიან და დიდხანს ცოცხლობენო. მუსიკასაც გააჩნია.

- როგორი ორკესტრი არ არსებობს: სიმფონიური, საორგანე თუ საესტრადო?

- საორგანე.

- მულტიპლიკაციური ფილმები გიყვარს?

- კი.

- რა ჰქვია კომბლეს ძროხას?

- გავიხსენებ (ფიქრობს), - ჭრელა.

- რომელ ქართულ ფილმშია გამოყენებული გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზი - "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ"?

- "ქეთო და კოტეში".

- "მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი". - ამბობდა...

- (მაწყვეტინებს) სოკრატე ამბობდა.

- მართალია. აქვე გაიხსენე, რას ამატებდა ის ამ გამონათქვამს? "...აი, სხვებმა კი ესეც...

- "...ესეც არ იციანო".

- მისი მშენებლობა იმპერატორმა ცინში ჰუანდიმ ჰუნებისგან (ცენტრალური აზიის მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ტომების გაერთიანება) თავის დასაცავად დაიწყო. რის მშენებლობაზეა ლაპარაკი?

- ჩინეთში რომ არის, არა?

- რომელ ნაგებობაზეა ლაპარაკი?

- ჩინეთის დიდ კედელზე.

- ინგლისის რომელი ქალაქიდან იყვნენ ლეგენდარული ჯგუფის, "ბითლზის" წევრები?

- ლივერპულიდან.

- რომელმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკა ფილმისთვის - "მიმინო"?

- გია ყანჩელმა.

- დაალაგე მამაკაცთა სასიმღერო ხმები მაღლიდან დაბლისკენ: ბარიტონი, ბანი, ტენორი.

- ტენორი, ბარიტონი, ბანი.

- როგორც ცნობილია, სიმღერა საქართველოში, ისევე, როგორც შელოცვა, სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. რომელი სამკურნალო, ხალხური სიმღერის დასახელება შეგიძლია?

- "ბატონებო".

- ეს მუსიკალური საკრავი უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. შუა საუკუნეებში მას რომანტიკული ბალადების შესასრულებლად იყენებდნენ, ხოლო XVIII საუკუნეში სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაში შევიდა. დაასახელე, რომელ ინსტრუმენტზეა ლაპარაკი?

- ერთდროულად ბევრი მახსენდება და ზუსტად რომელია, არ ვიცი.

- არფა. "მუსიკა საგანძურია, სადაც ყველა ეროვნებას თავისი განძი შეაქვს" - რომელი კომპოზიტორია ამ გამონათქვამის ავტორი?

- ცოტა დამეხმარე, გთხოვ.

- ის რუსული კლასიკური მუსიკის წარმომადგენელი და არაერთი შედევრის ავტორია.

- ჩაიკოვსკი ხომ არა? ეს ჩემი სავარაუდო პასუხია.

- გამოიცანი. რისი შიშია მონოფობია?

- არ ვიცი.

- მონოფობია მობილურის არქონის შიშია. შენ თუ გაქვს რომელიმე ფობია?

- არა, მხოლოდ მწერების, ქვეწარმავლების მეშინია, მეზიზღება.

- სპარსული იგავის მიხედვით, არსებობენ სამი სახეობის მტრები. პირველი - უბრალოდ მტერი, მეორე - მეგობრის მტერი და დაასახელე მტრის მესამე სახეობა.

- შენი ქვეყნის მტერი.

- სწორი პასუხია მტრის მეგობარი. სად მოკლეს ლინკოლნი?

- თეატრში.

- სახლში ძაღლი გყავს?

- კი, 2 ძაღლი მყავს.

- მას მარხილის ძაღლს უწოდებენ, უძლებს ნებისმიერ დატვირთვას და შეჩვეულია ყინვას. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და უშიშარი ძაღლია, ამავე დროს - სწრაფიც. უმეტესობას ცისფერი თვალები აქვს. დაასახელე, რომელ ჯიშზეა ლაპარაკი?

- ლაიკაზე.

- ინგლისელმა ფილოსოფოსმა რასელმა მასზე ასეთი განმარტება გააკეთა: "ის შედგება 4 ინგრედიენტისგან: ჯანმრთელობისგან, თბილი პირადი ურთიერთობებისგან, არსებობის ღირსეული საშუალებებისგან და წარმატებული სამსახურისგან". რა განმარტა ასე ფილოსოფოსმა?

- ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაა.

- დაფიქრდი, არ მგონია, სწორი პასუხის გაცემა გაგიჭირდეს.

- სრულფასოვნება, არა?

- ბედნიერება. რა არის შენთვის ბედნიერება?

- ყველაფერი, რაც ჩამოთვალე.

- ერთხელ სალვადორ დალის ერთ-ერთმა პარფიუმერიულმა ფირმამ ახალი სუნამოსთვის ფლაკონის დიზაინი დაუკვეთა. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა. სახლში იპოვა საგანი, რომელსაც ლითონის ნაწილი მოხსნა, ოქროსფრად შეღება და განაცხადა, რომ ის ფლაკონის თავსახური იქნებოდა. მწარმოებლებს კი ურჩია, სუნამოსთვის უცნაური სახელი - "გაელვება" დაერქმიათ. დაფიქრდი და მიპასუხე, რისგან დაამზადა სალვადორ დალიმ ფლაკონი?

- ზუსტად არ ვიცი, სალვადორ დალი უცნაური კაცი იყო. საინტერესოა, რა ნივთისგან უნდა დაემზადებინა?

- მიგანიშნებ: ეს ნივთი ყველა ჩვენგანის სახლშია, თან - არაერთი.

- და გაელვებასთან კავშირშია (პაუზის შემდეგ)? მითხარი რა, ვერ გავიგე, რა გიპასუხო.

- ნათურა. შენი საყვარელი სუნამო რომელია?

- ლორენის "რომანსი".

- რა არის "გლისანდო" მუსიკაში?

- ასე კლავიშებზე თითის გადასრიალებას ჰქვია.

- მისი ფერები ყოველთვის ერთი და იმავე თანამიმდევრობით ლაგდება: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. რაზეა ლაპარაკი?

- ცისარტყელაზე.

- რა ერქვა მდინარეს, სადაც პირველად ოქრო აღმოაჩინეს?

- ვერ გიპასუხებ.

- კლონდაიკი.

- ვაიმე!!! ეს ვიცოდი, ვერ გავიხსენე.

- ვარაუდობენ, რომ მილიონობით ხე ამ ცხოველების დარგულია - ოდესღაც მათ დამალეს კაკალი და შემდეგ მისი ადგილსამყოფელი დაავიწყდათ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- თხილს და კაკალს ციყვები მალავენ.

- დაბოლოს, დაასრულე მარკესის ცნობილი გამონათქვამი: "ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს...

- დაიწყო.

- "...იმიტომ, რომ ეს იყო".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება