რატომ შეერქვა გიორგი ყიფშიძეს გადამგდები

რატომ შეერქვა გიორგი ყიფშიძეს გადამგდები

გიორგი ყიფშიძის ინტერვიუზე დათანხმება ადვილი არაა. ის ყოველთვის დაკავებულია და მუდმივად სადღაც ეჩქარება. ბოლო დროს რამდენიმე ქართულ ფილმში გადაიღეს და მართლა ძალიან დაკავებული იყო. გასულ კვირას "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" პრემიერამდე რომ დავურეკე ინტერვიუსთვის და დამთანხმდა, ძალიან გამიკვირდა, თუმცა სასაუბროდ ბევრი დრო არ გვქონია. ჯერ - ქეიფზე და მერე "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" გახმოვანებაზე უნდა წასულიყო.

-  გიორგი, "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ აღმოჩნდი?

-  ვანიკო თარხნიშვილის წყალობით. ვანიკო ჩემი შვილის, ალექსანდრეს ნათლიაა. ალექსანდრეს კიდევ ოთხი ნათლია ჰყავს. ვანიკომ მითხრა, შენზე ვთქვი, კარგი იქნებოდა, სერიალში შემოსულიყავიო. რატომღაც სანამ სერიალში მივიდოდი, ჩემზე ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ. ვიღაცამ თქვა, გიორგი ყიფშიძე გადამგდებიაო. ამის გამო არ მეძახდნენ. ასეთი სახელი კი იმიტომ შემერქვა, რომ "იმედში" და "რუსთავი 2"-ში გადაცემის წაყვანასთან დაკავშირებით დამიძახეს რამდენიმეჯერ. გადაცემის წაყვანა კი ჩემი საქმე არაა. წამყვანობაზე უარი ვთქვი.

-  თუმცა "იმედზე" მიგყავდა გადაცემა "პოკერ რინგი".

-  საშინლად რომ მიმყავდა, იმიტომ ვამბობ, რომ არ მეხერხება წამყვანობა. რამდენჯერმე დამირეკეს და გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს. თავიდან დავთანხმდი და ბოლო წუთას არ მივედი. ამ არმისვლამ ის გააკეთა, რომ გადამგდები ადამიანი დამერქვა და არავინ არ მეძახდა. სახელი გამიფუჭდა. ვანიკომ ჩემზე უთხრა, გადამგდები არაა, ტიპს გადაცემის წაყვანა არ ევასება, რა შუაშია სერიალი და ფილმი, აქ უპრობლემოდ მოვაო. ჯერ სერიალში გამომცადეს და მერე ფილმში დამაკავეს. ძალიან მომეწონა გიორგი ლიფონავასთან მუშაობა. დღესდღეობით ქართულ კინემატოგრაფში არსებობენ ზაზა ურუშაძე და გიორგი ლიფონავა. მე მეტი რეჟისორი არ ვიცი. ამას ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე ვამბობ. მართლა არ ვიცი სხვა რეჟისორი, რომელიც უფრო კარგად გადმოსცემს სათქმელს. გიორგი ძალიან მაგრად მუშაობს მსახიობებთან.

-  როგორც ვხვდები, არ გაგიჭირდა ვერსკის თამაში.

-  ჩემთვის გამოიგონეს ძველი ბიჭი. ვერსკი, ანუ ვერელი, "ბლატნოი" ტიპი, ბევრი ფული რომ შეიტყაპუნა. ასეთ კლიენტს ძალიან ბევრს ვიცნობ. 35 წლის ვარ. ახალგაზრდა რომ ვიყავი, იმ პერიოდში ძალიან აქტუალურები იყვნენ ასეთები. ახალგაზრდა ვარ ახლაც. მინდოდა მეთქვა, პატარა რომ ვიყავი-მეთქი. ვერსკისნაირი ბევრი მახსოვს და მივხვდი, რაც უნდა მეთამაშა. იმედი მაქვს, სერიალი გაგრძელდება და მეც ვითამაშებ. ჩემი პერსონაჟი ძალიან მომეწონა. რა უნდა გადაგიხადონ იმდენი, რომ მსახიობის შრომის კომპენსაცია მოხდეს. სუფთა სპორტული ინტერესი მაქვს. იმედია, ხალხსაც მოეწონება ვერსკი და პერსონაჟს დატოვებენ სერიალში. თუ ასე არ მოხდა, პერსონაჟი წავა სერიალიდან. ასე ხომ ბევრჯერ მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ ხალხს ის პერსონაჟები არ მოეწონა.

-  ე.ი. ამ ეტაპზე არანაირი ანაზღაურება არ გაქვს?

-  ანაზღაურება არის, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს პროფესიაში იმდენად მინიმალური ანაზღაურება გვაქვს, რომ სასაცილოა. უზრუნველყოფილი რომ ვიყო, ჩემი საქმის გარდა, სხვა საქმე უნდა ვაკეთო. გამორიცხულია, თავი ჩემი საქმით ვირჩინო. ახალს არაფერს ვამბობ.

-  რა ხდებოდა "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" გადაღებებზე?

-  ორასი კაცი ერთ რესტორანში ექვსი დღე ვიყავით. ექვსი დღის განმავლობაში ორასი კაცის მოთოკვა წარმოგიდგენია, რა არის? ყველას რაღაცნაირად უნდა, რომ კადრში მოხვდეს და თუ ვინმე კადრში არ ხვდება, ამბობს, მე აქ "ვაფშე" რატომ ვარო. ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა და იყო დიდი ამბავი. ტიპს რომ ეგონა, ფილმში მიიღებდა მონაწილეობას და 2-3 დღე დაკავდებოდა, აღმოჩნდა, რომ ექვსი დღე უნდა ყოფილიყო გადასაღებ მოედანზე. მთელი დღე გადასაღებ მოედანზე ყოფნით დაიტანჯა და დაიღალა. ტიპმა თქვა, თავი დამანებეთო და წავიდა. ამასობაში ის ტიპი კადრში იყო. გაჩნდა პრობლემა, მათ ადგილას რა გაეკეთებინათ. ვიღაცებისთვის აღმოჩენა იყო, რომ მსახიობობა რთულია. მსახიობობა რთულია. ისე ადვილიც არაა, ვიღაც-ვიღაცებს რომ ჰგონიათ. მართლა ძალიან დავიტანჯეთ. არ ვიცი, რამდენი წუთი მოხვდება იმ მასალიდან, რაც ექვსი დღის განმავლობაში ქორწილისთვის გადავიღეთ, მაგრამ იმ დღეებში ორას კაცს დედა მოგვეხნა. მაგიდაზე იყო ბუტაფორია საჭმელი. იქ რომ ჭამა დაეწყოთ, კადრი გაფუჭდებოდა. არ გაინძრეთ, თქვენს ადგილას ისხედითო, გვეუბნებოდნენ. მაგარი სიგიჟე იყო.

-  როგორც ანონსში ჩანს, ეს ქორწილიც არ ჩაივლის ჩხუბის გარეშე.

-  ყველა ქორწილში არის ჩხუბი. არც ეს იქნება გამონაკლისი. საშინლად კარგი სცენარისტი გვყავს, ქეთი დევდარიანი. ფანტასტიკურ "შუტკებს" არტყამს. ფილმში გაჩკას მეჯვარეს, მაკა ძაგანიას ვეპრანჭები. მაკა კი ისეთ კლიენტს თამაშობს, რომლისთვისაც ვიღაც ვერსკის ბლატავი და "დღეს შენ ჩემი ხარ" არმოსული პონტია. მაკას მამინაცვალი მიხურებს საქმეს და ჩხუბი იწყება.

-  გადაღებებზე რამე გაუთვალისწინებელი შეგემთხვა?

-  შუა გადაღებების დროს დამირეკა ეკა ანდრონიკაშვილმა. რუსები ძალიან მაგარ თორმეტსერიიან ფილმს იღებენ, უნდა მოხვიდე, სკაიპით უნდა ჩაერთო და კასტინგი გაიაროო. თან მეუბნება, თუ არ მოხვალ, ფულის პონტში ძალიან ბევრს კარგავო. გიორგი ლიფონავას ვკითხე, რამე სცენაში უნდა გადამიღო-მეთქი? და არა, უბრალოდ, ბექგრაუნდში სულ შენ ჩანხარო. ძალიან ვთხოვე, გავეშვი. პირობა მივეცი, ერთ საათში მოვალ-მეთქი და საათ-ნახევარში მივედი. დიდუბიდან ვაკეში გამოვგაზე. თან არც მართვის მოწმობა მაქვს, რომ დავეჭირე, დარხეული მქონდა. მივვარდი სტუდიაში. ორ წუთში გავიარე რეპეტიცია და სკაიპით ჩავერთე. ეკამ მითხრა, კარგი იყავი და ყველაზე ძალიან შენ მოეწონეო. ჯერ არ ვიცი, როლზე დამტკიცებული ვარ თუ არა, მაგრამ თუ დამამტკიცებენ, (მაგიდაზე სამჯერ აკაკუნებს), ტაშკენტში მექნება გადაღებები და წარმომიდგენია, რა მაგარი იქნება.

ფილმი გასული საუკუნის 90-იან წლებზეა. ისეთივე პერსონაჟი უნდა ვიყო, რასაც "ჩემი ცოლის დაქალებში" ვთამაშობ. ოღონდ "ჩემი ცოლის დაქალებში" დაღვინებული ტიპი ვარ. იქ უნდა უნდა ვითამაშო ვერსკისნაირი ტიპი დაღვინებამდე. ანუ ზუსტად ვიცი, რაზეც მელაპარაკებიან სცენარისტები და რა ტიპი უნდა ვითამაშო. იმედია, გამიმართლებს და ვიქნები "გრუზინი", რომელსაც რუსეთში ბიზნესი ჰქონდა 90-იან წლებში. ძალიან დამევასა სცენარი, რომელიც გულამოვარდნილმა წავიკითხე და უკან გადაღებებზე გამოვვარდი. ჩამაცვეს ისევ ჩოხა და გადაღება დავიწყეთ. ასეთი სიგიჟე დამემართა. ასეთი რამე, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე. თუ გადაღებებზე მეორე საქმე გამოგიჩნდება, არავინ გიშვებს და გიორგიმ მაგრად მიჯიგრა და გამიშვა. ღმერთო, ნეტავ, მაგ როლზე დამამტკიცონ და იმდენ ინტერვიუს მოგცემ, შეიძლება ამბობდე, აღარ მინდა გიორგი ყიფშიძესთან ინტერვიუო.

-  კარგი, გაგახსენებ დანაპირებს. ბოლო დროს აქტიურად ხარ დაკავებული ქართულ ფილმებში. "ცელქ ბავშვებში" მიიღე მონაწილეობა...

-  ფილმში ვთამაშობ "ზლადეის", ძალიან ცუდ ადამიანს. როგორც "მარტო სახლში", "ცელქ ბავშვებშიც" ორი ბოროტმოქმედია, რომლებსაც რუსკა მაყაშვილი და ნიკა გრიგოლია ასახიერებენ. კოლექციონერი ვარ და დავუკვეთ, რომ მედალიონი მოიპარონ. ამაზეა აწყობილი საკაიფო საახალწლო ფილმი, რომელიც კარგ განწყობაზე დაგაყენებს.

-  როგორც ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, ფილმის პრემიერით კმაყოფილი არ ხარ.

-  ფილმი რამდენიმე ფაილად გადასცეს კინოთეატრს. ვერ მოესწრო ბოლომდე დამთავრება და საბოლოოდ არასრულყოფილად გავიდა ეკრანზე. ხმა ცუდად ისმოდა. გავგიჟდი, რომ ვუყურებდი. რაღაცები არეული იყო. სამარცხვინო იყო. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არა რეჟისორის, ზურა მენთეშაშვილის, არამედ კინოთეატრის ბრალი იყო. იმის გამო, რომ ფილმის პრემიერა 27 დეკემბერს ყოფილიყო, ფილმის შავი მასალა არ უნდა გაეშვათ. იდეაში ფილმი როგორიც უნდა იყოს, ძალიან კარგია. ვაპირებთ კიდევ ერთი ფილმის გადაღებას, ოღონდ ზღაპრის. მსოფლიო ზღაპრების რემიქსი იქნება. სცენარი უკვე წაკითხული მაქვს. საკაიფოა და სავარაუდოდ, მარტში დავიწყებთ გადაღებებს იმავე რეჟისორთან.

-  ზღაპარში რა როლი გექნება?

-  იქაც "ზლადეი" ვიქნები.

-  სულ "ზლადეის" რო­­ლებს რატომ გაძლევენ?

-  ძალიან კარგი და საკაიფო როლია. "ზლადეი" იქნები თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი როლი უფრო საინტერესო სათამაშოა. მთავარია, ცხოვრებაში არ იყო "ზლადეი".

-  პატარა ალექსა­ნდრე უკვე რამდენიმე თვისაა. მა­სთან დიდი დროის გატარებას ახ­ერხებ?

-  სახლში რომ მივდივარ, პირველი, რასაც ვაკეთებ ისაა, რომ ალექსანდრეს ვაბურთავებ. ბოლო ერთი თვეა, რაც საბურთაო გახდა და მაგრად ვხალისობ მასთან თამაშით. ძალიან საყვარელი ვინმეა. მეც და ანიც შავტუხები ვართ. ბავშვი გაიჩითა საშინლად ქერა. ფერებით აშკარად დედაჩემს ჰგავს, გარეგნულად ანის მამას ჰგავს ძალიან. ანის მამას აქვს დიდი თვალები. ალექსანდრეს დიდი კი არა, უზარმაზარი თვალები აქვს. ბავშვს რომ შეხედავ, ხომ შეგიძლია თქვა, ვაა, რა საყვარელიაო. ამას რომ შეხედავ, ეგრევე ამბობ, ვაა, რამხელა თვალები აქვსო.

-  ალბათ უკვე გცნობს.

-  იმედი მაქვს. ეგღა მაკლია, ვერ მიცნოს (იცინის).

-  ანის ეხმარები ბავშვის მოვლაში?

-  როცა დრო მაქვს, რასაკვირველია, ვეხმარები. ძირითადად მე ვასეირნებ ხოლმე.

-  ალექსანდრეს და, როგორც ვიცი, აღფრთოვანებულია ძმის დაბა­დებით.

-  რა თქმა უნდა, ნატალია გახარ­ე­ბულია, მაგრამ ეჭვიანობს. როცა ალექსანდრეს ავიყვან ხოლმე ხელში, მაშინვე - მამიკო, მამიკოო, მეფერება. დაზე ეჭვიანობის მომენტი მეც მქონია. ჩემი და რომ გაჩნდა, როგორც მიყვებიან, წითელ ზურგჩანთაში ჩავალაგე არაჟანი და ნახევარი პური და სახლიდან წავედი. მაშინ ოთხი წლის ვიყავი.

-  სად მიდიოდი?

-  არ ვიცი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად წავიდოდი. მთავარი იყო, სახლიდან გავსულიყავი. ქუჩაზე რომ გადავდიოდი, მამაჩემს მაშინ დავუჭერივარ. ჩემი სურვილით რომ ვერ წამომიყვანა, ხელში ავუყვანივარ, მე კი თურმე ფეხებს ისე ვამოძრავებდი, რომ იდეაში ისევ გამწარებული მივდიოდი.

-  მერე მალევე დამეგობრდით შენ და ლენუკა?

-  რა თქმა უნდა. მერე გამიარა ეჭვიანობამ. ლენუკა რომ გაიზარდა, ხანდახან კი ვკამათობდით, მაგრამ მის გამო სახლიდან აღარ წავსულვარ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება