ბრედ პიტის ერთ-ერთი ბოლო ფილმი კრიმინალური ტრილერი "კაზინოს გაძარცვა" იყო, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებდა. ინტერვიუში ბრედმა აღიარა, როგორ უვლის ბევრ შვილს.
- რაზეა თქვენი ახალი ფილმი?
- ჩვენ გვინდოდა მოგვეთხრო ეკონომიკურ კრიზისზე და ამერიკული საზოგადოების გახლეჩაზე. ჩემი აზრით, საკმაოდ დროული სურათი გამოვიდა.
- პროდიუსერის რანგში როგორ გრძნობთ თავს - უკვე 21 სურათი გაქვთ გადაღებული...
- ეს მართლაც საინტერესო საქმეა - თუნდაც არ მოიტანოს ფული, და დიდ თავგანწირვას ითხოვდეს.
- ანჯელინა ჯოლიმ თავისი პირველი ფილმი გადაიღო, როგორც რეჟისორმა. თქვენ თუ გაქვთ დაგეგმილი რეჟისორობა?
- არავითარ შემთხვევაში, თორემ მართლა გავგიჟდები! თანაც, არც გამომივა არაფერი კარგი. მირჩევნია, სახლები ვაშენო. სხვათა შორის, მსგავსი პროფესიებია: იქაც და აქაც რაღაც სრულიად ახალს ქმნი, რაც მანამდე არ არსებობდა. საერთოდ, შექმნის ნებისმიერ პროცესში მონაწილეობა შესანიშნავი განცდაა.
- გამუდმებით მოგზაურობთ. არ იღლებით?
- არა, ვგიჟდები სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებებზე. მსახიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი ადგილის ატმოსფეროს განცდაა. მე მსოფლიოს მოქალაქე გავხდი.
- როგორ მოქმედებს ეს ხშირი მოგზაურობა ოჯახურ ცხოვრებაზე?
- უკვე მივეჩვიეთ, შეგვიყვარდა კიდეც ჩემოდნებზე ცხოვრება. ერთგვარი მობილური სამხედრო ქვედანაყოფია! ბავშვებს ზურგჩანთები აქვთ - ყველა აგებს პასუხს თავის ნივთებზე. ვცდილობთ, ძირითადად ღამე გადავაადგილდეთ, რომ გზაში დაძინება შეძლონ.
- ერთხელ თქვით, რომ არაფერი განიჭებთ ისეთ სიხარულს, როგორსაც მამობა...
- ძალიან მომწონს მამობა და ყველას ვურჩევ! დიახ, ეს არის უძილო ღამეები და მარადიული ქაოსი, მაგრამ უამრავი სიხარულიც ახლავს! ბავშვები საუკეთესო რამ არის, რაც ოდესმე გადამხდენია თავს. ვიცი, გარედან ამდენი ბავშვის მშობლის როლი ექსტრემალური ჩანს, მაგრამ უკვე ვისწავლე, როგორ გავართვა თავი.
- ყოველთვის წარმოგედგინათ თქვენ გარშემო ამდენი ბავშვი?
- ალბათ, სკოლიდანვე. მაშინ ერთ ბიჭუნასთან ვმეგობრობდი, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო
და საოცრად მომწონდა ეს ფუსფუსი საუზმობის დროს და გამუდმებული არეულობა მათ სახლში. მაშინ გადავწყვიტე, რომ როცა გავიზრდებოდი, მეც ასევე ვიცხოვრებდი.
- ჭორებს თუ გამოჰყავხართ მწყობრიდან?
- ახალგაზრდობაში ყველაფერს მტკივნეულად განვიცდიდი, ახლა კი აღარ ვაქცევ ყურადღებას. თუმცა დღემდე არ მესმის, როგორ შეიძლება შეგნებულად მოიფიქრო და გამოაქვეყნო ტყუილები.
- პაპარაცები გაღიზიანებენ?
- მეტისმეტად ბევრნი არიან. ბავშვებს ცხვირში თხრიან ფოტოაპარატებს, გაჰყვირიან მათ სახელებს... ჩემს შვილებს ჰგონიათ, რომ ეს გიჟები სამყაროს განუყოფელი ნაწილია. როცა ენჯი მანქანიდან გამოდის, ისინი ბორდიურზე დებენ კამერებს, რომ აღბეჭდონ, რა აქვს მას კაბის ქვეშ. დაუჯერებელია! მაგრამ ახლა ვისწავლეთ ასეთ სიტუაციებთან გამკლავება, ოღონდაც ამის გამო ხშირად დამალვა გვიწევს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ნორმალურად ვერ ვსეირნობთ მთელი ოჯახით სკვერში ან ვერ წავალთ სადმე შოპინგზე. მაგრამ რას ვიზამთ?!
- მათგან დამალვის მიზნით დაიწყეთ მოტოციკლით სიარული?
- რაღაც გაგებით - კი. ჩაფხუტი ინკოგნიტობას მინარჩუნებს.
- ამბობენ, რომ მფრინავის მოწმობაც გაქვთ...
- დიახ. როცა მე და ენჯის გვსურს ცოტა დასვენება ხალხისგან და ჩიტებივით თავისუფლებად ყოფნა, ბავშვებს უკან ვსვამთ და მიწას ვშორდებით. თავისუფლების განცდა ჰაერში - საოცრებაა.
- მოახლოებული 50 წლის იუბილე არ გაშინებთ?
- მომწონს, რომ ვიზრდები, ფიქრები იწმინდება და უკეთ იწყებ იმის დანახვას, რისკენაც ღირს სწრაფვა. ახლა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი პირადი გამარჯვებებია, ვიდრე ჟურნალების სათაურები.
(გამოდის ორშაბათობით)