ექიმი უოტსონი "ჰობიტში" გამოჩნდა

ექიმი უოტსონი "ჰობიტში" გამოჩნდა

ექიმი უოტსონი სერიალიდან "შერლოკი", ახლა უკვე "ჰობიტის" ვარსკვლავიცაა და მისი თაყვანისმცემლების არმიას ამ უკანასკნელი ფილმის პრემიერის შემდეგ კიდევ უამრავი ადამიანი შეემატა.

ეს ზღაპრული საგა ახალი წლის წინ გამოჩნდა ეკრანებზე. "ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა" "ბეჭდების მბრძანებლის" წინაისტორიის პირველი ნაწილია, რომელშიც მარტინ ფრიმანს მთავარი როლი ერგო. ის ცნობილი ფროდოს ბიძას თამაშობს, ბილბო ბეგინსს, რომელიც საშიში ბეჭდით მოიხიბლა.

-  როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როცა შეიტყვეთ, რომ ახლა უკვე ბილბო ბეგინსი იქნებოდით?

-  ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გავოცდი. იმ დროს პროექტის საჭესთან გილიერმო დელ ტორო იდგა, სწორედ მასთან განვიხილე ჩემი შესაძლო მონაწილეობა. მერე კი გილიერმო პიტერ ჯეკსონით შეცვალეს, რაც, ვგონებ, სავსებით ლოგიკური იყო. ასეთ მასშტაბებს ის უფრო გაუმკლავდებოდა.

-  ოჯახს როგორი რეაქცია ჰქონდა, შვილებს? მამაჩემს რომ ბილბო ეთამაშა, ალბათ ბედნიერებისგან ცას ვეწეოდი!

-  ხმები იმის შესახებ, რომ ამ პროექტში ამიყვანდნენ, გაცილებით ადრე გავრცელდა, ვიდრე საბოლოოდ დამამტკიცებდნენ როლზე. ასე რომ, დიდად არავის გაჰკვირვებია, თუმცაღა, რასაკვირველია, გაუხარდათ. განსაკუთრებით ჩემს ცოლს (ინგლისელ მსახიობ ამანდა ებინგტონს - მთარგმ.), რადგან ფინანსურად ეს გაცილებით უფრო მომგებიანი პროექტია, ვიდრე სხვები. შვილებიც ალბათ გააოცა იმ ფაქტმა, რომ მათი მამა ახლა უკვე "ლეგოს" ფიგურის სახითაც არსებობს.

-  თქვენს რომელ პერსონაჟს ჰგავხართ ყველაზე მეტად ხასიათით?

-  ამ შეკითხვაზე რომ გიპასუხოთ, საკუთარ თავს გავცემ. ვის რაში აწყობს, ყველამ იცოდეს, როგორია სინამდვილეში? (იცინის). სიმართლე რომ ითქვას, ყველა პერსონაჟს აქვს რაღაც ჩემი. ალბათ ამიტომაც გამომდის ეს როლები. მაგალითად, ჩემთან ძალიან ახლოს არის ტიმი სერიალიდან "ოფისი", ასევე ვთამაშობდი რემბრანდტს ფილმში "ბრალს ვდებ" და უნდა აღვნიშნო, რომ მასაც ვგავდი რაღაცით. უოტსონსაც, თუმცა არ მგონია, რომ ვინმე შეძლებს ისეთი პერსონაჟის განსახიერებას, რომელსაც აბსოლუტურად ჰგავს. მსახიობობა ბევრწილად მოჩვენებითობაა, მაგრამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს ზღვარი. ჰიტლერსაც რომ თამაშობდე, მასთან საერთო თვისებები უნდა იპოვო, სხვანაირად დამაჯერებელ სახეს ვერ შექმნი.

-  ვიცი, რომ ძალიან გიყვართ სცენაზე თამაში. თუ მოგიწიათ თეატრში როლებზე უარის თქმამ ბილბოს როლის გამო?

-  ჯერ გაურკვეველია, რა გამოვტოვე, რადგან ჯერჯერობით არაფერი შემოუთავაზებიათ: ყველამ იცოდა, რომ დაკავებული ვიყავი. წელიწად-ნახევარი ვიმუშავე "ჰობიტზე", ბენედიქტ კამბერბეჩმა, კი, რომელიც ჩემი მეგობარია და მთავარ როლს თამაშობს სერიალში "შერლოკი", ამასობაში 15 სხვადასხვა როლი ითამაშა! მაგრამ არ ვწუწუნებ - გამიმართლა ბილბოსთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, მასაც გაუმართლა ჩემთან.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება