ნინი ცნობილაძემ "ახალ ხმაში" მიღებული სტრესი დღემდე ვერ დაძლია

ნინი ცნობილაძემ "ახალ ხმაში" მიღებული სტრესი დღემდე ვერ დაძლია

"ახალი ხმის" მეორე ადგილის მფლობელმა, 20 წლის ნინი ცნობილაძემ პროექტის განმავლობაში თავი ისე სრულყოფილად ვერ წარმოაჩინა, როგორც უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ, მოპოვებული პოზიციით კმაყოფილი დარჩა. თუმცა "ახალ ხმაში" ბევრი ისეთი რამ ნახა, რასაც არასდროს შეხვედრია, მაგალითად, კონკურენცია სწორედ ამ პროექტში შეიგრძნო მთელი სიმძაფრით და მიხვდა, რომ შესაძლოა, ადამიანი პირადად ერთ რამეს გეუბნებოდეს და ზურგს უკან - სხვას. ნინი სტეფანესა და მაიას გუნდის წევრი იყო. მის კონკურენტ მაგდა ვასაძეს იმავე გუნდიდან ასევე მრავალი მხარდამჭერი ჰყავდა, თუმცა ნინი ფინალში გადავიდა და სალომე ქათამაძესთან დამარცხდა.

- ბავშვობიდან მღერი?

- ბავშვობიდან არ ვმღერი, მაგრამ მუსიკოსების ოჯახიდან ვარ. კონსერვატორიაში ჩამაბარებინეს, რვა წელი ფორტეპიანოზე დავდიოდი და წარმატებებიც მქონდა ამ მხრივ, მაგრამ სიმღერისკენ მიდრეკილება არასდროს მქონია და არც სურვილი, რომ მეცადა... ერთხელ ჩემმა მეგობარმა, გიტარისტმა ბონდო მეფარიშვილმა რაღაც მელოდია დაუკრა, აკომპანემენტი გამიწია და წამამღერა. როგორც მუსიკოსმა, რაღაც დაიჭირა ჩემს ხმაში და მითხრა, სხვანაირი ტემბრი გაქვსო. ეს მეგობრების წრეში მოხდა. 13-14 წლის ვიყავი. მას მერე დავიწყე სიმღერა. ამან იმდენად გამიტაცა, სულ მინდოდა, ყოველდღე ახალ-ახალი ქავერები გამეკეთებინა, თუმცა თავადაც ვწერ სიმღერებს. მუსიკა სიგიჟემდე მიყვარს... ხმის მხრივ არასდროს ვყოფილვარ თავდაჯერებული. თავად ვერასდროს მივხვდებოდი, რომ განსხვავებული ხმა მქონდა, მეგობრებმა მითხრეს. სულ მირჩევდნენ, "ნუცას სკოლაში" ან "ჯეოსტარში" მეცადა ბედი, მაგრამ ამის სურვილი არასდროს მქონია.

- რატომ?

- სულ მეჩვენებოდა, რომ ეს კონ­კურსები ერთფეროვანი იყო და მომღერალს ინდივიდუალურობას არ უნარჩუნებდნენ. ყველა კონკურსს აქვს ფორმატი, მაგრამ "ახალი ხმა" უფრო მომწონს და ყველა დანარჩენისგან განსხვავებულია. სანამ საქართველოში დაიწყებოდა, მანამდე ამერიკულ თუ ინგლისურ ვარიანტებს ინტერნეტით ვადევნებდი თვალს და ვამბობდი, თუკი ეს პროექტი გაკეთდებოდა ჩვენთან, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას. სწორედ იმ წელს ჩამოიტანეს ეს პროექტი და მონაწილეობა გადავწყვიტე.

- მშობლები ინსტრუმენტალისტ­ები არიან თუ ვოკალისტები?

- დედა ფორტეპიანოს ასწავლის კონსერვატორიაში, ასევე - ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, მამა კი მუსიკოსი არ გახლავთ, მოცეკვავეა, ბაბუა გახლდათ ოპერის მომღერალი, ნიკოლოზ ურუშაძე, ბებია ცეკვავდა. გარშემო სულ ხელოვანები მყავს.

- მშობლებს ალბათ გაუხარდათ, როცა "ახალ ხმაში" მონაწილეობა გა­დაწყვიტე...

- ყველაზე საოცარი ის არის, რომ მხოლოდ ერთი-ორჯერ ჰქონდათ მოსმენილი ჩემი წამღერება და აზრზე არ იყო არც ერთი, რომ ვმღეროდი. ჩემი გამოსვლა მუსიკალურ კონკურსში გაუკვირდათ როგორც ოჯახის წევრებს, ასვე სხვა ნათესავებსა და ახლობლებს, მეგობრების გარდა. პირველად ჩემი ნამღერი სცენაზე მოისმინეს.

ერთ-ერთ ჩემს მეგობარს აქვს სარდაფი, სადაც ვიკრიბებოდით ხოლმე, ვერთობოდით და ვმღეროდით, ამ სარდაფს გარეთ არაფერი გაგვიტანია. დედაჩემი გულშემატკივრებში არც კი წამომყვა, რადგან როგორც მუსიკოსს, ეშინოდა ჩემი პირველად მოსმენა, აუდიტორიაში დაჯდა სხვებთან ერთად. როცა მოისმინა, გაოცებული დარჩა. საერთოდ, ძალიან კრიტიკულია ჩემ მიმართ. მშობლებს ახასიათებთ კრიტიკა, მაგრამ ეს ჩემთვის განვითარების საშუალება და სტიმულია.

- სტეფანესა და მაიას გუნდში მო­ხვედრა რატომ გინდოდა?

- სულ ამას ვამბობ, ასაკით პატარა ვარ, 20 წლის, მაგრამ ადამიანების ამოცნობა შემიძლია. სტეფანე და მაია თავიდანვე, პირველივე შეხედვით, ალალები მომეჩვენენ. მაიას შემოქმედებას დიდი ხანია თვალს ვადევნებ, სტეფანესას ნაკლებად ვიცნობდი, მაგრამ თანდათან მოვუსმინე. აღფრთოვანებული დავრჩი. ორივენი ღიად ლაპარაკობდნენ, შეფასებისას ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ და ამან მომხიბლა. ბედნიერი ვარ, რომ მათთან მოვხვდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი სახით მეგობრები შევიძინე და გარდა ამისა, პატივს ვცემ მათ პროფესიონალიზმს.

- ელოდი, რომ მწვრთნელები შენზე იტყოდნენ, ეს არის საქართველოში ნამდვილად ახალი ხმაო?

- ნამდვილად არ ველოდებოდი. ჩემს ხმას გვერდიდან ხომ ვერ ვუსმენ. ალბათ ამდენი კომპლიმენტი საკუთარ თავამდე არ უნდა მიიტანო. ვერ ვიტან გამონათქვამს, "თავში ავარდნა", ამიტომ ვიტყვი, რომ შესაძლოა, ამ კომპლიმენტებმა მეტად თავდაჯერებული გაგხადოს და ნაკლებად იმუშაო საკუთარ თავზე. კომპლიმენტი უნდა მიიღო, მაგრამ უფრო მეტად უნდა გაფილტრო. ჯანსაღი კრიტიკა ბევრად უფრო მისაღებია ჩემთვის. ჯერ არაფერი გამიკეთებია. ეს კონკურსი პირველი იყო ჩემთვის და საოცრად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. ახლა ჩემს მიზნებზე ვფიქრობ.

- რა გასწავლა ამ პროექტმა?

- მარტო მუსიკის მხრივ არ მისწავლია ბევრი, პროექტმა ბევრი რამ დამანახვა ადამიანური ურთიერთობების მხრივ. აქამდე არ მიფიქრია იმაზე, რომ ადამიანების ბევრი ჯგუფი არსებობს. ჩემს მეგობრებთან ვურთიერთობდი და ზუსტად ვიცოდი, რომ მათ ნამდვილად ვუყვარდი, ამით ბედნიერი ვიყავი. თურმე ყოველთვის ასე არ ხდება. დავინახე ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თამაშობს და ჩამოყალიბებული მსახიობები არიან. შეუძლიათ, ბევრი საქებარი სიტყვა გითხრან და ზურგს უკან გამოგლანძღონ. ეს არის ყველაზე რთული ზოგად კონკურსში. აწყდები ისეთ რაღაცებს, რაც მართლა ძალიან გტკენს გულს და ეს იყო ყველაზე დიდი ტრავმა ჩემთვის. პროექტი ბოლოსკენ რომ წავიდა, მივხვდი, რომ ნევროზი მქონდა და ამას ყველგან გამოვხატავდი, მათ შორის მეგობრებთანაც და ოჯახის წევრებთანაც.

ვისაც კონკურსში მონაწილეობა მოუნდება, ვურჩევ, ინტერნეტში კომენტარების წაკითხვას თავი აარიდოს. გაქვს სურვილი, წაიკითხო ხალხის აზრი, რადგან გაინტერესებს, მაგრამ ამის გაკეთება არ არის საჭირო. ბევრი ისეთი რამ იწერებოდა, რისი წაკითხვაც ძალიან არ მსიამოვნებდა. არ მეგონა, თუკი ასე ახლოს მივიტანდი გულთან, მაგრამ ასე მოხდა. საშინელებაა...

- როგორც მივხვდი, ძალიან სერიოზული შიდა კონკურენცია იყო. გსმენია რაიმე ცუდი შენზე შენი კონკურენტისგან?

- ყველაფერი მხოლოდ ჭორების დონეზე, ვერ დავაკონკრეტებ. ალბათ ყველგან ხდება ასეთი რაღაცები, მე პირველად წავაწყდი და ადამიანურად ძალიან რთული იყო. ვინც გამოცდილია, ალბათ, მისთვის ადვილად გადასალახავი იქნებოდა, მე კი დეპრესიული მომენტებიც მქონდა. ზოგჯერ სახლიდან გასვლა არ მინდოდა და უახლოეს მეგობრებს არ ვპასუხობდი ტელეფონზე, ძალიან ვითგრუნებოდი ლაპარაკითაც კი.

- დაძლიე ეს სტრესი?

- დღესაც ბოლომდე ვერ დავძლიე (იღიმება). ცოტა დრო მჭირდება რეაბილიტაციისთვის.

- თუმცა ბევრი დადებითი მხარეც იქნებოდა...

- რასაკვირველია, რომ არ ჰქონოდა, ალბათ გავგიჟდებოდი. შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები, მაგალითად, მაგდა ვასაძე, რომელიც უსაყვარლესი ადამიანია, მარიამ შარმანაშვილი და ა.შ.

- სტეფანესა და მაიას გუნდიდან მაგდა და შენ იყავით ნახევარფინალში. როდესაც მაგდა გამოეთიშა პროექტს, ზოგიერთი მისი გულშემატკივარი წერდა, რომ ფინალში ადგილი სწორედ მას ეკუთვნოდა...

- მე და მაგდას შორის კონკურენცია არ ყოფილა. ეს იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც კონკურენცია მართლა არ მიგრძნია და არა იმიტომ, რომ მე ვჯობდი ან ის მჯობდა. იმდენად მეგობრული დამოკიდებულება იყო ჩვენ შორის და ორივე ჩვენგანი თავს გამარჯვებულად გრძნობდა, რადგან ნახევარფინალში მოვხვდით, რომ არ გვაინტერესებდა, ვინ გადავიდოდა ფინალში, მთავარია, ჩვენი გუნდის წევრს მოეგო. ხალხმა შეიძლება არ დაიჯეროს, მაგრამ ნამდვილად ასეა.

- ფინალში მწვრთნელებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, სალომე ქათამაძე უკვე ცნობილი ხმაა, ნინი კი ნამდვილად ახალიო, ამბობდნენ. როგორი იყო შენთვის ეს პერიოდი?

- ჩემთვის ზოგადად ის კვირა იყო ძალიან სტრესული, რადგან გამზრდელი ბებია გარდამეცვალა. ძალიან რთულია, იდგე სცენაზე და შენს ოჯახში ასეთი რამ ხდებოდეს. ასეთი რამ ვერასდროს წარმომედგინა. ისიც გამიკვირდა, რომ ნახევარფინალში საერთოდ შევძელი სცენაზე დადგომა. ვფიქრობ, რომ იმ დღეს ყველაზე სუსტად ვიმღერე. ამის მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ მხოლოდ ერთხელ მოვასწარი რეპეტიციის გავლა და არ ვიყავი მომზადებული. ბებია ნახევარფინალამდე სამი დღით ადრე გარდაიცვალა და წინა დღეს გავასვენეთ, ამიტომაც წინა დღეებში რეპეტიციაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. რაც შეეხება ფინალურ სიმღერას, რეპეტიცია კვირას პირდაპირ სცენაზე გავიარე. ამის მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, რომ გადავლახე ეს მომენტი და შევძელი სიმღერა.

- ფიქრობდი გამარჯვებაზე?

- კი, ვფიქრობდი, მაგრამ მესიჯებით კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენას არ მივესალმები. "ფეისბუქის" გამოკითხვით 1000-ზე მეტი ხმა მქონდა და ვლიდერობდი. გული არ დამწყვეტია, სულ რომ ბოლო ადგილზე გავსულიყავი, ხალხის იმხელა სიყვარული და მხარდაჭერა მივიღე, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი და მეც მინდა, იმავე სიყვარულით ვუპასუხო ჩემს გულშემატკივარს. თანაც, ვფიქრობ, კონკურსის ფორმატის გამო, ვინაიდან სულ ხუთი გამოსვლა იყო, არ მომეცა ჩემი შესაძლებლობების სრულყოფილად გამოვლენის საშუალება.

- როდესაც მეორე და პირველი ადგილები გამოაცხადეს, დარბაზში მხოლოდ სტეფანე იყო შენი მწვრთნელებიდან, მაიამ, როგორც ვნახეთ, დატოვა წითელი სავარძელი. რა გითხრეს სტეფანემ და მაიამ კონკურსის დასრულების შემდეგ?

- ალბათ წყენა იყო, რადგან მესმის მათი, უნდოდათ გამარჯვება. ყველანაირად მიჭერდნენ მხარს ბოლომდე და მამხნევებდნენ, თუმცა თავს დამარცხებულად კი არა, გამარჯვებულად ვგრძნობ. მეორე ადგილი იმ კონკურსში, სადაც მესიჯებით წყდება გამარჯვებულის ბედი, ცუდი ნამდვილად არ არის. ფინალისტი ჟიურის რომ გამოევლინა, პროფესიონალებს, ალბათ გული დამწყდებოდა და ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდი, გული მესიჯებზე ნამდვილად არ მწყდება, თანაც, ჩემსა და სალომეს შორის 7-%-იანი განსხვავება იყო, რაც დიდი სულაც არ არის.

- გიფიქრია, რატომ გაიმარჯვა სალომემ და არა შენ?

- სალომე უნიჭიერესი მომღერალია. ვინ მეტ მესიჯს მიიღებს, ამას წინასწარ ვერ გათვლი. აშკარაა, რომ მოიგო და მთელი გულით ვულოცავ. არც მიფიქრია, მე რატომ არ გავედი პირველ ადგილზე-მეთქი.

- რით გაჯობა?

- ალბათ იმით, რომ ისეთი სიმღერა ჰქონდა, რომელიც მასაზე უფრო იყო გათვლილი. რაც კი შეგვირჩევია, ერთობლივად, მე და ჩემს მწვრთნელებს, ვცდილობდით, გემოვნებით აგვერჩია და არა მასაზე გათვლით. არავინ მიწყინოს, მაგრამ მუსიკალურობის მხრივ, ჩემი სიმღერები უფრო მეტად იყო გემოვნებაზე გათვლილი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო პროდიუსერ ნატო დუმბაძეს, რომელიც პროექტში გამოჩენის შემდეგ გავიცანი და მან უამრავი კარგი რჩევა მომცა, რომელთაგან ბევრი გავითვალისწინე და ძალიან გამომადგა. გვერდით დამიდგა. ბევრ რამეში დამეხმარა როგორც მუსიკალური, ასევე სხვა მხრივ.

- ხომ არ აპირებთ თანამშრომლობას?

- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი...

- სხვა ჯილდოებიც მიიღე...

- 20 ათასი ლარი და საგზური დიდ ბრიტანეთში, სადაც ოთხ კონცერტს დავესწრები - რიანას, რობი უილიამსის, "Maroon 5"-ისა და მაიკლ ბუბლეის კონცერტები ტარდება. არ მაქვს გადაწყვეტილი, ვის წავიყვან ჩემთან ერთად და არც ის, რაში დავხარჯავ მოგებულ თანხას. შეიძლება, სიმღერა ჩავწერო.

- ამბობენ, რომ იმ ბანკის თანამშრომელი ხარ, რომელმაც დაგაჯილდოვა...

- არ არის მართალი. უბრალოდ, ადრე გავიარე სტაჟირება ამ ბანკში, თანამშრომელი არასდროს ვყოფილვარ. სტაჟირება პიარის განხრით გავიარე, ისე კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ჟურნალისტობა გადავიფიქრე, პიარის კუთხით გავაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაში, უცხოეთში მინდა წასვლა სასწავლებლად.

- პირად ცხოვრებაზე რას იტყვი?

- ვერაფერს. კარიერაზე ვაკეთებ აქცენტს და ჯერჯერობით პირად ცხოვრებას გვერდზე ვწევ. წინასწარ ვერაფერს გათვლი, მაგრამ ჯერჯერობით სხვა ინტერესები მაქვს.

- თაყვანისმცემელთა არმია არ შემოგესია?

- არმიას ვერ დავარქმევ, მაგრამ ყველა პოპულარული ადამიანის ცხოვრებაში არიან თაყვანისმცემლები. არიან ჩემს ცხოვრებაშიც, მაგრამ მე არ ვინტერესდები.

- ალბათ აუცილებლად უნდა ერკვეოდეს მუსიკაში...

- არ არის აუცილებელი. თუ იქნება მუსიკალური, კარგია, მაგრამ მთავარი სხვა რამეა, კრიტერიუმები არ მაქვს. გარეგნობის მიხედვით, მით უმეტეს, არ ვაფასებ, ალბათ, პირველ რიგში, იმით, როგორი ადამიანია...

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: "ახალი ხმის" ტრიუმფატორი სალომე ქათამაძე და სცენაზე დაჩოქილი დათო ფორჩხიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება