პენტაგონის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა ავღანეთში აშშ-ისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალების გენერალ ჯონ ალენს, რომელსაც ბრალი ედებოდა თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებაში, - ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
"ალენს მოეხსნა ყველა ბრალდება შეუფერებელი საქციელისა და შეუფერებელი ელექტრონული წერილების გაგზავნისთვის", - ავრცელებს "როიტერი" აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ანონიმი წყაროს განცხადებას.
გენერალი ჯონ ალენი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თავკაცის დევიდ პეტრეუსის გარშემო ატეხილ სექსუალურ სკანდალში გაეხვია. გამოძიებით დადგინდა, რომ 2010-11 წლებში ალენს მიმოწერა ჰქონდა გათხოვილ ჯილ კელისთან, რომელსაც როგორც გაირკვა პეტრეუსთან ჰქონდა მცირეხნიანი სასიყვარული კავშირი. თავად პეტრეუსმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ მას ხანგრძლივი რომანი ჰქონდა თავის ბიოგრაფთან, რომლის გამოც მეუღლეს გაშორდა.
გამოძიება ვარაუდობდა, რომ ალენი-კელის მიმოწერისას შესაძლოა, გენერალს სამხედრო საიდუმლოები გაეთქვა. ნოემბერში სკანდალის გამო გადაიდო ჯონ ალენის დანიშვნა ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების სარდლად.
მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.