ვინ მიიწვია ახალბედა ქართველი მომღერალი საფრანგეთში

ვინ მიიწვია ახალბედა ქართველი მომღერალი საფრანგეთში

პროექტის - "ახალი ხმა" მონაწილემ - ანი ღონღაძემ მსმენელს კარგად შესრულებული სიმღერებითა და განსაკუთრებული გარეგნობით ნამდვილად დაამახსოვრა თავი. მიუხედავად იმისა, რომ პროექტს "რინგის" ტურში გამოეთიშა, მეგობრებს ბოლომდე გვერდში ედგა და თითქმის ყოველ ტურში, "ბექებში" მღეროდა.

ხალხი მას კარგად არ იცნობს, თუმცა დღეს ცნობილ მომღერლებთან ერთად, ბევრ კონცერტში მონაწილეობს. ანი პარიზშიც იყო, სადაც მუსიკის სფეროში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა.

- ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ. თუმცა ბაღში აღმოაჩინა ჩემმა პედაგოგმა, რომ ვმღეროდი. 13 წლის ვიყავი, როდესაც სიმღერას სერიოზულად მოვკიდე ხელი. ალბათ გახსოვთ, პირველ არხზე იყო გადაცემა: "წარმატების ფორმულა ნუცა ჯანელიძესთან ერთად". ჰოდა, პირველად სწორედ ამ გადაცემის წყალობით გამოვჩნდი ეკრანზე. მართალია, მაშინ ფინალში ვერ გავედი, მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგი მქონდა... როგორც კი პროექტის - "ახალი ხმა" შესახებ გავიგე, გადავწყვიტე, ბედი მეცადა. მანამდე ამ პროექტის უცხოური ვარიანტი მქონდა ნანახი და ისე მომწონდა, რომ ერთი სული მქონდა, მსგავს რაღაცას ჩვენთან როდის გააკეთებდნენ.

- როგორც მახსოვს, "ჯეოსტარშიც" სცადე ბედი.

- კი. საქართველოში პოპულარობის მისაღწევად ყველაზე იოლი გზა რომელიმე მუსიკალურ პროექტში მონაწილეობაა. "ჯეოსტარში" კი ვმონაწილეობდი, მაგრამ ამ პროექტის ფორმატი ჩემს სტილში არ ჯდებოდა. სამაგიეროდ, ძალიან მომწონდა "ვარსკვლავების აკადემია". თუმცა ასაკი არ მიწყობდა ხელს, რომ ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. "იმედის დილაში", "დუეტების შოუშიც" გამოვდიოდი და 12 დუეტი შევასრულე...

- არ გიფიქრია, სიმღერა ჩაგეწერა, კლიპი გადაგეღო და ამ გზით გამხდარიყავი პოპულარული?

- რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე მიფიქრია, მაგრამ ჩვენთან მუსიკალური არხიც კი არ არის, კლიპი რომ "დაატრიალო" და ხალხმა ნახოს. თან, საქართველოში ჯერ ცნობილი უნდა გახდე და მერე გადაიღო კლიპი, თორემ შეიძლება, შენი ნამუშევარი არავინ მოისმინოს. "ახალი ხმა" დამეხმარა იმაში, რომ ხალხს გავეცანი, ახლა კი ნამდვილად ვაპირებ კლიპის გადაღებასაც და სიმღერის ჩაწერასაც.

- შენი მშობლები, ახლობლები როგორ აფასებენ იმას, რომ მღერი და სცენაზე დგახარ?

- ჩემი ოჯახი ამ ყველაფერში ძალიან მიწყობს ხელს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემზე მეტადაც არიან მონდომებულები. როდესაც კონკურსებზე გამოვდივარ, იმდენად ნერვიულობენ, რომ მათი დამშვიდება მიწევს ხოლმე. მეგობრები და ახლობლები ჩემს კონცერტებზე გამუდმებით მოდიან და მხარში მიდგანან.

- ცნობილი მომღერლების წრეში ტრიალებ, მათთან ერთად გამოდიხარ სცენაზე...

- მართალია, ჯერ პოპულარული არ ვარ, მაგრამ კონცერტებზე მაინც მეძახიან და ეს ფაქტი ძალიან მახარებს... როდესაც "ახალ ხმაში" მონაწილეობა გადავწყვიტე, ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთ შედეგს თუ მივაღწევდი. რატომღაც მეგონა, რომ ეს იქნებოდა ერთი ნაბიჯი წინსვლისკენ. თავიდან იმასაც ვფიქრობდი, "ახალი ხმის" მეორე სეზონში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა - მიშა სულუხიამ მაშინ, როცა საბუთების მიღებამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, ვიდეო გადამიღო და პროექტის ორგანიზატორებს გაუგზავნა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი!

- "ახალი ხმის" პირველ ტურში ფინქის სიმღერა შეასრულე და ისიც აღნიშნე, რომ შენი ოცნებაა, მასთან ერთად იმღერო...

- ვფიქრობ, ფინქი სხვა მომღერალი ქალებისგან გამორჩეულია. ხასიათითაც მგონი, ვგავარ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მასთან ერთად ვიმღერო. სიმართლე გითხრათ, მისი რეპერტუარიდან სხვა სიმღერის შესრულება მინდოდა, მაგრამ კონკურსანტებს მოგვცეს სია, საიდანაც არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა, - ანუ იმას ვერ ვიმღერებდით, რაც გვსურდა.

- "ბრმა" კასტინგზე შენკენ დათო და მერაბი შემობრუნდნენ...

- ჩემი მუსიკალური სტილიდან გამომდინარე, ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ დათოს ან მაიასა და სტეფანეს გუნდში ვიქნებოდი... დათო საქმეში მკაცრი იყო, თუმცა მისი სახით ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე. პროექტის ყველა მონაწილე ერთმანეთს ვამხნევებდით. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ახალ ხმაში" მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ ბევრი კარგი მეგობარი შემეძინა. ჩვენ ახლაც, თითქმის ყოველდღე ვცდილობთ, ერთმანეთი მოვიკითხოთ და ვნახოთ.

- "რინგის" შემდეგ პროექტს გამოეთიშე. მართალია, დათომ მომდევნო ტურში არ გადაგიყვანა, მაგრამ იტირა იმის გამო, რომ გაგიშვა. როგორ ფიქრობ, მისი ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო?

- პროექტში დარჩენა და საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენა ძალიან მინდოდა, მაგრამ დათოს გადაწყვეტილებაც ალბათ, სამართლიანი იყო; ნინი ბრეგვაძე, ვისთან ერთადაც მომიწია "რინგზე" დგომამ, პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. ზუსტად ვიცი, რომ დათოსაც ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება... ამ პროექტმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, შემიცვალა გემოვნებაც. ხუთივე მწვრთნელისგან ბევრი რამ ვისწავლე. მომავალში თუ რაიმე წარმატებას მივაღწევ, ეს მათი დამსახურება იქნება.

- პროექტი დატოვე, მაგრამ თითქმის ბოლო წუთამდე ეხმარებოდი ახალშეძენილ მეგობრებს და "ბექებში" მღეროდი.

- პროექტს რომ გამოვეთიშე, დამირეკეს და მთხოვეს, "ბექებში" მემღერა. სხვათა შორის, ამან დიდი გამოცდილება შემძინა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ; ფიქრობ იმაზე, რომ სხვას არ გაუფუჭო საქმე.

- ამბობენ, რომ სასწავლებლად საფრანგეთში იყავი წასული.

- 10 წელია, ჩემი მეგობარი პარიზში ცხოვრობს. იქ სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. გასულ ზაფხულს საქართველოში ჩამოვიდა და ჩემი ნამღერი რომ მოისმინა, მითხრა: ვიდეოს გადაგიღებო. მერე ჩანაწერი ერთ-ერთ სტუდიას უჩვენა, საიდანაც დამიკავშირდნენ და საფრანგეთში მიმიწვიეს. ვუთხარი, რომ ფრანგული არ ვიცოდი. პედაგოგმა მითხრა, - ლონდონში ვასწავლიდი, ამიტომ შემიძლია, ინგლისურად გესაუბროო. ის პარიზში კონცერტს ხშირად აწყობს და ცნობილ მომღერლებთანაც მუშაობს. ერთი თვე ვოკალის მასტერკლასებზე დავდიოდი. პედაგოგი მასწავლიდა სცენაზე დგომას, რადგან მქონდა გარკვეული კომპლექსები და სცენაზე გამოსვლის წინ ყოველთვის ძალიან ვნერვიულობდი. მოკლედ, საფრანგეთში ყველა ეს კომპლექსი მომეხსნა და ბევრად თავდაჯერებული გავხდი. ბოლოს, მასწავლებელმა მითხრა, - უკვე შეგიძლია, რომელიმე ფრანგულ მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობაო.

- მერე, რატომ არ დარჩი?

- თეატრალურ უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ჰოდა, გამოცდები მეწყებოდა და ვიფიქრე: წავალ, ჩავაბარებ და უკან დავბრუნდები-მეთქი. თანაც მინდოდა, ამ პერიოდში ფრანგული ენა მესწავლა - საფრანგეთში კონკურსში მონაწილეობის უფლებას არ მოგცემენ, თუ მათ ენას კარგად არ ფლობ; ფრანგებისთვის მხოლოდ სიმღერა არ არის საკმარისი. მერე მოხდა ისე, რომ "ახალი ხმის" კასტინგი გამოცხადდა და პარიზში ვეღარ წავედი. თუმცა, ზაფხულში აუცილებლად წავალ. სხვათა შორის, ჩემი პედაგოგი "ახალ ხმას" თვალს ადევნებდა და პარიზიდან მგულშემატკივრობდა, შენიშვნებსაც მაძლევდა. ის ამაყობს ჩემით და "ფეისბუკის" გვერდზეც წერს, - ეს ჩემი სტუდენტიაო.

- ახლა რა გეგმები გაქვს?

- სიმღერას ვწერ, მაგრამ ვისთან ერთად, ამას ჯერჯერობით არ გეტყვით, ეს სიურპრიზია...

- პირად ცხოვრებაში რა ხდება? შეყვარებული თუ გყავს?

- (იცინის) შეყვარებული არ მყავს და სხვათა შორის, ჯერ სერიოზულად არც არავინ მყვარებია. მოკლედ, ამ მხრივ საქმე ცუდად მაქვს. როგორი ბიჭები მომწონს? - ჩემთვის მთავარია, ჩემს რჩეულს ჰქონდეს საკუთარი საქმე. პირადად მე, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო და მინდა, ჩემი მომავალი მეორე ნახევარიც თავის საქმეში წარმატებული იყოს...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება