"115 ქვეყანა და ხუთივე კონტინენტი მოვიარეთ"

"115 ქვეყანა და ხუთივე კონტინენტი მოვიარეთ"

ანსამბლი "ორერა" წლების განმავლობაში საოცარი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ისე საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და საზღვარგარეთაც. ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, როდესაც მოსკოვში 2005 წელს ანსამბლს 45 წლის იუბილე გადაუხადეს და ვარსკვლავიც გაუხსნეს (თბილისში "ორერას" ვარსკვლავი 2001 წელს გაიხსნა). წლების განმავლობაში ანსამბლის წევრები იცვლებოდნენ, მაგრამ გენო ნადირაშვილი ბოლომდე "ორერას" ერთგული დარჩა. როგორც ბატონი გენო ამბობს, ეს ანსამბლი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

- ჩუღურეთში, დოქის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. ოჯახში უმცროსი ვიყავი. მყავდა უფროსი დედმამიშვილები - ორი და და ერთი ძმა... დოქის ქუჩაზე სამი იტალიური ეზო გაერთიანებული იყო და იქაური ბავშვები ერთად ვიზრდებოდით. კარგი ურთიერთობა გვქონდა სვანეთის უბნელებთანაც... ბიჭებთან ერთად მეც მიჩხუბია, მაგრამ მალე ვრიგდებოდით... მეოთხეკლასელს ერთი გოგონა - თინიკო მომწონდა, მაგრამ იმდენად მორცხვი ვიყავი, რომ ვერაფერს ვეუბნებოდი. მხოლოდ სახლიდან სკოლაში და სკოლიდან სახლში ვაცილებდი. თინიკოც არაფერს იმჩნევდა...

- თქვენში პირველად მუსიკალური ნიჭი ვინ აღმოაჩინა?

- ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო ფილმი "ავარა", რომლის სანახავად კინოთეატრში დედამ წამიყვანა. იმდენად მომეწონა, რომ ფილმის მთავარი გმირის სიმღერა დავიმახსოვრე და მთელი დღეები იმას ვღიღინებდი... ჩემს მეზობლად პროფესორი (გვარად გოცირიძე) ცხოვრობდა და პირველად სწორედ მან აღმოაჩინა ჩემში მუსიკალური ნიჭი და დედას ურჩია, მუსიკაზე მივეყვანე. არ ვიცი, რატომ, მშობლებმა მუსიკალურ ათწლედში, ვიოლინოს ჯგუფში შემიყვანეს, მაგრამ ვიოლინო ვერ ავითვისე. სამაგიეროდ, სახლში პიანინო გვქონდა და დებმა მასზე დაკვრა მასწავლეს. მერვე კლასიდან კი დიმიტრი არაყიშვილის სახელობის მეოთხე სამუსიკო სასწავლებელში გადავედი და სწავლა კონტრაბასის განხრით განვაგრძე. მთელი ბავშვობა ჯაზს ვუსმენდი და კონტრაბასზე დაკვრა მომწონდა. კონსერვატორიაშიც კონტრაბასის განხრით ვსწავლობდი... 1956 წელს, საქართველოში, მანჯურიიდან მუსიკოსი გიორგი გაბესკირია ჩამოვიდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ჯაზორკესტრი ჩამოაყალიბა. ის ორკესტრისთვის მუსიკოსებს კონკურსის წესით არჩევდა. კონკურსში გავიმარჯვე და ორკესტრში კონტრაბასზე ვუკრავდი. სწორედ მაშინ გამიცნო პიანისტმა ბორის რიჩკოვმა (მომღერალ გიული ჩოხელის მეუღლე) და თავის მუსიკალურ ჯგუფში მიმიწვია. 1961 წელს კი კონსტანტინე პევზნერმა (კომპოზიტორი, დირიჟორი) სახელმწიფო-საესტრადო ორკესტრი "რერო" შექმნა, სადაც მეც მიმიწვია. "რეროში" სამი წელი დავყავი; 1964 წელს კი, რობერტ ბარძიმაშვილმა "ორერაში" შემომთავაზა გადასვლა. იქიდან მოყოლებული ამ ანსამბლში ვმოღვაწეობ...

- ანსამბლ "ორერას" სიმღერების შესრულება არაერთ უცხო ენაზე უწევდა. რეალურად, თუ იცოდით რომელიმე უცხო ენა?

- როგორც კი ანსამბლში მივედი, მაშინვე უცხო ენების შესწავლა დავიწყე. ინგლისურ ენაში ბატონი გელა ჩარკვიანი მამეცადინებდა. რადგანაც ანსამბლი უმთავრესად უცხო ენების ინსტიტუტის სტუდენტებისგან შედგებოდა, მაშინდელი მთავრობა უფლებას გვაძლევდა, უცხო ენებზე გვემღერა და იმ პერიოდში, "ორერა" ერთადერთი ანსამბლი იყო, რომელსაც უცხო ენაზე სიმღერის უფლება ჰქონდა. დიახ, 22 ენაზე ვმღეროდით. გასტროლი რომელ ქვეყანაშიც გვქონდა, იმ ქვეყნის ენაზე ვასრულებდით სიმღერას. ამისათვის კი სერიოზულად ვემზადებოდით. ღამეები გვაქვს რეპეტიციებში გათენებული... 115 ქვეყანა და ხუთივე კონტინენტი მოვიარეთ... ჩვენი პასპორტები მოსკოვში ინახებოდა. როდესაც გასტროლები აფრიკის ქვეყნებში გვქონდა, ათი დღით ადრე აცრებს გვიკეთებდნენ, რომ იქ ჩასულებს, რაიმე დაავადება არ შეგ-ვყროდა. "გოსკონცერტისთვის" (საბჭოთა კავშირის საკონცერტო სამმართველო) ჩვენ შემოსავლის სერიოზული წყარო გახლდით, მაგრამ იმ თანხიდან კაპიკებს გვაძლევდნენ. წელიწადში ჩვენი პრემია 200-300 მანეთს შეადგენდა. 

- უცხოეთის გასტროლებიდან რაიმე ამბავს ხომ არ გაიხსენებთ?

- იემენში (არაბეთის ნახევარკუნძული) ყოფნის დროს, ჩრდილოეთ იემენსა და სამხრეთ იემენს შორის ომი დაიწყო. გვეგონა, კონცერტი ჩაგვეშლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. კონცერტის დროს, ერთი შეიარაღებული რაზმი მოვიდა და სცენას ალყა შემოარტყა. ჯარისკაცები გვიცავდნენ. მათ ენაზე სიმღერა რომ შევასრულეთ, აღფრთოვანდნენ. საკონცერტო პროგრამა სამჯერ გაგვამეორებინეს. კონცერტის შემდეგ ქალაქ ადენში ჩაგვიყვანეს, სადაც კონცერტი ჩაგვატარებინეს და მერე მოსკოვში გამოგვიშვეს... 1986 წელს, საბჭოთა კავშირიდან პირველები ჩვენ ვიყავით, რომლებიც ისრაელში გავემგზავრეთ (მაშინ საბჭოთა კავშირს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა). თელ-ავივში რომ ჩავედით, უამრავი ადამიანი დაგვხვდა, აეროპორტში წითელი ხალიჩა დაგვიფინეს... ისრაელში 20 დღე დავრჩით, ჩვენს კონცერტებზე ხალხი ბილეთს ვერ შოულობდა - 4-ათასიანი დარბაზი გადაჭედილი გახლდათ...

- როგორ გაიხსენებთ ფილმის - "ორერა" სრული სვლით" გადაღების პერიოდს?

- ამ ფილმის გადაღების იდეა 1967 წელს სატელევიზიო ფილმების სტუდიას ეკუთვნოდა. ფილმის რეჟისორი ზაალ კაკაბაძე გახლდათ. ეს ნამუშევარი მოგეხსენებათ, გემზეა გადაღებული და ამიტომ, 1967 წელს, გემით - "შოთა რუსთაველი" მსოფლიოს გარშემო კრუიზში გავემგზავრეთ. გემის კაპიტანი მახსოვს, გვარად გოგიტიძე იყო. გადაღებების გამო თითქმის 3 თვე მოგვიწია კრუიზში ყოფნამ; დაუვიწყარია ის დღეები. იმ პერიოდში ზღვაში 9-ბალიან ტალღებშიც მოვყევით... ოდესაში რომ ჩავედით, მთელი გემი მგზავრებისგან დაიცალა, მხოლოდ გემის ეკიპაჟი და ჩვენ დავრჩით და ასე გავემგზავრეთ ინგლისში. ინგლისში გემმა მგზავრები აიყვანა და ავსტრალიისკენ გავცურეთ. გზადაგზა პორტებში ვჩერდებოდით. კვირაში ორჯერ, მგზავრებისთვის კონცერტს ვმართავდით. მოკლედ, გასახსენებელი მართლაც ბევრია... მახსოვს, ტაიტიზე (კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში) ყოფნის დროს, მე და რობერტ ბარძიმაშვილი გემიდან გავიპარეთ. გემის დარაჯს ერთი ბოთლი არაყი მივეცით და გაგვიშვა. ბარში შევედით და ერთი ბოთლი ვისკი მოვითხოვეთ. გვერდით ინგლისელები ისხდნენ. რომ დაგვინახეს, ერთი ბოთლი ვისკი უნდა დაგველია, გადაირივნენ. სანაძლეო დაგვიდეს, თუ იმ ბოთლს დავლევდით, მთელ ყუთ ვისკის გვიყიდდნენ. სანაძლეო მოვიგეთ და მთელი ღამე ვიქეიფეთ. გემზე დილის 7 საათზე დავბრუნდით, უფრო სწორად, მიგვიყვანეს. იმ ბარის თანამშრომლები და ის ინგლისელებიც წამოგვყვნენ, ყველანი გემზე ავედით და გემის ბარში შევედით. მე და ბარძიმაშვილმა ბიჭები გავაღვიძეთ და კონცერტი ჩავატარეთ. სტუმრები გემიდან რომ ჩავიდნენ, კაპიტანმა მე და რობერტი თავისთან გვიხმო.K ჯერ დაგვტუქსა, მერე კი გვითხრა, - ამ საქციელს იმიტომ გპატიობთ, რომ გემს შემოსავალი მოუტანეთო. თურმე სტუმრებს გემის ბარში ბევრი ფული დაუხარჯავთ...

- ანსამბლში ყველაზე ახლოს ვისთან იყავით?

- ყველასთან ძმური ურთიერთობა მქონდა. ერთმანეთს ყველანი პატივს ვცემდით. ზურა იაშვილსა და თემურ დავითაიას კი სკოლის ასაკიდან ვიცნობდი. გასტროლების დროს მე და რობერტ ბარძიმაშვილი ყოველთვის ერთ ნომერში ვცხოვრობდით... სამწუხაროდ, ზურა იაშვილი ჩვენგან 51 წლის ასაკში წავიდა.

- ბატონო გენო, "ორერას" წევრები ძალიან პოპულარულები იყავით. თაყვანისმცემლებიც საკმაოდ გყავდათ. თქვენი მეუღლე არ ეჭვიანობდა?

- მეუღლე (მარინე ჩიტაძე - პროფესიით რუსული ენის პედაგოგი გახლდათ) რომ ეჭვიანობდა, იმიტომაც დამყვებოდა გასტროლებზე (იცინის). ჩემი ქალიშვილი ეკა კი თითქმის გასტროლებზე გაიზარდა.

- მომავალი მეუღლე სად და როგორ გაიცანით?

- მარინე ჩემი ახლობლის, თემურ რუსიშვილის დაბადების დღეზე გავიცანი. მშობლებთან ერთად ისიც სტუმრად იყო მოსული. დანახვისთანავე მომეწონა. ღვინო რომ დავლიე, გავთამამდი და მარინეს მშობლებს ქალიშვილის ხელი ვთხოვე. იმ საღამოსვე მარინე და მისი მშობლები ჩემივე მანქანით სახლამდე მივაცილე... მერე მარინეს თავი რომ არ დავანებე, მისმა მშობლებმა მარინეს ძმები მომიგზავნეს, მაგრამ მაინც არ "შევშინდი" და მათი და კინოში დავპატიჟე, მერე კაფეშიც წავიყვანე. ბოლოს, ოფიციალურად მივედი მათთან სახლში და მარინეს ხელი ვთხოვე...

- მაშინ რამდენი წლის იყავით?

- 29 წლის ვიყავი, მაგრამ იმ პერიოდში პირველ ცოლთან უკვე გაყრილი გახლდით. პირველი ცოლისგან მალხაზი მყავს. მარინემ ეკა მაჩუქა... მე და მარინემ შეუღლებიდან 25 წლის თავზე, ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ. სამწუხაროდ, ის 1998 წელს გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა და ვერ ვუშველე. 14 წელი გავიდა, რაც ჩემ გვერდით აღარ არის...

- თქვენს უფროს შვილზე რას გვეტყვით?

- მალხაზი უკვე პაპაა, მან ერთი შვილიშვილი - სოფიკო (დედაჩემის სახელი დავარქვი) მაჩუქა. სოფიკოს კი 2 შვილი ჰყავს: გიორგი და ნიკუშა.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენს ქალიშვილს, ეკას ბინა არა აქვს, ავტოფარეხში ცხოვრობს და თქვენთან ცუდი დამოკიდებულება აქვს. მამა-შვილი ერთმანეთს რატომ არ ელაპარაკებით?

- იმიტომ, რომ დაუკითხავად გათხოვდა. ცოლად გაჰყვა ისეთ ადამიანს, რომელიც მისი შესაფერისი არ იყო. ის პიროვნება არც ადრე მომწონდა და არც ახლა მომწონს. რაც შეეხება ბინას, მის მეუღლეს სახლი სოფელში აქვს და იქ იცხოვრონ... არადა, ეკა რომ დაიბადა, სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ გული მომიკლა. არც მუსიკას გაჰყვა და არც უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. თუმცა ეკას გოგონას, როგორც შემიძლია, ვეხმარები, ჯერ პატარაა. ბავშვმა რა დააშავა?

- მალხაზს რა განათლება აქვს?

- პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა.

- მუსიკალური ნიჭი შვილიშვილებს თუ გამოჰყვათ?

- მუსიკალური ნიჭი სოფიკოს ბიჭს - გიორგის გამოჰყვა, რომელიც ლია ხორბალაძის მუსიკალურ ჯგუფში მივიყვანე...

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება