რუსკა მაყაშვილის მხიარული თავგადასავლები

რუსკა მაყაშვილის მხიარული თავგადასავლები

ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ როგორი იქნებოდა რუსკა მაყაშვილი ბავშვობაში. მისი საინტერესო თავგადასავლები დედამისმა, ცნობილმა მსახიობმა - თამარ მაყაშვილმა გაგვიმხილა და ისიც დასძინა: რუსკა ბავშვობაში სასწაულებს ახდენდა, მაგრამ ეს არასდროს მიკვირდა, რადგან პატარაობისას მასზე უფრო მეტად ცელქი ვიყავიო.

- ქალბატონო თამარ, როგორც ვიცი, პატარა რუსკას სტუმრები აბაზანაში შეჰყავდა და მათ სარეცხი ფხვნილით "რეცხავდა".

- მართალია, მაგრამ ეგ ამბავი აღარ მახსოვდა (იცინის). ძალიან ცელქი იყო. მისი ეზოში ჩასვლა და ყველა ბავშვის სახლში გაქცევა ერთი გახლდათ. თამაშისას ბავშვებს მიწას, პეპლებს ან რაღაც საშინელებებს აჭმევდა. ერთი პერიოდი, როცა ცხოვრება ძალიან გაჭირდა და საჭირო ნივთებს, სარეცხ საშუალებებს სიმწრით ვყიდულობდით, რუსკას სტუმრად მოსული ნათესავების ბავშვები აბაზანაში შეჰყავდა, მათ სარეცხ ფხვნილს აყრიდა და ტანსაცმლიანად "რეცხავდა". თან, იმ პერიოდში აბაზანას ისეთი კარი ჰქონდა, შიგნიდან თუ დაკეტავდი, გარედან მისი გახსნის შანსი არ იყო... მოკლედ, საოცრებებს აკეთებდა. სახლში სათამაშო ხალიჩები ჰქონდათ და ჯერ ერთ ხალიჩას დააფენდა, მასზე ჭურჭელს დაალაგებდა, მერე მეორე ხალიჩას გადააფენდა, შემდეგ კი ამ ყველაფერს ჩაქუჩით ლეწავდა.

- ბავშვები რუსკას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ?

- კი, კი! რა უფლება ჰქონდათ, არ დამორჩილებოდნენ?! არ ვიცი, დაშინებით თუ რა მეთოდით, მაგრამ მას ნამდვილად, ყველა ემორჩილებოდა.

- ამ ბავშვების მშობლები რუსკას გამო არ გსაყვედურობდნენ?

- როგორ არა! მოდიოდნენ და მაგალითად, მეუბნებოდნენ, - იცით, თქვენმა შვილმა ჩემს შვილს მიწა აჭამაო. მაგრამ მე რა მექნა, თუ უკვე აჭამა? ამ ამბით მეც შეწუხებული ვიყავი. მახსოვს, ბორჯომში ვისვენებდით. ერთ დღეს რუსკა გაქრა. ბევრი ვეძებეთ და ბოლოს, როგორც იქნა, მივაგენით: დიდი კარადა წაუქცევია და მის ქვეშ მოყოლილი, საწყალობად გვეძახდა. ერთხელ კიდევ, ცხენს უკან დაუდგა და ეთამაშებოდა. ჰოდა, ამ თამაშ-თამაშში შუბლი გაიტეხა. ჭრილობა გავუკერეთ და პატარა ნაიარევი დარჩა. დანარჩენი შემთხვევებიდან სულ "სუფთად"ძვრებოდა. არაგვმა რომ წაიღო, ეს ცნობილი ამბავია: რუსკა და მისი მეგობარი, კოტიკო გელაშვილი (ტრიო "სიმის"წევრის - რეზო გელაშვილის შვილი) არაგვზე, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადადიოდნენ. უცებ, რუსკას ფეხი აუცურდა, კოტიკომ ვერ დაიჭირა და დინებამ წაიღო. ყველანი გავქვავდით. ვიცოდით, რომ არაგვში მისი დაჭერა შეუძლებელი იყო და ვეღარ გავიგეთ, როგორ მოვქცეულიყავით. რაღაც პერიოდის შემდეგ ვხედავ, ბიჭები მოდიან და რუსკა მხარზე უზით. რუსკას ბედად, თურმე ისინი არაგვზე ბანაობდნენ და რომ დაუნახავთ, წყლიდან ამოუთრევიათ.

- როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ბედისწერაა? დღესდღეობით რუსკა წარმატებული რომ არის, ესეც იღბალია?

- რასაკვირველია, ვფიქრობ, ადამიანს იღბალი თუ არ აქვს, წარმატებას ვერ მიაღევს, მაგრამ ყველაფერი ბედისწერას რომ მიაწერო, არც ასეა საქმე. რუსკამ ყველაფერი უდიდესი შრომისა და სწავლის შედეგად მოიპოვა, მაგრამ გარკვეულწილად, გაუმართლა კიდეც.

- გენეტიკაზე რას გვეტყვით?

- სხვათა შორის, გენეტიკაც ძალიან ბევრს ნიშნავს. რომ გითხრათ, მე ძალიან წყნარი და მშვიდი ბავშვი ვიყავი-მეთქი, - მოგატყუებთ. რუსკაზე ბევრად ცელქი ვიყავი: სახურავებზე დავძვრებოდი; თუ ვინმე სკოლაში ფანჯრიდან ხტებოდა, პირველი მე უნდა ვყოფილიყავი. "როლიკებს"შევწირე თავი და ხერხემალი დავიზიანე. რუსკასგან განსხვავებით, ხიფათიანიც ვიყავი.

- შვილის გამო მასწავლებლები სკოლაში თუ გიბარებდნენ?

- როგორ არა! ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ყოველდღე დირექტორის კართან ვიყავი ატუზული. რუსკა ხან "კარნიზზე"იყო ასული და მირეკავდნენ, - ჩამოიყვანეო; ხანაც - მასწავლებლებს სხვა რაღაცებით უხეთქავდა გულს...

- მას რა მეთოდით სჯიდით?

- სულ მის თმაზე "მეკიდა"ხელი, საათობით კუთხეში იდგა. რუსკასგან განსხვავებით, ნინუცა ძალიან წყნარი იყო და თუ კუთხეში დავაყენებდი, საქმეში მეზობლები ერეოდნენ. აი, დასჯილი რუსკა კი სცენებს მართავდა, ცრემლებს აღვარღვარებდა და იძახდა: - "რა უბედურ დღეზე ვარ გაჩენილი, რა დავაშავე..."ბავშვობიდან ამბობდა, რომ ვერიკო ანჯაფარიძე იყო და ამის გამო, სულ სცენების გამართვასა და როლის მორგებას ცდილობდა. ჰოდა, სოფიკო ჭიაურელს ხშირად ვეუბნებოდი: ვაიმე, როგორ უყვარდა რუსკას ვერიკო-მეთქი. ის კი იცინოდა, - ალბათ ჩემი პორტრეტი სახლში ცუდად გიდევთ და ბავშვი მხოლოდ ვერიკოს პორტრეტს ხედავსო (იცინის). სხვათა შორის, რუსკას ვერიჩკა შეარქვეს და ზოგ-ზოგიერთები დღესაც ასე ეძახიან.

- საშინაო დავალების მომზადება უყვარდა?

- ოჰ, არა! სწავლის ხსენება არც რუსკას უნდოდა და არც - ნინუცას. ბოლოს, როცა პროფესიის არჩევაზე დაფიქრდნენ, ორ წელიწადში შეისწავლეს ის, რაც წლების მანძილზე უნდა ესწავლათ და წაეკითხათ. ვგულისხმობ არა მარტო ქართულ, არამედ რუსულ და უცხოურ ლიტერატურასაც.

- ბიჭებთან თუ მეგობრობდა? გოგონების საყვარელი თამაშებით უფრო კარგად ერთობოდა თუ ბიჭური რაღაცები იზიდავდა?

- ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ბიჭები ნაკლებად იყვნენ, მაგრამ ვინც იყო, მათთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. სხვათა შორის, ნინუცას და მე უფრო მეტი მეგობარი ბიჭი გვყავდა, ვიდრე რუსკას. მას თაყვანისმცემლებიც დიდად არ აწუხებდნენ. რაც შეეხება თამაშებს: პატარა აკვანი გვქონდა. მამაჩემი გამოუტანდა ხოლმე, რათა რუსკა გაერთო, მაგრამ ბავშვი ბაბუას ცივი უარით ისტუმრებდა, - ამით ვერ ვითამაშებო. სამაგიეროდ, "კარტი"უყვარდა, მაგრამ ჩვენს ოჯახში "კარტი", ნარდი და ამგვარი თამაშები აკრძალული იყო, რადგან ამ გასართობებს მამა ვერ იტანდა. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებოდით და ასეთი თამაშებით გართობის სურვილი არასდროს გამოგვითქვამს, მაგრამ რუსკა ამ ყველაფერზე გიჟდებოდა. ერთ დღესაც, დედა შინ განცვიფრებული დამხვდა და მითხრა: შინ დაბრუნებულმა დავინახე, რომ რუსკა და ბიჭიკო "კარტს"თამაშობდნენო (იღიმის). თოჯინების თამაშით თავი არასდროს მოუკლავს. სამაგიეროდ, ამა თუ იმ ფილმის ნახვის შემდეგ მისი განხილვა და სპექტაკლებად დადგმა მოსწონდა.

- თუ ელოდით, რომ ოდესმე რუსკა ასეთი წარმატებული მსახიობი იქნებოდა?

- არ ვიცი, ამ კითხვაზე რა უნდა გიპასუხოთ... ბოლო პერიოდში რუსკა მაყაშვილის სახელი ისმის ყველგან. ამას წინათ რეჟისორ ალეკო ცაბაძის მეუღლე მეუბნებოდა, - რუსკა სახალხო მსახიობია. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ სახალხო წოდება აქვს მინიჭებული, არამედ იმას, რომ დიდსა თუ პატარას იმდენად უყვარს, ყველას მისი სახელი აკერია პირზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახალხოაო.

- გარკვეული ასაკის შემდეგ, მშობლები შვილებს გათხოვებას ურჩევენ. თქვენ ამ თემაზე რამდენად ხშირად ელაპარაკებით?

- ჩემი აზრით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რუსკა გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობს და იმედია, ამ საკითხში შეცდომას არ დაუშვებს.

- ბოლო დროს შინ ძალიან იშვიათად არის, არა?

- არა, ბოლო დღეებია, სახლში ხშირად მოდის. პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები"მონაწილეობის პერიოდში კი თითქმის ოთხი თვე არ მოსულა შინ. არის დღეები, როცა გადაბმულად რამდენიმე დღე არ სძინავს. ახლა შედარებით მეტი თავისუფალი დრო აქვს.

- გადაღლილობის გამო ხშირად წუწუნებს?

- შეიძლება თქვას, - დავიღალეო, მაგრამ არასდროს იტყვის: არ წავალ, აღარ მინდა საქმის კეთებაო...

- ზოგი ამბობს, რომ რუსკა კარგი მსახიობია, მაგრამ მისი საქციელი, მიმიკები, ქმედებები მაინც აღიზიანებს. თუნდაც ის, რომ როცა პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები"გამარჯვებულად გამოაცხადეს, იატაკზე გაწვა...

- იმ პერიოდში ვერაფერს აცნობიერებდა და ასე ამიტომაც მოიქცა. არაერთხელ მითქვამს, რომ ანჩო რუსკა არ არის. აბსოლუტურად სხვანაირი ადამიანია, ანჩოსგან რადიკალურად განსხვავებული. მე თუ მკითხავთ, რუსკა ტრაგიკული მსახიობი უფროა. ის სულ სხვანაირია თეატრში, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულებმა იციან. უბრალოდ, ანჩოს როლს ზუსტად და ძალიან სწორად თამაშობდა. შვილისთვის ბევრი შენიშვნა მაქვს მიცემული და ეს რასაკვირველია, სჭირდება კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, ის ძალიან სწორად უდგება საქმეს და ცდილობს, თითოეული შენიშვნა გაითვალისწინოს. სულ ვეუბნები: თუ ხარ, კარგი უნდა იყო, თუ არა და, სულ არ უნდა არსებობდე-მეთქი. ახლობლები დამცინიან: ჯერ ფარდა ჩამოშვებული არ არის, თამარა რუსკასკენ შენიშვნებით რომ მირბისო.

იცი, რუსკა ბავშვობაში როგორ იცვამდა? - დედაჩემის კაბას შემოიცვამდა და ქუჩაში ისე გადიოდა, ხალხი კი აღფრთოვანებული ხვდებოდა. სკოლაში ფერადი "პიჟამოთი"მიდიოდა, თუმცა ეს არ მიკვირდა: თავის დროზე თავადაც ცალ-ცალი ფეხსაცმლით დავდიოდი, მამაჩემის ჩეჩუნჩის პიჯაკითა და წითელი თმით. შეიძლება ეს ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ჩვენზე ცუდს მაინც არავინ არასდროს ამბობდა. ისე კი, ხალხის ჭორაობა დიდად არასდროს მაწუხებდა. მათ ნათქვამს ყოველთვის ვისმენდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგანაც ექსტრავაგანტურობით თავის გამოჩენას კი არ ვცდილობ, არამედ ეს ყველაფერი ჩემია, მე ასე მომწონს და ასე უნდა ჩავიცვა, სხვანაირად არ შემიძლია.

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება