სალომე ჭაჭუა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს

სალომე ჭაჭუა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს

სალომე ჭაჭუა ძალიან მკაცრი მასწავლებელია. მოსწავლეებს არასდროს არაფერს აპატიებს. უნდა, მათაც ისევე შეიყვარონ ცეკვა, როგორც თვითონ უყვარს. ალბათ ამიტომაა, რომ მისი მოსწავლეები ხშირად იმარჯვებენ კონკურსებში. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვარსკვლავის სტატუსით მონაწილეობაზე უარი თქვა. ფიქრობდა, რომ ამით თავის თავს თავიდანვე პირველ ადგილზე დააყენებდა. იმ შემთხვევაში, თუ პროექტში მსაჯობას შესთავაზებენ, სავარაუდოდ, გოჩა ჩერტკოევზე უფრო მკაცრი იქნება.

რატომ არქმევდნენ ლილიანას

-  მშობლების ფოტო ჩემი დის ქორწილშია გადაღებული. მშობლები არ ცეკვავდნენ. უბრალოდ, ქორწილში აუცილებლად უნდა ეცეკვათ. მამა, ავთანდილ ჭაჭუა, მოსამართლე იყო. მალე ორი წელი გავა მისი გარდაცვალებიდან. დედაჩემი, დალი ბარათაშვილი იურისტია. ეკონომიკის ფაკულტეტიც აქვს დამთავრებული და ფიზიკოსიცაა. ოჯახში სულ იურისტები არიან. მამიდან დაწყებული ჩემი პატარა ძმით დამთავრებული. მხოლოდ მე ვარ გამონაკლისი. მოცეკვავე ვარ. პროფესიით დიპლომატი.

-  მშობლებმა როგორ გაიცნეს ერთმანეთი?

-  მამა დედაზე რვა წლით იყო უფროსი. ერთმანეთი თბილისში გაიცნეს. მერე მამა რუსეთში წავიდა სასწავლებლად. მოგვიანებით დედამაც გადაწყვიტა სასწავლებლად წასვლა. დედაჩემის მამამ მამას ჩააბარა, უთხრა, მოუარეო. გარკვეული წლები უვლიდა მამა დედას, მერე შეუყვარდათ ერთმანეთი.

-  დედა მუშაობს?

-  არასდროს უმუშავია. ერთხელ სცადა, მაგრამ მამამ უთხრა, დაჯექი სახლში და ბავშვებს მოუარეო. მამა დედას სამუშაოდ არ უშვებდა. მკაცრად არ ეუბნებოდა, მაგრამ ამბობდა, შვილებს მიხედეო. სამი დედმამიშვილი ვართ.

-  და რამდენი წლითაა შენზე უფროსი?

-  თამუნა ჩემზე ოთხი წლით უფროსია. მე 1990 წელს დავიბადე. ნიკა ჩემზე ერთი წლით პატარაა.

-  შემდეგ ფოტოზე ვისთან ერთად ხარ?

-  მამასა და ჩემს დასთან ერთად. ბავშვობაში არ მიყვარდა ფოტოების გადაღება. მგონი, ეს ერთადერთი ფოტოა, რომელიც ღრმა ბავშვობაში მაქვს გადაღებული.

-  სახელები როგორ შეგირჩიეს?

-  ჩემს დას მამამ თავისი დედის სახელი დაარქვა. მე არავის სახელი არ მქვია. ეგონათ, რომ ბიჭი ვიბადებოდი, მაგრამ გოგო გავჩნდი და თავიდან დედაჩემის დედის სახელს - ლილიანას მარქმევდნენ. მერე ბებიამ გაიგიჟა თავი, დაწყევლილი სახელია და არ დაარქვათო. უცბად გადაწყვიტეს, სალომეს დარქმევა და დამარქვეს.

-  ლილიანა რატომაა დაწყევლილი სახელი?

-  არ ვიცი, ასე გადაწყვიტა ბებიაჩემმა.

-  მოგწონს სახელი ლილიანა?

-  არაა ცუდი სახელი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ლილიანა მერქვას.

-  ვფიქრობ, და-ძმა ერთმანეთს არ ჰგავხართ.

-  ძალიან განვსხვავდებით. მე არავის არ ვგავარ. ჩემი და უფრო მამას ჰგავს, ძმა - დედას. მე მგონი, აყვანილი ვარ (იცინის).

-  და-ძმა არ ცეკვავს?

-  ჩემი და ყო­ფილი მოცეკვავეა, ქართულ ცეკვაზე დადიოდა. ძმა სა­ერთოდ არ ცეკვავდა. ყოფილი წყალბურთელია. ჯიშში არ გვყავს მისნაირი პუტკუნა. ფოტოზე დედასთან ერთადაა. ეს სურათიც ჩემი დის ქორწილშია გადაღებული. ჩემს ძმას სულ ვეუბნები, მხოლოდ ალუჩა უნდა ჭამო, რომ წონაში დაიკლო-მეთქი.

-  ცეკვა, სავარაუდოდ, დაეხმარებოდა წონის დაკლებაში.

-  არასდროს ჰქონია სურვილი, რომ ცეკვაზე ევლო.

რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომეს პარტნიორობაზე უარი

-  რომელ სკოლაში სწავლობდი?

-  თავიდან 161-ე სკოლაში დავდიოდი. მერე საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ და დედაჩემმა გადაწყვიტა, სახლთან ახლოს გადმოვსულიყავი. მესამე კლასიდან 61-ე სკოლაში გადავედი და ეს სკოლა დავამთავრე.

-  კარგად სწავლობდი?

-  ხუთოსანი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის მიჭირდა მათემატიკა. ძალიან სუსტი ვიყავი. მასწავლებელიც მკაცრი მყავდა და სულ ვცდილობდი, მესწავლა. ვწვალობდი, მაგრამ მაინც სულ დაბალ ნიშანს მიწერდა და ამას ძალიან განვიცდიდი.

-  ცეკვა როდის დაიწყე?

-  13 წლის ასაკში. მანამდე ქართულ ცეკვას ვცეკვავდი. ქართულ ცეკვებში შეჯიბრებები არ იმართებოდა. ტელევიზორში ვნახე, რომ სამეჯლისო ცეკვებში შეჯიბრება მინდინარეობდა და გავგიჟდი, ისე მომეწონა. არ ვიცოდი, თუ საქართველოშიც ასწავლიდნენ სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებს. გოგო გავიცანი, რომელიც ამ ცეკვებზე დადიოდა და გადავირიე. ოჯახში ვამბობდი, აუცილებლად უნდა მივიდე-მეთქი. სამი წელი ვეხვეწე მშობლებს, რომ სამეჯლისო ცეკვებზე შევეყვანე. დედამ სტუდია "თელას" რეკლამა ნახა და მიმიყვანა. უბრალოდ, ტანგოს და ვალსს ისწავლის და მერე თვითონვე დაანებებს თავსო. შევედი ცეკვებზე და ბოლომდე გავყევი. სამეჯლისო ცეკვების დაწყების პირველივე დღიდან ამ ცეკვების ფანატი გავხდი.

-  როგორც მივხვდი, ეს ცეკვები უფრო იმიტომ მოგწონს, რომ შეჯიბრება იმართება.

-  მარტო შეჯიბრების გამო არ მიყვარს. მოყვარულის დონეზე ვინც შემოდის, ნარკოტიკივით ითრევს ხოლმე ეს ცეკვები. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. რომ დაიწყებ ცეკვას, სულ გინდა, რომ ახალი გაიგო და ისწავლო. ქართულ ცეკვაში კი ჩემი თავი ვერ დავინახე. ისეთი ნაზი არ ვარ, როგორი მოცეკვავეც ქართულ ცეკვებს სჭირდება.

-  ფოტოზე რამდენი წლის იქნები?

-  დაახლო­ე­ბით თხუთმეტი წლის ვიქნები.

-  რას ცეკვავთ შენ და გიგი?

-  ზუსტად არ მახსოვს. მოძრაობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯაივს ვცეკვავთ.

-  ყოველთვის გიგი იყო შე­ნი მეწყვილე?

-  თავიდან სხვა პარტნიორი მყავდა, მერე მე და გიგი ოთხი წელი ვცეკვავდით ერთად. მერე გადაწყვიტა, რომ ტურნირებში მონაწილეობის მიღება აღარ უნდოდა და პარტნიორი შევიცვალე. ახლა ჯერჯერობით უწყვილოდ ვარ. მე და რეზო რობაქიძე ვვარჯიშობთ. ისიც იმიტომ, რომ ვივარჯიშოთ. მომავალში, თუ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, კონკურსებშიც მივიღებთ მონაწილეობას.

-  შენ და გიგის გაქვთ პროექტები მოგებული?

-  მე და გიგი რამდენჯერმე გავხდით საქართველოს ჩემპიონები, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ აღარ ეცეკვა კონკურსებზე.

-  რატომ გაუჩნდა ასეთი სურვილი?

-  ყოველთვის ძალიან ნერვიულობდა. მე, პირიქით, მიხარია ტურნირზე წასვლა. რაც უფრო ბევრ და კარგ წყვილს ვხედავ, უფრო მაგრად მინდა, რომ კარგად ვიცეკვო. გიგის აზრს აღარ შევეწინააღმდეგე. უფრო სწორად, რაღაც მომენტში შევეცადე გადამეფიქრებინა, მაგრამ რადგან გადაწყვიტა, აზრი აღარ ჰქონდა ჩემს მცდელობას.

-  ფოტოზე, რომელიც შენ და გიგის ერთ-ერთი გამარჯვებისას გაქვთ გადაღებული, სულ სხვანაირად გამოიყურები.

-  გარეგნულად სულ ვიცვლები. მიყვარს იმიჯის შეცვლა. დრო რომ გადის და ძველ სურათებს ვნახულობ, ჩემს თავს მეც ძლივს ვცნობ, სულ სხვანაირი ვარ.

-  მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდშიც ალბათ ძალიან ბევრს ცეკვავდი, წონაში ბევრად უფრო დიდი ჩანხარ.

-  მაშინ ცეკვა ახ­ალი დაწყებული მქო­ნდა. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ დიდი ხანი არაა, რაც ვცეკვავ. 13 წლიდან დავიწყე ცეკვა. მერე ორი წელი არ მიცეკვია. აბიტურიენტობის დროს მშობლებმა ცეკვა ამიკრძალეს. მერე გავაგრძელე, სულ ვვარჯიშობ და სხეულის ფორმები შემეცვალა. კარგად რომ იცეკვო, მარტო ცეკვის სწავლა არაა საკმარისი. იოგა ძალიან გეხმარება, რომ სრულყოფილად კარგად იცეკვო. მარტო ის არაა საკმარისი, რომ, ვთქვათ, სამბას ილეთები კარგად დაამუშაო.

-  იოგაში ვარჯიშობ?

-  რა თქმა უნდა. სამეჯლისო ცეკვებში იოგის ვარჯიში ძალიან გეხმარება ცენტრის დაჭერაში. შეჯიბრებების გამო ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნაშიც ეხმარება იოგა.

-  როგორც ვიცი, პროფესიით დიპლომატი ხარ.

-  საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფაკულტეტი მაქვს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამთავრებული. ცეკვიდან რომ გამომიყვანეს, მამამ მირჩია ეს პროფესია და მეც დავუჯერე. კარგი სტუდენტი ვიყავი, მაგრამ ცეკვას რომ დავუბრუნდი, მერე უკვე დიპლომატია საერთოდ აღარ მაინტერესებდა. ახლა აბსოლუტურად შეუთავსებელია დიპლომატია, ცეკვა და ქორეოგრაფობა. ცეკვა იმხელა შრომას მოითხოვს, რომ სხვა რამისთვის დრო არ მრჩება.

-  მომავალში არ ფიქრობ, რომ დიპლომატობას დაუბრუნდე?

-  გამორიცხულია. მთლიანად ცეკვაში ვარ ჩართული.

-  გამოდის, დიპლომატიის ფაკულტეტზე ტყუილად ისწავლე.

-  ტყუილად არ მისწავლია. რასაც ისწავლი, შეგრჩება და ტვინს ცოტა რაღაც მოემატება. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაც გიყვარს, ის უნდა აკეთო. ყოველთვის ვაფასებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი საქმის ფანები არიან და ყველაფერს მთელი გულით აკეთებენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოდის ყველაფერი კარგად. მე ცეკვებზე შეყვარებული ვარ, არასდროს მეზარება. შემიძლია, დღე და ღამე ვივარჯიშო.

რატომ არ მოსწონს თავისი ნაცეკვი არასდროს

-  პროექტში შენი ცეკვა ყოველთვის ბევრს მოსწონდა. ინტერნეტში ერთ-ერთი ბევრი ნახვა შენი და როსტოს შესრულებულ ლამბადას აქვს. ფოტო სწორედ ამ ცეკვისას გაქვთ გადაღებული. შენ თვითონ "ცეკვავენ ვარსკვლავების" რომელი სეზონი უფრო მოგეწონა ყველაზე მეტად?

-  უფრო მეორე, გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ადგილზე გავედი, თუმცა ჩემთვის ორივე ძალიან კარგი იყო. ძალიან მინდოდა, ფინალში გავსულიყავი. გავედი კიდეც. რომ მომეგო, კიდევ უფრო გამიხარდებოდა, მაგრამ მეორე ადგილზეც არ დამწყდა გული, იმიტომ რომ ეს ჩემი კონკურსი კი არა, უფრო ვარსკვლავის კონკურსია.

-  შენი აზრით, რომელი ცეკვა იცეკვე ყველაზე კარგად?

-  როდესაც პარტნიორი არაა პროფესიონალი, საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ გამოამჟღავნებ. ვცდილობდი, ყველა ცეკვაში ჩემი თავი ნორმალურად მეჩვენებინა. ჩემი თავით ბოლომდე კმაყოფილი არასდროს არ ვარ. ვეძებ და ვნახულობ შეცდომებს, რომ მერე ვიმუშაო.

-  რომელი ცეკვა გაგიჭირდა ყველაზე მეტად?

-  ქართული ტური იყო ყველაზე რთული. ქართული ცეკვები სამეჯლისოსგან საერთოდ განსხვავდება. ჩვენ მთიულური ვიცეკვეთ, რომელიც სხვა ქართულ ცეკვებთან შედარებით ხისტია, მაგრამ ისიც ჩემთვის ნაზი იყო. თავი დავაკალი ამ ცეკვას. არ მინდოდა, რომელიმე მსაჯს ეთქვა, ან კომენტარები დაეწერათ, სალომეს სხვა ცეკვა არ გამოსდისო. კარგად ვიცეკვე, მაგრამ ხელი მაინც ბოლომდე გავშალე.

-  გული არ გწყდება, რომ ვარსკვლავებს ხვდებათ მთავარი პრიზი.

-  არა, იმიტომ რომ ვარსკვლავი ფასდება და ვარსკვლავმა უნდა მოიგოს.

-  ამ შემთხვევაში შენ და გიგი გაჩეჩილაძე თანაბარ სიტუაციაში ხართ. სულ ორი სეზონი ჩატარდა პროექტის და პირველ სეზონში გიგი და მეორეში შენ მეორე ადგილას გახვედით.

-  მთლად თანაბარი სიტუაციაც არაა. პირველ სეზონში ოთხეულში გავედი. გიგიმ კი პროექტი მეოთხე ტურიდან დატოვა.

-  ალბათ გიგი ძალიან განიცდიდა, რომ პროექტის დატოვებას სკანდალი მოჰყვა.

-  გიგი შოკში იყო. გაოგნებული და საწყალი იყურებოდა ხოლმე, მაგრამ არ უთქვამს, რატომ გამოვვარდი ამ პროექტიდანო. პირველივე ტურიდან ამბობდა, უნდა გავვარდეთო. ყველაზე სუსტი წყვილი გამოდგა. თაკომ რაღაცების გაკეთება ვერ შეძლო. სამეჯლისო ცეკვებს ვერ აუღო ალღო. თანამედროვე ცეკვებში თაკო ძალიან მომწონს.

-  მონაწილეები მთელ დღეებს ერთად ატარებდით. შემდეგი ფოტოც ერთ-ერთი რეპეტიციის დროსაა გადაღებული. გიორგი ვარდოსანიძე ამბობდა, რომ ცეკვის გაგრძელება უნდოდა.

-  ბრეიკ დანსზე აპირებდა სიარულს. წონაში კარგად დაიკლო და ვეუბნებოდი, ისევ გააგრძელე ვარჯიში, თორემ წონაში ისე მოიმატებ, ვერც მიხვდები-მეთქი.

-  პროექტის მსვ­­ლელობისას შენც დაიკელი წონაში.

-  რამდენიმე კილო მოვიკელი. იმაზე ბევრს ვვარჯიშობდი, რასაც პროექტამდე-მეთქი, ვერ ვიტყვი. უფრო გონებრივად გადავიღალე. გიორგის ვასწავლიდი და მთლიანად მასზე ვიყავი გადართული. თან ყოველ ორშაბათს ძალიან ვნერვიულობდი.

-  ამ ეტაპზე შენ და გიგი რომ ბავშვებს ცეკვებს ასწავლით, პირადი გეგმები როგორი გაქვთ?

-  ერთად ძალიან კარგად ვართ. ჯერჯერობით არ ვგეგმავთ, რომ ყველაფერი ქორწინებით დასრულდეს. ორივე ისეთი ადამიანები ვართ, რომ შეიძლება, უცბად მოგვინდეს დაქორწინება. ოჯახებით კარგად ვართ და ხელს არავინ გვიშლის ურთიერთობაში. ჯერჯერობით არ გვეჩქარება. ლამის მთელ დროს ცეკვის დარბაზში ვატარებთ. სურათი ერთ-ერთი ვარჯიშისას გვაქვს გადაღებული.

-  თუმცა იყო პერიოდი, როდესაც შენი მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ თქვენს ერთად ყოფნას.

-  ეს მგონი, ყველას შემთხვევაში ასე ხდება. გაიცნეს ერთმანეთი და დაინახეს, რომ გიგი ბუა არაა და მოეწონათ.

-  ურთიერთობაში რომელი უფრო დამთმობი ხართ?

-  გიგი უფრო დამთმობია. მე იშვიათად ვთმობ ხოლმე.

-  ჯიუტი ხარ თუ ხშირად მართალი ხარ და იმიტომ არ თმობ?

-  უფრო ჯიუტი ვარ. ხშირად არ გვიკამათია, მაგრამ როცა ასე ხდება, ძირითადად გიგი თმობს. თბილი გული აქვს. რაღაცნაირად კეთილია.

-  ეჭვიანია?

-  ეჭვიანია, მაგრამ მე ეჭვიანობის არანაირ საბაბს არ ვაძლევ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება