სოფო ხალვაში მეორე გოგონას ელოდება

სოფო ხალვაში მეორე გოგონას ელოდება

მომღერალ სოფო ხალვაშის ცხოვრებაში სიახლეა, ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება. სქესი სწორედ ინტერვიუს ჩაწერის დღეს გაიგო და გაგვიმხილა, რომ ივლისის თვეში კიდევ ერთი გოგონას დედა გახდება. ოჯახურ ცხოვრებაზე, ხასიათის შტრიხებსა და შემოქმედებაზე სოფო თავად გესაუბრებათ.

- მოგეხსენებათ, წინა წელს ჩამოვაყალიბე საკუთარი ბენდი, რო­მლის შექმნაშიც ჭაბუკა ამირანაშვილი დამეხმარა. ვმუშაობთ აქტიურად, გავმართეთ ბევრი დახურული საღამო, სიმღერებიც დაგვიგროვდა და ალბომის ჩაწერას ვაპირებთ. მომღერლისთვის ბენდთან მუშაობა დიდი ფუფუნებაა, იმავდროულად რთულიცაა, თუმცა ბევრი მუშაობის შედეგად შემოქმედებითადაც იზრდები და შენი პროდუქტიც უფრო მაღალი ხარისხის გამოდის.

- შენს ბენდს რამე კონკრეტული სახელი ჰქვია?

- არა, ჯერ არაფერი შეგვირჩევია, ასე აცხადებენ ხოლმე, სოფო და მისი ლაივბენდი. მერე ალბათ მოვიფიქრებთ რამეს.

- ბენდთან ერთად მხოლოდ ახალ სიმღერებზე მუშაობ, თუ ძველებსაც ამუშავებთ?

- რასაკვირველია, ძველებსაც ვამუშავებთ, ასევე სხვადასხვა სიმღერის ქავერებსაც ვასრულებთ. ახლახან დავწერე სიმღერა და ეს ჯერ საჯაროდ არ მითქვამს, ყველას მოეწონა და მასზე მუშაობის დაწყებასაც ვაპირებთ. ჩემ გარდა სიმღერებს ჩვენი ბენდის რამდენიმე წევრიც წერს. მოხარული ვარ, რომ ირგვლივ შემოქმედებითი ადამიანები მყავს, ეს საქმეს დადებით შედეგს მოიტანს.

- სოლოკონცერტზეც ხომ არ ფიქრობთ?

- ჯერჯერობით არა. როგორც გითხარით, ამ ეტაპზე ალბომის ჩაწერას ვგეგმავთ, შემდეგ კი მაგაზე ფიქრიც შეიძლება (იღიმება).

- სოფო, როგორც ვიცით, პირად ცხოვრებაშიც სიახლე გაქვს, ორსულად ხარ.

- ივლისის შუა რიცხვებში ველოდები პატარას.

- სქესი უკვე იცი?

- დღეს გავიგე, გოგოა. ჩემს შვილს უნდა, რომ მარიამი დავარქვათ, თუ არ გადაიფიქრა, მაშინ ამ სახელს დავარქმევთ.

- მოდი შენს შვილზე მეტი მოგვიყევი...

- ქეთო ძალიან წყნარი და მშვიდია, უყვარს სიმღერა, დაგვყავს "ბასტი-ბუბუში", მოსწონს იქაურობა, ხალისით მიდის, მაგრამ თუ არ უნდა, ვერაფრით ამღერებ, არადა სიმღერა ძალიან უყვარს, ცოტა თავისებურია. ახლახან კონცერტი ჰქონდა, საღამოს მიმდინარეობას კამერით ვიღებდი, ბოლოს სცენაზე გამოსულმა დამინახა, რომ კიდევ ვიღებდი, იქიდან დამიწყო ყვირილი და ფეხების ბაკუნი, ნუ მიღებ, ნუ მიღებო, იძახდა (იცინის). საკმაოდ მტკიცე ხასიათი აქვს, მაგრამ არ ვჩხუბობთ, სიცილითა და მოფერებით მივდივართ შეთანხმებამდე.

- ბავშვი, სიმღერა, ეს ყველაფერი ცოტა დროს ნამდვილად არ მოითხოვს, საოჯახო საქმეებისთვის თუ იცლი?

- კი და ძალიან მომწონს დიასახლისობა. შობას სუფრა გვქონდა ოჯახში და ძალიან ბევრი რამ მოვამზადე, რაც მთავარია, მოსწონთ ჩემი გაკეთებული და ეს ძალიან მსიამოვნებს. მე და ჩემი მეუღლე მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ, ამიტომ ყოველდღიურად სამზარეულოში ფუსფუსი არ მიწევს, ყველანაირად გვეხმარებიან.

- შენს მეუღლეს როგორი სოფო მოსწონს, სცენაზე მდგომი თუ სამზარეულოში მოფუსფუსე?

- ეს მას უნდა ჰკითხოთ (იცინის). სამზარეულოშიც მოსწონს სოფო და სცენაზეც, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად სახლში მყოფი მოვწონვარ (იცინის).

- ურთიერთობაში სიურპრიზებითა და რომანტიკული ვახშმებით თუ შეგაქვთ სიახლე?

- უნდა გითხრათ, რომ მე არ ვარ რომანტიკოსი, არც ჩემი მეუღლე. შესაბამისად, ასეთ რაღაცებს ხშირად არ ვაკეთებთ. ის უფრო გვსიამოვნებს, როცა თავისუფალ დროს სახლში შვილთან ერთად ვატარებთ.

- ყველა წყვილის ცხოვრებაში ყოფილა კრიზისული პერიოდი, თქვენც თუ გქონიათ მსგავსი რამ?

- როგორც ყველა ოჯახს, ჩვენც გვქონდა კრიზისული ეტაპი, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

- რაც შეეხება ჩვენი რუბრიკის თემას, ხასიათის შტრიხებს, როგორ ფიქრობ, გენეტიკას რა წვლილი მიუძღვის ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაში?

- რასაკვირველია, ხასიათის გარკვეული დეტალები ადამიანს გენეტიკურად მოსდგამს, მაგრამ ბავშვს დაბადებისთანავე ჩამოყალიბებული აქვს ხასიათი, შეიძლება, მერე აღზრდასთან ერთად მოხდეს გარკვეული თვისებების შეცვლა, მაგრამ ძირითადი დეტალები მაინც რჩება. ჩემი შვილი 5 წლისაა და უკვე ჩამოყალიბებული, ინდივიდუალური ხასიათი აქვს.

- საკუთარი ხასიათიდან რომელ დადებით და უარყოფით თვისებას გამოყოფდი?

- უარყოფითად ალბათ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ძალიან მიმნდობი ვარ, ადამიანი რასაც მეუბნება, მჯერა, შეიძლება, ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდია.

- თუ გქონია შემთხვევა, როცა სასიამოვნო ტყუილი დაგიჯერებია, არადა გულში იცოდი, რომ ეს სიცრუე იყო?

- თუ ისეთი ადამიანი მეუბნება ამ სასიამოვნო ტყუილს, რომელსაც კარგად ვიცნობ და ვხვდები, მისი ნათქვამი სიცრუეა, მაშინ პირდაპირ ვეტყვი, რასაც ვფიქრობ, მაგრამ თუ ადამიანს კარგად არ იცნობ, ვერ მიხვდები, ის ტყუილს ამბობს თუ არა, შესაბამისად, ამ დროს შეიძლება, ტყუილიც დაიჯერო.

- გულჩათხრობილი ხარ, თუ გჩვევია საკუთარ პრობლემებზე საუბარი?

- როცა რაღაც მაწუხებს, სიმღერა მდგომარეობიდან გამოსვლაში მეხმარება. ბავშვობაში, თუ მშობლებს გავაბრაზებდი, ან მე მეწყინებოდა მათგან რამე, ოთახში ვიკეტებოდი და ვმღეროდი, რაც მათ უფრო აგიჟებდა, არადა, ეს ჩემი პროტესტის ფორმა იყო, ამით მდგომარეობიდანაც გამოვდიოდი (იღიმის). ბედნიერი ადამიანი ვარ იმიტომ, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს, ამიტომ ცუდად თუ კარგად ყოფნისას, ყოველთვის მუსიკა მშველის და ყველაფერს მუსიკისთვის ვაკეთებ.

- თუ რაღაც არ მოგწონს, პირდაპირ ამბობ?

- თუ ვხვდები, რომ საჭიროა ამის თქმა - ვამბობ, თუ ჩემი პირდაპირობით უხერხულ სიტუაციას შე­ვქმნი, მაშინ გაჩუმებას ვამჯობინებ.

- ვისგან იღებს კრიტიკას სოფო ხალვაში?

- ყველასგან, თუ სხვას არ მოუსმინე, ვერ გაიზრდები, ყოველთვის უნდა ისწავლო სხვისგან.

- დეპრესიული ეტაპი თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში?

- საერთოდ, დეპრესიული ადამიანი არ ვარ, მაგრამ როგორც ყველა ადამიანს, მეც მქონია კრიტიკული მომენტი. ისე, ჩემი შვილის დაბადებისას დამემართა დეპრესია. ბავშვის გაჩენისთანავე დავიწყე ტირილი, ოღონდ რა მატირებდა, არ ვიცი, ვერ ვჩერდებოდი, შეიძ­ლება, ბედნიერებისგან ვტიროდი, მაგრამ ახსნას ვერც მაშინ ვუძებნიდი და ვერც ახლა.

- წყენას ადვილად ივიწყებ?

- არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომელსაც გულში წყ­ენის ჩადება სჩვევია, ყოველთვის ვცდილობ, დაძაბული სიტუაცია გავანეიტრალო, რათა ყველაფერი კარგად დასრულდეს, მაგრამ როცა ძალიან ახლობელი გტკენს გულს, ეს მართლაც რთულად გადასატანია.

- ცხოვრებაში სი­ნდისის ქენჯნას თუ შეუწუხებიხარ? ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა რაღაცას დააშავებ, გა­პატიებენ, თუმცა ეს საქციელი უფრო მეტად დამნაშავედ გაგრძნობინებს თავს...

- როცა რაღაცას აშავებ და ამას დადებითად ხვდებიან, რასაკვირველია, დანაშაულის გრძნობა გიათმაგდება, ყოფილა შემთხვევა, როცა მეც ამ მდგომარეობაში ჩავვარდნილვარ და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მიგრძნია, რათა ჩადენილი საქციელი გამომესწორებინა. მაგრამ, ზოგადად, ადამიანები უნდა ვეცადოთ, ყველანაირ საქციელს დადებითით ვუპასუხოთ, ეს ურთიერთობებს სასიკეთოდ ცვლის.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება