რატომ არის უკმაყოფილო მარინა ბერიძე "ახალი ხმის" და "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის მუშაობით

რატომ არის უკმაყოფილო მარინა ბერიძე "ახალი ხმის" და "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის მუშაობით

მარინა ბერიძეს კულტურის სამინისტროში ვესტუმრეთ, სადაც თავის პოსტს ინარჩუნებს და როგორც ამბობს, უამრავი საქმე აქვს. ტელევიზიების კუთხით ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის. ჩვენს რესპონდენტს ბოლოდროინდელი მუსიკალური კონკურსების შესაფასებლად შევხვდით.

- ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნი­შვ­­­ნელობა აქვს სატელევიზიო-მუსიკალ­ურ კონკურსებს. პირველ რიგში, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროექტი ლიცენზირებული იყოს. ეს "რუსთავი 2"-მა დაიწყო. ამ პროექტებში ყველაფერი გაწერილია ერთი რამის გარდა, ის შენს ქვეყანას უნდა მოარგო და ბრმად არ უნდა გადმოიტანო სხვა ქვეყნიდან. "ჯეოსტარმა" ეს ძალიან კარგად გააკე­თა და ქვეყანას დიდი შედეგი მოუტა­ნა, ბევრი საინტერესო მომღერალი გამოვლინდა.

რაც შეეხება ახლანდელ მუსიკალურ პროექტებს, საჭიროა და უამრავი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა, მაგრამ მაქვს ერთი შენიშვნა - როგორი მითითებაც უნდა ჰქონდეს ჟიურის, მან უნდა თქვას სიმართლე. იმას არ ვამბობ, რომ კონკურსანტს უხეშად უთხრა და გული ატკინო, მაგრამ თუ გაქვს ინტელექტი და სიტყვის მარაგი, ხარ თავისუფალი ადამიანი, შენიშვნა უნდა მისცე იმისთვის, რომ მომღერალმა გამოასწოროს შეცდომა, მაყურებელი კი მიხვდეს, ვინ არის კარგი და ვინ - ცუდი. აქედან გამომდინარე უმესიჯებს მაყურებელი ამა თუ იმ კონკურსანტს.

საერთოდ, საქართველოში მესიჯების თემა ძალიან მიკერძოებულია - როდის მივალთ იქამდე, რომ ქართველებმა ახლობლებს არ დაუმესიჯონ, ვერ გეტყვით. პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს უფლება, ისეთმა ადამიანმა გაიმარჯვოს კონკურსში, რომელსაც შემდეგ ზრდის პოტენციალი არ ექნება.

- ახლა რომელ პროექტზე საუბრობთ, "ახალ ხმაზე"?

- ორივე მუსიკალურ პროექტზე ვლაპარაკობ, "ახალ ხმაზეც" და "საქართველოს ვარსკვლავზეც". საერთო ფრაზებით არ უნდა გამოძვრე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პირველივე ან მეორე ტურზე კონკურსანტს უთხრა, რომ ის უკვე ვარსკვლავია. ეს ისეთი მნიშვნელოვანი წოდებაა და ისეთი სიტყვაა, რომ ბევრი წელი სჭირდება. ვარსკვლავობა ცხოვრების წესია. ძალიან სასაცილოა, ჩვენს ქვეყანაში ხელაღებით ვინმეს ვარსკვლავი დაარქვა, სამი "მერსედესი" მაინც უნდა ედგას სახლთან (იცინის). ქართველებმა საერთოდ ვერ გავიგეთ ამ სიტყვის მნიშვნელობა.

- ლუკა ზაქარიაძე "საქართველოს ვარსკვლავი" ხმათა 75%-ით გახდა, მახსოვს, ასეთი დიდი სხვაობა პირველ და მეორე ადგილს შორის თქვენ დროს არ ყოფილა.

- ჩემ დროს ბევრი კარგი კონკურსანტი იყო და არა ერთი. ლუკა ზაქარიაძე უდავოდ საინტერესო ადამიანია, მომღერალი არის თუ არა, ჯერ არ ვიცი... ალბათ არის, მაგრამ ლუკას კარიერა ამ წუთიდან იწყება. რამდენადაც ეკრანიდან ვხვდები, ძალიან რთული ადამიანია, მას სერიოზული დაკვალიანება სჭირდება კომპეტენტური ადამიანებისგან. ცოტა დაბნეულია, რაღაც გამოსდის, რაღაც - არა და ძალიან რთულად მართვადია. არ ვიცი, რა მუსიკალური განათლება აქვს, მაგრამ თუ არა აქვს, თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. აუცილებლად უნდა იცოდეს ჰარმონია, კარგი ყური აქვს, შინაგანი ხიბლი, მაგრამ ეს უნდა გამაგრდეს ცოდნით, სტიქიურად არ იაროს რაღაც აკორდებში, დაახლოებით მაინც უნდა იცოდეს, საიდან სად უნდა გადავიდეს, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოს. ასევე ბევრი სამუშაო აქვს ხმაზე. რაც უნდა ვთქვათ, უცხოეთში თვითნაბადი ტალანტით იბადებიანო, ხმას სჭირდება ვარჯიში და გამღერება, უნდა ფლობდე ხმის ტექნიკას, რომ თავისუფლად იგრძნო თავი, ემოციით აღებული ნოტი ცვდება და ცოტა ხანს ძლებს.

- "საქართველოს ვარსკვლავში" ვოკალისტების მუშაობა ვერ დაინახეთ?

- ასე მკაფიოდ ვერ დავინახე, თანაც, რთულად სამუშაო ბიჭია. კასტინგის პრობლემაც დავინახე, უნდა ეცადო, მაქსიმალურად ძლიერი ბავშვები აიყვანო, რომ არ იყოს ჩავარდნა და არ გყავდეს ერთი ძალიან კარგი და სხვა დანარჩენი - ისე რა. რატომ არ იყო ლუკა ზაქარიაძე მთავარ ჯგუფში თავიდანვე, ვერაფრით მივხვდი. მე ძირითად ჯგუფში მოვახვედრებდი. ის ზურა მოსიავას მაგონებს, ზურა იყო ასეთი "დაუვარცხნელი", მაგრამ მოვერიეთ. შეიძლება, ახლა არ არის მოდური "მორევა" და კონკურსანტი უნდა მიუშვა თავის ნებაზე, მაგრამ ამას ვერასდროს დავეთანხმები. თუ სერიოზული პედაგოგი ხარ, უნდა იპოვო ის, რაც მნიშვნელოვანია მის ქცევასა და ხმაში და განავითარო. ხანდახან თუ გაბრაზდები, ამაშიც ცუდი არაფერია, სწავლების პერიოდში უნდა მოერიო, თორემ ნამდვილ ხელოვანს ბოლომდე მაინც ვერავინ მოერევა. ნინო ხოშტარია "რუსთავი 2"-ის სახეა, მუსიკათმცოდნე, მაგრამ ჟიურიში იჯდა ორი მაესტრო, ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე, მე ვისურვებდი, მათ მეტი კრიტიკული შენიშვნა ჰქონოდათ. ნინო ძალიან თბილი ადამიანია, ყველაფერი მოსწონს და ყველა უყვარს, ნიკაც ძალიან დადებითი ადამიანია, მაგრამ მინახავს უამრავი ჟიურის მუშაობა, მინახავს ნესტერენკო, ობრაზცოვა ჟიურიში და ისინი საქმეს ქება-დიდებით არ იწყებდნენ. ქულის აწევა ადვილია, მაგრამ შედეგს უფრო მეტად ჟიურის წევრის კომენტარი გაძლევს და ამაზე ალბათ პროექტის ავტორებს ნაფიქრი აქვთ. ამიტომაც კონკურსანტს აინტერესებს შენიშვნები, ანუ რა გააკეთოს, რომ იყოს უკეთესი. ასეთი შენიშვნები არ მოგვისმენია. მივიჩნევ, რომ ქება-დიდება კარგს არაფერს მოიტანს. ჟიურის გაუმართლა, რომ "საქართველოს ვარსკვლავი" ლუკა გახდა, მაგრამ რომ არ გამხდარიყო?.. ჟიურიში რომ ზიხარ, უნდა მიაწვდინო ხმა კონკურსანტსაც და მაყურებელსაც. საქართველოში პროდიუსერთა სკოლა არ არსებობს, მაგრამ მე მაინც დავსვამდი პროდიუსერებს. საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ, რადგან ალბათ ჟიურიში არასდროს აღარ დავჯდები!..

- რატომ?

- აღმოჩნდა, რომ ჩემნაირი ადამიანი მავანს და მავანს არ მოსწონს, თორემ ხომ ვიქნებოდი ჟიურიში? შეიძლება გავიდეს დრო და თქვან, მარინა რა კარგი ყოფილაო, მაგრამ ამ ეტაპზე ჟიურიში დაჯდომის სურვილი ნამდვილად არ მაქვს.

- საინტერესოა, "საქართველოს ვარსკვლავის" რეპერტუარზე რას გვეტყვით, საკმაოდ განსხვავებული იყო იმისგან, რასაც თქვენ აკეთებდით. იყო ბევრი როკი...

- რისთვის ვაკეთებთ კონკურსს? რომ აღმოვაჩინოთ და გავზარდოთ ახალგაზრდები. "საქართველოს ვარსკვლავს" კონცერტის სახე ჰქონდა და არა მუშაობის. ხალხს ხმამაღალი სიმღერა მოსწონს. ეს დამღუპველია სასიმღერო კულტურისთვის. როდესაც დარბაზი კივის, ის კივის ხმამაღალ ნოტზე და გაუთავებელ ხავილზე. არაფრით არ შეიძლება, პირველი ან მეორე ტური იყოს დუეტი შემდგარ მომღერალთან. ამას იმიტომ აკეთებ, რომ პროექტს რეიტინგი ჰქონდეს, მაგრამ მანანა ვეკუა, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა და საერთოდ არ უმღერია, როგორ შეიძლება დააყენო ისეთ მომღერალთან ერთად, როგორიც ნატო მეტონიძეა?!. თან, რა სიმღერას ამღერებ, რეზო ლაღიძის "განთიადს"? და რომ დაასრულებს სიმღერას, უნდა თქვა, რომ ეს იყო არაჩვეულებრივი?.. არაჩვეულებრივი არის მოცარტი, ბეთჰოვენი არის ბუმბერაზი. არ შეიძლება, ერთ გადაცემაში 200-ჯერ მოვისმინო სიტყვა არაჩვეულებრივი. შეგიძლია თქვა, რომ კარგი იყო. არაჩვეულებრივი ჩემთვის ნატო მეტონიძეა. დუეტი ცოტა მერე უნდა შედგეს, როცა კონკურსანტი გარკვეულ პრაქტიკას მიიღებს. არ ვიცი, რომელი პედაგოგები მუშაობდნენ "საქართველოს ვარსკვლავზე", მაგრამ ჩვენი მუშაობის დროს ჩვენი სეგმენტ-პროდიუსერი მათ, ვინც ინგლისური არ იცოდა, სტრიქონ-სტრიქონ უთარგმნიდა ყველა ფრაზას. აუცილებელია, კონკურსანტმა გაითავისოს, რაზე მღერის. აქ იყო ორი მომენტი, არეული სიტუაცია და ტელევიზიისთვის ცუდი პერიოდი, გარდა ამისა, რეიტინგი სჭირდებოდათ, რომელსაც პოპულარული სახის გამოჩენა უზრუნველყოფს. ის საზიზღარი მარინა ბერიძე არ არის და მოდი, ახლა განუწყვეტლივ ვაქოთ ჩვენი ბავშვები და ვუთხრათ, - შენნაირი არასდროს მინახავს, არ მომისმენია. ვერ დავიჯერებ, რომ ამ კორიფეებს უკეთესი არაფერი მოუსმენიათ. მე მაინც მგონია, მიხვდებიან, რომ სხვა გზით უნდა წავიდნენ. უფრო მეტი ქართული სიმღერა უნდა იყოს, ასევე უნდა ეცადონ, ნაკლები როკი იყოს. როკი სულის მდგომარეობა და პროტესტია, თუკი ვოკალურად არ ხარ მომზადებული, ვერანაირ პროტესტს ვერ ამოიღებ გულიდან, ამიტომ გამოვა ხავილი.

მე და ნიკოლოზ რაჭველს იდენტური გემოვნება გვაქვს. სხვა ქვეყანაში რომ უსმენდეს რაღაცას და მე აქ, ვიგრძნობთ ერთმანეთს. ალბათ მიზეზი ისიც იყო, რომ პროექტი დაჩქარებულად მომზადდა. "საქართველოს ვარსკვლავი" ბევრად სხვანაირი უნდა ყოფილიყო, ვიდრე "ჯეოსტარი". მაშინ რატომ ჩაენაცვლა "ჯეოსტარს"? მე დიდი განსხვავება ვერ დავინახე და სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ მივხვდი, რატომ ჩაენაცვლა, მაგრამ ეს სხვა საკითხია.

- "ახალ ხმაზეც" ვისაუბროთ. ფაქტია, რომ ბოლო დროს "ჯეოსტარზე" და ახლაც, "საქართველოს ვარსკვლავში" არ მისულა ამდენი კარგი კონკურსანტი. თქვენი ხომ არ ეშინოდათ?

- ვერ გეტყვით. ახლაც არ ვიყავი "საქართველოს ვარსკვლავზე" და მაინც არ მივიდნენ. "ახალი ხმის" კასტინგი, რამდენადაც მე ვიცი, მინუს-ფონოგრამით ჩატარდა, ანუ ფონოგრამა ჰქონდათ და უფრო ადვილი იქნებოდა მომღერლისთვის შესრულება. ასეთ დროს ადვილია არჩევა, "ჯეოსტარში" მშრალი კასტინგი იყო, როიალის, გიტარის, ფონოგრამის გარეშე. ბევრი მოქმედი და კარგი მომღერალი ვერ იმღერებს ასე მშრალად. თანაც, მე ხომ ვიქექებოდი, კონკურსანტს ბევრ რამეს ვამღერებდი. "ახალი ხმა" ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტია, კარგი გუნდი შეიკრა. იმასაც მივხვდით, რომ პედაგოგები არსებობენ და მუშაობენ, უბრალოდ, ზოგი მუშაობს ინდივიდუალურობის ხაზგასმაზე, ზოგიც კოპირების გზით მიდის. დიდი ხანია, პედაგოგად აღარ ვმუშაობ, მაგრამ მიყვარს ინდივიდუალიზმის ხაზგასმა, მიყვარს ვერსია, რადგან ძალიან ბევრი ვერსია მაქვს გაკეთებული, მარტო ყანჩელის პროექტი მეყოფა მთელი ცხოვრება. "ახალ ხმაში" კი მგონია, ადვილი გზით წავიდნენ, მოგეცი დისკი, მოუსმინე, გაიარე რეპეტიცია და გადი სცენაზე. იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, პედაგოგის 8-საათიანი მუშაობა სჭირდება თითოეულ კონკურსანტთან. მას სიმღერა იმის მიხედვით კი არ უნდა შეურჩიო, რომელ ნოტს როგორ იღებს, არამედ კარგად უნდა გაიცნო და მისი ხასიათიც უნდა იცოდე. "ახალ ხმაში" კი, ჩემი აზრით, მთავარი ის იყო, ვინ უფრო მაღალ ნოტს აიღებდა.

- ამაზე ბევრი დისკუსია იმა­რთებოდა, ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებელი ამბობდა, ვინც უკეთესად იყვირებს, ის გაიმარჯვებსო...

- რატომ ხდება ისე, რომ, ესტრადის წარმომადგენლებს არ ვგულისხმობ, ჩვენს მომღერლებს საზღვარგარეთ ძალიან აფასებენ? იმიტომ, რომ ქართველს ხმაში სხვანაირი სითბო აქვს, რომელიც ყველას აგიჟებს და მთელ მსოფლიოში ამისი დეფიციტია. ვერანაირი მაღალი ნოტით ვერავის გააკვირვებ, მით უმეტეს, თუკი ამის წინ ორ მოდულაციას აკეთებ და მერე უსვამ მაღალ ნოტს, რისი შესრულების დროსაც კონკურსანტს გლანდები უვარდება. ეს ძალიან ცუდია. რამდენ ხანს გაძლებს და რამდენ ხანს აიღებს ამ ნოტს?

- გამარჯვებულზე მინდა გკი­თ­ხოთ, სალომე ქათამაძე სწორედაც რომ მაღალ ნოტებს იღებდა...

- დათო ფორჩხიძე მიხვდა იმას, რომ დარბაზი ინგრეოდა ამ მაღალი ნოტების დროს. ყველამ თავისი თავი წარმოაჩინა და მუსიკაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. ძალიან მომეწონა სტეფანესა და მაოს ნამუშევარი, რადგან ისინი ფიქრობდნენ მუსიკაზე, მერაბი ცდილობდა ასევე ძალიან. მესმის დათო ფორჩხიძის, ძალიან დიდი ხანია, ეკრანზე აღარ გამოჩენილა. მწვრთნელისთვის რთულია, როცა ხვდები, რომ შენს კონკურსანტს აქვს მაღალი ნოტი და არ გინდა, ამას გაექცე, გინდება, რომ მას ეს ნოტი ააღებინო, მაგრამ იქამდე უნდა მიხვიდე. მე, როგორც მსმენელს, აუცილებლად უნდა გამაჟრიალოს, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა. ჩემთვის ასეთი იყო იო, რომელმაც კარგი მუსიკა მოიტანა, ასევე ლაშა თოფურია, რომელიც ძალიან მომეწონა, მაგდა ვასაძეც იღებს მაღალ ნოტებს, მაგრამ ის გონიერი მომღერალია, მის თვალში ვხედავ იმ ნოტს და არა ყელში. მაგდა სხვა ტიპაჟია, მთლიანად მომწონს, ხარისხიანი ქალია და არა გოგო, გოგოს შთაბეჭდილებას არ ტოვებს და მის სულში რაღაცები ხდება, როცა ამ მაღალ ნოტს იღებს. ეკა დოლიძის დაკარგვა როგორ შეიძლებოდა?!. პირდაპირ ვეტყვი დათო ფორჩხიძეს, სადაც ვნახავ, რომ არ უნდა დაეყენებინა სალომე ქათამაძესთან ერთად. ვტიროდი, ეკა ჩემამდე რატომ არასდროს მოვიდა-მეთქი.

- ალბათ ეშინოდა...

- არ არსებობს, ვცემდი ვინმეს თუ რას ვაკეთებდი?

- ეკას შემთხვევა მართლაც საინტერესო იყო, რადგან მხოლოდ ერთი მწვრთნელი შემოუტრიალდა.

- ვერ მიხვდნენ. საოცრება იყო!.. შეიძლება, იქ ჯდომა სანერვიულოა, ფიქრობ, მიტრიალდე თუ არა, მაგრამ დათო ხომ შემოუტრიალდა ეკას და როგორ დაკარგა ეს გოგო? სალომესთან ეკას დაყენებით მან ითამაშა მაყურებელზე, თავისთვის დაიწერა პლუსი, რადგან არაჩვეულებრივი ნომერი გამოვიდა, მაგრამ ნომრის იქით ხომ არის კიდევ რაღაც? თაობა ხომ უნდა გაიზარდოს? მოდი, პირდაპირ ვთქვათ, მწვრთნელებს ჰყავდათ სხვადასხვა გუნდი, მათ შორის პაექრობა უნდა ყოფილიყო, შენ შენი უნდა გაიტანო არა უაზროდ, არამედ არგუმენტირებულად. არ შეიძლება ამ ფრაზის მოსმენა ყველა ჯერზე - მისი ფანი ვარ და დაუმესიჯეთ ამ კონკურსანტსო. ყველაზე ერთსა და იმავეს როგორ უნდა ამბობდე? ჩემი ჯობია იმიტომ, რომ უკეთესად აიღო ნოტი, უკეთესად იმღერა, იმიტომ კი არა, რომ ჩემია, უბრალოდ, უფრო უკეთესად აკეთებს, ვიდრე სხვა მწვრთნელის. რატომ არ ჰქონდა ამ პროექტს მაღალი რეიტინგი? ამიტომ!.. ეს არ იყო შეჯიბრება. გაგიჟებით უყვარდათ ერთმანეთის კონკურსანტები, არადა, ვის ატყუებ?!. ეშინიათ იმის, რომ მეორე დღეს, "ფეისბუქს" რომ გახსნიან, დახვდებათ ლანძღვა. რამდენიც ჩემზე საშინელებები უწერიათ, იმდენი არავისზე დაუწერიათ, მაგრამ არც კი გადამიშლია.

- შეიძლება ითქვას, რომ რა­დ­გან "ახალ ხმაში" ბევრი კარგი კონკურსანტი იყო, ფინალური ოთხეული სამართლიანად არ დაკომპლექტდა?

- დიახ, ფინალში უნდა ყოფილიყო ეკა დოლიძე, იო, ნუ ჩამომათვლევინებ ყველას (იცინის), სალომე ქათამაძეც უნდა ყოფილიყო და ნინი ცნობილაძეც, მაგდა ვასაძეც. ბოლოსკენ სიჭრელე უნდა ყოფილიყო. მე ვიცი, როგორ მუშაობდნენ სტეფანე და მაო. მერაბი მორიდებული ადამიანია. მან თავის კონცერტზე უნდა გაავსოს დარბაზი და ამიტომაც ვერ გახდება მარინა ბერიძე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჟიურიში უნდა იყვნენ პროდიუსერები.

- ცნობილი სახეები უნდა მო­ნაწილეობდნენ კონკურსებში?

- არ ვიცი, როგორი წესდება აქვს "ახალ ხმას", მაგრამ როცა ცნობილი სახე აგყავს, უცნობი კონკურსანტი არათანაბარ მდგომარეობაშია. ერთადერთი ცნობილი სახე "ჯეოსტარში" ნოდიკო ტატიშვილი იყო და ამაზე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მასა და ვაჟა მანიას შორის ფინალის დროს ვერ იტყოდი, რომელი იყო უკეთესი. ამას დღესაც ვერ გეტყვით. თუკი ნოდიკო მოგწონდა, მაშინ ვაჟა არ მოგწონდა და პირიქით. ეს არის "ექშენი", შეჯიბრების არსი ეს არის. რომელი როგორ ნოტს აიღებს, ეს არ არის მთავარი. ნატო მეტონიძის კივილი ვინმეს გაუგია ან ნანი ბრეგვაძის?

- თუმცა მაღალი ნოტები დღეს აქტუალური ყოფილა...

- ეს ქართულ ბუნებას არ შეეფერება. შეიძლება აიღო მაღალი ნოტი, მაგრამ ერთხელ, რადგან მაშინ აქვს მას თავისი ხიბლი. იცი, რამდენი რამ იყო ჟიურისგან სათქმელი? თუნდაც მოფერებით. ახლა ძალიან მაშინებს საბავშვო "ახალი ხმა", რადგან 8-დან 14 წლამდეა. რაც უნდა წერონ ჩემზე, ამ ქალმა არაფერი იცისო, მე ხომ ვიცი, რომ საქართველოში ბავშვებს ხმის მუტაცია ადრე ეწყებათ. თუ ისევ იმ ეფექტით წავლენ, რომ ბავშვებმა აიღონ მაღალი ნოტები, ეს დაუშვებელია. სალომე ქათამაძეს, სხვათა შორის, ბოლოს "ანა-ბანელები" ედგნენ და გული დამწყდა, არავის უთქვამს, ეს ბავშვები ჩვენ რომ გავზარდეთ. იმ ბავშვებიდან, მაგალითად, რეზიკოს რომ ამღერონ მაღალი ნოტები, აუცილებლად დავწერ ყველა ჟურნალსა და გაზეთში, თაობა დაიღუპება. მე ვიცი, რომ "ახალ ხმაში" საბავშვო რეპერტუარი არ იქნება, რაც ასევე მიუღებელია. თავის დროზე "ანა-ბანა" იმიტომ დავიწყე, რომ მომესპო ტრადიცია, ტაფტის კაბაში გამოწყობილი ბავშვები რომ გამოჰყავდათ, თვალებზე "სტრელკებით", სილამაზის სალონებში დავარცხნილი თმით. ბავშვმა უნდა მიიღოს სიამოვნება სიმღერით და ითამაშოს. როგორც კი ჩვენ დავაბერებთ ბავშვებს, მივიღებთ იმას, რომ თაობა არ გვეყოლება და მათ აუცილებლად გაუფუჭდებათ ხმები. ამისთვის რობერტინო ლორეტის მაგალითიც კმარა. ჩვენ "ანა-ბანაში" 11 წლამდე ბავშვებს ვიღებდით და გამონაკლისის სახით 12 წლამდეც. მეხვეწებოდნენ "რუსთავი 2"-ში, გამეკეთებინა "ჯეოსტარი ჯუნიორი". კი ამბობენ, ცუდი ქალიაო, მაგრამ ბავშვს ვერ მივაყენებ ასეთ ტრავმას. "ახალ ხმაში" ჯერ მოუტრიალდება თუ არა რომელიმე მწვრთნელი, იმაზე უნდა ინერვიულონ და მერე მუსიკალურ რინგზე გააგდებენ თუ არა. იქნება დედების მივარდნა, წივილი, ბავშვის კივილი. ვინ დაჯდება ჟიურიში და ვინ ეტყვის ბავშვს, არ ვარგიხარო, არ ვიცი. თუ ისევ მოეფერებიან, იმასაც ვერ გაიგებენ, რატომ აგდებენ, რადგან "ახალ ხმაში" ასე გამოვიდა, ასეთი კარგი ხარ, ისეთი კარგი ხარ, მაგრამ უნდა წახვიდეო. მწვრთნელი რომ ხარ და თავად მუშაობ კონკურსანტთან, არ იცი წინასწარ, შენივე გუნდში რომელია უკეთესი? არ გვინდა ეს ტანჯვა და ცრემლების გადმოყრა ტელეეთერში, ისტერიკა, ვაიმე, რომელი ავირჩიოო. შენ მუშაობ და შენვე იცი. რატომ აკეთებ ამას? კარგი გინდა გამოხვიდე?

- საბოლოოდ, ასეც გამოვიდა...

- ამიტომ, უჩემოდ (იღიმის). ჟიურიში რომ დავჯდე, აუცილებლად ჩემს ჭკუაზე უნდა ვიყო, ჩემი პირობებით. ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, "ფეისბუქზე" ერთი ამბავი ატყდა, როგორ შეცვალა ნანუკა ჟორჟოლიანი "ცეკვავენ ვარსკვლავებშიო". რა, ნანუკა ჟორჟოლიანი მაია პლისეცკაიაა? მოცეკვავე არ შემიცვლია, ჟურნალისტი შევცვალე და ჟურნალისტიკასა და ცეკვას შორის უფრო დიდი განსხვავებაა, ვიდრე მუსიკასა და ცეკვას შორის. ეს გაურკვეველი ბოღმაა ჩემ მიმართ, ე.ი. ვიღაცას ძალიან არ ვუნდივარ, რადგან "ჯეოსტარზე" ამბობდნენ, ბოროტი რატომ იყოო და "ცეკვავენ ვარსკვლავებზე" კეთილი რატომ გახდაო. რა გავაკეთო?!.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება