სალომე კოკუაშვილი - ჩემი შეყვარებული დიდად აღფრთოვანებული არ არის იმით, რომ ლოგინის სცენებში მიწევს თამაში

სალომე კოკუაშვილი - ჩემი შეყვარებული დიდად აღფრთოვანებული არ არის იმით, რომ ლოგინის სცენებში მიწევს თამაში

სალომე კოკუაშვილი პროფესიით მსახიობი არ არის, თუმცა საზოგადოებამ ის სერიალებიდან გაიცნო. პირველად "მესამე თაობაში" აიდგა ფეხი, ამას მოჰყვა "ჩვენი ოფისი", სადაც მყუდროს მეგობარ "ბომჟ" გოგონას თამაშობდა, ბოლოს კი სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მომხიბვლელი ნია განასახიერა. ახლაც "ღამის შოუს სტუდიაში" მუშაობს გადაცემაში "რომ გადახვალ, გააჩერე", თუმცა უნდა, უფრო სერიოზულად მოჰკიდოს საქმეს ხელი და საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოავლინოს. სამსახურთან ერთად ინგლისური ენის შესწავლაც დაიწყო, რათა უცხოელებთან კონტაქტი გაიმარტივოს.

- სამწუხაროდ, ჩემს შემოქმედებაში ახალი არაფერი ხდება. მხოლოდ გადაცემაში "რომ გადახვალ გააჩერე" ვარ დაკავებული. კბილებზე ბრეკეტები გავიკეთე და სიმართლე გითხრათ, მუშაობა ცოტა მიჭირს. საბედნიეროდ, ამის გამო სამსახურიდან არ გამომიშვეს, ალბათ იმიტომ, რომ ბრეკეტები გამჭვირვალეა და თუ ძალიან ახლო კადრი არ არის აღებული, არც კი ჩანს. სხვა განსაკუთრებული არაფერი ხდება. ბოლო დროს კასტინგები ან აღარ არის, ან მე ვერ ვიგებ, ადრე კასტინგმენეჯერები მირეკავდნენ და მიწვევდნენ, ახლა ასე აღარ ხდება, მე კი დამოუკიდებლად ვერ ვიგებ, როდის, სად და რა კასტინგი ტარდება, შედეგად განაწყენებული ვარ საკუთარ თავზე და კასტინგმენეჯერებზე (იღიმის), არ ვიმსახურებ ასე უსაქმოდ ჯდომას (იცინის).

ბედნიერი ვიქნები, თუ მომეცემა შანსი ბოლომდე გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები. რამდენადაც ვიცი, "ღამის შოუს სტუდია" საკუთარი ტელევიზიის გახსნას აპირებს, იმედია, საქმე ჩვენთვისაც გამოჩნდება, როგორც წესი, ეს სტუდია თავის თანამშრომლებზე ყოველთვის ზრუნავს. წელს, ფაქტობრივად, გადაღებები არ გვქონია, საკმაოდ გრძელვადიანი პაუზა გამოგვივიდა. მოგეხსენებათ, "იმედის" რეორგანიზაციის დროს ტელევიზიამ უარი თქვა "ღამის შოუს" პროექტებზე, გადაცემები ახალი წლის წინა პერიოდში დაუბრუნდა სატელევიზიო სივრცეს და მხოლოდ ორჯერ გვქონდა გადაღება, მაგრამ 20 იანვრიდან ვაპირებთ მუშაობის აქტიურად დაწყებას. სიმართლე გითხრათ, "რომ გადახვალ გააჩერე"-ზე მუშაობა ზედმეტად მარტივია ჩემთვის, მინიმალური სამსახიობო მონაცემები და ტექსტის სწორად გამოთქმა მჭირდება.

- სამსახიობო ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული?

- არა, მარკეტინგი და მენეჯმენტი დავამთავრე, დედას ხათრით ჩავაბარე ამ ფაკულტეტზე, რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა ჩემი პროფესიით ვიმუშავე და ცუდად ნამდვილად არ გამომდიოდა ეს საქმე, შექებასაც ვიმსახურებდი. თეატრალურ უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე, ჩავიჭერი, ყოველგვარი მომზადების გარეშე მივედი გამოცდაზე და შედეგმაც არ დააყოვნა. თურმე გამოცდაზე შეკრული თმით და მოკლე კაბით უნდა მივსულიყავი, მე კი შარვლით და გაჩეჩილი თმით გამოვცხადდი და შესვლისთანავე პირველი შენიშვნა ამის გამო მომცეს. შემდეგ გავედი ეროვნულ გამოცდებზე და ზემოთ ხსენებულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მიუხედავად ამისა, ჩემი ბავშვობის ოცნებაა ლოს-ანჯელესის კინოაკადემიაში სწავლა და ვიმედოვნებ, ავიხდენ. სანამ საზოგადოება სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მნახავდა და გამიცნობდა, მანამდე ვმუშაობდი "რუსთავი 2"-ში სხვადასხვა სერიალზე, "ჩვენი ოფისის" ბოლო სეზონში მყუდროს მეგობარ "ბომჟ" გოგოს განვასახიერებდი. ჩემი პირველი სერიალი "მესამე თაობა" იყო, რომელიც "პირველ არხზე" გადიოდა, 16 წლის ვიყავი, როცა ამიყვანეს, პირველი ნაბიჯები სწორედ იქ გადავდგი და გასაკვირი არაა, რომ ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება.

თავის მოვლა

- ვარჯიში დავიწყე და ცოტა მი­ჭირს, სულაც არ ყოფილა ადვილი ფიზიკური დატვირთვა. ზაფხულში დაახ­ლოებით ოთხი კილო მოვიმატე, არ მივიჩნიე ეს საგანგაშოდ, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში "რომ გადახვალ გააჩერე"-ში გადაღებები აუზზე გვქონდა. როცა ტელევიზიით ეს სერიები ვნახე, შევწუხდი, რადგან ძალიან არასასიამოვნოდ გამოვიყურებოდი, ამიტომ გადავწყვიტე სასწრაფოდ ჩავმდგარიყავი ფორმაში.

დეკემბერში, როცა "იმედიდან" დამირეკეს და მითხრეს, რომ მათთან აღარ ვმუშაობდი, ძალიან გავნერვიულდი, სალონში გავვარდი და თმა მოკლედ შევიჭერი. მერე ვინანე, რადგან ასეთი ვარცხნილობა არ მიხდებოდა, მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა და ქიმიურად დავიხვიე, რითაც კმაყოფილი ვარ, რადგან არ მჭირდება თმის უთოს ან ფენის ხშირი გამოყენება, ვიბან და ამით მთავრდება ყველაფერი. გარდა ასეთი ექსპერიმენტებისა, სალონში ფრჩხილებისა და წარბების გასაკეთებლადაც დავდივარ. სიმართლე გითხრათ, თმას თუ მოკლედ შევიჭრიდი, არასდროს მეგონა, მაგრამ დეპრესიამ ჩემი ფეხით მიმიყვანა სალონში და ეს ნაბიჯი ჩემი სურვილით გადავდგი. საერთოდ, თავის მოვლის საკითხში ძალიან ზარმაცი ვარ, გამიმართლა, რომ კარგი სახის კანი მაქვს და კოსმეტოლოგთან ვიზიტი 7-8 თვეში ერთხელ მჭირდება. სახის კრემები არ მიყვარს და არც ვიყენებ, მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვიკეთებ, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, როგორ უნდა შევიღებო, კარგად არ გამომდის ეს საქმე.

შოპინგი

- ალბათ პირველი არ ვიქნები, ვინც იტყვის, რომ შოპინგი კარგ განწყობაზე აყენებს, მაგრამ ზოგადად, მარტო სიარული არ მიყვარს და ამ მხრივ არც საყიდლებია გამონაკლისი. მას შემდეგ, რაც "თბილისი მოლი" გაიხსნა, ჩემი საყვარელი ადგილი გახდა, ფასდაკლებების დროს ყოველდღე დავდიოდი იმ სავაჭრო ცენტრში, ახალი აღარაფერი შემოჰქონდათ, მაგრამ მე მაინც დავდიოდი, მეგობრები მეხუმრებოდნენ, რასაც ბენზინში ხარჯავ, იმით ერთ სახლს აიშენებო (იცინის). თუ ვიცი, რომ უახლოეს მომავალში ფასდაკლებები იგეგმება, არავითარ შემთხვევაში არ გადავიხდი დიდ თანხას. საერთოდ, ძალიან იაფად ვშოპინგობ ხოლმე, შეიძლება 5 და 10 ლარად ისეთი რამ ვიყიდო, რასაც გემრიელად მოვიხმარ... მაგალითად, ზაფხულში 5 ლარად "მალსიში" ვიყიდე სარაფანი, რომელმაც ძალიან მასიამოვნა, სულ მეცვა, მგონი არც გამომიცვლია (იცინის). სისულელე მგონია სამოსსა და აქსესუარებში დიდი თანხის გადახდა, როცა არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები, თუნდაც მოგზაურობა, რაშიც შეიძლება ფული გემრიელად დახარჯო.

ძალიან ეკონომიური ვარ, შემიძლია ფულის გადანახვა. ჩემი პირველი სერიალიდან ჩემს ოთახში ევრორემონტი გავაკეთე, აივანი შემოვიერთე და საყვარელი და მყუდრო გარემო შევიქმენი. იმ პერიოდში საკმაოდ კარგად გვიხდიდნენ, ბევრად უკეთ, ვიდრე დღეს, ამიტომ დანაზოგის გაკეთება დავიწყე, შედეგად კი ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში. რემონტისა და მანქანის გარდა, ჩემი ფულით საფრანგეთშიც დავისვენე. სიმართლე გითხრათ, არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რა ბრენდის ტანსაცმელი მაცვია. შეიძლება ბაზრობაზე ვიყიდო სამოსი და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის. მომწონს თავისუფალი სამოსი, რომელშიც თავს კარგად ვგრძნობ. ჩემთვის ჩაცმის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი კომფორტია.

პირადი ცხოვრება

- მყავს შეყვარებული, რომლისთვისაც სულ ერთია, რას ჩავიცვამ, ყველანაირ სამოსში მოვწონვარ და სწორედ მისი ბრალია, რომ არასდროს ვცდილობ კარგად გამოვიყურებოდე. ამ ბოლო დროს ისეთი ჩაცმული დავდივარ, დედა მეუბნება, შვილო, სამსახურიდანაც გამოგაგდებენ და შეყვარებულსაც დაკარგავ, თუ ასე გააგრძელებო. ძირითადად მაცვია ელასტიკი, "უგები", რომელიც "ციგნებში" 30 ლარად ვიყიდე და მამაჩემის 40 წლის წინანადელი პერანგი, რომელშიც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

რაც შეეხება ჩემს შეყვარებულს, მის ვინაობას ვერ გაგიმხელთ, საერთოდ არ მიყვარს ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბარი, მაგრამ თქვენ გეტყვით, რომ ერთმანეთი ერთი წლისა და რამდენიმე თვის წინ გავიცანით და ერთი წელია ერთად ვართ. ქორეოგრაფი და მოცეკვავეა, თანამედროვე ცეკვებს ასრულებს, მაგრამ "ცეკვავენ ვარსკვლავებთან" საერთო არაფერი აქვს. ხშირ შემთხვევაში უყურებს გადაცემას, რომელშიც ვმონაწილეობ, დიდად აღფრთოვანებული ალბათ არ არის ჩემი მსახიობობით და იმით, რომ ხანდახან ლოგინის სცენებში მიწევს თამაში, მაგრამ მიგებს და ყველანაირად ხელს მიწყობს. ჯერჯერობით ოჯახის შექმნას არ ვაპირებთ, რადგან ძალიან პატარები ვართ, თანაც ორივეს გვიყვარს ჩვენი სამსახური, ვართ კარიერისტები და სანამ ამ მხრივ მაქსიმალურ მწვერვალზე არ ავალთ, დაოჯახებას არ ვგეგმავთ.

ახალბედა მძღოლი…

- სამი წლის წინ გადავწყვიტე მართვის მოწმობის აღება, ოთხჯერ გავიარე კურსი ავტოსკოლაში, მაგრამ ერთხელ ძლივს მოვახერხე გამოცდაზე გასვლა და ჩაბარება. ყოველთვის რაღაც მიშლიდა ხელს და ვერ მივდიოდი გამოცდის ჩასაბარებლად, მერე მავიწყდებოდა ნასწავლი და ახლიდან შევდიოდი ავტოსკოლაში. ერთი წლის განმავლობაში ვაგროვებდი მანქანის ფულს, ბოლოს, როგორც იქნა, ვიყიდე, მაგრამ მართვის მოწმობა ისევ არ მქონდა. "იმედიდან" რომ დაგვითხოვეს, დრო გამომიჩნდა, წავედი, ავიღე მართვის მოწმობა და საჭესაც მივუჯექი. მინდა პატრულს ვაჩვენო ჩემი "პრავა", მაგრამ ჯერ არ გავუჩერებივარ არავის, ნორმალურად ვმართავ მანქანას, შუმახერი არ ვარ, მაგრამ არც ისე ვატარებ, ვიღაცამ თქვას, "ამ მანქანაზე უეჭველად ქალი ზისო", თუმცა უკანა მინაზე მაინც მაქვს მიკრული სტიკერი - "ფრთხილად, საჭესთან ქალია". ისე მიყვარს ჩემი მანქანა, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, არც კი მეგონა, თუ "ჟეშტი" ასე შეიძლებოდა გყვარებოდა, მაგრამ შენი ნაწვალებით რომ არის ნაყიდი, ალბათ ეს უფრო მეტად ამძაფრებს ამ შეგრძნებას.

გართობა

- არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები, ხალხმრავლობა, კლუბები, დალევა და მოწევა, ვერ ვიტან ხმამაღლა ჩართულ მუსიკას, თავი მტკივდება, შეიძლება ითქვას, პატარა პენსიონერი ვარ. მირჩევნია, მეგობრებთან ერთად ვუყურო კარგ ფილმს, მოვყვეთ საინტერესო ამბებს და მშვიდად გავერთოთ.

ჭორაობა

- ამას წინათ გამაოგნებელი ჭორი გავიგე, ნარკომანიაო, ამბობენ, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან გამხდარი ვარ და სახეზე ყოველთვის თეთრი ფერი მადევს, რაც დაბალი ჰემოგლობინის ბრალია. როგორც აღმოჩნდა, ბევრს საკუთარი თვალით ჰქონია ნანახი ჩემი "ნარკომანობა", ჩემი საუკეთესო მეგობარი მიყვებოდა, ჩემი მეგობრის შეყვარებულმა გნახა, როგორ იკეთებდი წამალსო, კინაღამ გავგიჟდი, ნემსის გაკეთების სასტიკად მეშინია, რომელ ნარკოტიკზეა ლაპარაკი. გარდა ამისა, ბევრი ადამიანის "საყვარელი" რომ ვარ, ეს უკვე ძალიან ძველია, თუმცა ერთხელ ისე სერიოზულად გამივრცელეს ჭორი, გათხოვდაო, რომ უახლოესი ადამიანებიც კი მილოცავდნენ. არ დამავიწყდება გიორგი ლიფონავას მესიჯი, "აკი 30 წლამდე გათხოვებას არ ვაპირებო" (იცინის) საკმაოდ ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს, ადვილად ვურთიერთობ მამრობით სქესთან, ამიტომ ვინმესთან ერთად თუ დამინახავენ, მას აუცილებლად ჩემს შეყვარებულობას მიაწერენ ხოლმე. ადრე ჭორები მაღიზიანებდა და ვნერვიულობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან ჭორაობენ, ესე იგი ახსოვხარ და არ დავიწყებიხარ, ამიტომ ახლა რეაქცია აღარ მაქვს, უბრალოდ მიკვირს, საიდან მოსდით თავში ასეთი აზრები. დღეს ბრმანაწლავის ექოსკოპია გავიკეთე და არ გამიკვირდება, ხვალიდან რომ გავიგო ჭორი ჩემს ორსულობაზე (იცინის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება